ალექსანდრე კობაიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1762 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ალექსანდრე კობაიძე |
თარიღი | 18 იანვარი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილება
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის N278 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილი: ‘‘ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს, მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშების შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადება/გაცემა.’’ |
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი: ‘‘ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით’’ 2. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი: ‘‘საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულიაორგანული კანონით.’’ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს ‘‘საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება ‘‘საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან შეეხება კონსტიტუციის II თავს;
დ) მასში მითითებული სადავო საკითხი არ გადაწყვეტილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) მასში მითითებული სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის მე-20 მუხლს;
ვ) ამ შემთხვევაში კანონმდებლობით არა არის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა სარჩელის წარსადგენად;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლოა ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
მოსარჩელე არის ფიზიკური პირი, რომელსაც ელახება საქართველოს კონსტიტუციის II თავის, ადამიანის ძირითადი უფლებები, მე-20 მუხლის, შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა, მე-4 პუნქტით _ ‘‘ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით’’ დაცული უფლება. სახელმწიფო ენა, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის I თავის, ზოგადი დებულებები, მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით _ ‘‘საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.’’, წარმოადგენს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც გულისხმობს, რომ მასთან დაკავშირებული უფლებები დაცულია კონსტიტუციის II თავით.
მოგეხსენებათ, საქართველოში რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე) მარცხნიდან მარჯვნივ თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება სერია და ნომერი - ორი ლათინური ასო, ტირე, სამი ციფრი, ტირე, ორი ლათინური ასო. აღნიშნული საკითხის ამგვარი რეგულირება ერთმნიშვნელოვნად არღვევს, როგორც ჩემ, ასევე სხვა საქართველოს მოქალაქეების უფლებას ვისარგებლოთ და განვახორციელოთ ზემოთ ხსენებული კონსტიტუციით დაცული ადამიანის ძირითადი უფლება. 2022 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოვითხოვე მოეცათ შესაძლებლობა განმეხორციელებინა ჩემი კონსტიტუციური უფლება, რასთან დაკავშირებითაც პასუხად MIA 4 22 03330970 მივიღე შემდეგი შინაარსის ტექსტი (დასკვნითი ნაწილი) _ ‘‘მოთხოვნილი ფორმისა და შინაარსის ფირნიშის გაცემა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.’’ ამასთან, მიგვითითა, რომ ‘‘საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 8 აპრილს №278 დადგენილებით დაამტკიცა ‘‘სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშები’’.
აღნიშნულის გათვალისწინებით მე, ალექსანდრე კობაიძე, წარმოვადგენ უფლებამოსილ სუბიექტს, იმისათვის, რომ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის განხილვა.
1. დაცვის სფერო.
საქართველოს კონსტიტუციის II თავის, ადამიანის ძირითადი უფლებები, მე-20 მუხლის, შემოქმედების თავისუფლება, კულტურული მემკვიდრეობა, მე-4 პუნქრტით _ ‘‘ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კულტურულ მემკვიდრეობად მატერიალური და არამატერიალური ფასეულობები, რომლებსაც განსაკუთრებულად იცავს სახელმწიფო.
საქართველოს კანონის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მე-3 მუხლის, კანონში გამოყენებული ტერმინები, ‘‘ლ’’ პუნქტის მიხედვით:
ლ.ა. მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან;
ლ.ბ არამატერიალური – ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათწესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად.
საქართველოს კანონის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მე-9 მუხლის, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, 1-ლი ნაწილის, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, ‘‘ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით _ ‘‘დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას’’.
როგორც უკვე აღვნიშნე, კულტურულ მემკვიდრეობაში შესაბამისი კანონი სხვა დანარჩენთან ერთად, ასევე, მოიაზრებს ენას. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის I თავის, ზოგადი დებულებები, მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით _ ‘‘საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური. სახელმწიფო ენა დაცულია ორგანული კანონით.’’
საქართველოს ორგანული კანონის, სახელმწიფო ენის შესახებ, პრეამბულის მიხდვით ‘‘ქართული ენა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. საქართველოს სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი, როგორც სახელმწიფო ენის, ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას.’’
აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი თავის შინაარსში სახელმწიფო ენის დაცვას ნამდვილად გულისხმობს, ხოლო მისი დაცვის უფლება-მოვალეობების ჭრილში შესაბამისი ნორმების მიხედვით ვლინდებიან ფიზიკური პირებიც, რომელთა უფლებებსაც უშუალოდ სახელმწიფო ენასთან მიმართებით საქართველოს ორგანული კანონი, სახელმწიფო ენის შესახებ, არეგულირებს, რომლის მე-9 მუხლის, საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობანი ენის გამოყენების სფეროში, 1-ლი ნაწილის მიხედვითაც _ ‘‘საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, სახელმწიფოს მოსთხოვოს სახელმწიფო ენის დაცვისათვის, შესწავლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.’’ ასევე, ამავე ორგანული კანონის მე-5 მუხლის, სახელმწიფო ენის დაცვის გარანტიები, მიხედვით ‘‘სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მისი სიწმინდის დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას.’’
იმისთვის, რომ მოხდეს დადგენა მაქვს თუ არა კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევასთან საქმე, აუცილებელია დავადგინოთ ვხვდები თუ არა ამ მუხლის დაცვის სფეროში.
გასაჩივრებული რეგულაციის ნორმატიული შინაარსი პირდაპირ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეების უფლებას გამოიყენონ სახელმწიფო ენა. დადგენილება N278 არეგულირებს _ ‘‘სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშები’’, რომელშიც განისაზღვრა რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) დამტკიცება მოცემულ დადგენილებაზე თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ფირნიშზე _ ‘’მარცხნიდან მარჯვნივ თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება სერია და ნომერი - ორი ლათინური ასო, ტირე, სამი ციფრი, ტირე, ორი ლათინური ასო.‘‘ აღნიშნული დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით _ ‘‘საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს, მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშების შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადება/გაცემა.’’ ამრიგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ალტერნატივა ამ კუთხით არ არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენის გამოყენება შევძლოთ, რაც პირდაპირ არღვევს ზემოთ მოყვანილ კონსტიტუციურ უფლებებს. აღნიშნული დადგენილების შინაარსი ულტიმატუმს მიყენებს და მიკეტავს გზას შევძლო ჩემი უფლების სრულფასოვნად გამოყენება, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის დაცვის სფერო ჩემთვის ხსნილია.
2. შეზღუდვა
იმისათვის, რომ ჩემი უფლების შეზღუდვა მოცემულად ჩაითვალოს მისი სრულფასოვნად გამოყენებისათვის ხელშეშლას/წინაღობას/ხელოვნური ბარიერის შექმნას უნდა ჰქონდეს ადგილი.
აღნიშნული დადგენილების შინაარსი ქმნის ისეთ წინაღობას, რომლის გამოც ვერ მოხდება ჩემი უფლების გამოყენება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არა სადავო ნორმა, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ჩემს კოსტიტუციურ უფლებას, მაინც შემეზღუდებოდა ჩემი უფლება, ვინაიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ პასუხად MIA 4 22 03330970 მაცნობა, რომ საკითხი, რაზეც მე ვაპელირებ არ არის დარეგულირებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად ახდენს ჩემი ძირითადი უფლების შელახვას _ დავიცვა კულტურული მემკვიდრეობა და მოვახდინო მისი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ენის, რეალიზება ტექნიკურ დონეზე, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს ნაკისრი.
3. შეზღუდვის გამართლება
დაცვის სფეროს შეზღუდვა გამართლებულად ჩაითვლება თუ მთავრობის თვითნებურ ქმედებას არ აქვს ადგილი. თვითნებური ქმდება გამოირიცხება თუ მის დისკრეციის ფარგლებში კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად ნორმის სახით გამოცემული გადაწვეტილება ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, არის დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.
თავად კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული აღნიშნული უფლების შეზღუდვა, მითითებას არ ვხვდებით.
ა* ლეგიტიმური მიზანი
‘‘სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ’’ ნორმატიული აქტის გამოცემის უზრუნველყოფა, რომელიც დაევალა საქართველოს კანონის, საგზაო მოძრაობის შესახებ, 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ‘‘ა.თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს აღნიშნული საკითხის დარეგულირება.
ბ* შეზღუდვის დასაშვებობა
შეზღუდვა ჩაითვლება დასაშვებად თუ ამ შეზღუდვით დასახული ლეგიტიმური მიზანი მიღწევადია.
აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის არ არის დასაშვები შემეზღუდოს ჩემი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან, მოცემული ფორმით რეგისტრაციის ნომრის დამტკიცებას ხელს არ უშლის ქართული სახელმწიფო სანომრე ნიშნის არსებობა. შესაბამისად, დადგენილებით მხოლოდ ლათინური ფორმის სანომერე ნიშნების განსაზღვრა და ჩემი უფლების შეზღუდვა არ არის გამართლებული. სახელმწიფომ ჩვენი უფლების შეზღუდვით ლეგიტიმური მიზანი განხორციელებადი კი არ გახადა, არამედ უბრალოდ მარტივად შეასრულა ის ვალდებულება, რაც მას საკანონმდებლო ორგანომ დაუწესა და იხელმძღვანელა მხოლოდ საერთაშორისოდ გავრცელებული სტანდარტებით, რისი საწინააღმდეგოც არაფერი მექნებოდა ჩემი უფლება, რომ არ შეზღუდულიყო და აღნიშნული ბარიერად არ გარდაქმნილიყო. გამომდინარე აქედან, შეზღუდვის მოხსნა და აღნიშნული საკითხის ისე დარეგულირება, რომ დაკმაყოფილებულ იქნას ჩემი მოთხოვნა ხელს არ უშლის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და მის არსებობას.
გ* აუცილებლობა
აუცილებელი მაშინ შეიძლება იყოს ჩემი უფლების შეზღუდვა, თუ იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის შემოთავაზებულ შეზღუდვის საშუალებებს შორის ყველაზე მსუბუქ საშუალებას წარმოადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სანომრე ნიშნის არსებობა ხელს არ შეუშლის და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს მიღწეული ლეგიტიმური მიზნის შენარჩუნებას საჭიროებას არ წარმოადგენს მისი შეზღუდვა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის დარეგულირება ისე, რომ არ ხდებოდეს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს სადავო ნორმა. მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიის 1990-1991 წლებში ქართველი მოსახლეობა სარგებლობა ავტომობილის ქართული სარეგისტრაციო ნიშნებით. შესაბამისად მისი დარეგულირება, მითუმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ ადრეულ წლებში, როდესაც ნაკლები რესურსი და ეკონომიკური შესაძლებლობები გვქონდა მაინც განხორციელდა და ქართულ ენაზე უზრუნველყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფომ, რაც დღეს ვერ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის ამგვარი რეგულირება ნეგატიურად აისახება ჩემს, ასევე, სხვა საქართველოს მოქალაქეების, ძირითად უფლებებზე და გაუმართლებელია.
დ* თანაზომიერების პრინციპი
თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს, მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოს ფარგლების განსაზღვრა, უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამავე დროს თანაზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია მიზანსა და საშუალებას შორის პროპორციულობის საკითხის გარკვევა. ზუსტად ეს უზრუნველყოფს გონივრული ბალანსის დაცვას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
ამ შემთხვევაში, ვინაიდან კოლიზიაში არ მოდის სხვა სამართლებრივ სიკეთესთან ჩემი კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლების განხორციელება და დაცვა ალოგიკური ხდება მისი ამგვარად შებოჭვა. გაურკვეველია რატომ უნდა მოხდეს მისი შეზღუდვა, თუ კი ლეგიტიმური მიზანი მიღწეულია და არც მის მიღწევას შეუშლიდა ხელს აღნიშნულის განხორციელება და არც ახლა დააყენებს საფრთხის ქვეშ მის შედეგებს.
ამგვარად, არ არსებობს სახელმწფოს მხრიდან რაიმე გამამართლებელი მიზეზი, რის გამოც მე მეზღუდება ჩემი უფლება. შესაბამისად, შეზღუდვა არაპროპორციულია, რაც მას არაკონსტიტუციურად აქცევს.
მაშასადამე, გასაჩივრებული სადავო ნორმა ჩემი კონსტიტუციის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ ძირითად უფლებასთან მოდის კოლიზიაში, რაც ბათილად უნდა იქნას ცნობილი და უნდა მომეცეს მისი შესაბამისად განხორციელების საშუალება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა