დავით ტაკიძე და გიორგი თევზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/1641,1742 |
თარიღი | 19 სექტემბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ოქტომბერი 2025 16:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: დავით ტაკიძე და გიორგი თევზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: №1641 კონსტიტუციურ სარჩელზე:„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 89-ე მუხლის 82 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
№1742 კონსტიტუციურ სარჩელზე:„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - დავით ტაკიძე, მოსარჩელე მხარის, გიორგი თევზაძის წარმომადგენელი - გოჩა გორდელაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ლევან ღავთაძე და გიზო ქემერტელიძე; საჯარო დაწესებულების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით ლომინაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო დავლაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1641) მომართა დავით ტაკიძემ. №1641 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 30 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 20 მარტს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1742) მომართა გიორგი თევზაძემ. №1742 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 28 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 20 მარტს.
3. №1641 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 271 მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. №1742 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 273 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი.“ ამავე კანონის 89-ე მუხლის 82 პუნქტის თანახმად, „2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.“ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, „2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.“
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება ადგენს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციით აკრძალვას. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.“
7. №1641 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2003 წელს ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იურიდიულ ფაკულტეტზე, მისი მიზანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხუთი წლის განმავლობაში დასრულება იყო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით 2005 წლის 10 იანვარს ამოქმედებული რეფორმის ფარგლებში კი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალათ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამსაფეხურიან სასწავლო პროგრამაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) გადასვლა. შედეგად, 2007 წელს მოსარჩელემ დაასრულა ოთხწლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამა და იმ პერიოდისთვის არსებული რეგულაციის საფუძველზე, მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულმა გარემოებამ, დაბრკოლება შეუქმნა როგორც დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებასთან, ასევე, სხვადასხვა საჯარო, მათ შორის, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავებასთან მიმართებით.
8. №1641 კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის პრობლემურია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველყონ, არა უგვიანეს, 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. მოსარჩელე აპელირებს, რომ აღნიშნულმა ჩანაწერმა საგანმანათლებლო დაწესებულება აიძულა, მისთვის შეემცირებინა სწავლის ხანგრძლივობა და, შესაბამისად, ნაცვლად 2008 წლისა, მან სწავლა დაასრულა 2007 წელს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვინაიდან სადავო კანონი ამოქმედდა 2005 წელს ანუ მაშინ, როდესაც მოსარჩელეს უკვე მინიჭებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, მასზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები უკუძალით არ უნდა გავრცელებულიყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული განათლების მიღების უფლება. ამავდროულად, სადავო რეგულაციის უკუძალით გავრცელების გამო, სადავო ნორმა, მოსარჩელის პოზიციით, აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
9. მოსარჩელე, მათ შორის, სადავოდ ხდის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 82 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა უშუალო კავშირშია ამავე კანონის სადავო 87-ე მუხლის მე-7 პუნქტთან, რომლის გამოც, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაესრულებინა ერთსაფეხურიანი ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.
10. №1742 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე წარდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტში საპროკურორო საბჭოს წევრობის პოზიციაზე, თუმცა, იმ მიზეზით, რომ მისი 2004 წლამდე მიღებული დიპლომი კანონმდებლობის მიხედვით გათანაბრდა ბაკალავრის დიპლომთან, მას უარი ეთქვა დასახელებული პოზიციის დაკავებაზე. მოსარჩელის პრობლემაც, სწორედ, დიპლომის გათანაბრების საკითხისგან მომდინარეობს, კერძოდ, მისი მტკიცებით, სადავო ნორმა ახდენს დისკრიმინაციულ დიფერენციაცის იმ პირებს შორის, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულეს, ერთი მხრივ ოთხწლიანი, მეორე მხრივ კი ხუთწლიანი ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.
11. მოსარჩელის მითითებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი ფორმალურად და დაუსაბუთებლად აწესრიგებს პირებისთვის რეფორმამდე მინიჭებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების, დღეს მოქმედი სამსაფეხურიანი სისტემის ფარგლებში ამა თუ იმ ხარისხთან გათანაბრების საკითხს. სადავო ნორმის მიხედვით, მოსარჩელის დიპლომი, ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, გათანაბრდა ბაკალავრის ხარისხთან ხოლო მათი დიპლომი, ვინც დაასრულა ხუთწლიანი პროგრამა - მაგისტრის ხარისხთან. სადავო რეგულაციამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამას დაასრულებდა პირი, იურიდიული განათლების სფერო ადგენდა ერთიან სამართლებრივ სივრცეს, სადაც პროგრამის დასრულების შემდგომ მინიჭებული კვალიფიკაცია, პირებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა, შეუფერხებლად დაეკავებინათ ნებისმიერი თანამდებობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას დაუსაბუთებლად შეეზღუდა უფლება, დაიკავოს ის თანამდებობები, რომლებისთვისაც მოთხოვნილია მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის მითითებით, შესადარებელ ჯგუფებს განეკუთვნებიან ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულეს ოთხწლიანი ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო, მეორე მხრივ პირები, რომლებმაც დაასრულეს ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ადგენს ინტენსიურ დიფერენციაციას, მკვეთრად აცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისგან.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.
13. №1742 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის განგრძობადი მოქმედების შედეგად, მას ეზღუდება უფლება, დაიკავოს გარკვეული თანამდებობები, მაშინ როდესაც, სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული თანამდებობისთვის დადგენილ სხვა კრიტერიუმებს. კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ, აღნიშნულ შუამდგომლობაზე უარი თქვა.
14. №1641 კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა, განმწესრიგებელ სხდომაზე, განმარტა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დაასრულა 2006-2007 სასწავლო წლის დასასრულს და მასზე სადავო ნორმებით დადგენილი წესი, უკუძალის პრინციპის მიხედვით, არ უნდა გავრცელებულიყო. მოსარჩელის მითითებით, მან უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს აირჩია შესაბამისი განათლების ფორმა, და მისი მიზანი იყო ერთსაფეხურიანი ხუთწლიანი პროგრამის დასრულება, რისი შესაძლებლობაც სახელმწიფომ, სადავო ნორმების საფუძველზე შეუზღუდა.
15. მოსარჩელე მხარემ, განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ იგი სადავოდ აღარ ხდის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტის სიტყვების (2024 წლის 5 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) „მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
16. №1742 კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა სადავო ნორმიდან მომდინარე დიფერენციაციაზე. ამასთანავე, მოსარჩელემ უარი თქვა კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილ, სადავო ნორმის შეჩერების შესახებ, შუამდგომლობის განხილვაზე.
17. განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტს არ აქვს მოსარჩელე მხარისათვის უფლების მზღუდველი ეფექტი, ის ადგენს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განათლების ახალ რეფორმაზე გადასვლის ვადას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხსენებული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე ის ეფექტს ვერ იქონიებს. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ გარკვეულმა საგანამნათლებლო დაწესებულებებმა, დისკრეციის ფარგლებში, იმ სტუდენტებს, რომლებიც რეფორმის დაწყების მომენტისთვის იმყოფებოდნენ ამა თუ იმ კურსზე, შემჭიდროვებულ ვადებში გაატარეს, ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით, დამატებით კრედიტები. მოპასუხე მხარემ აგრეთვე დაადასტურა, რომ გასაჩივრებულმა ნორმამ, საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით, შეიცვალა ნორმატიული შინაარსი. უფრო მეტიც, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იმ პირებს, რომლებმაც რეფორმამდე დაასრულეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, შესაძლებლობა აქვთ, მოითხოვონ ამგვარი განათლების შედეგად მიღებული დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება.
18. მოპასუხე მხარემ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის მიმართაც არის მოთხოვნილი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა, შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრებას. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი სადავოდ გამხდარი ნორმა არ ადგენს რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ამგვარი მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოა. მოპასუხე მხარემ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით მიუთითა, რომ სადავო ნორმა ნეიტრალურია და არ აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ უფლებასთან.
19. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა სიტყვასიტყვით არ გულისხმობდა იმას, რომ სტუდენტმა ხუთი კალენდარული წელი უნდა ისწავლოს ამ საფეხურის დამთავრების მიზნით. განათლების რეფორმამდე პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ იყვნენ შეზღუდული საგნებისა და კრედიტების რაოდენობით, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედგინათ სასურველი კრედიტების რაოდენობა პროგრამებისთვის. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჰქონდათ შესაძლებლობა, იმ პირებისთვის, რომლებიც ოთხწლიან ერთსაფეხურიან პროგრამაზე იყვნენ ჩარიცხული რეფორმის დროისთვის, დამატებით შეედგინათ ისეთი პროგრამა, რომ მათ მინიჭებოდათ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის სტატუსი. სახელმწიფომ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ამგვარი დისკრეციული უფლებამოსილება მიანიჭა, თუმცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, სხვა დაწესებულებებმა რამდენად გამოიყენეს ეს უფლებამოსილება, პრაქტიკაში უცნობია. წარმომადგენელმა აგრეთვე განმარტა სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინი „დიპლომირებული სპეციალისტი“ - ეს სტატუსი რეფორმამდე ენიჭებოდა ყველა პირს, ვინც მიიღო განათლება ოთხწლიან თუ ხუთწლიან საფეხურზე. წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული პირების მოთხოვნები, თავიანთი დიპლომების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების შესახებ, სასამართლოების მიერ კმაყოფილდება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1641 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი.“ მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს რეფორმისგან გამოწვეულ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის შესაბამისად, მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაესრულებინა ხუთწლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამა, რათა სწავლის დასრულების შემდგომ, მისი დიპლომი გათანაბრებულიყო მაგისტრის დიპლომთან. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული, თავის მხრივ, ზღუდავს მის შესაძლებლობას, სწავლა გააგრძელოს დოქტორანტურის საფეხურზე ან/და დაიკავოს ისეთი თანამდებობა, რომლისთვისაც წინაპირობას მაგისტრის ხარისხი წარმოადგენს. მოსარჩელის მოსაზრებით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებამ და სადავო ნორმით გათვალისწინებულმა ვადამ გამოიწვია მისთვის სწავლის ხანგრძლივობის შემცირება ოთხ წლამდე და გააუარესა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
3. აღსანიშნავია, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადება, რომელიც მოსარჩელის მიერ პრობლემურად არის იდენტიფიცირებული, აწესრიგებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებას, კონკრეტულ ვადამდე - 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე, უზრუნველყონ სამსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლა. ამდენად, სადავო რეგულირების სფერო ამოიწურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სამსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შესრულებისთვის კონკრეტული ვადის განსაზღვრით. შესაბამისად, სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი, არ არის შემხებლობაში მოსარჩელის პრობლემასთან, ის არ აწესრიგებს კონკრეტული დიპლომის ან ხარისხის მინიჭების ან სწავლის ხანგრძლივობის შემცირებას/შეზღუდვას. მაშასადამე, მოცემულ საქმეზე ადგილი აქვს მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1641 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომლის თანახმადაც, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. №1641 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი აგრეთვე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 82 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.“ მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 4 წლიანი საგანმანათებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული სადავო ნორმა პირდაპირ კავშირშია ამავე კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტთან. კერძოდ, სადავო ნორმების ერთობლივი მოქმედებით, მას შეეზღუდა ხუთწლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამის გავლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იძულებული გახდა, მისთვის მიენიჭებინა ბაკალავრის ხარისხი. მოსარჩელისთვის პრობლემურია, როგორც უკვე აღინიშნა, ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შესაძლებლობის შეზღუდვა.
6. უპირველესად აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა შეეხება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მინიჭებული დიპლომის რეფორმის შემდგომ არსებული სისტემის ფარგლებში ბაკალავრის/მაგისტრის/პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან გათანაბრების საკითხს. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ 2007 წელს, სსიპ - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოსარჩელე მხარეს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მოსარჩელისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შესახებ უნივერსიტეტის ბრძანების საფუძვლად განსაზღვრულია, იმ პერიოდში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად, „სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“ აგრეთვე, ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომელთა მიხედვით, სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით. ხოლო პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.
7. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისთვის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება გამომდინარეობს მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამისა და ბაკალავრის საფეხურის დასრულებით. რაც ნიშნავს, რომ მას არ მიუღია დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი, რაც გაიცემოდა რეფორმის შედეგად ახალ სისტემაზე სრულ გადასვლამდე პერიოდში. სადავო ნორმა, სწორედ რეფორმამდე გაცემული დიპლომების გათანაბრების საკითხს შეეხება. შესაბამისად, ის მოსარჩელის მიმართ არ ადგენს უფლების შემზღუდველ წესს და ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1641 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 82 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №1742 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან. სადავო ნორმის თანახმად, „2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.“ მოსარჩელის პოზიციით, ის არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება იმ პირებთან შედარებით, რომლებმაც დაასრულეს ხუთწლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და შესაბამისად, მათი დიპლომი გათანაბრდა მაგისტრის დიპლომთან. მოსარჩელის მითითებით, შესადარებელ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ერთი მხრივ, პირები, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე დაასრულეს ოთხწლიანი ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომლებმაც დაასრულეს ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის ამოქმედებამდე, მითითებულ ორ კატეგორიას თანაბარი შესაძლებლობები გააჩნდა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების მიზნებისთვის. №1742 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა 1993-1997 წლებში.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას. გასაჩივრებული რეგულაცია უნდა მიემართებოდეს და გამოკვეთდეს პირთა იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად წრეს და ადგენდეს შესადარებელ პირებს ან პირთა ჯგუფებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად იქნება მიჩნეული.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
12. სადავო ნორმიდან მომდინარე უფლების შეზღუდვისა და შესაძლო დიფერენცირებული მოპყრობის სათანადოდ იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, გასაჩივრებული დებულების ნორმატიული შინაარსის გაანალიზება.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოითხოვა სადავო ნორმის შესახებ საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომლის მიხედვით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის სადავო ურთიერთობაზე (რეფორმამდე მიღებული დიპლომირებული სპეციალისტების დიპლომზე) გავრცელებით, მოხდება დასრულებულ ურთიერთობაზე ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის გავრცელება, რაც დამდგარი შედეგის შეცვლას და მოსარჩელის საუარესოდ მის შემობრუნებას გამოიწვევს. საერთო წესის მიხედვით, კანონს უკუძალა არ აქვს და აქედან გამონაკლისი დადგენილი უნდა იყოს კანონით. საერთო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნული რეგულაციები აუარესებს მოსარჩელეთა მდგომარეობას და ვერ გავრცელდება მათ მიერ რეფორმამდე მიღებულ განათლებაზე. საერთო სასამართლოების მეორე არგუმენტი მიემართება პირების კანონიერ ნდობას, კერძოდ, ისინი ენდობოდნენ მათ სახელზე გაცემული დიპლომების სტაბილურობას და მათი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენადაც პირს უნდა შეეძლოს, კანონის განჭვრეტა იმისათვის, რომ შეძლოს თავიდან აიცილოს მისი უარყოფითი სამართლებრივი შედეგი. საერთო სასამართლოების მესამე არგუმენტი კი შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-102 პუნქტს, რომელიც, ყველა პირს, ვინც დაასრულა ერთსაფეხურიანი პროგრამა და ჰქონდა უფლება, სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში, ანიჭებს უფლებას, სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესწავლილი აქტების შესაბამისად, მითითებული სამი არგუმენტის ერთობლივად ან ინდივიდუალური გამოყენების გზით, საერთო სასამართლოები აკმაყოფილებენ მოსარჩელეების მოთხოვნას, ბათილად ცნობენ რეფორმამდე მიღებული ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბაკალავრის დიპლომთან გათანაბრების შესახებ ინდივიდუალურსამართლებრივ აქტს და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებენ, ხსენებული დიპლომები, ნაცვლად ბაკალავრის ხარისხისა, გაათანაბრონ მაგისტრის ხარისხთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების პრაქტიკის დამუშავებისას გამოიკვეთა, რომ მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების დავალდებულების შესახებ გადაწყვეტილებები შეეხებოდა, მათ შორის, 1986, 1994, 2002, 2006 წელს გაცემულ დიპლომებს (იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №3/5281-19 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის №3/9830-19 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის №3/8036-18 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის №3/8019-18 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის №3/7482-19 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2019 წლის 4 დეკემბრის №3/7336-19 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის №3/7235-18 გადაწყვეტილება).
14. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკანონმდებლო ნორმას იხილავს იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლოებმა პრაქტიკაში გამოიყენეს. ზემოაღნიშნული პრაქტიკა კი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმა საერთო სასამართლოების მიერ არ გამოიყენება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმატიული შინაარსით. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, სამსაფეხურიან სწავლების საფეხურზე სრულად გადასვლამდე ოთხწლიანი პროგრამის გავლის შედეგად მიღებული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომები, საერთო სასამართლოების გზით და ზემოთ აღნიშნული არგუმენტაციით, ექვემდებარება მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას. ყურადსაღებია, რომ კონსტიტუციური სარჩელით ან განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში, მოსარჩელეს მის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის შესახებ, არსებული პრაქტიკისგან საწინააღმდეგო გადაწყვეტილება ან სხვა არგუმენტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოსარჩელის მიმართ სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებაშემზღუდველ ან დიფერენცირების დამდგენ წესს დაანახვებდა, არ წარმოუდგენია. ამ მხრივ, №1742 კონსტიტუციური სარჩელი, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველვად.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1742 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1641 და №1742 კონსტიტუციური სარჩელები („დავით ტაკიძე და გიორგი თევზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში