ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/2/1731 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 17:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1731) მომართეს ქეთი ანდროსენკომ და ალექსანდრე ანდროსენკომ. №1731 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 26 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1731 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სასამართლოში სამართლიანი განხილვის უფლება.
5. მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკომ 2022 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილის დედისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ბავშვისათვის პასპორტის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. მოსარჩელე მხარის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვისათვის პასპორტის დედის თანხმობის გარეშე დამზადების შესაძლებლობის მინიჭების ნაწილში, ხოლო უარი ეთქვა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომელიც დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შესაძლებლობა, დროებითი განკარგულების საფუძველზე, რომელიც მიიღება განჩინების სახით, მოაწესრიგოს საოჯახო სამართლებრივ დავებთან დაკავშირებული მთელი რიგი, მათ შორის, არასრულწლოვანთან ურთიერთობის, არასრულწლოვნის რჩენისა და მასზე ზრუნვის, მისი აღსაზრდელად გადაცემის საკითხები და სხვ.. სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული დროებითი რეგულირება კი შესაძლებელია გაგრძელდეს წლების განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი კი არ ითვალისწინებს მითითებას სასამართლოს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საფრთხეს უქმნის ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, ამავე კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, ზღუდავს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქმის გასაჩივრების უფლებას.
7. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1731 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1731 კონსტიტუციური სარჩელი („ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე