საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/1282 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 27 აპრილი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 აპრილი 2018 13:57 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1282) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ზურაბ ჯაფარიძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს.
2. №1282 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს ისეთ ქმედებას, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და ადგენს შესაბამის სანქციას აღნიშნული ქმედებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის თანახმად, „„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალება - მარიხუანას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მათ დაეკისროთ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არის იმ ნორმის ანალოგიური შინაარსის მქონე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
7. მოსარჩელეთა განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების დასჯადობა დადგინდა 2731 მუხლით. აღნიშნული რეგულაცია, მარიხუანის მოხმარების ნაწილში, სრულად იმეორებს იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ზემოხსენებული გადაწყვეტილებით.
8. მოსარჩელეები პარალელს ავლებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის. მათი თქმით, სხვაობა ამ ორ რეგულაციას შორის მდგომარეობს იმაში, რომ სადავო ნორმა დასჯადად აცხადებს მარიხუანის ერთჯერად მოხმარებას მაშინ, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდა მარიხუანის განმეორებით მოხმარება. სხვა მხრივ სადავო ნორმა სრულად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. კერძოდ, ორივე დასახელებული ნორმა, იდენტური ქმედების - მარიხუანის მოხმარების აკრძალვით, მიისწრაფვის საერთო მიზნის - ჯანმრთელობის დაცვის მიღწევისკენ.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები აპელირებენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტზე და მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები საქმის განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს გააჩნია იგივე შინაარსი, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
4. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმა არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება, იგი მიჩნეულ იქნეს ხსენებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). შესაბამისად, ზემოთ ხსენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად გააჩნია სადავო ნორმას უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასთან მიმართებით იმგვარი განმასხვავებელი ნიშნები, რამდენად არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც მისი კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალი შეფასების საჭიროებას წარმოშობს.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა არათანაზომიერი ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით რეგლამენტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში.
8. წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
9. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებაში დავის საგანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც აწესებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, იმსჯელა მხოლოდ მარიხუანის მოხმარების კრიმინალიზაციის კონსტიტუციურობის თაობაზე და დაადგინა, რომ აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლის წესით აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. მოცემულ საქმეზე სადავო ნორმა მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და აწესებს შესაბამის სახდელს აღნიშნული ქმედებისთვის. ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით, არ შეუფასებია ისეთი ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დადგენის კონსტიტუციურობის საკითხი, როგორიც მარიხუანის მოხმარებაა.
10. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ადმინისტრაციული წესით აკრძალვის კონსტიტუციურობა შეფასდეს არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
11. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1282 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
12. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით (№1282), „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მიღებულია განჩინება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იმსჯელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, ე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1282 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
2. არ დაკმაყოფილდეს №1282 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, იმ ნორმატიული შინაარსის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი