ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1776 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანება“ |
თარიღი | 30 მარტი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის (№10-48)დადგენილებით დამტკიცებული დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის (№10-48)დადგენილებით დამტკიცებული დანართი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი: “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია და მე-3 პუნქტი: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის (№10-48) დადგენილებით დამტკიცებული დანართი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი: „1. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა- ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი: საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია და მე-3 პუნქტი: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუცია, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მუხლი 60-ის მე-4-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და 31-ე მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველად არმიღების საფუძველი, კერძოდ:
1) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19-ე მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა: საქართველოს ორგანული კანონის
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“მე-19 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად ჩვენ უფლებამოსილნი ვართ სარჩელით მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
2) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 39
მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტთან შესაბამისობა:
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის 1 ნაწილის ა პუნქტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს.
3) საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის 4-ე პუნქტის ა ქვეპუნქტთან შესაბამისობა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციორობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
4 ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31 1 მუხლთან შესაბამისობა:
ჩვენი სარჩელი შედგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ის შედგენილია შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. ის ხელმოწერილია ჩვენს მიერ. მასში დასახელებულია მოსარჩელე და მოპასუხე, მათი მისამართები, სადავო სამართლებრივი აქტი, ნორმა დასახელებულია, დასახელებულია მისი მიმღები და მითითებულია თარიღი. მითითებული გვაქვს სადავო ნორმატიული აქტი, ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას. სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან:
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მასზე არასდროს არ უმსჯელია.
2. კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
3. სადავო საკითხები ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის 1 და 3-ე პუნქტთან.
სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-1-ით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, კერძოდ: 1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ავარიული სახლების ჩანაცვლების წინაპირობები, 2. ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.“ ეწინაარმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლით დაცულია საკუთრების უფლება, როგორც საკონსტიტუციო სასმაართლო განმარტავს „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით საკუთრების უფლება ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების წონად კატეგორიად განიხილება და სასამართლო აღნიშნავს, რომ „…ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენისას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II.პ.5)
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტის ურთიერთმიმართებას და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა მხოლოდ ამავე მუხლით დადგენილი წესით არის შესაძლებელი: ,,ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება, II.პ.6;)
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ „საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტია პირველ რიგში სახელმწიფოს მიმართ მოქმედ ნეგატიურ აკრძალვას გულისხმობდა (საკუთრების უფლების ნეგატიური ასპექტი). მოქალაქეს აქვს გარანტია, რომ სახელმწიფო მის კერძო საკუთრებას არ ხელყოფს და ამისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით სარგებლობს. ამავდროულად ეს გარანტია სახელმწიფოს ავალდებულებს მოახდინოს უფლების პოზიტიური იმპლემენტაცია კანონმდებლობაში (საკუთრების უფლების პოზიტიური ასპექტი), კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება, II.პ.7;)
ცხადია საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და დასაშვებია მისი შეზღუდვა. კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლად განიხილავს „საჯარო ინტერესის“ არსებობას. თუმცა იმავდროულად, „კანონმდებლის მიერ საკუთრების უფლების შეზღუდვისას არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).
იმისათვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის ისეთი უმნიშნელოვანესი ბუნებითი უფლება როგორიც საკუთრებაა, სასამართლოს მხრიდან უკიდურესად მნიშვნელოვანია კონკრეტულ შემთხვევაში უფლების მნიშვნელობის შეფასება და სავარაუდო დარღვევის სამართლებრივი შემოწმება, რომელიც შემდეგ საფეხურებს მოიცავს: (1) ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განსაზღვრა; (2) დაცულ სფეროში ჩარება; (3) ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებირივი საფუძვლის შემოწმება.
ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, „ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. თუმცა ზემოხსენებული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, მიიღოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა და მოსაკრებლების, ან ჯარიმების გადახდების უზრუნველსაყოფად.“2 ამ დებულების განმარტება ევროპულმა სასამართლომ მოახდინა საქმეზე – სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ, რომლის 61-ე პუნქტის თანახმად, იგი მოიცავს სამ წესს: პირველი წესი, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, აცხადებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. ის გათვალისწინებულია პირველი ნაწილის პირველი წინადადებით; მეორე წესი მოიცავს ქონების
ჩამორთმევას და ამ უკანასკნელს გარკვეულ პირობებს უქვემდებარებს; მესამე წესი აღიარებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს, სხვა ღონისძიებების გარდა, გააკონტროლოს ქონების გამოყენება ზოგადი ინტერესის შესაბამისად, ისეთი კანონების მიღებით, რომელთაც ის აუცილებლად ჩათვლის ამ მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ უფლებაში ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენა. ეს მუხლი ახდენს იმ პირობათა მკაცრ რეგლამენტაციას, რომელთა შემთხვევაშიც საგამონაკლისო წესით შეიძლება დაშვებულად იქნეს მიჩნეული საკუთრების უფლების შეზღუდვა.
საკუთრების უფლებაში ჩარევისას უნდა არსებობდეს: ა) საზოგადოებრივი ან სოციალური მოთხოვნით გამოწვეული საზოგადოებრივი საჭიროება უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს ამ მიზნის პროპორციული; ბ) ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში – ეს იქნება ქონების ჩამორთმევა თუ ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა – უნდა იყოს კანონით განსაზღვრული და განხორციელდეს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით; გ) ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაფუძნებული უნდა იყოს კანონზე, კანონი კი უნდა იყოს ნათელი და არაორაზროვანი. საკუთრების უფლების განხილვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი. სახელმწიფოს არ აქვს თვითნებობის უფლება. საკუთრების უფლებაში ჩარევისას, კანონთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი – კონკრეტული პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებული უნდა იყოს საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანით.
სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახად დგინდება რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებით ხდება საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან უფლების შეზღუდვა დასაშვებია, ეს არ ნიშნავს კანონმდებლის სრულ თავისუფლებას და ამოვარდნას კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოებიდან. „კანონმდებლის მიერ გამოხატული პოზიცია უნდა იყოს დაბალანსებული, მკაფიო, გარკვეული და არ უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის ბოროტად, არამიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1- 370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
ამასთანავე მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ- სამართლებრვი საფუძვლების არსებობა-არარსებობის შემოწმება. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძირითადი უფლების შეზღუდვის საფუძვლები და პირობები მხოლოდ კონსტიტუციით უნდა იყოს განსაზღვრული და ჩარევას უნდა ჰქონდეს „კონსტიტუციურ- სამარლებრივი საფუძველი“ და არა უბრალოდ „საფუძველი“. დაისმის შემდეგი კითხვა, განსახილველ შემთვევაში რამდენად არსებობს აღნიშნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი? როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას დაცვის საპირწონედ. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საკუთრების უფლების შეღუდვა შეიძლება განხორციელდეს (1) მხოლოდ საჯარო მიზნებისთვის, (2) მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთვევებში და (3) მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. როგორც აღინიშნა, კანონმდებელმა კანონით შეიძლება განსაზვროს რა არის საკუთრება. შესაბამისად, შეიძლება შეიზღუდოს ან გაფართოვდეს საკუთრების ცნება. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ აღნიშნულს გაუსვა ხაზი და მიუთითა „... რაც შეეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლის (დღეს უკვე მე-19) მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების შეზღუდვას, ეს მისი შინაარსის (შემადგენლობის) შეზღუდვაა. კანონმდებელი ვალდებულია, სწორად გაავლოს საკუთრების შეზღუდვის ზღვარი. შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, „საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის №1 /1 / 103 / 117 / 137 /147_48, 152_53 გადაწყვეტილება).
მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხი თუ რა საჯარო ინტერესი უნდა არსებობდეს მაშინ, როდესაც პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილი იქნება ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად თავდაპირველად საჭიროა განიმარტოს საჯარო ინტერესის რაობა, რომელიც კონსტიტურციის ძველი რედაქციის მიხედვით, 21-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამოდმინარე „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროების“ სახელით იყო ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით განმარტა, რომ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ მკაცრ დეფინიციას.
ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. ამასთანავე, „მოქმედება “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” იღებს მას. “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების” არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოცემული დადგენილების ეს კონკრეტული დანაწესი სხვა მიწის ნაკვეთზე ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლება განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე ვერანაირ გონივრულ განსჯას ვერ უძლებს და შეუძლებელია დადგენა იმისა, საზოგადოების რომელი ნაწილისთვის შეიძლება იყოს დადებითი შედეგების მომტანი მესაკუთრისთვის საკუთრების „ხელიდან გამოგლეჯა“ და მისთვის ისეთი არაგონივრული და დამამცირებელი პირობების შექმნა, რა დროსაც უწევს არა მხოლოდ ქონების დათმობა, არამედ აბსოლიტურად ბუნდოვანი და დაუზუსტებელია „სხვა მიწის ნაკვეთის“ შინაარსობრივი დატვირთვა.
დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზნებისთვის, სახელმწიფოს ამგვარი მონოპოლია და მერკანტილური მიზნების განხორციელებისაკენ მისწრაფება საზოგადოებისათვის არათუ დადებითი შედეგების მომტანი, არამედ მხოლოდ დამღუპველი თუ აღმოჩნდება. „საქართველო პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც უარი თქვა საკუთრების ფორმებზე და, შესაბამისად, პრივილეგიური მესაკუთრის ინსტიტუტზე. ასეთ მესაკუთრეს საბჭოთა სინამდვილეში წარმოადგენდა სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე (ძველი რედაქც) მუხლში ჩადებული საკუთრების იდეა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს, უფლებრივად ათანაბრებს სხვა მესაკუთრეებთან. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება # 1/4/184, 228 საქმეზე „სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 50პრ). შესაბამისად, ცალსახაა, რომ განსახილველი ნორმა არამხოლოდ მოვალისთვისაა ძირითადი უფლების შემლახავი, არამედ თავის თავში ეწინააღდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპს.
შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმით ხდება არათუ რაიმე საჯარო ინტერესის დაცვა საკუთრების უფლების ხარჯზე, არამედ თავად საჯარო ინტერესების მნიშვნელოვანი შელახვა ხდება. აღნიშნული კი განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ კერძო საკუთრება, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს წარმოადგენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. ხოლო როდესაც ხდება საკუთრების უფლებაში არამიზნობრივად ჩარევა, მოცემული საჯარო ინტერესი მნიშვნელოვნად ილახება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად „საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან, კერძოდ კი, უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მაგრამ საკუთრების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის, იმავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას ეს უფლება, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს კანონმდებლობაში საკუთრების შინაარსის კონსტიტუციის შესაბამის რეგლამენტირებას“... „საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. როგორც კი დავუშვებთ, რომ ამა თუ იმ სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის გასატარებლად შესაძლებელია საკუთრების უფლებაში ისეთი ჩარევა, რომელიც განსხვავდება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლებაში ჩარევის ფარგლებისგან, კანონზომიერად გაიზრდება ცდუნება სახელმწიფოს უფლებამოსილების ბოროტად, არასწორად გამოყენებისა, შესაძლებელი გახდება საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროების ფარგლების გაფართოება, რისი შედეგიც იქნება საკუთრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა, უფლების დარღვევა“ (საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 7, 9 პრ.).
როგორც ზემოთ აღინიშნა, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა გამართლდეს შესაბამისი საჯარო ინტერესით, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლების ხელყოფის ხარჯზე. კანონმდებელმა სამართლიანად უნდა დააბალანსოს კერძო და საჯარო ინტერესი, ინდივიდის სამართლებრივი პოზიცია და საკუთრების სოციალური დატვირთვა. მოცემულ შემთვევაში არ და ვერ იარსებებს ვერანაირი ლოგიკური კავშირი სადავო ნორმასა და მოპასუხის მიერ სამომალვოდ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. ზოგადად, საეჭვოა თუნდაც ის ფაქტი, რომ მოპასუხემ შეძლოს რაიმე ლეგიტიმური მიზანის მოფიქრება, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია სადავო ნოარმასთან მიმართებით ლეგიტიმურ მიზანზე საუბარი.დაცულ სფეროში ჩარევის ყველა შემთხვევაში სახლემწიფო ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი და მის შესაბამისად იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია დაასაბუთოს როგორც შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობა, ისე შეღუდვის საშუალების გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა. სახელმწიფომ აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი შეზღუვდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის უნდა იყოს განპირობებული ანუ ფაქტობრივად ამ საჭიროებაში უნდა ჩანდეს შეზღუდვის მიზანი.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში უნდა შეფასდეს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60
ვინაიდან და რადგანაც ა(ა)იპ „დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებულთა გაერთიანებას“ არაერთი დაზარალებულის უფლების დაცვა უწევს აღნიშნული დადგენილება კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს დაზარალებულთა რიცხვის მატებასა და მათი უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, ვიანაიდან დადგენილება მათ ფაქტიურად ართმევს არჩევანის თავისუფლებას და კონკრეტულ დეველოპერსა და მუნიციპალურ ორგანოს აძლევს უფლებას მესაკუთრეთა სრული თანხმობის გარეშე გადაწყვიტონ მათი სხვა მიწის ნაკვეთზე ფართით დაკმაყოფილება. თითოეულ მესაკუთრეს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება თავად მიიღოს გადაწყვეტილება სხვა მიწის ნაკვეთზე დაკმაყოფილება სურს თუ იგივე მიწის ნაკვეთზე, სადაც აღერიცხება საკუთრების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო მუხლის საფუძველზე ხორციელდება საკუთრების უფლებაში ჩარევა, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციურ სამართლებრივი საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა