ირაკლი მარგველაშვილი და ვახტანგ ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1764 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი მარგველაშვილი, ვახტანგ ჭელიძე |
თარიღი | 25 იანვარი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ 22-ე მუხლის მე-5 ნაწილი: „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი : „1. ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ „2. ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას განიხილოს ნორმატიულ აქტთა შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სარჩელის საფუძველზე.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, უთითებს იმ ნორმატიულ აქტებს, რომლეთა (რომელთა ნაწილის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს: „საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები“.
ვინაიდან პოლიციის შესახებ კანონი წარმოადგენს საქართველოს კანონს, მისი ნაწილის კონსტიტუციურობის დადგენა ზემოთაღნიშნული მუხლის თანახმად, განეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს.
გასათვალისწინებელია, ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლებიც საკუთრივ განმარტავენ: „1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას“.
ზემოთქმული ნორმების გარდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას მანიჭებს ორგანული კანონის 311. ასევე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ვინაიაიდან მიმაჩნია რომ დარღვეულია ან მომავალში შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ჩემი და საზოგადოების სხვა წევრთა უფლებები და თავისუფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მასში არ ფიგურირებს ამავე კანონის 313 მუხლით დადგენილი სარჩელის მიუღებლობის საფუძვლები, კერძოდ:
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12-, მუხლით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, ერთ-ერთ უმთავრეს განმაპირობებელს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და სახელმწიფოს ვალდებულება,(როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური), უზრუნველჰყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებულ უფლებათა დაცვა და პირთა მიმართ ჯეროვანი მოპყრობა.
პირის უფლება ჰქონდეს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი განმარტავს: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით: „ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია”.
მე-15 მუხლის აღნიშნული ჩანაწერები, კარგად ასახავს მნიშვნელობას, რომელიც მინიჭებული აქვს პიროვნების პირად ცხოვრებას და იმ განსაკუთერებულ ადგილს, რომელიც მიჩნეულია „ხელშეუხებლად“ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის გარეშე. ხსნებული განსაკუთრებული გარემოებები განმარტებულია მე-15 მუხლის მეორე ნაწილის შემდეგ ჩანაწერში: „არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. გადაუდებელი აუცილებლობისას უფლების შეზღუდვის შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს სასამართლოს, რომელიც შეზღუდვის კანონიერებას ადასტურებს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა“.
ამდენად, ზემოთხსენებული ნორმის გააზრების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მე-15 მუხლი პირად/ოჯახურ ცხოვრებას და მისგან გამომდინარე უფლებებს (მათ შორის პირადი კომუნიკაციისა და პირადი სივცრის უფლებას) მეტად მაღალ საფეხურზე აყენებს და უშვებს მის შეზღუდვას მხოლოდ კანონის შესაბამისად ან/და გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას (საკუთრივ რაც, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს). აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, მსრუს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დადგენილი სტანდარტებიდან ერთ-ერთი კერძოდ „კანონის შესაბამისად“ განხორციელებული შეზღუდვა მეტად დეტალურად და სიღრმისეულად გავაანალიზო.
ხსენებულ ჭრილში განსახილველად, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ნორმები, რომლებიც განსხვავებით სხვა შემზღუდავი ნორმებისგან, კონკრეტულ სტანდარტს (მაგ.: დასაბუთებულ ვარაუდს) არ ექვემდებარებიან და შესაბამისად ემყარებიან, მხოლოპდ უფლებამოსილ პირთა დისკრეციასა და შეხედულებას.
უფრო კონკრეტულად აღსანიშნავია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში- „კანონი“), რომლის მიზანს ამავე კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს: „უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა“.
ხსენებული მიზნის განსახორციელებლად, კანონი პოლიციელებს აღჭურვავს შესაბამისი უფლებამოსილებებით, რომლებიც მოიცავენ, როგორც პრევენციულ, ასევე იძულებით ღონისძიებათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელება პოლიციელს შეუძლია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებათა სახეებსა და მნიშვნელობას განმარტავს კანონის მეოთხე თავი, საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.
ამავე თავის 22-ე მუხლით განსაზღვრულია პოლიციელის უფლება ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების შესახებ, კერძოდ, განსახილველი მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით: „პოლიციის პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელს უფლება აქვს, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება“. მითითებული ნორმით პოლიციელს მინიჭებული აქვს უფლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის თანდასწრებით განახორციელოს მანქანის დათვალიერება.
თუ რას გულისხმობს ზედაპირული დათვალიერება, განმარტებულია 22-ე მუხლის მე-5 ნაწილში, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“.
ზემოთხსენებული ნორმები კუმულაციურად ადგენენს შინაარსს, რომლის შესაბამისად, უფლებამოსილ პირს შეუძლია ვიზუალურად დაათვალიროს მანქანა, მანქანის სალონი და ასევე მისი საბარგული. თუმცა ერთი შეხედვით გასაგები და შეუვალი ფორმულირების მიუხედავად, ნორმას გააჩნია არსებითი ხარვეზი, რომელიც არ გამორიცხავს ღონისძებაში სხვა უფლებით სარგებლობას რაც საერთო ჯამში პოლიციის კანონით არამართლზომიერად, უფრო მეტიც უკანონოდ და დანაშაულებრივად სარგებლობას უშვებს, რასაც დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავ, მას შემეგ, რაც ვისაუბრებ კანონში აღნიშნული ტერმინის „ვიზუალური დათვალიერებისა“ და ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე დამკვიდრებული პრაქტიკის განსხვავაბების შესახებ.
ხსენებული მსჯელობის განსავითარებლად, მსურს სასამართლოს ყურადღება მივაპყრო განსხვავებას, კანონის მიერ დადგენილ ცნებასა და მოხელეთა მიერ აღნიშნული ცნების ტიპურ აღქმას შორის, კერძოდ: ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებისას, უმეტეს შემთვევებში მოხელეთა მიერ ხდება კონკრეტულ მანქანაში მსხდომი პირისთის/პირთათვის სატრანსპორტო საშუალების დატოვების მოთხოვნა, რის შემდეგაც, პოლიციელი მიუთითებს მანქანის მესაკუთრეს ან მფლობელს (შესაძლოა სხვა მესამე პირსაც), რათა უკანასკნელმა შეუცვალოს მდგომარეობა მანქანაში არსებულ საგნებს მაგ.: გამოაღოს სათავსო (ე.წ. ბარდაჩოკი) და მასში არსებული ნივთების გამოღებითა და განცალკევებით (თუ სათავსოში რამდენიმე ნივთია) მეტად თვალსაჩინოდ წარმოადგინოს ნივთები და მასში არსებული შიგთავსი, ასევე გადაადგილოს, ასწიოს მანქანის ხალიჩები (ე.წ. კოვრიკები) რათა შეამოწმოს მათ ქვეშ არსებული სივრცე და ა.შ.. ამდენად, პოლიციელების მიერ (თუ უკანონოდ თავისივე ხელით არ გადადგილებენ ზემოთხსენებულ და სხვა საგნებს) მესაკუთრის/მფლობელის/მესამე პირის ხელით ხდება მანქანის პოლიციელის შეხედულებისამებრ, დეტალური და დაწვრილებითი დათვალიერება, რაც არაფრით განსხვავდება ჩხრეკისგან, უფრო მეტიც, აღნიშნული პროცესი პრაქტიკულად სხვისი ხელით განხორციელებული ჩხრეკაა, რომელიც ხორციელდება „ვიზუალური დათვალიერების“ სარჩულით.
ზემოთ აღნიშნულთან შესადარებლად, მსურს განვიხილო ჩხრეკა, როგორც ცალკეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდგომში- „სსსკ“) გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება.
ჩხრეკა მოქმედების თვალსაზრისით, წარმოადგენს მოძრაობას, რომლის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი ხელების ან რაიმე სხვა ხელსაწყოს მეშვეობით გადააადგილებს საგნებს, სავარაუდოდ აღმოსაჩენი საგნის ამოსაღებად. ანუ ჩხრეკისას, ხდება არა მხოლოდ ობიექტის დათვალიერება, არამედ საგანთა გადაადგილება (ანუ საგანთა მდებარეობის შეცვლა, ხელში აღებით, გადადებით გაწევ-გამოწევით და სხვა) რის ხარჯზეც, იქმნება შესაძლებლობა უფლებამოსილი პირისთვის მიაგნოს დამალულ ან/და დაკარგულ საგანს, რომლის კონკრეტულ ადგილას მდებარეობის შესახებ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (სსსკ 119-ე მუხლის პირველი ნაწილი- „დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი“).
მეტად საყურადღებოა, რომ სსსკ-ის მიხედვით ჩხრეკა გამორიცხულია კონკრეტული სტანდარტის- დასაბუთებული ვარაუდის (”ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი“) გარეშე, ანუ დაუშვებელია პირის პირადი ცხოვრებისა და სივრცის შეზღუდვა, ჩხრეკიდან გამომდინარე ჩარევით, კონკრეტული ფაქტებისა და ინფორმაციის გარეშე მაშინაც კი, როდესაც არსებობს დანაშაულის ჩადენის ალბათობა ან ვარაუდი. შესაბამისად თუ უფლებამოსილი პირი ახორციელებს ჩხრეკას, გარდა დასაბუთებული ვარაუდისა, უნდა არსებობდეს ან სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება (თუ სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა).
ხსენებულის ფონზე საყურადღებოა კანონის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილის განმარტება: „ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას“. საგულისხმოა, რომ მე-5 ნაწილი ხაზს უსვამს „ვიზუალურ დათვალიერებას“, ანუ უფლებამოსილი პირის უფლებას გააღოს მანქანის საბარგული და დაათვალიეროს, ასევე ვიზურად დაათვალიეროს მანქანის სალონი, თუმცა პოლიციელს, პოლიციის კანონის შესაბამისად არ აქვს უფლება რაიმე ფორმით (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, რასაც შესაბამისი ფორმალობების დაცვა სჭირდება, სსსკ-ის მიხედვით) გასცდეს დასათვალიერებელ საგანთან ვიზუალურ დათვალიერებას და შევიდეს მასთან ფიზიკურ კონტაქტში, სხვა შემთხვევაში, ანუ საგანთან ფიზიკური შეხებით უშუალოდ პოლიციელის ან სხვა პირის მიერ, პოლიციელის ნების (ამ საკითხის განხილვისას მეტად საყურადღებოა სწორედ პოლიციელის ნება, რომელსაც პირი ექვემდებარება და აკეთებს ზუსტად იმას და ზუსტად ისე, როგორც პოლიციელი გააკეთებდა და პოლიციელიც ისევე აკვირდება სხვის, პოლიციელის ნების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებას, როგორც ეს უკანასკნელი საკუთარს ქმედებას დააკვირდებოდა) შესაბამისად .
აღნიშნული განსხვავება, მეტად იკვეთება მას შემდეგ, რაც უფრო ღრმად გავაანალიზებთ სიტყვა „ვიზუალურის“ შინაარსს. განსახილველი სიტყვა გულისხმობს საგნისადმი მიმართებას ადამიანის საგანთა აღქმის საშუალებათაგან მხოლოდ ერთით- მხედველობით. აღნიშნული ტერმინი კანონში, შემთხვევით არ ფიგურირებს, რადგან ნათელია, რომ პრევენციული უფლებამოსილბის ფარგლებში დაუშვებელია ჩხრეკის ამა თუ იმ ფორმით (იქნება ეს უშუალოდ პოლიციელის ფიზიკური ჩართულობით თუ მისი მითითებით) ჩატარება იქნება ეს უშუალოდ პოლიციელის მიერ თუ პოლიციის დავალებით ნებისმიერი სხვა პირის (მათ შორის მაქნანის მესაკუთრის, მფლობელის და ა.შ) მიერ.
ზემოხსენებულის საწინააღმდეგოდ, პოლიციის კანონი ყოველგვარი სტანდარტისა დაფორმალობის გარეშე (მხოლოდ „პრევენციული უფლებამოსილების“ გათვალისწინებით) უშვებს „ვიზუალურ დათვალიერებას“, რომელიც არ იქნებოდა პრობლემური, რომ არა მოყვანილი განმარტების არასრული ფორმულირება, რომელიც არ გამორიცხავს პოლიციელის უფლებას, უბრძანოს პირს, (პოლიციის შესახებ კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი: „პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა“) ჩაატაროს ჩხრეკა საკუთარი ხელით და პოლიციელის მითითებისამებრ გადაადგილოს ნებისმიერი საგანი ნებისმიერი სიხშირით, რაც, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე ამკვიდრებს მანკიერ პრაქტიკას.
აღსანშნავია, რომ პირის მიერ პოლიციელის მოთხოვნისამებრ საკუთარი ხელით ჩასატარებელ ჩხრეკაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირი შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის სუბიექტი (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და დაეკისროს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, შესაბამისად დაუშვებელია კანონიერად მივიჩნიოთ პოლიციელთა მსგავსი პრაქტიკა, რომელიც გამომდინარეობს ნორმის დაუზუსტებელი შინაარსისგან, რომელიც არ ითვალისწინებს ვიზუალური დათვალიერების პროცესის განმავლობაში, პოლიციელის უფლებას გააკეთოს შესაბამისი მითითებები, რომლებიც სცდება „ვიზუალური დათვალიერების“ ფარგლებს და იჭრება პირის პირადი ცხოვრებისა და სივრცის უფლებაში იმ სიხშირით რაც დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის და მნიშვნელოვნად სცდება იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებში მოხელეს შეუძლია იმოქმედოს პრევენციულ ღონისძიებათა ჩატარების მიზნით, მხოლოდ საკუთარი შეხედულების საფუძველზე, პრაქტიკულად ჩატარებული ქმედებისთვის (ჩხრეკისთვის) საჭირო ფორმალობების გარეშე და ჩაატაროს ჩხრეკა, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ერქმევა „ვიზუალური დათვალიერება".
ამდენად, პოლიციის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან უნდა გამოირიცხოს ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დასაშვებია ვიზუალური დათვალიერების განხორციელებისას პოლიციელის მიერ პირისათვის მოთხოვნა, მანქნაში რაიმე ნივთის გამოძრავების, რომელიმე სათავსოს გახნის ან სხვა ნივთთა გადაადგილების შესახებ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა