საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1282 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი |
თარიღი | 13 დეკემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ბ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ . |
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 16 ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძვლები.
მოსარჩელეები საქართველოს მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავენ, რომ ისინი მოიხმარენ მარიხუანას და შესაბამისად მათ ემუქრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე. ამავე დროს, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმები უნდა მიიჩნიოს მის მიერ უკვე გაუქმებული ნორმის შინაარსობრივად მსგავს ნორმებად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განჩინებით გამოაცხადოს ძალადაკარგულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ შინაარსობრივი თანხვედრა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოცხადებულ ნორმასთან.
გასაჩივრებული ნორმა აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მარიხუანას განმეორებითი (იმ პირის მიერ ვისაც ამ ქმედებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული) მოხმარებისთვის, შესაბამისად ის სრულად იმეორეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ძალადაკარგულად ცნობილ ნორმატიულ შინაარსს.
კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შემდეგში: „შანიძის საქმე“), თქვა: ,,დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.“
ამ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დამაჯერებლად და ამომწურავად განმარტა, რომ მართალია გასაჩივრებულია ნორმა რომელიც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ძალადაკარგულია, თუმცა მიღებულია ახალი ნორმა, რომელიც ზუსტად ასახავს იმ შინაარსს, რაც ჰქონდა გასაჩივრებულ ნორმას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად: ,,სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც, მათ შორის, შეეხო სადავო ნორმას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის 2017 წლის 26 ივლისის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის)“.
დასახელებული ცვლილებათა პაკეტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით – „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები“. ამასთანავე, ცვლილებათა პაკეტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრას სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის.
ამრიგად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ისეთი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის განმეორებით მოხმარება, დასჯადია არა სადავო ნორმით, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, თუ არ არსებობს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობამ ყველა შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის გაუქმება. ნორმის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება ჩანაცვლებულ იქნეს სხვა ისეთი დებულებით, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ შეინარჩუნებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, „არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა, ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 დეკემბრის №1/1/386 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-4).
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, აღნიშნული ქმედება აუცილებლად უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, კვლავაც არსებობს მოსარჩელეთა უფლების დარღვევის რისკი. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის რედაქციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ და პრევენციულ საშუალებას, ვინაიდან „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... მაშასადამე, სასამართლო წყვეტს პრობლემას... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). „იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც შეიცავს იმ შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამასთან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. შესაბამისად, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ხელს შეუწყობს სადავო ნორმით გათვალისწინებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/13/732, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.)
შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული წინადადების არსებითი მსგავსება და მისი კონსტიტუციასთან შეუსაბამობა თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე დადგენილი აქვს. მოსარჩელე სასამართლოსგან ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული წინადადების კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ შინაარსობრივი მსგავსება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოცხადებულ ნორმასთან.
აღნიშნული ნორმის შინაარსობრივ მსგავსებაზე „შანიძის საქმეში“ გაუქმებულ ნორმატიულ შინაარსთან, სასამართლოს აქამდე არ აქვს ცხადად ნამსჯელი. შესაბამისად, მოსარჩელეები საჭიროდ მიიჩნევენ ამ საკითხზე დამატებითი დასაბუთების წარმოდგენას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტზე საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკა სრულად მხარს უჭერს მოსარჩელის პოზიციას მოცემული ნორმის დამძლევი ბუნების შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის N1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
ამავე საკითხზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა რომ: „...ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II. 10)
გასაჩივრებული ნორმით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევად გამოცხადებული ქმედება პრაქტიკულად სრულად იდენტურია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ ნორმაში დანაშაულად გამოცხადებული ქმედებისა. „შანიძის საქმეში“ გაუქმებულ სისხლის სამართლებრივ ნორმაში მხოლოდ აღნიშნული ქმედების განმეორებითობა იყო დანაშაულის ობიექტური მხარის დამატებითი ელემენტი. ანუ ამ ქმედებასა და იმ ქმედებას შორის, რომელზეც პასუხისმგებლობაც, არაკონსტიტუციურად ცნო სასამართლომ არის ერთადერთი სხვაობა - იგივე ქმედება ჩადენილია განმეორებით. ქმედების განმეორებითობისას კი იმავე ქმედებისთვის გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ქმნიდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, შეფასების შინაარსობრივ სტანდარტებს იყენებს და ავტონომიური კონსტიტუციური პერსპექტივიდან აფასებს ნომრის „დამძლევ“ ბუნებას ისე, რომ თავს არ იზღუდავს მხოლოდ სამართლის სისტემის ან საკანონმდებლო პროცესის ფორმალური წესებითა თუ პრინციპებით.
მოცემული ნორმის შემთხვევაში არსებითი მსგავსების ყველა ელემენტი სახეზეა. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია არსებითად იმავე ქმედების ჩადენა, რაც გაუქმებული ნორმით ქმნიდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის განსხვავება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის შემდეგ გარემოებათა გამო. პირველ რიგში, გასაჩივრებული ნორმაც იყენებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საშუალებას იმავე ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისითაც, როგორც გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ნორმა ისე გაუქმებული სისხლისსამართლებრივი ნორმა ითვალისწინებენ მსგავს სანქციას- ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ნებისმიერ შემთხვევაში გაუქმებულ ნორმაზე მსჯელობისას, მისი არაკონსტიტუციურობის საფუძველი არ ყოფილა ნორმის სამართლებრივი შედეგის სანქციის ბუნება და სიმძიმე. სასამართლოს მსჯელობის მთავარი ხაზი ეყრდნობოდა მარიხუანას მოხმარების საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პირადი ავტონომიის სფეროში მოქცევას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენების არათანაზომიერებას ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. უნდა აღინიშნოს, რომ „შანიძის საქმეში“ საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდ ვერ დაინახა ინდივიდუალური მომხმარებლისთვის პასუხისმგებლობის დაწესების ლოგიკური კავშირი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანთან. ამ მხრივ სასამართლომ მიიჩნია, რომ კავშირი მარიხუანას ინდივიდუალურ მოხმარებასა და სხვა ნაროტიკული საშუალებების მოხმარებას (მარიხუანას როგორც ე.წ. „კარიბჭის ნაროკოტიკის“ არგუმენტი) ასევე დანაშაულის ან სხვებისთვის/საზოგადოებისთვის საზიანო ქმედების ჩადენას შორის. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ვრცელდება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ზოგადად სამართლებრივი პასუხისმგებლობის ლოგიკურ კავშირზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. მიუხედავად იმისა რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოხმარებისთვის სასამართლომ ზოგადად გამოსადეგ საშუალებად ჩათვალა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნის მისაღწევად, ვიწრო პროპორციულობაზე მსჯელობისას სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა სცდება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შეფასების ფარგლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად: „კონსტიტუცია უზრუნველყოფს პირის თავისუფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრებისეული გეგმები და მიზნები, განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც არ ვნებს სხვას. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება უკავშირდება გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს მომხმარებლისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არჩევანი წარმოადგენს პირის პირად ავტონომიას, რაც დაცულია მისი თავისუფალი განვითარების უფლებით: შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობით გადაწყვიტოს, გამოსცადოს ამ საშუალებების ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეული დოზით ნეგატიურად ზემოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.“
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე შეუძლებელია დავასკვნათ, რომ სასამართლოსთვის თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული პირადი ავტონომიის სფეროში, სადაც სასამართლომ მოაქცია მარიხუანას მოხმარება, პატერნალისტური ჩარევის ზღვარი მხოლო სისხლისსამართლებრივ ჩარევაზე გადის. სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთება თავად პატერნალიზმის კონსტიტუციურ დაუშვებლობას შეეხება და არა პატერნალისტური მიზნების მიღწევის საშუალებად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენებას.
სასამართლოს მსჯელობიდან ცხადია, რომ მისთვის ზოგადად მიუღებელია წონადი საჯარო ინტერესების ცხადი დემონსტრირების გარეშე „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება“.
„შანიძის საქმეში“ სასამართლოს გადაწყვეტილება ნათლად წარმოაჩენს აღნიშნული საჯარო ინტერესების არასაკმარისად არსებობას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზანთან შესაბამისობაზე მსჯელობის ნაწილშიც, სასამართლომ ვერ დაინახა ინდივიდუალური მომხმარებლის მიერ მოხმარების რაიმე მნიშვნელობის მქონე გავლენა ნარკოტიკული საშუალების ბრუნვაზე, სადაც შეიძლება ჩარევის მეტი ლეგიტიმური საფუძველი არსებობდეს.
მარიხუანას მოხმარების სისხლისსამართლებრივი დასჯის გამართლებად, საკონსტიტუციო სასამართლომ ყველაზე ცხადად მხოლოდ ფიზიკური და მორალური თვითდეგრადაციისგან ინდივიდუალური მომხმარებლის დაცვის პატერნალისტური მიზანი დაინახა და აღნიშნული მიზანის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია. თუ აღნიშნული მიზანი მიუღებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გასამართლებლად შეუძლებელია მან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამართლება შეძლოს.
აღსაღნიშნავია, რომ ინდივიდის ჯანმრთელობაზე მარიხუანას ეფექტებზე მსჯელობისას სასამართლომ ხაზი გაუსვა ამ ეფექტების შექცევადობას და დროებითობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობაზე განგრძობადი უარყოფითი ეფექტები, რომელთა შესახებაც ასევე არ არსებობს კონსენსუსი, შეიძლება მხოლოდ მრავალჯერადი და ხანგძლივი მოხმარების შედეგად დადგეს. აღნიშნული რელევანტური იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონტექსტში რამდენადაც კრიმინალიზებული სწორედ განმეორებითი მოხმარება გახლდათ. მიუხედავად ამისა, საკუთარ ჯანმრთელობაზე აღნიშნული უარყოფითი ეფექტებიც სასამართლომ არ მიიჩნია პატერნალისტური პასუხისმგებლობის დაწესებების ლეგიტიმურ საფუძვლად.
მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უწესდება ყველას, მათ შორის მათაც ვინც პირველად და შესაძლოა ცხოვრებაში ერთხელაც მოიხმარეს მარიხუანა. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს თვით საკუთარი ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წმინდად მორალისტური საფუძვლით ხდება, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოსთვის მარიხუანას მოხმარების მორალურ მიუღებლობას ეფუძნება. აღნიშნულის გათვალისწინებით შეუძლებელია ვისაუბროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თანაზომიერებაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზანთან თუნდაც ამ საშუალების გამოსადეგობის ნაწილში, რამდენადაც ინდივიდუალური მომხმარებლის ჯანმრთელობაზეც კი რაიმე არსებითი და შეუქცევადი ეფექტი საერთოდ არ არსებობს.
„შანიძის საქმეში“ სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ზოგადი სტანდარტები, ისევე როგორც მარიხუანას მოხმარებაზე პატერნალისტური პასუხისმგებლობის დაწესების დაუშვებლობის ლოგიკა არ გამომდინარეობს და მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სპეციფიკიდან. რასაკვირველია, სასამართლო შეზღუდული იყო სასარჩელო მოთხოვნით და შესაბამისად უნდა ემსჯელა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა მისი დასაბუთების საყრდენი არგუმენტი, მათ შორის არც თანაზომიერების შეფასების ნაწილში არ მიემართება მხოლოდ სისხლისსამარტლებრივი პასუხისმგებლობის განსაკუთებულობას. სასამართლომ ასევე ხაზგასმით გამოყო მოსარჩელის პოზიცია რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზეც ავრცელებდა საკუთარ არგუმენტაციას, იმ არგუმენტაციას რომელის მთავარი შინაარსიც და სულისკვეთებაც სასამართლომ სრულად გაიზიარა სარჩელის დაკმაყოფილებისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ საკუთარი მსჯელობისას გამიჯნა მოხმარების კრიმინალიზაცია ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებისგან, თუმცა მსგავსი გამიჯვნა არ გაუკეთებია მარიხუნას მოხმარებაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან. შესაბამისად, ეს გამიჯვნა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის შეზღუდულობის დემონსტრირებას არ ემსახურებოდა. ყველა ზემოთმოყვანილ მტკიცებასთან ერთად, ეს ამყარებს იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ სასამართლოს მსჯელობა „შანიძის საქმეში“ სრულად მოიცავს და ვრცელდება მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზეც.
შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვები, რომლითაც წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებაზე არსებითად მსგავსია „შანიძის საქმეში“ გაუქმებული სისხლის სამართლის კოდექის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსისა რომელიც აწესებდა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას მარიხუანს მოხმარებაზე ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა შეფარდებული პირისთვის. გასაჩივრებული ნორმით აკრძალული ქმედება, პასუხისმგებლობის დაწესების ლეგიტიმური მიზნები და სამართლებრივი შედეგები არსებითად მსგავსია და არ საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დამატებით შესწავლა-შემოწმებას არსებითი განხილვის ფორმატში.
ამრიგად, მოსარჩელე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინებით გამოაცხადოს ძალადაკარგულად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანას მოხმარებაზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დამატებითი განმარტებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლთან დაკავშირებით
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ 45-ე მუხლის შინაარსი, მისი კონსტიტუციურობის შემოწმებას ხელახლა, არსებითი განხილვის პროცესში მოითხოვს, „შანიძის საქმის“ კონსტიტუციური სტანდარტი სრულად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გასაჩივრებულ ნაწილზე მსჯელობასა და სამართლებრივ შედეგს. ზემოთმოყვანილი დასაბუთება, რომელიც გასაჩივრებული ნორმის “შანიძის საქმით“ გაუქმებულ ნორმასთან არსებით მსგავსებას შეეხებოდა, მნიშვნელოვნად ეფუძნებოდა „შანიძის საქმეში“ ჩამოყალიბებულ, მე-16 მუხლით გათვალისწინებული თავისუფალი განვითარების უფლების კონსტიტუციურ სტანდარტთან გასაჩივრებული ნორმის prima facie შეუსაბამობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა