ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1731 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ქეთი ანდროსენკო, ალექსანდრე ანდროსენკო |
თარიღი | 22 სექტემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსი, რომლიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლთან მიმართებაში, ზღუდავს დროებითი განკარგულების, კერძო საჩივრით, ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ :
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
მოგახსენებთ, რომ მოსარჩელე - ალექსანდრე ანდროსენკომ 2022 წლის 22 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მისი არასრულწლოვანი შვილის (12 წლის ქეთი ანდროსენკოს) დედისათვის, მშობლის უფლების შეზღუდვა - ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ბავშვისათვის პასპორტის დამზადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში (დედას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია მას შემდეგ, რაც ბავშვი გახდა 2 წლის და ბავშვის ყველანაირ აღზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს მოსარჩელე - ალექსანდრე ანდროსენკო).
მოსარჩელე - ალექსანდრე ანდროსენკომ, ასევე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დროებითი განკარგულების გამოცემა - 2022 წლის ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვის საზღვარგარეთ 10 დღით გაყვანასთან და ბავშვისათვის პასტორტის დამზადებასთან დაკავშირებით.
2022 წლის 28 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიღო განჩინება - დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უარი უთხრა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე, ხოლო თანხმობა გასცა ბავშვის პასპორტის დამზადების ნაწილში (დანართი N 1).
მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო უკანონო განჩინება/დროებითი განკარგულება, მისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე უარის თქმის შესახებ, რადგან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია გავიდეს წლები, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე ვერ შეძლებს მისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანას, რაც აზიანებს მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებებსა და ინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი განვითარების პირობებში, აუცილებელია მოზარდი ეცნობოდეს მსოფლიოს, სხვადასხვა ქვეყნების კულტურას, ისტორიას, რაც პირდაპირ კავშირშია მოზარდის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასთან, მის პიროვნულ განვითარებასთან.
მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკოს სურს, გაასაჩივროს 2022 წლის 28 ივლისის განჩინება - დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ ზემდგომ ინსტანციაში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსი ზღუდავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განკარგულების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებას.
გამომდინარე აქედან, მოსარჩელე ალექსანდრე ანდროსენკოს მიმართ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული საპროცესო უფლება, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული უფლება ასევე დაირღვა მოსარჩელე - ქეთი ანდროსენკოს მიმართაც, რადგან მას უშუალოდ ეხება ზემოთხსენებული განჩინება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით - კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება).
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი პუნქტი ახდენს, სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანის სამართლებრივ რეგულაციას. აღნიშნული ნორმის მიხედვით - კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაში არ არის მითითებული, რომ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, მაშინ მისი გასაჩივრება კერძო საჩივრით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არ დაიშვება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი ადგენს, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დროებითი განკარგულების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმით რეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი და არსებითი საკითხები, როგორიც არის - შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები, ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის, მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლში არ არის მითითებული, რომ განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ საჩივრდება კერძო საჩივრით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ პუნქტთან ურთიერთკავშირში სპობს მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნულს კი მივყავრთ იქამდე, რომ ისეთი ძირეული საკითხები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ურთიერთობის, რჩენის, ზრუნვის, აღსაზრდელად გადაცემის საკითხები, რომელიც დროებითი განკარგულებით რეგულირდება და შესაძლებელია ეს დროებითი რეგულირება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, მიიღება განჩინების სახით, ერთი მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად და მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, აღნიშნული განჩინების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში, იგი კერძო საჩივრით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლთან მიმართებაში არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ არსებით უფლებას, როგორიც არის სასამართლოსათვის მიმართვის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, პირველი წინადადება).
,,საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება
განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ დაყენებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, უშუალო კავშირშია ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვასთან. საქართველოში ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით. ვფიქრობ, რომ ზემოთხსნებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის დადგენისას, საკონსტიტუციო სასამართლო, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბავშვის უფლებების დაცვისა და საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა