საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1268 |
ავტორ(ებ)ი | დიანა შამანიდი |
თარიღი | 26 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი | 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ემუხლის 41 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი:
1. ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
2. "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დიანა შამანიდი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
3. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს;
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #1/3/512 გადაწყვეტილება და 2014 წლის 24 ივნისის #№1/2/563 განჩინება), თუმცა საქართველოს პარლამენტმა 2017წლის 16 ივნისს მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობილი აქტების იდენტური შინაარსის მქონე ნორმა;
5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებულ საკუთრების უფლებას;
6. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა;
7. არ არსებობს ზემდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის შესწავლის გარეშეც შეუძლებელია სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე დიანა შამანიდი წარსულში გახლდათ საქართველოს მოქალაქე, თუმცა, საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების შემდგომ დაკარგა აღნიშნული სტატუსი.
დიანა შამანიდის მშობლები, რომლებიც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, გარდაცვლილები არიან. მათი პირველი რიგის მემკვიდრე შვილია. მოსარჩელემ მშობლების კუთვნილი მიწის საკუთარ მემკვიდრეობად დარეგისტრირების მიზნით მიმართა საქართველოს საჯარო რეესტრს, თუმცა, საბუთების ჩაბარებაზე მიიღო ზეპირსიტყვიერი უარი სადავო ნორმაზე მითითებით. შესაბამისად, მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლება იზღუდება სწორედ სადავო ნორმით.
სადავო ნორმა ადგენს, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერდეს ამ კანონის („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. აღნიშნული მე-4 მუხლი მიწაზე საკუთრების უფლების მქონე პირთა წრეს განსაზღვავს, კერძოდ, “ბ” პუნქტი შეეხება მათ შორის უცხოელ ფიზიკურ პირებს. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი ხდის უცხოელებს, მათ შორის მოსარჩელეს, საქართველოში საკუთრების მქონე უფლებამოსილ სუბიექტებად. სადავო ნორმით აღნიშნული უფლება შეჩერებულია. დროში შეჩერება ზოგჯერ არ ამცირებს უფლებაში ჩარევის ინტენსივობას, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის, რადგან დროებითობა ამ შემთხვევაში გამოყენებულია სრულ აკრძალვამდე. კანონმდებელმა გამონაკლისი გარდამავალი ვადაც კი არ დაადგინა.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უცხოელი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებს. პარლამენტისა და მთავრობის წევრების ღიად დაფიქსირებული პოზიციით, კონსტიტუციის პროექტის მიხედვით კი ძალიან ცალსახაა, რომ ამ უფლებას მოსარჩელე მხარე ვერც შემდგომ განახორციელებს.
აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომელიც იცავს როგორც საკუთრების შეძენის უფლებას, ასევე მემკვიდრეობას და საკუთარი ქონების თავისუფლად მართვის გარანტორია. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული უფლებებისა და მათი უცხოელებისთვის “კუთვნილებაზე” არათუ ერთხელ, არამედ ორჯერ იმსჯელა.
პირველად საკონსტიტუციო სასამართლომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ამ სასარჩელო მოთხოვნისთვის რელევანტურ ჩანაწერზე 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილებაში იმსჯელა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გააუქმა რა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების მხოლოდ საართველოს მოქალაქეებზე შემოსაზღვრა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 44-ე აბზაცში აღნიშნა, რომ «კონსტიტუციის 21–ე მუხლით გარანტირებული უფლება ეკუთვნის ყველას... თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს გაგება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების სუბიექტის დასადგენად მოქალაქეობის ვიწრო კრიტერიუმის გამოყენებას. თანამედროვე სახელმწიფო ამ კონტექსტში ტერიტორიულ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება. აქედან გამომდინარე, ინდივიდის განხილვა საკუთრების უფლების სუბიექტად უკავშირდება იმ უბრალო ფაქტს, რომ იგი ადამიანია და არ არის დამოკიდებული მის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე”.
მეორეჯერ აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მსჯელობა 2014 წლის 24 ივნისის #1/2/563 განჩინების ფარგლებში მოუწია. ამ სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ადგენდა, რომ “2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებულია ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება”. ანუ მათიას ჰუტერის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმა სწორედ იმ უფლებას ზღუდავდა 2014 წლის ბოლომდე, რომელსაც მოსარჩელის მიერ ამ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმა პრაქტიკულად გაურკვეველი პერიოდით აჩერებს. მაშინ სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის განმარტებით ბარათში მითითებული მიზნები არსებითად იგივე იყო, რაც არ ცვლიდა კანონის მიზნებს. სასამართლომ განჩინებით ძალდაკარგულად ცნო სადავო ნორმა, რადგან მიიჩნია, რომ მისი #512-ე გადაწყვეტილებით გაუქმებული ნორმების იდენტური შინაარსის იყო.
ამ სარჩელის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმის განმარტებითი ბარათის მიზნებიც არსებითად იგივეა. ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნები თითქმის არ შეცვლილა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ვერც ამჯერად იქნება განხილული იმ სამართლებრივ საშუალებად, რომლითაც შესაძლოა მიღწეულ იქნას დასახელებული ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზნები. ბარათში მითითებულია, რომ ჩამოყალიბდება 21-ე მუხლის ახალი რედაქცია.
როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, უცხოელებს სწორედ 21-ე მუხლის ახალი რედაქციით სავარაუდოდ პერმანენტულად შეეზღუდებათ საკუთრების უფლება, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლომ უმოკლეს ვადებში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი, რათა მოსარჩელის და მის მდგომარეობაში მყოფ პირთა ბუნებითი - საკუთრების უფლება, მათი ნაღვაწი არ დარჩეს ლიტონ შრომად.
გარდა ამისა, მოსარჩელეს გააჩნია ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი საქართველოსთან, რადგან სწორედ აქ გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, აქ ჰყავს მეგობრები, ნათესავები და მომავალში სურს სწორედ აქ შეიძინოს კიდევ სხვა ქონება (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწა) გარდა მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწისა. სადავო ნორმა მას ამ უფლებასაც უზღუდავს. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშული გადაწყვეტილებითა და განჩინებით სრულიად განსხვავებული, კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისი სტანდარტები დადგინდა, მოსარჩელე ვერ იღებს საკუთარი მშობლების მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას და ვერ ხდება შემძენი სხვა - მისთვის სასურველი და კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა.
არ არსებობს გარემოებები, რომლებიც არსებითად განასხვავებდა სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით და 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმებისგან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები, მიზნების მისაღწევად გამოყენებული სამართლებრივი საშუალება და მოსარჩელისთვის გამოწვეული სამართლებრივი შედეგები არის არსებითად მსგავსი. შესაბამისად, შუამდგომლობს რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის 41 პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და საქმის არსებითად განხილვის გარეშე ცნოს სადავო ნორმა დამძლევად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა