საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/1282 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 27 აპრილი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 აპრილი 2018 14:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1282) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ზურაბ ჯაფარიძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს.
2. №1282 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს ისეთ ქმედებას, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და ადგენს შესაბამის სანქციას აღნიშნული ქმედებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის თანახმად, „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალება - მარიხუანას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათ დაეკისროთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმის ანალოგიური შინაარსის მქონე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
7. მოსარჩელეთა განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების დასჯადობა დადგინდა 2731 მუხლით. აღნიშნული რეგულაცია, მარიხუანის მოხმარების ნაწილში, სრულად იმეორებს იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ზემოხსენებული გადაწყვეტილებით.
8. მოსარჩელეები პარალელს ავლებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის. მათი თქმით, სხვაობა ამ ორ რეგულაციას შორის მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ნორმა დასჯადად აცხადებს მარიხუანის ერთჯერად მოხმარებას მაშინ, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა მარიხუანის განმეორებით მოხმარება. სხვა მხრივ სადავო ნორმა სრულად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. კერძოდ, ორივე დასახელებული ნორმა, იდენტური ქმედების - მარიხუანის მოხმარების აკრძალვით, მიისწრაფვის საერთო მიზნის - ჯანმრთელობის დაცვის მიღწევისკენ.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები აპელირებენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე და მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები საქმის განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს გააჩნია იგივე შინაარსი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
4. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა არათანაზომიერი ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით რეგლამენტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში.
6. წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე, სხვა ნორმასთან ერთად, ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
7. აშკარაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო იმავე ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა, რასაც ადგენს მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული ნორმა. განსხვავებას წარმოადგენს მხოლოდ ის გარემოება, რომ ძალადაკარგული ნორმა წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის დანაწესს, ხოლო განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ასახულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველ ნაწილში. დასახელებული სადავო ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს ძალადაკარგული ნორმის შინაარსს, გააჩნია იგივე რეგულირების სფერო და ფარგლები. ის ტექნიკური, ფორმალური განსხვავება, რაც გამოიხატება სადავო ნორმის სხვა მუხლში ასახვით, არ განაპირობებს სადავო ნორმის იმგვარ სხვაობას, რომ საჭიროებდეს საქმის შემოწმებას არსებითი განხილვის ფორმატში.
8. ამდენად, დასახელებულ სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
10. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელზე (№1282) მიღებულია საოქმო ჩანაწერი სასარჩელო მოთხოვნის სხვა ნაწილთან დაკავშირებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 და 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტების, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1282 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი