საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/6/1675 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 ივლისი 2023 18:33 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ შარაშიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1675) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1675 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის №2/8/1675 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის პირველ და 2 თებერვალს.
2. №1675 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ პენსია შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება პენსიის შეჩერების დღიდან. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია შეჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო იმავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ კომპენსაცია შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება კომპენსაციის შეჩერების დღიდან.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
5. №1675კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ე.წ. სახელმწიფო პენსიას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს. ამ მხრივ, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი, რომ შესაბამისი საპენსიო ასაკის მიღწევისას, სამომავლოდ, იგიც მიიღებს სახელმწიფო პენსიას. თავის მხრივ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო პენსიასა და კომპენსაციას აქვს მსგავსი დანიშნულება და გულისხმობს პირთა ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას. ამდენად, მიზანშეწონილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული საკითხები ერთი სარჩელის ფარგლებში განიხილოს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს თავისუფლებააღკვეთილ ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთათვის სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღების უფლების შეწყვეტასა/შეჩერებას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ის ფაქტი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პირი იმყოფება სახელმწიფოს კმაყოფაზე, არ ცვლის ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის მიღების საჭიროებას, რადგან რიგი მნიშვნელოვანი უფლებების ეფექტურად განსახორციელებლად, აუცილებელი პირობაა ფინანსური შესაძლებლობების ქონა. მოსარჩელე აპელირებს, რომ მიუღებელია, სახელმწიფოს მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილი პირის შენახვის ხარჯი აღქმული იყოს პენსიისა და კომპენსაციის ჩანაცვლებად, რადგან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, არათუ ერთმევა ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი, არამედ პირიქით, განსაკუთრებულ ხასიათს იღებს.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გაწევის შემდეგ, პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კანონით გათვალისწინებულ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, იგი მიიღებს სახელმწიფო კომპენსაციას. აღნიშნულ მოლოდინს ქმნის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. შესაბამისად, მოსარჩელე აპელირებს, რომ კომპენსაციის მიღების კონტექსტში უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ მკაცრ შემოწმებას უნდა დაუქვემდებაროს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში, თავის მხრივ, მითითებულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პენსიის გადახდა არ არის სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის ან სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის დამახასიათებელი საპასუხო შესრულება. თუმცა, მოსარჩელე მხარის აზრით, გასაჩივრებული ნორმებით სახელმწიფო პენსიის მიღების შეზღუდვა ეხება განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს (თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ/ბრალდებულ პირებს), რომელთა მიერ დამოუკიდებლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ძალიან მწირია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებულ ნორმათა პირობებში, დასახელებული პირები ფაქტობრივად რჩებიან საარსებო მინიმუმის გარეშე. შესაბამისად, შეზღუდვა კონკრეტული კატეგორიის საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს აკისრებს გადამეტებულად მძიმე ტვირთს.
9. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით მითითებულია, რომ 2020 წლის რელევანტური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსჯავრდებული 12,980 ადამიანიდან მხოლოდ 66 იყო პენსიონერი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ პენსიისა და კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობის სიმცირის გამო, მათთვის ყოველთვიური სარგებლის შეჩერება/შეწყვეტა ვერ ჩაითვლება საბიუჯეტო სახსრების იმგვარ დაზოგვად, რომელმაც შეიძლება, არსებითი გავლენა იქონიოს სახელმწიფოს ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის შენახვაზე დახარჯული მატერიალური რესურსი მიზნობრივად განსხვავდება პირისთვის სახელმწიფო პენსიის ან კომპენსაციის ფარგლებში მიცემული ფულადი თანხისგან. პირველ შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირს, რათა მისი პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყოს, ხოლო პენსიისა და კომპენსაციის შემთხვევაში, სახელმწიფო პირს გადასცემს თანხას, რომელსაც იგი დამოუკიდებლად განკარგავს. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციით, პენსიისა და კომპენსაციის მიმღები არ არის რომელიმე კონკრეტული მიზნით შეზღუდული, რომ გადაცემული თანხა, მაგალითად, გამოიყენოს მხოლოდ პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არამედ იგი გადაცემული თანხის განკარგვის ნაწილში არის აბსოლუტურად თავისუფალი.
11. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის თანახმად, სადავოა უშუალოდ იმ პირობის კონსტიტუციურობა, რომელიც სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღებას უკავშირებს პენიტენციურ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტს. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მტკიცებით, პენსიისა და კომპენსაციის მიღებისთვის ცალკეული პირობების განსაზღვრისას, სახელმწიფო იზღუდება ისეთი პრინციპებით, როგორებიცაა თანასწორობა, საყოველთაობა, მუდმივობა და თაობათა შორის სოლიდარობა.
12. მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო პირობა განსხვავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობებისგან, მაგალითად, როდესაც პირს ეზღუდება სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი, იმავდროულად, დასაქმებულია საჯარო სამსახურში, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პირს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს, გააგრძელოს საჯარო სამსახურში მუშაობა თუ ისარგებლოს სახელმწიფო პენსიით ან კომპენსაციით. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ასეთი არჩევანის არარსებობა ეწინააღმდეგება პირის ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ იგი სახელმწიფო პენსიას ან კომპენსაციას მიიღებდა სიცოცხლის ბოლომდე. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის ერთ-ერთ მოთხოვნას, კერძოდ, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი არ აღემატება შეზღუდულ ინტერესს. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირს, განსხვავებით თავისუფალი ადამიანისგან, აქვს ნაკლები შესაძლებლობა, რომ დაიკმაყოფილოს საარსებო მინიმუმის მიღმა სხვა საჭიროებები.
13. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ გასაჩივრებული ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
14. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიზნები ერთმანეთის მსგავსია, რაც გამოიხატება, ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლისდა მიუხედავად, პირის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ხაზგასმით მიუთითეს, რომ განსახილველი დავის მიზნებისთვის, სახელმწიფო პენსია და კომპენსაცია, მათი დანიშნულებიდან და მიზნიდან გამომდინარე, ერთიან კონტექსტში უნდა იქნეს შეფასებული. მოპასუხემ აგრეთვე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა განამტკიცებს სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღების უფლებას, თუმცა ეს უკანასკნელი თავისთავად არ გულისხმობს ფულადი თანხის უპირობოდ მიღების შესაძლებლობას, არამედ კანონმდებელი თავისუფალია, საჭიროების შემთხვევაში, განსხვავებულად მოაწესრიგოს არსებული მოდელი.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების თქმით, სადავო ნორმებით დადგენილ რეგულირებას არ აქვს სადამსჯელო ხასიათი, არამედ მისი მიზანია, რომ მოხდეს სახელმწიფო რესურსების რაციონალიზაცია, რათა ერთი კონკრეტული მიზნისთვის - პირის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის, ბიუჯეტიდან არ მოხდეს ორჯერ თანხის გაცემა.
16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების თქმით, სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის ფარგლებში მიღებული სარგებლის განკარგვის ნაწილში, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი შემთხვევა. კერძოდ, როდესაც სახელმწიფო პენსიის ან კომპენსაციის მიმღები პირი არ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი არ არის შეზღუდული, რომ მიღებული ფულადი თანხა დახარჯოს ნებისმიერი მიზნით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და მის სიცოცხლეზე უშუალოდ პასუხისმგებელია სახელმწიფო, მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს ფარავს სახელმწიფო. ამდენად, მოპასუხე მხარის წარმომადგენლების პოზიციით, სახელმწიფო პენსია და კომპენსაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ტრანსფორმირებულია და იგი ნაცვლად ფულადი თანხისა, გაიცემა ნატურით.
17. მოპასუხე მხარის წარმომადგენლების აზრით, სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ ფორმალური გაგებით ჩერდება ან წყდება, რადგან მიზნობრივად, იგულისხმება, რომ სახელმწიფო სხვა ფორმით უზრუნველყოფს იმას, რომ პირს, ყველა აუცილებელი პირველადი საჭიროება ჰქონდეს დაკმაყოფილებული. ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დამატებით მიუთითეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, საშუალოდ, ერთი პირის შენახვა აღემატება სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის რაოდენობას, კერძოდ, უტოლდება 1800 ლარს, რაშიც, მათ შორის, იგულისხმება კვებისა და სამედიცინო ხარჯებისთვის გამოყოფილი 450 ლარი.
18. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით, უშუალოდ და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა შემთხვევებში ჩერდება ან წყდება სახელმწიფო პენსიის და კომპენსაციის ფულადი თანხით მიღების შესაძლებლობა, ბუნებრივია, რომ პირს ვერ ექნება საკუთრების მიღებისადმი შეუქცევადი ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დამატებით მიუთითეს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა არ არის სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის შეჩერების ან შეწყვეტის ერთადერთი პირობა, რომელსაც კანონმდებლობა ადგენს, ანალოგიური ტიპის პირობაა, მაგალითად, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაციის მიღების შეუძლებლობა.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირებით არ ხდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებაში ჩარევა. თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს საკუთრების უფლებას, მოპასუხე მხარის პოზიციით, ამგვარი შეზღუდვა მიჩნეული უნდა იქნეს კონსტიტუციის შესაბამისად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობა
1. №1675 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმების თანახმად, სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია ჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო წყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან.
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირებს ასაკობრივი პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით, გააჩნიათ საკუთრების უფლებით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად, დანიშნული პენსია, კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია არ უნდა ჩერდებოდეს პირთა წინასწარი პატიმრობისა თუ თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, რამდენადაც ისინი იმყოფებიან განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში და არ გააჩნიათ სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების სხვა რაიმე ალტერნატიული საშუალება. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შინაარსი განისაზღვრება როგორც „პირისთვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი“. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია არის „პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“. ხოლო აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შინაარსს, რომლის თანახმად, მასში იგულისხმება „მეცნიერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“. ამდენად, ირკვევა, რომ სახელმწიფო პენსია, ისევე როგორც კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია პირს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგებლის სახით და გააჩნია სოციალური უზრუნველყოფის ხასიათი. ამავე დროს, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ იგი ერთმანეთისაგან არ მიჯნავს პენსიას, კომპენსაციასა და აკადემიურ სტიპენდიას და ნორმათა არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად წარმოდგენილი არგუმენტაცია თანაბრად მიემართება თითოეულ მათგანს. რამდენადაც განსახილველი საქმის ფარგლებში უნდა დადგინდეს, კონსტიტუციის მოთხოვნებს შეესაბამება თუ არა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას და მსჯავრდებულად ცნობისას სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შეჩერების/შეწყვეტის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ნორმების ერთობლივად შეფასებას.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, გააჩნიათ თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულ და თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გააგრძელებენ დანიშნული სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან აკადემიური სტიპენდიის მიღებას, ხოლო ამგვარი მოლოდინის არსებობის შემთხვევაში, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია იწვევს თუ არა საკუთრების უფლებების შეზღუდვას და აკმაყოფილებს თუ არა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
2. საკუთრების უფლებით დაცული სფერო
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა, განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ობიექტი სცდება საკუთრების ტრადიციულ გაგებას, რაც გულისხმობს ფიზიკური საგნების ფლობის/სარგებლობის/განკარგვის შესაძლებლობას და ასევე მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ ინტერესს, მათ შორის, უფლებას მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა, გააჩნია ეკონომიკური ღირებულება და წარმოადგენს ინდივიდის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას.
7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია როგორც პირის უფლება, გახდეს მესაკუთრე, თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ასევე ლეგიტიმური მოლოდინი, რომ იგი მიიღებს კანონით დადგენილ სარგებელს.
3. საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა
8. არსებული დავის სწორად გადაწყვეტისთვის, პირველ რიგში, უნდა განიმარტოს, თუ რას გულისხმობს საკუთრების უფლებით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი, როდის ხდება მისი შეზღუდვა და, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირებს აქვთ თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონებრივი სარგებლის - სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის მიღების მოლოდინი წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია პირის საკუთრებასთან, მის მოპოვებასთან, ფლობასთან თუ განკარგვასთან დაკავშირებული მთელი რიგი უფლებრივი ასპექტები. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, თუ რომელ უფლებრივ კომპონენტს შეეხება საქმე, განსხვავებული შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიმართ წაყენებული მოთხოვნის შინაარსი და ფარგლები. პირობითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს იმგვარი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ცალკეული ინდივიდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას, ისე ეფექტურ სამოქალაქო ბრუნვას. გარდა ამისა, საკუთრების შეძენის კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს მიმართ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს ადამიანს, მოიპოვოს საკუთრება და უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა.
10. საკუთრების უფლების ფართო შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამომწურავად ჩამოითვალოს მისი ყველა უფლებრივი კომპონენტი, ისევე როგორც მათი დაცვის/რეალიზების გარანტიები. ამასთანავე, შესაძლებელია, სახელმწიფომ კანონმდებლობის დონეზე განსაზღვროს სხვადასხვა სახის სამართლებრივი უფლება თუ ინტერესი, რომელსაც ეკონომიკური ბუნება გააჩნია, თუმცა მათი დაწესების ვალდებულება კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან არ გამომდინარეობს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, რიგ შემთხვევებშიც, საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს გარეთ, კანონით დადგენილი სარგებლის მიღება შესაძლებელია, იქცეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ ინტერესად.
11. საკუთრების უფლების დაცვის სფეროში ეკონომიკური ღირებულების მქონე კანონისმიერი სარგებლის მოხვედრას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ინდივიდს მისი მიღების მიმართ უყალიბდება ლეგიტიმური მოლოდინი. ამგვარი ლეგიტიმური მოლოდინის კონსტიტუციურსამართლებრივ დონეზე უზრუნველყოფის მიზანია, დაიცვას პირის ისეთი ეკონომიკური ღირებულების მქონე სამართლებრივი ინტერესები, რომლებზეც ადამიანები ამყარებენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას და უჩნდებათ ნდობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
12. ამასთანავე, პირის ლეგიტიმური მოლოდინის კონსტიტუციურსამართლებრივ დონეზე დაცვა მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლისადმი ნდობის პრინციპებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი ნდობის პრინციპი ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნდობის განცდა კანონით მინიჭებულ პრივილეგიებთან დაკავშირებით. კანონმდებლობა უნდა ასრულებდეს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფ ფუნქციას. ინდივიდებს უნდა შეეძლოთ პირადი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მყარ სამართლებრივ ფარგლებში წარმართვა. არსებითად განუსაზღვრელი და გაუთვლელი, არასანდო სამართლებრივი ვითარება აჩენს გაურკვევლობის განცდას, რაც აფერხებს ადამიანის პიროვნულ განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
13. კანონმდებლობით ამა თუ იმ ეკონომიკური სარგებლის დადგენა, მისი გაცემის დაპირება, შესაძლოა, განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით. რიგ შემთხვევებში, ეს შეიძლება იყოს, სახელმწიფოს მხრიდან, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯი და ემსახურებოდეს პირთა გარკვეული ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ უზრუნველყოფას. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფო დაინტერესებული იყოს ამა თუ ის სფეროში ადამიანთა დასაქმების წახალისებით და სწორედ ამ სამსახურის სანაცვლოდ ჰპირდებოდეს ინდივიდებს, სამომავლოდ, მყარ სოციალურ გარანტიებს. იმის მიუხედავად, თუ რა მიზნით ხდება კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური სარგებლის შემოღება, უდავოა, რომ ინდივიდს კანონმდებლობის მიმართ უჩნდება ნდობა, სწორედ მასზე დაყრდნობით, მის შესაბამისად გეგმავს კარიერას, იღებს გადაწყვეტილებებს ცხოვრების პირად, სოციალურ თუ ეკონომიკურ ასპექტებთან დაკავშირებით. ამასთანავე, რომ არა პირის ნდობა საკანონმდებლო დაპირების მიმართ, ხშირ შემთხვევაში, შეუსრულებელი დარჩება ის მიზანი, რაც ამგვარი დაპირებით უნდა მიღწეულიყო, მაგალითად, სამხედრო ძალებში პირთა დასაქმების წახალისება. ამდენად, კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალი უნდა იყოს ინდივიდების ნდობის ხარისხი, ხოლო მისი გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება როგორც, კონკრეტულად, კანონით დადგენილი სოციალური უზრუნველყოფის ამა თუ იმ მექანიზმის მიზანზე, ისე, ზოგადად, სამართლებრივ უსაფრთხოებასა და მის მიმართ ნდობაზე.
14. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი დამოუკიდებლად არ ქმნის სახელმწიფოსაგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მოლოდინის არსებობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული საჭიროების ან სურვილის არსებობა, ისევე როგორც საკმარისი არ არის ცალმხრივი მოლოდინი, არამედ მას უნდა გააჩნდეს კანონმდებლობით ან/და სასამართლოს პრაქტიკით არაორაზროვნად ჩამოყალიბებული მყარი სამართლებრივი საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სადავო წესი, კერძოდ, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებული და თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონებრივი სარგებლის - სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების შეწყვეტა წარმოადგენს თუ არა საკუთრების უფლებით დაცული ლეგიტიმური მოლოდინის შეზღუდვას. უპირველესად კი, უნდა დადგინდეს, გააჩნიათ თუ არა წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულ და თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ პირებს ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ გააგრძელებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონებრივი სარგებლის, სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის მიღებას პატიმრობის შემთხვევაშიც.
16. მოსარჩელე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ სახელმწიფო პენსიის შემთხვევაში, პირს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი, რომ იგი აუცილებლად მიიღებს პენსიას, როდესაც მიაღწევს შესაბამის ასაკს - მამაკაცების შემთხვევაში 65 წელს, ხოლო ქალებთან მიმართებით 60 წელს. ანალოგიურად, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის მიღებასთან მიმართებით, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, როდესაც პირი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც გათვალისწინებული იყო კანონმდებლობით, მაგალითად, სამხედრო ან შინაგან საქმეთა ორგანოებში იმუშავებს კანონით განსაზღვრულ ნამსახურებ ვადას, მას იმთავითვე უჩნდება მოლოდინი, რომ იგი მიიღებს სახელმწიფო კომპენსაციას და, სამომავლოდ, დანიშნული კომპენსაციის შეჩერება ან შეწყვეტა არ მოხდება მისგან დამოუკიდებელი რაიმე მიზეზის გამო.
17. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ, ქონებრივი სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული, სადავო ნორმებით დადგენილი პირობები განსხვავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობებისგან, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია იმისთვის, რათა პირმა მიიღოს სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია ან აკადემიური სტიპენდია. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირი ვერ მიიღებს სახელმწიფო პენსიას, კომპენსაციას ან აკადემიურ სტიპენდიას საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, დაინტერესებულ პირს მინიჭებული აქვს ნების თავისუფლება, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელებს საჯარო საქმიანობას თუ ისარგებლებს კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული ქონებრივი სარგებლით. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მითითებული შემთხვევა განსხვავდება სადავო ნორმებით დადგენილისგან, რადგან დაინტერესებულ პირს სახელმწიფო შეუზღუდავს/აღუკვეთს თუ არა თავისუფლებას, დამოკიდებული არ არის თავად ამ პიროვნების ნებაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირისათვის დანიშნული სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია არ უნდა წყდებოდეს იმის გამო, რომ პირს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა, რამდენადაც ამგვარი წესი წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ ლეგიტიმურ მოლოდინთან.
18. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, მისი დანიშვნის საფუძვლებს, სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების პროცესს, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის წესს და სხვა. ანალოგიურად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონიც, გარდა იმისა, რომ განსაზღვრავს, თუ როდის წარმოიშობა პირის უფლება კომპენსაციისა თუ აკადემიური სტიპენდიის მიღებაზე, ასევე ადგენს ამ უფლების შეჩერების და გაუქმების საფუძვლებს. პირისათვის, რომელსაც შესაბამისი ასაკის მიღწევისას დაენიშნა სახელმწიფო პენსია, ასევე ცნობილია, რომ იგი პენსიას იღებს არა უპირობოდ, არამედ მანამ, სანამ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნათა ერთობლიობას. პირობითად, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდს ენიშნება სახელმწიფო პენსია, მისთვის ცნობილია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი სარგებლის მიღების უფლება შეუწყდება, თუკი იგი საქართველოს მოქალაქეობიდან გავა ან დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
19. როგორც უკვე აღინიშნა, პირისათვის ამა თუ იმ ეკონომიკური სარგებლის მიცემა შესაძლოა, სულაც არ წარმოადგენდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლების მოთხოვნას. თუმცა ამგვარი დაპირების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, ამ ჩანაწერისადმი ნდობა აქცევს მას კონსტიტუციურსამართლებრივად დაცვის ღირს ინტერესად. ამასთანავე, რამდენადაც ლეგიტიმურ მოლოდინს აყალიბებს საკანონმდებლო ჩანაწერი, პირის მიერ ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლების ფორმირება ხდება სწორედ კანონში მითითებული წესითა და ფარგლებით. ლეგიტიმური მოლოდინის იმანენტური ნაწილია კოგნიტური ელემენტი - პირის მიერ იმის ცოდნა, თუ როდის, რა საფუძვლით, წესითა და პირობით მიეცემა მას ეკონომიკური სარგებელი. ამასთანავე, ლეგიტიმური მოლოდინის შემქმნელი ვერ იქნება მხოლოდ ის საკანონმდებლო პირობა, რომელიც გარკვეული ასაკის მიღწევისას სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა თუ აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მოპოვების შესაძლებლობას განსაზღვრავს. ამგვარი მოლოდინი ყალიბდება კანონის ყველა იმ ჩანაწერის ერთობლიობით, რომელიც შეეხება როგორც უშუალოდ უფლების მოპოვების წესს, ისე ამ უფლების შეჩერებისა თუ შეწყვეტის პირობებს. შესაბამისად, იმის დასადგენად, პირს აქვს თუ არა საკუთრების უფლებით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი, გადამწყვეტი კრიტერიუმი არის კანონმდებლობისა ან/და სასამართლო პრაქტიკის სიცხადე და არაორაზროვნება იმ პირობებთან მიმართებით, რომლებზე დაყრდნობითაც პირმა უნდა განსაზღვროს თუ როდის, რა საფუძვლით, წესითა და პირობებით მიეცემა მას ეკონომიკური სარგებელი.
20. გონივრული არ იქნება მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ პირს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონების წაკითხვის შედეგად გაუჩნდა მოლოდინი, რომ სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან/და აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მოპოვების შემდეგ, ის, ყველა შემთხვევაში, უპირობოდ შეძლებდა კონკრეტული ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს პირის მოლოდინი, რომ იგი მიიღებს სახელმწიფოსგან პენსიას, კომპენსაციას ან აკადემიურ სტიპენდიას, თუკი იგი დააკმაყოფილებს ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით დადგენილ წინაპირობებს. თუმცაღა ასევე არსებობს იმის მოლოდინიც, რომ, თუკი წარმოიშობა ამ უფლებათა შეჩერების ან შეწყვეტის კანონით წინასწარ გათვალისწინებული საფუძველი, იგი ვეღარ შეძლებს მათ მიღებას.
21. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით, საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგოს პირთა რომელ ჯგუფს ან რა პირობით მიანიჭებს ამა თუ იმ ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლებას. მას შეუძლია, დაადგინოს როგორც ამ უფლების მიღებისათვის აუცილებელი კრიტერიუმები, ისე ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, პირს შეუწყდება ამ უფლებით სარგებლობა. თითოეული ეს კომპონენტი, ერთობლივად ქმნის და აყალიბებს ლეგიტიმურ მოლოდინს. ლეგიტიმური მოლოდინის ნაწილს შეადგენს როგორც პოზიტიურ (თუ რა შემთხვევაში მიიღებს პირი ეკონომიკურ სარგებელს), ისე ნეგატიურ კრიტერიუმთა (ის წინაპირობები, თუ რა შემთხვევაში ვეღარ ისარგებლებს პირი ამ უფლებით) ერთობლიობა. ამ მხრივ, ნავარაუდევია, რომ პირისათვის ცნობილია როგორც ის, თუ როდის შეძლებს ამ უფლებით სარგებლობას, ასევე ისიც, რა შემთხვევაში შეწყდება იგი. ამდენად, ეკონომიკური სარგებლის მიღების ნეგატიური კრიტერიუმები წარმოადგენს არა ლეგიტიმური მოლოდინის უგულებელყოფას, არამედ მის შემადგენელ ნაწილს.
22. №1675 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების შესაბამისად, სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია და აკადემიური სტიპენდია ჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში, ხოლო წყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. გასაჩივრებული ნორმები ცხადად მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირს შეზღუდული აქვს თავისუფლება წინასწარი პატიმრობის ან კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო, იგი ვერ სარგებლობს სახელმწიფო პენსიით, კომპენსაციით და აკადემიური სტიპენდიით. სადავო ნორმატიული აქტები მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღების ფარგლებს, კერძოდ, მათი მიღების უფლება შეჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში, ხოლო შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ამგვარი ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად წყვეტს საკითხს, თუ რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს პირს ზემოხსენებული ეკონომიკური სარგებლის მიღების შემთხვევაში და როდის ვეღარ შეძლებს დაინტერესებული პირი ამ უფლებით სარგებლობას.
23. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ცალმხრივად დადგენილი გასაცემლებისგან „განსხვავებულად უნდა იქნეს განხილული იმგვარი ტიპის საკანონმდებლო მოწესრიგება, როდესაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქონებრივი სარგებლის მიღება პირისგან მოითხოვს გარკვეული აქტიური, მიზანმიმართული ქმედების განხორციელებას. შემთხვევებს, როდესაც პირი სახელმწიფოს სასარგებლოდ ამა თუ იმ ქმედებას ახორციელებს სამომავლოდ სარგებლის მიღების პირობით და ხსენებული პირობის შესრულების ვალდებულება ლეგიტიმურ დაცვას იმსახურებს. მაგალითად, შეიძლება სახელმწიფო დაინტერესებული იყოს ამა თუ ის სფეროში წაახალისოს ადამიანთა საქმიანობა და გარკვეული პერიოდის სამსახურის სანაცვლოდ პირდებოდეს პირებს სამომავლოდ მყარ სოციალურ გარანტიებს“. .... „აღნიშნული შემთხვევა, სახელმწიფოს მიერ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ემსგავსება სახელშეკრულებო ურთიერთობას ამ უკანასკნელსა და სარგებლის მიმღებ სუბიექტს შორის. კერძოდ, მსგავსი მოწესრიგების შემთხვევაში, სახელმწიფო, მის მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტით გამოხატავს ნებას, გასცეს კონკრეტული ქონებრივი სარგებელი ამავე აქტით განსაზღვრული საპასუხო შესრულების სანაცვლოდ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17). ამდენად, სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია ან/და აკადემიური სტიპენდია შესაძლოა, წარმოადგენდეს არა სოციალურ გასაცემს, არამედ ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ მიღებული სარგებლის საპასუხო შესრულებას.
24. სოციალური პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან/და აკადემიური სტიპენდიის მიღების მიმართ შექმნილი ლეგიტიმური მოლოდინისგან განსხვავებული შეიძლება იყოს სახელმწიფოს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობების დადგენის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტი. საკუთრების უფლებასთან მიმართებით, სახელმწიფო ფაქტობრივად თავისუფალია ცალმხრივი ნებით დანიშნული პენსიის მიღების ლეგიტიმური მოლოდინის ფარგლების ფორმირებისას, თუმცა შესაძლოა, მოთხოვნათა დადგენის ანალოგიური თავისუფლება არ არსებობდეს, როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს მის მიერ შესასრულებელი ხელშეკრულების პირობებს. გარკვეული სახელშეკრულებო პირობის გამოყენების დაშვება სხვადასხვა კონსტიტუციურ უფლებასთან ან/და პრინციპთან ფუნდამენტური შეუსაბამობის გამო, შეიძლება, ორივე მხარის თანხმობის პირობებშიც კი იყოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო და, შესაბამისად, აღუსრულებადი.
25. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე №1675 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დავობს, ზოგადად, სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან/და აკადემიური სტიპენდიის შეჩერება/შეწყვეტის კონსტიტუციურობაზე და იგი დამოუკიდებლად არ აიდენტიფიცირებს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან/და აკადემიური სტიპენდიის გადახდა შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სახელშეკრულებო მოთხოვნის ნაწილად. ამავე დროს, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს სადავო ნორმებით განსაზღვრული სახელშეკრულებო პირობის (იმ შემთხვევებში, როდესაც იგი შესაძლოა ასეთი შინაარსის პირობად იქნეს იდენტიფიცირებული) არსებობა. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შეჩერება/შეწყვეტა არ ატარებს per se თვითმიზნურ ხასიათს - ამგვარ გადაწყვეტას კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკით ნაკარნახევი ახსნა გააჩნია. კერძოდ, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სახელმწიფო უარს აცხადებს იმ პირების მიმართ პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის გადახდაზე, რომლებსაც, ერთი მხრივ, საარსებო ხარჯები უმცირდებათ და, მეორე მხრივ, მათ მიმართ სახელმწიფოს უჩნდება დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა. ამდენად, განსახილველი საქმის ფარგლებში არ გამოკვეთილა, თუ რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სადავო ნორმებით დადგენილი პირობა სახელშეკრულებო თავისუფლების კონსტიტუციურ მოთხოვნას.
26. გარდა ზემოთ დასახელებული არგუმენტაციისა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, საქმის განხილვის არსებით სხდომაზე, გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმები განსაკუთრებულად მძიმე ტვირთს აკისრებს პატიმრობაში მყოფ პირებს, რომელთაც, სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის გარდა, არ აქვთ სხვა დამოუკიდებელი შემოსავალი. სწორედ ეს განასხვავებთ მათ იმ თავისუფლებაშეზღუდული პირებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ დაგროვებული პირადი მატერიალური რესურსებით ან/და მიიღონ დამატებითი დახმარება ახლობლებისგან. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და ბრალდებული პირები იმყოფებიან განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში, კერძოდ, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების პირობებში, ის პირები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი იყო სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია ან აკადემიური სტიპენდია, ფაქტობრივად რჩებიან საარსებო მინიმუმის გარეშე და ამას ემატება ისიც, რომ ისინი ვერ სარგებლობენ შრომის თავისუფლებით, რათა შედეგად, დაიკმაყოფილონ პირადი საჭიროებები.
27. აღნიშნულ არგუმენტებზე საპასუხოდ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარემ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული და კონსტიტუციურ დებულებათა გააზრება მოხდეს მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
28. მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული არგუმენტაცია, ძირითადად, მიემართება იმის წარმოჩენას, რომ კონკრეტულ პირებს გააჩნიათ სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის მიღების მომეტებული საჭიროება და არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულები სხვა ჯგუფთან შედარებით. შესაძლოა, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდეს ის კრიტერიუმები ან საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ხდება ამა თუ იმ ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლების დადგენა ან შეწყვეტა, თუმცა კონკრეტული კრიტერიუმის/წინაპირობის ლოგიკურობისა თუ აუცილებლობის შეფასება სცდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული ლეგიტიმური მოლოდინის ფარგლებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება, თავისთავად, ვერ იქნება პირის მიერ სახელმწიფოსგან გარკვეული მატერიალური სიკეთეების მოთხოვნის საფუძველი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ინდივიდის მხრიდან მათი მიღების სურვილი ან საჭიროება, თუ თავად სახელმწიფო არ ქმნის ამის ლეგიტიმურ მოლოდინს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). შესაძლოა, ამა თუ იმ წინაპირობით სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლების შეწყვეტა გაუმართლებელი იყოს პირის კონკრეტული საჭიროებიდან ან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ან დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებდეს მას სხვა პირებთან შედარებით, თუმცა ამგვარი შეფასება შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ სადავო ნორმების სათანადო კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში.
29. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნა ამოიწურება საკუთრების უფლებით დაცულ ლეგიტიმურ მოლოდინებზე აპელირებით. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი მათი კონსტიტუციურობის შეფასება სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო №1675 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დამატებით ვერ იმსჯელებს, რამდენად გამართლებული, ლოგიკური ან დასაბუთებულია სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან აკადემიური სტიპენდიის შეჩერება/შეწყვეტა კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლით.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულ და თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულ პირებს ვერ ექნებოდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ გააგრძელებდნენ სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის ან აკადემიური სტიპენდიის მიღებას პატიმრობის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედებით, არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი ქონებრივი სარგებლის მიღების მიმართ არსებული ლეგიტიმური მოლოდინის შეზღუდვა. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1675 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში