ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/1731 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2025 15:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი − ნინო კერძაია; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები − ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1731) მომართეს ქეთი ანდროსენკომ და ალექსანდრე ანდროსენკომ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/2/1731 საოქმო ჩანაწერით, №1731 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. №1731 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2023 წლის 24 მარტს.
2. №1731 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია, მათ შორის, საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
5. №1731 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკომ 2022 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თავისი არასრულწლოვანი შვილის დედისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ბავშვისათვის პასპორტის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვისათვის პასპორტის დედის თანხმობის გარეშე დამზადების შესაძლებლობის მინიჭების ნაწილში, ხოლო უარი ეთქვა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
6. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შესაძლებლობა, განჩინების სახით მიღებული განკარგულების საფუძველზე, დროებით მოაწესრიგოს საოჯახოსამართლებრივ დავებთან დაკავშირებული მთელი რიგი, მათ შორის, არასრულწლოვანთან ურთიერთობის, არასრულწლოვნის რჩენისა და მასზე ზრუნვის, არასრულწლოვნის აღსაზრდელად გადაცემის საკითხები და სხვა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით დროებითი რეგულირება შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი არ ითვალისწინებს მითითებას სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ. მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნული საფრთხეს უქმნის ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, ამავე კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, ზღუდავს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლებას.
7. №1731 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დროებითი განკარგულება განჩინების ისეთი ფორმაა, რომელიც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს არა მხოლოდ საქმეში მონაწილე მხარეების, არამედ არასრულწლოვნის მიმართაც. შესაბამისად, დროებითი განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობა ამცირებს არასწორი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღების რისკს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არ არსებობს სასამართლოს ისეთი სამართლებრივი აქტი, განჩინება თუ გადაწყვეტილება, მათ შორის, სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, რომელიც პირის უფლებრივ მდგომარეობას შეეხება, წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და რომელთან მიმართებითაც პირს დროული და გონივრული გასაჩივრების ინტერესი არ გააჩნია.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლოს დროებითი განჩინების საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36-ე, 90-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება მხოლოდ სამი განჩინება, სხვა განჩინებები კი, აღნიშნული კოდექსის 377-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ განხილვის საგანი. ამგვარი ჩანაწერი კი, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ვერ დაიცავს პირის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დროებითი განჩინების საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრება ვერ იქნება განხილული გასაჩივრების მექანიზმის ალტერნატივად და ვერ ჩაითვლება სასამართლოზე ეფექტიანი და ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლების დაცვად. მოსარჩელე მხარე სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ ამგვარი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენებასაც კი გამორიცხავს, რამდენადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძვლები შეზღუდულია და დღის წესრიგში ვერ დადგება დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განხილვის საკითხიც კი.
9. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებთან მიმართებით, ვერ იქნება დაბალანსებული ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მექანიზმით, რამდენადაც აღნიშნული წესის გამოყენებას შედეგი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნდეს, როდესაც შეიცვალა ის გარემოებები, რომლებსაც სასამართლომ თავდაპირველად დააფუძნა საკუთარი დროებითი განკარგულება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან, მხარეთა განცხადების საფუძველზე, საკუთარი განჩინების გადასინჯვის/გაუქმების შესაძლებლობა ვერ იქნება განხილული დროებითი განჩინების გასაჩივრების უფლების შეზღუდვის დამაბალანსებელ მექანიზმად.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, უშუალოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტიდან არ გამომდინარეობს საერთო სასამართლოს კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილების კერძო საჩივრით გასაჩივრების მოთხოვნა. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ განიხილა კერძო საჩივრის ინსტიტუტის მიზნები და მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც საპროცესო ქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილი განჩინებების სახით წყდება, განჩინებები მიმართულია საპროცესო ქმედებების შესრულების უზრუნველყოფისაკენ. ცალკეულ შემთხვევაში, აღნიშნული განჩინებების ნაწილი ემსახურება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების უზრუნველყოფას, სხვა შემთხვევებში კი – საქმეზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანასა და რიგი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. მოპასუხის არგუმენტაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს განჩინებებზე კერძო საჩივარი დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც დაუყოვნებლივი გასაჩივრება აუცილებელია პირის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი დაცვისათვის და როდესაც მათი გასაჩივრება საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად შეუძლებელს გახდის პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. მაგალითისათვის, მოპასუხე ამგვარ შემთხვევებად განიხილავს სარჩელის წარმოებაში მიღებას, განსჯადობას, გადაცილებული ვადის აღდგენას და სხვა.
13. სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხე მხარემ დაასახელა, ერთი მხრივ, სასამართლო ხელისუფლების გადატვირთულობისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მითითებით, პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მხრიდან, საქმის არასრულყოფილი შესწავლა და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააზიანებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველ სასამართლოს გააჩნია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების მეტად სიღრმისეული ცოდნა და უკეთესად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა საკითხების მოწესრიგება შეიძლება გახდეს ეტაპობრივად საჭირო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, მისგან მეტად დასაბუთებული, სამართლიანი, ეფექტიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
14. მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით კერძო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. მოპასუხის არგუმენტაციით, ამგვარი შეზღუდვა დაბალანსებულია ისეთი სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი მექანიზმებით, როგორებიცაა განჩინების საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებისა თუ, მხარეთა განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მხრიდან საკუთარი განჩინების შეცვლის ან მთლიანად გაუქმების შესაძლებლობა, ისევე, როგორც სასამართლოს შებოჭვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ვადებით. მოპასუხის განმარტებით, მოსამართლის/სასამართლოს მხრიდან საკუთარი გადაწყვეტილების გადასინჯვის ან გაუქმების მექანიზმი არის მოსარჩელეთა უფლებების დაცვის ეფექტიანი პროცედურა, რამდენადაც პირებს არ უწევთ ცალკე პროცედურის წარმოება, კერძო/სააპელაციო საჩივრის შეტანა ზემდგომ სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა და სხვა.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და №1731 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით დაცული სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას, რომელიც ინსტრუმენტული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ადამიანის კონსტიტუციური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის სასამართლოს მეშვეობით ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის დარღვევის პრევენციის ან დარღვეულ უფლებაში აღდგენის შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად უფლების არსებობა-არარსებობის საკითხიც. შესაბამისად, „... უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
3. იმავდროულად, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68). ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია ქმნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს, მათ შორის, საერთო სასამართლოების სისტემის გათვალისწინების გზით. სასამართლო სისტემის მეშვეობით, უფლება-თავისუფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა კი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ფარგლებში, მათ შორის, გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, ამავე სისტემის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
4. პირის უფლება, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, „ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-8).
5. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი წესრიგის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების მეშვეობით, პირთა მხრიდან საკუთარი ძირითადი უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვას. ნორმატიული რეგულირება კი, რომელიც ზღუდავს სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, როგორც წესი, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.
2. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
6. №1731 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, ზღუდავს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირებისათვის, თავად მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, განისაზღვროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობის შინაარსი.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საოჯახოსამართლებრივი საქმის განმხილველი სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, უფლებამოსილია, მიიღოს დროებითი განკარგულება მთელი რიგი ისეთი საკითხების მოწესრიგების მიზნით, როგორებიცაა: შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვა, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის, მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება, საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ, საოჯახო და ბინით სარგებლობის საკითხი, საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი. ამრიგად, აღნიშნული რეგულირების ძალით, საქმის განმხილველ სასამართლოს ენიჭება შვილებთან მშობლების ურთიერთობის საკმაოდ ფართო სპექტრის მოწესრიგების უფლებამოსილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით მოცულ თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით, რამდენადაც, გადაწყვეტილების ორ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება პირობადებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადამოწმების მიმართ პირის განსაკუთრებული ინტერესის არსებობით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14, 24) და, როგორც წესი, განსხვავებულია ამგვარი ინტერესის შინაარსი და ხარისხობრივი მაჩვენებელი, ისევე, როგორც შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის კონსტიტუციურად დადგენილი ბალანსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მხოლოდ ერთ-ერთი მშობლისათვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის საკითხის განსაზღვრის (როგორც შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის) შესახებ დროებითი განკარგულების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შეზღუდვის კონტექსტში.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დროებითი განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნია საქმის განმხილველ როგორც პირველი, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს, საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტის პროცესში. ამ მხრივაც, ჩვეულებრივ, განსხვავებულია თითოეული (პირველი, სააპელაციო და საკასაციო) ინსტანციის სასამართლოში საქმის გასაჩივრების მიზნები, გასაჩივრების მიმართ პირის ინტერესი და ყოველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის გასაჩივრების უფლების შეზღუდვის გამართლების კონსტიტუციური სტანდარტები. აღსანიშნავია ისიც, რომ №1731 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, ძირითადად, მიმართული იყო საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ. შესაბამისად, მოცემული კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვის ჭრილში.
9. იმავდროულად, №1731 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეებად მითითებული არიან ალექსანდრე ანდროსენკო და ქეთი ანდროსენკო. მოსარჩელეები სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ როგორც ალექსანდრე ანდროსენკოს – სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი მხარის, აგრეთვე ქეთი ანდროსენკოს – იმ პირის პერსპექტივიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება საერთო სასამართლოს დროებითი განკარგულება. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას ორივე მოსარჩელის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების გასაჩივრების უფლებრივი კომპონენტის შეზღუდვის კონტექსტში შეაფასებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
10. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააანალიზოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მექანიზმის დანიშნულება და მიზანმიმართულება. აღნიშნული ინსტრუმენტის შინაარსზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოცემულ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა თითოეული მშობლის როლი ბავშვების/არასრულწლოვანი პირების ზედამხედველობის, აღზრდისა და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და, იმავდროულად, ყურადღება გაამახვილა მშობლების მხრიდან ბავშვზე მზრუნველობის ვალდებულების შეუსრულებლობის/არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, სახელმწიფოს parens patriae ფუნქციისა და მისი მხრიდან მშობლის როლის ჩანაცვლების მნიშვნელობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მექანიზმი, მათ შორის, მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით დროებითი განკარგულების მიღების უფლებამოსილება, გამოიყენება მშობლების მიერ შეთანხმებული გადაწყვეტილების მიუღწევლობის შემთხვევაში და, ამ თვალსაზრისით, აღნიშნული კომპეტენცია არათუ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას, არამედ წარმოადგენს ბავშვის მხრიდან ამ უფლების რეალიზაციის აუცილებელ კონსტიტუციურ მოთხოვნას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9, 17, 30).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია საქმის განმხილველი სასამართლოს განსაკუთრებული, საგამონაკლისო უფლებამოსილება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაელოდოს საოჯახოსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის მხედველობაში მიღებით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, დროებით მოაწესრიგოს ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, მსგავსი საკითხები, როგორც წესი, მოითხოვს დროულ და ეფექტიან მოწესრიგებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქოემოციური განვითარებისათვის, ბავშვის კეთილდღეობის, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისათვის თუ სხვა ინტერესისათვის სერიოზული ზიანის მიყენება. აღნიშნული მიზნის მიღწევის პროცესში, სასამართლოს პასუხისმგებლობაა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მაქსიმალურად თავსებადი გადაწყვეტილების მიღება. მსგავს შემთხვევებში, სასამართლო, როგორც ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებით მშობლების როლის ჩანაცვლების მექანიზმი, წარმოადგენს ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად რეალიზების, ფაქტობრივად, ერთადერთ მექანიზმს, როდესაც თავად ბავშვია მოკლებული მათი დამოუკიდებლად განხორციელების სამართლებრივ თუ ფაქტობრივ შესაძლებლობას. ამგვარად, სასამართლოს მხრიდან მსგავსი პასუხისმგებლობის სათანადოდ, შეცდომების გარეშე შესრულება კრიტიკულია იმ მიზნის მისაღწევად, რომლის გამოც, ზოგადად, მშობლების როლის ჩანაცვლება ხდება სახელმწიფოს, მოცემულ შემთხვევაში – სასამართლოს მხრიდან.
12. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მექანიზმის გამოყენებითა და მშობლების ნაცვლად ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის კისრებით, სასამართლო ზემოქმედებს ბავშვისათვის არაერთი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, იყოს სხვა რიგი მნიშვნელოვანი უფლებითა თუ თავისუფლებებით სარგებლობის წინაპირობა, იქნება ეს პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლების მიღების უფლება თუ სხვა. იმავდროულად, სასამართლოს დროებითი განჩინება ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მშობლის ინტერესზეც, უშუალოდ მიიღოს შვილზე მზრუნველობასთან, შვილის აღზრდასთან, განვითარებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, როგორც მშობელს, აგრეთვე ბავშვს გააჩნია სამართლებრივი ინტერესი, მათ ცხოვრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ერთი მხრივ, მაქსიმალურად შეესატყვისებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეცდომების დაშვების ხარჯზე, გაუმართლებლად არ ზღუდავდეს მშობლის უფლებებსა და თავისუფლებებს. ამგვარად, როგორც ბავშვს, აგრეთვე მის მშობელს გააჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით მიღებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების სამართლებრივი ინტერესი და ნებისმიერი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ზღუდავს ამგვარ შესაძლებლობას, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვას.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც აღინიშნა, საოჯახოსამართლებრივი საქმის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს დროებითი განკარგულებით მშობლების შვილთან ურთიერთობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების მოწესრიგების, მათ შორის, ერთ-ერთი მშობლისათვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შეზღუდვის/მინიჭების უფლებამოსილებას. იმავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს პირდაპირ დათქმას განჩინების ფორმით მიღებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების თაობაზე, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამორიცხავს ამავე განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკოს შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დედის თანხმობის გარეშე, ქეთი ანდროსენკოსათვის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის კვეთის უფლებამოსილების მინიჭების ნაწილში. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, დაუშვებლობის საფუძვლით.
14. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვის ფაქტის იდენტიფიცირების მიზნით, საკუთარი ინიციატივით, მიმართა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს და გამოითხოვა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ამავე სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა პალატების მიერ მიღებული ის სასამართლო აქტები, რომლებიც, ზოგადად, შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლოს დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევებს.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 მარტით დათარიღებული წერილით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეცნობა, რომ, მოთხოვნის მომენტისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში არ გასაჩივრებულა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულება. გარდა ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოსაგან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისით დათარიღებული გადაწყვეტილება და 2023 წლის 27 ნოემბრით დათარიღებული განჩინება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, განუხილველად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მოსარჩელის კერძო საჩივარი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, მსგავს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება კი შეეხება არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების დამოუკიდებელ, არამედ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების შემთხვევას.
16. მაშასადამე, მოსარჩელეთა საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოსაგან გამოთხოვილი აქტების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ნათელი ხდება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული დროებითი განკარგულება დამოუკიდებლად არ საჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. იმავდროულად, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისგან მიღებული ინფორმაცია არ ადასტურებს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების სხვა მექანიზმების მეშვეობით აღნიშნული დროებითი განკარგულების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობას, გარდა პირველი ინსტანციის საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად მისი გასაჩივრების შემთხვევისა. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, მოქმედი სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი წესრიგის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დროებითი განკარგულება დამოუკიდებლად არ საჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
17. შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, მათ შორის, შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით განჩინების ფორმით მიღებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობას და, ამ კონტექსტში, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა პირველი ინსტანციის სასამართლოს აქტის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
4. უფლების შეზღუდვის გამართლება
4.1. ზოგადი პრინციპები/შეფასების ტესტი
18. სამართლიანი სასამართლო განხილვის, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს აქტის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
19. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
20. ამდენად, საქმის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
4.2. ლეგიტიმური მიზანი
21. №1731 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელეს, ერთი მხრივ, სასამართლო ხელისუფლების გადატვირთულობისაგან დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელოვნური გადატვირთვისაგან დაცვა წარმოადგენს ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69), რაც, თავის მხრივ, არსებითად განაპირობებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხს. ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისგან დაცვა იმ ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნად განიხილება, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვა.
23. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ბავშვის უფლებები კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვით სარგებლობს. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლი, ყველა გარემოებაში და ბავშვთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, ამოსავალ წერტილად და უპირველესი ზრუნვის საგნად ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას მიიჩნევს. მსგავსად, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპს და განამტკიცებს ბავშვის უფლებას, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. ცხადია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება საკმაოდ ყოვლისმომცველი კონცეფციაა და შეეხება ბავშვის კეთილდღეობასთან, უსაფრთხოებასთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და მორალურ-ზნეობრივ განვითარებასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებს. ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების ვალდებულება არ არის თვითმიზანი, არამედ, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების გზაზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს ბავშვის კეთილდღეობისა და მისი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისათვის. აღნიშნული ინტერესების დაცვისათვის სათანადო ნორმატიული სივრცის შექმნის გარეშე კი, შეუძლებელი იქნება როგორც ბავშვზე სპეციალური ზრუნვის ვალდებულების შესრულება მშობლებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან, აგრეთვე ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტირება, პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება. შესაბამისად, ბავშვის ინტერესების დაცვა წარმოადგენს უაღრესად ღირებულ სიკეთეს, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც დასაშვებია საქართველოს პარლამენტის მხრიდან სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ღონისძიებების შემუშავება და, ამ პროცესში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვა.
4.3. გამოსადეგობა და აუცილებლობა
24. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოსადეგობაზე მსჯელობისას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).მაშასადამე, ერთი მხრივ, აუცილებელია, სადავო ღონისძიებით შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, არ არსებობდეს მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებების ნაკლებადშემზღუდველი და ლეგიტიმური მიზნის მსგავსი ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც აღინიშნა,ზღუდავს ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებთან, მათ შორის, მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის შეზღუდვასთან/უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება, ბუნებრივია, ამცირებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ/გადასაწყვეტ საქმეთა რაოდენობას და საკუთარი წვლილი შეაქვს გადატვირთულობისაგან სასამართლოს დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროცესში. ცხადია ისიც, რომ განსახილველ/გადასაწყვეტ საქმეთა რაოდენობის შემცირებით, სასამართლოს მხრიდან საკუთარი კონსტიტუციური მანდატის შესრულება მოითხოვს ნაკლებ ადამიანურ, დროით, მატერიალურ თუ ადმინისტრაციულ რესურსს. აღნიშნული კი, თავის მხრივ, სასამართლოს აძლევს სხვა საქმეებზე ორიენტირების შესაძლებლობას და ხელს უწყობს დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. იმავდროულად, არ იკვეთება მოსარჩელეთა უფლების ნაკლებად შემზღუდველი და ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის ალტერნატიული მექანიზმის არსებობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების გადატვირთულობისაგან დაცვის ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
26. მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველ სასამართლოს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, გააჩნია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების სიღრმისეული ცოდნა, უკეთესად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა საკითხების მოწესრიგება შეიძლება გახდეს ეტაპობრივად საჭირო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამრიგად, მოპასუხე მხარის პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან მეტად სავარაუდოა დასაბუთებული, სამართლიანი, ეფექტიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საპირისპიროდ, სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის პირისათვის მინიჭებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მხრიდან საქმის არასრულყოფილი შესწავლა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.
27. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საერთო სასამართლოების ინსტანციური სისტემის როლსა და დანიშნულებაზე, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, საქმის განმხილველი, პირველი თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლო კონსტიტუციურად შებოჭილია სამართლის პრაქტიკაში აღსრულების ვალდებულებით, რაც მოითხოვს სასამართლოს/მოსამართლის წინაშე დასმული საკითხის გადაწყვეტას კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან საკანონმდებლო დებულებების კვალიფიციურ ინტერპრეტაციას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, საქმის გადაწყვეტისათვის რელევანტური მტკიცებულებების სრულ, ზუსტ და ყოველმხრივ გამოკვლევას, სამართლის ნორმის კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებებისადმი მისადაგებას, შეპირისპირებულ ინტერესთა სამართლიან დაბალანსებას და, გადაწყვეტილების მიღების გზით, მართლმსაჯულების განხორციელებას.
28. ამ თვალსაზრისით, ბავშვის უფლებათა კოდექსიც ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს (ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი). აღნიშნული კოდექსი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, ადგენს სასამართლოს მიერ სამართლის ნორმის განმარტების, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისა და მათი სავალდებულო შეფასებისა თუ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ზოგად და საბაზისო კრიტერიუმებს. კერძოდ, ერთი მხრივ, სამართლის ნორმის განმარტებისას, განსაზღვრულია იმ განმარტების გამოყენების ვალდებულება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ხოლო, მეორე მხრივ, დადგენილია, რომ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განსაზღვრონ და სავალდებულო შეფასება განახორციელონ ბავშვის აზრის მოსმენისა და სათანადოდ გათვალისწინების, ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვის, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფის და მულტიდისციპლინური მიდგომით, ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასებისა და გათვალისწინების გზით (ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები). ამავე დროს, ბავშვთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვისა და უსაფრთხოების, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის, ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილების, ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემის, ბავშვის მოსაზრებების, ბავშვსა და მის მშობელს შორის ურთიერთობის, ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობის, ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებების კრიტერიუმები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, რომლიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებსა და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე (ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
29. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ, ბავშვთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო ვალდებულია, ხელმძღვანელობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის ვალდებულებით ბოჭვის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს საოჯახო დავის განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლო ერთ-ერთი მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლების განსაზღვრისას, ხოლო სააპელაციო სასამართლო – სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების არასრულყოფილი შესწავლის რისკებისგან მომდინარე ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფის პრევენციასა და ბავშვის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული დროებითი განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვას შორის არ არსებობს რაციონალური კავშირი.
30. საპირისპიროდ, რამდენადაც, მათ შორის, საოჯახოსამართლებრივი დავების ფარგლებში, ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ფაქტობრივად, შეუძლებელია საქმის არამართებულად გადაწყვეტის, შეცდომის დაშვების, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ბავშვის კონკრეტული საჭიროებების შეცდომით შეფასების რისკების აბსოლუტური ხარისხით გამორიცხვა, მათ შორის, დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლებით როგორც უშუალოდ ბავშვის (პირადად თუ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით), აგრეთვე მშობლის მიერ სარგებლობა შეასრულებს საგარანტიო ფუნქციას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომების დაშვების ალბათობის შემცირებისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „... გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). მაშასადამე, ერთ-ერთი მშობლისათვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლების შეზღუდვის/მინიჭების შესახებ დროებითი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის ნორმატიულ დონეზე გათვალისწინება არათუ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არამედ სწორედ აღნიშნულ ინტერესებთან არათავსებადი გადაწყვეტილების მიღების პრევენციისა და ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკაში ადეკვატური დაცვის მექანიზმს წარმოადგენს.
31. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღების იმ გარემოებაზე გამახვილებას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ბავშვის სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლება იზღუდება თავად ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე მითითებით. ცხადია, არ არის გამორიცხული პირველი ინსტანციის სასამართლოს/მოსამართლის მიერ მიღებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების არსებობის შემთხვევაში, ამავე განკარგულებით პირველი ინსტანციის წესით მოწესრიგებული საკითხის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განსხვავებულად მოწესრიგების შესაძლებლობა. მაგალითად, შესაძლოა, საქმის განმხილველმა სასამართლომ, დროებითი განკარგულებით, შეზღუდოს ბავშვის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანა, მათ შორის, თავად ბავშვის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, დაადგინოს ამგვარი საჭიროების არარსებობა, იმ მოტივით, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა საქართველოს სამედიცინო სისტემის მიერ ეკვივალენტურად არის შესაძლებელი, სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალოს ხსენებული დროებითი მოწესრიგება. და პირიქით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის მოტივით, როდესაც ამას განსაკუთრებული, გადაუდებელი აუცილებლობა მოითხოვს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფის მოტივით გაყვანის დასაშვებობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ მხრივ, ბუნებრივია, პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ხელს უწყობს ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით დადგენილი status quo მდგომარეობის შენარჩუნებას და ამცირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლება თავად გასაჩივრების მსურველი ბავშვისათვის, მისი საუკეთესო ინტერესების დაცვის მოტივზე მითითებით შეიძლება შეიზღუდოს. ამ თვალსაზრისით, ხაზგასასმელია, რომ, ერთი მხრივ, მსგავსი status quo მდგომარეობის შენარჩუნება არ წარმოადგენს თავისთავად მიზანს, არ მეტყველებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებაზე, მეორე მხრივ, კი ამგვარი დროებითი განჩინების სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის მოტივი სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მისი თავსებადობის გადამოწმებაა. ამდენად, საოჯახოსამართლებრივი დავის ფარგლებში, ბავშვის უფლებებისა თუ თავისუფლებების განხორციელების შესახებ მიღებული სასამართლოს დროებითი განჩინებით მოწესრიგებული მდგომარეობის ბრმა კონსერვაცია ვერ იქნება განხილული, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპიდან მომდინარე მოთხოვნა. მოსარჩელე ბავშვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების მინიჭება ვერ შეაფერხებს ბავშვზე მორგებული, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი დაცვით ნაკარნახევი მართლმსაჯულების განხორციელებას.
32. ამის მიღმა, სადავო ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის ადრესატები, ბავშვთან/არასრულწლოვან შვილთან ერთად, არიან საოჯახოსამართლებრივი დავის მხარეები – ბავშვის მშობლები, რომლებიც, აგრეთვე მოიაზრებიან სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების (მათ შორის, გასაჩივრებაზე უფლების) სუბიექტებად და რომელთაც, სადავო ნორმის საფუძველზე, მსგავსად, არ გააჩნიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლება. განსახილველ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა წარმოდგენილია, მათ შორის, მშობლის პერსპექტივიდან. ამ მხრივ, მართალია, სააპელაციო სასამართლოში ამგვარი დროებითი განკარგულების გასაჩივრების მსურველი ერთ-ერთი მშობლის მოთხოვნა/ინტერესი შესაძლოა [სრულად], არ ემთხვეოდეს ბავშვის ინტერესს, თუმცა, რამდენადაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, აღნიშნული განკარგულების გადასინჯვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შებოჭილია ბავშვის ინტერესების პრიორიტეტიზაციის მოთხოვნით, მშობლის მიერ გასაჩივრების უფლებით სარგებლობა ვერ შეაფერხებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. შესაბამისად, საოჯახოსამართლებრივი დავების ფარგლებში, ბავშვთან დაკავშირებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების მშობლისათვის მინიჭებას არ გააჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაზიანების სამართლებრივი პოტენციალი.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს შორის. სწორედ ამიტომ, განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის ლეგიტიმური მიზანი არ გამოდგება მშობლისათვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის შეზღუდვის/უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
4.4. პროპორციულობა (ვიწრო გაგებით)
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, განსახილველ საქმეზე, უკვე დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი არის სასამართლო სისტემის გადატვირთულობისაგან დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება. კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე კი უნდა შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს სადავო ღონისძიება თანაზომიერების პრინციპის პროპორციულობის (stricto sensu) ელემენტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას მოითხოვს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
35. მოცემულ საქმეზე ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მშობლისათვის შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის საკითხის მოწესრიგების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების მოსარჩელეთა მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო სისტემის გადატვირთულობისაგან დაცვის ლეგიტიმური ინტერესები.
36. სასამართლო ხელისუფლების გადატვირთულობა საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფაქტორია. სასამართლოს გადატვირთულობა წარმოშობს მნიშვნელოვან პრობლემებს, რამდენადაც, ერთი მხრივ, იწვევს საქმეების განხილვის პროცესის დაყოვნებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აფერხებს მის განხილვაში არსებული საქმეების სრულყოფილად და ყოველმხრივ გამოკვლევაში. ამრიგად, სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის ლეგიტიმური მიზანი პირდაპირ კავშირშია მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასთან. ხსენებული ლეგიტიმური მიზნის დაცვა ემსახურება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობისათვის სათანადო სივრცის შექმნას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ყველა საქმეზე სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვნად გააუარესებს ზემდგომი სასამართლოების საქმიანობის ეფექტიანობას. ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება, თავისთავად, ვერ გადაწონის სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს. კანონმდებელი უფლებამოსილია, შეზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა, თუ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადამოწმების განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14, 24).
37. ამგვარად, დაპირისპირებულ სიკეთეთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის მიზნით, უნდა შემოწმდეს, რამდენად წარმოადგენს პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მიღებული დროებითი განკარგულება სასამართლო გადაწყვეტილების იმ კატეგორიას, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის, საჭიროებს, სულ მცირე, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვას. ამისათვის კი აუცილებელია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების გასაჩივრების კომპონენტის დანიშნულების ჯეროვანი ანალიზი, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კონტექსტში, რაც, განსახილველ შემთხვევაში, საოჯახო დავის ფარგლებში, დროებითი განკარგულების სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ინტერესის ხარისხის შეფასებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თავდაპირველად, უნდა შეაფასოს, რამდენად მომეტებულად არსებობს მოსარჩელეთა მხრიდან გასაჩივრების უფლებით სარგებლობის საჭიროება, ხოლო შემდგომში – განსაზღვროს აღნიშნული უფლების რეალიზება ქმნის თუ არა სასამართლო სისტემის იმგვარი გადატვირთულობის საფრთხეს, რომელიც არაეფექტიანს ხდის მის საქმიანობას.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც აღინიშნა, გამორიცხავს, მათ შორის, ერთ-ერთი მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის საკითხის მოწესრიგების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. ზოგადად, საქართველოს საზღვრებს გარეთ ბავშვის/არასრულწლოვნის გაყვანის საკითხის გადაწყვეტის საჭიროება შემთხვევათა საკმაოდ მრავალფეროვან ვარიაციებთან მიმართებით შეიძლება წარმოიშვას. კერძოდ, მშობლის მიერ ბავშვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების მოთხოვნა, როგორც წესი, ნაკარნახევია ბავშვის ისეთი ინტერესების დაცვის მოტივით, როგორებიცაა: სამედიცინო, სასწავლო-საგანმანათლებლო, რეკრეაციულ-ტურისტული, პირადი თუ ოჯახური საჭიროებები და სხვა.
39. ორივე შემთხვევაში – როგორც ბავშვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის სასარგებლოდ, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის დატოვების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების შედეგები, თავად ბავშვისათვის, დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, ბავშვი შესაძლოა, ჩვეულისაგან კარდინალურად განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში აღმოჩნდეს, რაც წარმოშობს ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური მთლიანობის ხელყოფის საფრთხეს. არასრულწლოვნის მიერ სახელმწიფოს დამოუკიდებლად დატოვების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაღალია ბავშვის ტრეფიკინგის, ექსპლოატაციის, საერთაშორისო მოტაცებისა და სხვა რისკები. უშუალო ფიზიკური საფრთხის მიღმა, სრულიად უცხო სოციალურ-კულტურულ გარემოში შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გატარება განსაკუთრებით რთულად გადასატანია ზრდასრულ ადამიანად ჩამოუყალიბებელი პირისათვის და შესაძლოა, წარმოშვას მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). მეორე მხრივ, თვალსაჩინო და ხელშესახებია ისიც, რა სერიოზულ საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ბავშვისათვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვა, თავად ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგრადობის, პირადი თუ ოჯახური კავშირების შენარჩუნება-განვითარების, საზოგადო კეთილდღეობის მხრივ თუ სხვა კონტექსტში. მაგალითისათვის, ერთ-ერთ ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, ბავშვს შესაძლოა, ესაჭიროებოდეს საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა/სამედიცინო მომსახურების მიღება, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გაყვანის, თუნდაც დროებით, აკრძალვის პირობებში კი არსებობდეს ბავშვის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობისათვის მყისიერი და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური რისკი. მაშასადამე, ცხადია, რომ მშობლებსა და შვილს შორის ნორმალური, რეგულარული და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობის, ბავშვის აღზრდის, კეთილდღეობისა და დაცვისათვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება-განვითარების ინტერესზე, ისევე, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე სასამართლოს დროებითი განკარგულების ზეგავლენა ძალიან მასშტაბურია.
40. ზემოხსენებული ინტერესების სათანადოდ დაბალანსებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თუნდაც დროებითი და შუალედური აქტის შემუშავებისას, სასამართლოს ეკისრება სრული ოჯახური სურათისა და მთელი რიგი, განსაკუთრებით კი ფაქტობრივი, ფსიქოლოგიური, ემოციური, მატერიალური თუ სამედიცინო ხასიათის ფაქტორების სიღრმისეული შესწავლისა და გამოკვლევის ვალდებულება. სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი საოჯახოსამართლებრივ დავაში მონაწილე თითოეული სუბიექტის მიმართ, იქნება ეს მხარე თუ სხვა დაინტერესებული პირი, დაბალანსებული და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, იმ დათქმით, რომ, როგორიც არ უნდა იყოს აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი, იგი, ყველა შემთხვევაში, ორიენტირებული იქნება ბავშვის ფიზიკური, ფსიქოემოციური თუ სოციალური განვითარების ინტერესების შესატყვისი და ბავშვისათვის მაქსიმალურად ადეკვატური, სრულყოფილი გარემოს შექმნაზე.
41. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ბავშვის მიერ გამოხატული ნებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ისევე, როგორც, ინტერესთა სამართლიანი დაბალანსების თვალსაზრისით – მშობლების/ბავშვის ინტერესების არასათანადოდ, არასრულყოფილად, შეცდომით შეფასება წარმოშობს სერიოზულ, ზოგჯერ კი – გამოუსწორებელ შედეგებს ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დროებითი განკარგულების მიღების შემთხვევაში. სწორედ დროებითი განკარგულებით მოსაწესრიგებელი საკითხის შინაარსი, სპეციფიკურობა და სენსიტიურობა, გავლენა მშობლებსა და შვილს შორის არსებულ ურთიერთობაზე და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, განაპირობებს მოსარჩელეთა მხრიდან ამგვარი სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მომეტებული ინტერესის არსებობას. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, არსებული დავის ფარგლებში, შეუძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ერთ-ერთი მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების შეზღუდვით გამოწვეული გვერდითი ეფექტების მაქსიმალური სიზუსტითა და ამომწურავად შეფასება, თუმცა, რაც უფრო პატივსადებია მიზეზი, რომელიც, დროებითი განკარგულების მიღების გზით, ბავშვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის საკითხის დროებითი მოწესრიგების საჭიროებას წარმოშობს, მით უფრო იზრდება ამგვარი დროებითი განკარგულების გასაჩივრების ინტერესი.
42. ამგვარი მომეტებული ინტერესის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულება მხოლოდ დროებითი ხასიათისაა. სასამართლოს დროებითი განკარგულების, როგორც ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის მექანიზმის, მიზანია, დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, შენარჩუნებულ იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მაქსიმალურად თავსებადი მდგომარეობა, უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ან/და დარღვევაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ კონტექსტში, განმსაზღვრელია არა თავისთავად ღონისძიების დროებითი ბუნება, არამედ ერთ-ერთი მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის საკითხის დროებითი განკარგულებით მოწესრიგებიდან მომდინარე პოტენციური ნეგატიური გრძელვადიანი, ზოგჯერ კი – შეუქცევადი ეფექტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და მშობლებსა და შვილს შორის ურთიერთობაზე. მეორე მხრივ, მართალია, ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილია ბავშვთან დაკავშირებული საქმის პრიორიტეტულად განხილვის ვალდებულება (ბავშვის უფლებათა კოდექსის 76-ე მუხლი), თუმცა არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და არც ბავშვის უფლებათა კოდექსები, ისევე, როგორც მომიჯნავე რელევანტური კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალურ საკანონმდებლო ვადას. შესაბამისად, მსგავსი დროებითი მოწესრიგება შესაძლებელია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, წინასწარ განუსაზღვრელი ვადით იქნეს შენარჩუნებული.
43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციას, რომ მხარეთა განცხადების საფუძველზე, დროებითი განკარგულების მიმღები სასამართლოს მიერ, ამავე განკარგულების შეცვლის ან მთლიანად გაუქმების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი უფლებამოსილება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მისი გასაჩივრების ალტერნატიულ მექანიზმს. უპირველეს ყოვლისა, განჩინების გამომტანი სასამართლოს უფლებამოსილება, საკუთარი დროებითი განკარგულების გადასინჯვის თაობაზე, შებოჭილია მხარეთა განცხადებით. შესაბამისად, არც საქმის განმხილველ სასამართლოს, საკუთარი ინიციატივით, და არც იმ ბავშვის განცხადების საფუძველზე, რომელიც არ არის საოჯახოსამართლებრივი დავის მხარე და რომელსაც უშუალოდ ეხება დროებითი მოწესრიგება, არ აქვს შესაძლებლობა, გადასინჯოს დროებითი განკარგულება. აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, ზოგადადაც, დროებითი განკარგულების გადასინჯვის შესაძლებლობის არსებობა, ამავე განკარგულების მიმღები მოსამართლის მხრიდან, ვერ იქნება განხილული სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების თანაბარწონად ალტერნატივად. უფრო კონკრეტულად, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება ემსახურება სწორედ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. ხსენებული მიზანი [ეფექტიანად] ვერ იქნება მიღწეული, თუ შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა, კანონმდებლის მხრიდან, მარტოოდენ შეცდომების ავტორზე, ისიც ლიმიტირებული ფორმით, იქნება მინდობილი.
44. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, აგრეთვე მოპასუხე მხარის იმ არგუმენტაციასაც, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა დაბალანსებულია ისეთი სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი მექანიზმით, როგორიცაა დროებითი განკარგულების საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რამდენად დასაშვებია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში მიღებული დროებითი განკარგულების საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრება, არ არის ერთგვაროვანი.საქართველოს პარლამენტის პოზიციისაგან განსხვავებით, მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო დროებითი განკარგულება, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გახდეს არა გასაჩივრების, არამედ მხოლოდ განხილვის საგანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, არ არის არსებითი მნიშვნელობის პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველი სასამართლოს დროებითი განკარგულება, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, ექვემდებარება გასაჩივრებას თუ წარმოადგენს მხოლოდ განხილვის საგანს. განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ საოჯახოსამართლებრივ დავაზე საბოლოო აქტის მიღების შემდგომ, დროებითი მოწესრიგების საჭიროება აღარ არსებობს, რამდენადაც იგი თავად შემაჯამებელი, საბოლოო გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტებით/გარანტიებით ნაცვლდება. მაშასადამე, დროებითი მოწესრიგების მექანიზმის მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, დროებითი განკარგულების შემაჯამებელ აქტთან ერთად გასაჩივრება/განხილვა, თავად საბოლოო გადაწყვეტილების მიღების/აღსრულების მომენტისათვის რელევანტობას მოკლებულია. მოსარჩელეთა მომეტებული, მწვავე ინტერესი განაპირობებს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დროული და გონივრული გასაჩივრების საჭიროებას, რამდენადაც, დაუყოვნებლივი გასაჩივრება აუცილებელია პირის უფლებების ეფექტიანი დაცვისათვის. აღნიშნული განჩინებების გასაჩივრება/განხილვა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ეფექტიან საშუალებად. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა, ერთ-ერთი მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დროებითი განკარგულების გასაჩივრების თაობაზე, ვერ იქნება დაბალანსებული ამავე აქტის საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების/განხილვის შესაძლებლობით.
45. მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის საკითხის მოწესრიგების მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების სააპელაციო წესით გასაჩივრებამ წარმოშვას სასამართლო სისტემის გადატვირთულობის საფრთხე. მიუხედავად ამისა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარე მხოლოდ ზოგადად და აბსტრაქტულად მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების გასაჩივრების უფლების მოსარჩელეთათვის მინიჭების შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების დატვირთვის გაზრდის რისკებზე. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ხელშესახები არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სასამართლოს ამგვარი აქტის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლების მოსარჩელეთათვის ან მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის მინიჭება არსებითად შეცვლის ზემდგომი სასამართლოს დატვირთულობის ხარისხს. ამდენად, მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამორიცხავს სასამართლოს საქმიანობის შეფერხების შესაძლებლობას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ხსენებული საფრთხეები არ არის აშკარად ხელშესახები.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით გამორიცხავს მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, არაპროპორციულად ზღუდავს სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1731 კონსტიტუციური სარჩელი („ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამავე კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით გამორიცხავს მშობლის მიერ შვილის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის უფლებამოსილების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე