გიორგი თევზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1742 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი თევზაძე |
თარიღი | 26 ოქტომბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მეორე წინადადება: „2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან “. |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1-ლი პუნქტის მე-2 წინადადება “აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქცეპუნქტი; 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე)“ ქვეპუნქტი; 273 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
2. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სადავო ნორმა, ითვალისწინებს ფუნდამენტურად იდენტური იურიდიული განათლების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციულად დიფერენცირებულ მოპყრობას, სადავო ნორმით ხდება დისკრიმინაცია წარმოშობის ნიშნით. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში, მათ შორის უმაღლესი განათლების სფეროში 2004-2005 სასწავლო წლიდან რეფორმის დაწყებამდე უმაღლესი განათლებამიღებულ პირთა მიმართ.
კონსტიტუციური სარჩელის ფაბულა შემდეგში მდგომარეობს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო 1993-1997 წლებში ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში “თბილისის იურიდიული ინსტიტუტი“, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის წარმატებით დასრულების შემდგომ გაცემული დიპ0ლომით მიიღო იურისტის კვალიფიკაცია, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიბლომით, რომელიც როგორც მოგეხსენებათ გაიცემა როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, სახელმწიფო ადასტურებს მინიჭებულ კვალიფიკაციას.
2005 წლის 10 იანვრიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ ამ კანონის 89=ე მუხლის მე-8 პუნქტის ამოქმედებისას, ამ არაკონსტიტუციურმა ნორმამ სრულიად ხელოვნურად და სათანადო დასაბუთების გარეშე დაყო ორ კატეგორიად, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ის პირები, რომლებმაც უმაღლესი იურიდიული განათლება და იურისტის კვალიფიკაცია მიიღეს ამ კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ ერთ კატეგორიაში გააერთიანა ხუთწლიანი სასწავლო პროგრამაგავლილი პირები და ეს პირები გაუთანაბრა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, ხოლო მეორე კატეგორიაში გააერთიანა ოთხწლიანი პროგრამაგავლილი პირები და ეს პირები გაუთანაბრა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. ამ დიფერენცირების დისკრიმინირებული ხასიათი ვლინდება შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
ა) 2004 წლამდე იურიდიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ადგენდა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ერთიან სამართლებრივ სივრცეს, როდესაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების მიერ კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებაში წარდგენილ ოთხწლიანი და ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამებს სახელმწიფო ანიჭებდა აკრედიტაციას და ამით ადასტურებდა ამ პროგრამების გავლის შემდგომ მიღებული კვალიფიკაციის სათანადოობას, ნამდვილობას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ორივე შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე კურსდამთავრებულს ენიჭებოდა იურისტის კვალიფიკაცია, სამართალმციდნეობის სპეციალიზაციით. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ამ იურიდიული კვალიფიკაციის მქონე პირს ჰქონდა სრული და შეუზღუდავი უფლება დაეკავებინა ნებისმიერი თანამდბობა და სამსახურებრივი პოზიცია, თუ პირი აკმაყოფილებდა ამ თანამდებობის დაკავების სხვა კრიტერიუმებს. ამდენად, პირის მიერ კვალიფიკაციის შესაბამისი საქმიანობის უფლება სადავო ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ჰქონდა შეუფერხებლად, დიკრიმინაციის გარეშე.
ბ) ოთხწლიანი პროგრამაგავლილი დიპლომირებული პირების უფლებების დარღვევა ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი ბარიერების შედეგად. სახელმწიფო, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებებით და გაცემული დიპლომი დაადასტურა 2005 წლამდე მიღებული ოთხწლიანი პროგრამაგავლილი პირების იურიდიული კვალიფიკაციის სათანადოობა, იგივე სახელმწიფო 2004 წელს მიღებული ნორმით აუკრძალა იურისტის კვალიფიკაციით სრულფასოვანი საქმიანობა, მაშინ როდესაც ამ საქმიანობას არაკონსტიტუციური კანონის ნორმის ამოქმედებამდე ოთხწლიანი პროგრამაგავლილი დიპლომირებული პირი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შეუფერხებლად ახორციელდებდა ნებისმიერ სახელმწიფოებრივ, საჯარო და კერძო საქმიანობას, ნებისმიერ პოზიციაზე. იურისტის კვალიფიკაციით, საგანმანათლებლო პროგრამის დიფერენცირების გარეშე;
გ) არაკონსტიტუციურად საცნობი ნორმის მომზადებისას და მიღებისას არ არის გამორკვეული და შესწავლილი საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სტატისტიკური ინფორმაცია, ამ სადავო ნორმის მიღების აუცილებლობის დასაბუთების თვალსაზრისით. არაკონსტიტუციური ნორმის მიღებისას საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ არაკონსტიტუციური ნორმა მომზადებული და მიღებული იქნა მისი მიღების საჭიროების გაანალიზებისა და დასაბუთების გარეშე (გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები).
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის გიორგი თევზაძეს უკვე რამდენჯერმე მიადგა ზიანი ამ დისკრიმინაციული, არაკონსტიტუციური ნორმით და მომავალში არსებობს ამ სადავო ნორმით ზიანის მიყენების რეალური საფრთხეები, რაც გამოიხატება გარკვეული თანამდებობრივი პოზიციების დაკავების შემაფერხებელ გარემოებაში.
უფლების ხელყოფის თვალსაზრისით დამდგარი ზიანის ფაქტობრივი გარემოება შემდეგში მდგომარეობს.
კონსტიტუციური საჩივრის ავტორი - გიორგი თევზაძე, რომელიც წარმოადგენს სსიპ საქართველსო ადვოკატთა ასოციაციის ორი მოწვევის აღმასრულებელო საბჭოს (ორჯერ არჩეული) წევრს, საქართველოს ადვოკატთ ასოციაციისა და მართლმსამჯულების კომიტეტის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს პარლამენტში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ქვოტით), თუმცა კანდიდატ გიორგი თევზაძეს შეექმნა წარდგენისას ფორმალური პრობლემა სადავო, არაკონსტიტუციური ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაბამისად მხოლოდ ამ ფორმალური პრობლემის გამო არ მოხდა გიორგი თევზაძის კანდიდატურის განხილვა.
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება აუცილებელია, რადგან იგი ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე და 313 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველად არ მიღების რომელიმე საფუძველი.
ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „სარჩელში მოყვანილი არგუმენტები უნდა ცხადყოფდეს, რომ მოსარჩელის კონკრეტული უფლების სავარაუდო დარღვევა სწორედ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სადავო ნორმისა და კონსტიტუციის იმ დებულების, მოცემულ შემთხვევაში მე-11 მუხლის, აშკარა და ცხად შინაარსობრივ მიმართებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი მიუთითებს კანონის წინაშე თანასწორობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია, არა მხოლოდ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას სავარაუდოდ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არამედ კანონიერი უფლებებისა და ინტერესებით სარგებლობისას სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის კონსტიტრუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებითაც. მართალია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების და არა კანონიერი უფლება-ინტერესების დაცვას, მაგრამ აღნიშნული გზით დაცული იქნება კონსტიტუციის მე-11 მუხლით უზრუნველყოფილი კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლება, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსხვავებულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/1/493 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილია ფორმალურად გამართული სარჩელი და ამასთან, შესაბამისი დასაბუთებით სახეზეა სუბიექტი, რომელსაც არსებული საკანონმდებლო აქტით ზიანი ადგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფლებას..
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2004-2005 სასწავლო წლიდან რეფორმის დაწყებამდე უმაღლესი განათლებამიღებულ პირთა მიმართ უნდა არსებობდეს ერთგვაროვან. არადისკრიმინაციული მიდგომა.
კონსტიტუციური სარჩელის არსი შემდეგში მდგომარეობს.
სადავო ნორმის მიხედვით 2004 წლის საქართველოს კანონი ითვალისწინებს უმაღლესი იურიდიული განათლებსი ორსაფეხურიან სისტემას, რომელიც არ მოქმედებდა ან ნორმის ამოქმედებამდე. კანონის სადავო ნორმის მიღებამდე უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული იურიდიული ცოდნის საფუძველზე კურდამთავრებული იღებდა იურისტის კვალიფიკაციას, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. ეს კვალიფიკაცია კურსდამთავრებულს ენიჭებოდა ოთხწლიანი ან ხუთწლიანი სასწავლო პროგრამის საფუძვლზე. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო 2004 წლამდე ადგენდა სამართლებრივ შესაძლებლობას ორივე შემთხვევაში იურისტს ენიჭებოდა იურისტის კვალიფიკაცია, არ შეიძლება 2004 წლიდან ამ ახალი სადავო ნორმით მოხდეს იმ პირთა დისკრიმინირება, რომლებმაც ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე მიიღეს იურისტის კვალიფიკაცია.
დისკრიმინაცია, თავის არსით, უწინარესად, გულისხმობს პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას კანონით დადგენილ რომელიმე უფლებასთან მიმართებაში. კლასიკურ შემთხვევებში, დისკრიმინაციის მუხლი გამოყენებადია, როდესაც სახელმწიფომ კანონმდებლობით დადგენილ რომელიმე უფლებასთან მიმართებაში რაიმე შეზღუდვა ან უპირატესობა დაუწესდა პირს ან ჯგუფს იმავე გარემოებებში მყოფ სხვა პირებისა თუ ჯგუფებისაგან განსხვავებით. როგორც წესი, დისკრიმინაციის აღიარება იმავდროულად გულისხმობს შესაბამისი უფლების დარღვევას, რომელთან მიმართებაშიც მოხდა დაისკრიმინაცია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის N1/1/811 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით).
ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევისას სახელმწიფომ კერძო პირებთან მიმართებით არ უნდა მიიღოს გონივრულ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, ,,არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით,, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება #2/1-392).
სადავო ნორმებით ასევე ირღვევა ზოგადსამართლებრივი _ ,,თანაბარი მოპყრობის პრინციპი,, რომელიც არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ნიშნავს არსობრივად ერთნაირის თანაბრად და არსობრივად განსხვავებულის არათანაბრად მოპყრობას. („იურიდიული მეთოდების მოძღვრება“ -რაინჰოლდ ციპელიუსი, ბეკის გამომცემლობა, მიუნხენი 2006. გვ. 17 (ქართულ ენაზე).13 )
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, “ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.” ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, “1. კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. 2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.” კონვენციის მე-14 მუხლი ავსებს კონვენციის და მისი ოქმების იმ დებულებებს, რომლებიც მატერიალურ უფლებებს ითვალისწინებს. იგი დამოუკიდებლად არ არსებობს და შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ კონვენციის და მისი ოქმების მატერიალურსამართლებრივი დებულებებით უზრუნველყოფილ “უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან” დაკავშირებით.1 მე-14 მუხლი დამოუკიდებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მისი გამოყენებისთვის არ არის აუცილებელი, რომ კონვენციის და ოქმების მატერიალურსამართლებრივი დებულებები დარღვეული იყოს. მაგრამ მე-14 მუხლი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზედაც კონვენციის ან მისი ოქმების მატერიალურსამართლებრივი დებულებების მოქმედება არ ვრცელდება.
შესაბამისად, ”აუცილებელია და საკმარისია, საქმის ფაქტობრივი გარემოებები კონვენციის ერთი ან მეტი მუხლის მოქმედების ფარგლებში ხვდებოდეს.“ (E.B. საფრანგეთის წინააღმდეგ (E.B. v. France), განაცხადი no. 43546/02, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2008 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, § 47), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ეს შემდეგნაირად განმარტა: “მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის აკრძალვა იმ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სცილდება, რომელთა უზრუნველყოფაც თითოეულ სახელმწიფოს კონვენციითა და ოქმებით მოეთხოვება. აკრძალვა ასევე ვრცელდება იმ დამატებით უფლებებზე, რომლებიც კონვენციის ნებისმიერი მუხლის ზოგადი მოქმედების ფარგლებში ხვდება და რომელსაც სახელმწიფო თავისი ნებით უზრუნველყოფს.” ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის საერთო აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ უზრუნველყოფს თანასწორ მოპყრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია როგორც კონვენციის მე-14 მუხლით, ისე მე-12 ოქმის პირველი მუხლით. პირდაპირი დისკრიმინაცია პირდაპირი დისკრიმინაცია შემდეგი ელემენტებისგან შედგება: არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია. განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის.
ანალოგიური ან არსებითად მსგავსი მდგომარეობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ, ან არსებითად მსგავს მდომარეობაში მყოფი პირების მიმართ.
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სავარაუდო დისკრიმინაცია შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ საკანონმდებლო ღონისძიებიდან, არამედ „de facto“ შემთხვევიდანაც. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „დისკრიმინაციას წარმოადგენს არა მარტო ისეთი შემთხვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლების მოქმედება პირდაპირ ისახავდა მიზნად პირის ან პირთა ჯგუფის დისკრიმინაციას, არამედ ისეთიც, რომელსაც შედეგად მოჰყვა მათი de facto დისკრიმინაცია“. რასაც გამოკვეთილად აქვს ადგილი განსახილველი სადავო ნორმით.
საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: „განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“.
საქართველოს კონსტიტუცია თანასწორობას ადგენს მხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით უზრუნველყოფილ უფლებებთან, ანუ კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებაში. პირიქით, მე-14 მუხლი მიუთითებს “კანონის წინაშე” თანასწორობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შეიძლება არა მხოლოდ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას სავარაუდოდ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, არამედ, კანონიერი უფლებებისა და ინტერესებით სარგებლობისას სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებითაც. მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების და არა კანონიერი უფლება-ინტერესების დაცვას,43 მაგრამ აღნიშნული გზით დაცული იქნება კონსტიტუციის მე-14 მუხლით უზრუნველყოფილი “კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლება”44, რომელიც “ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას”.45 "თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში." "თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი."46 საგულისხმოა, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: “სამართალშემოქმედს აკისრია კონკრეტული საკითხის არადისკრიმინაციულად მოწესრიგების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება თან სდევს სამართალშემოქმედების პროცესს, იმის მიუხედავად, იგი მიმართულია კონსტიტუციური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების რეგულირებისაკენ.
დავისკონსტიტუციურსამართლებრივი შინაარსი
2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა მე-14 მუხლის (2017 წლამდე რედაქციით, ამჟამინდელი მე-11 მუხლი) კონსტიტუციურსამართლებრივ შინაარსზე: “კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.” ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა კრიტერიუმებზე, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს განსხვავებული მოპყრობის მართლზომიერების შესაფასებლად. ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა განიმარტოს მე-14 მუხლით აკრძალული ნიშნების numerus clausus პრინციპის მიხედვით შედგენილი ჩამონათვალი. თუმცა, საკითხისადმი სასამართლოს დამოკიდებულება შემდეგი ზოგადი ფორმულირებიდან ჩანს: “კანონის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ემყარება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრინციპს, განიხილება როგორც მიზანშეუწონელი და სრულიად მიუღებელი. აქედან გამომდინარე კი, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე თანასწორობის პრინციპის დარღვევას.”
კონსტიტუციის მე-14 მუხლზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო 2008 წლის 31 მარტს. სასამართლოს პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური გადაწყვეტილება, რომელიც პირველად იძლევა სიღრმისეულ განმარტებას კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსისა და მოცულობის თაობაზე, სრულ შესაბამისობაშია დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან და ამ საკითხზე სასამართლოს შემდგომ პრაქტიკას გზას უკვალავს. გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად განმარტა, რომ “საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს.” ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დისკრიმინაციის აკრძალული ნიშნების ჩამონათვალი განვრცობითად უნდა განიმარტოს: “ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში.” საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას, რადგანაც “მისი მიზანია, უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით.” საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ “კანონის წინაშე თანასწორობის მოთხოვნის დარღვევის დადგენისას არ არის სავალდებულო, რომ უთანასწორო სამართლებრივი მდგომარეობის შექმნა წარმოადგენდეს შესაბამისი ნორმის მიმღები ორგანოს მიზანს. ამ შემთხვევაში, მთავარია არა კანონმდებლის განზრახვა, არამედ რეალური შედეგი.”
დავის კონსტიტუციურსამართლებრივი ფარგლები
2004 წლამდე მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების დისკრიმინირების საკითხის შეფასებისას გვერდს ვერ ავუვლით ასევე დავის კონსტიტუციურ სამართლებრივ ფარგლებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა მე-14 მუხლის კონსტიტუციურსამართლებრივ ფარგლებზე და დაადგინა, “რომ შესაძლებელია არათანასწორი მოპყრობის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება. ამისათვის, სადავო ნორმის მიღებას უნდა ჰქონდეს საკმარისად წონადი, გონივრული და მნიშვნელოვანი მიზნები, კანონმდებლის მოქმედება უნდა იყოს საგნობრივად გამართლებული, არათვითნებური და თანაზომიერი.”
მეორე წამყვანი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო 2010 წლის 27 დეკემბერს. აქ განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შემოწმების კრიტერიუმები უფრო დაკონკრეტდა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ პირველ რიგში უნდა დადგინოს:
1) პირები წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორებს; ანუ არიან თუ არა შედარებადი კატეგორიები, ხვდებიან თუ არა ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში; არიან თუ არა არსებითად თანასწორნი კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში;
2) აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (სავარაუდო პირდაპირი დისკრიმინაციისას) ან არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა (სავარაუდო არაპირდაპირი დისკრიმინაციისას) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე, უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით.
იმის გარკვევისთვის, სადავო ნორმა საერთოდ იწვევს თუ არა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისზეც სადავო ნორმა ვრცელდება და რეგულირების საგანი:
ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს და
ბ) ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. “მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენცირების“ ტესტები სამწუხაროდ, 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დისკრიმინაციის ნიშნებთან დაკავშირებით არასწორ პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი. მიდგომა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლი განვრცობითად უნდა განიმარტოს და მასში მოაზრებული იქნეს ის ნიშნებიც, რომლებიც პირდაპირ მითითებული არაა.
2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოოდ მკაცრი შეფასების ტესტი გამოიყენა, რადგან მხედველობაში მიიღო “არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან”. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ხედვა საყურადღებოა და საგულისხმოა განსახილველი სადავო ნორმის სამართლებრივი შედეგის თვალასზრისით, რადგან ნორმის დისკრმინაციული გამოვლინების გამო, ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე იურიდიული კვალიფიკაცია მინიჭებულ ადამიანს უაპელაციოდ უკარგავს სამართლებრივ პერსპექტივას დაიკავოს მთელი რიგი საჯარო სამსახურებრივი პოზიციები, რომლისთვისაც კანონით მოითხოვება მაგისტრის დიპლიმი ან მაგისტრთან გათანაბრებული დიპლიმი.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვთ კონსტიტუციური სარჩელის მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებას (აკრძალული საფუძვლისა და ჩარევის ინტენსივობისგან დამოუკიდებლად) სადავო ნორმის შეფასებისას.
მოკლედ წარმოდგენილი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები იძლევა სათანადო დასაბუთებას სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობისათვის.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა