საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1267,1268 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ნოემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2018 13:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელებით მომართეს საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა - პროკოპი სავვიდმა (რეგისტრაციის №1267) და დიანა შამანიდმა (რეგისტრაციის №1268). №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის პირველ ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 30 ივლისს.
2. 2018 წლის 12 ოქტომბერს №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებზე („საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მომხსენებელმა მოსამართლემ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, №01/02-5 შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/1/1267,1268 განჩინებით არ დააკმაყოფილა სასამართლოს წევრის შუამდგომლობა და საქმე განსახილველად დაუბრუნა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
3. №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია ამავე კანონის იმ დებულების მოქმედება, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლებას ანიჭებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს და ხელშეუვალად აცხადებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დასახელებულ უფლებათა შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ეს სტატუსი საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების შედეგად დაკარგეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე ვერ ახერხებენ საკუთრებაში დაირეგისტრირონ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და მათზე არსებული ქონება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პრობლემურია არა მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების შეძენის უფლების შეზღუდვა, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის აკრძალვა.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით შეჩერებულია იმ საკანონმდებლო დებულების მოქმედება, რომელიც უცხოელს აღიარებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე უფლებამოსილ სუბიექტად. მოსარჩელეებს ეზღუდებათ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შეძენა, არამედ შეზღუდული აქვთ, აგრეთვე მემკვიდრეობით მიღებული ამგვარი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობაც.
8. მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, ცხადად არის დაფიქსირებული კანონმდებლის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მიზანი, რომ უცხოელებმა ვერ ისარგებლონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის ვადა გამოყენებულია მის სრულ აკრძალვამდე. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას, ვინაიდან კანონმდებლობით არ მომხდარა რაიმე გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებაც კი.
9. მოსარჩელე მხარე იშველიებს სადავო ნორმის განმარტებით ბარათს და აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიღების მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეებზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტურია. ამასთან, სადავო ნორმა ტექსტობრივად იმავე ფორმულირებით არის მოცემული, როგორიც იყო „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებული №1/2/563 განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმაში.
10. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებისა და განჩინების დამძლევი ნორმა და ის ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი საქმის განხილვის განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში. იმავდროულად, არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც საკითხზე მოითხოვდა დამატებით არსებითი განხილვის ფორმატში მსჯელობას.
11. იმავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმაზე მსჯელობისას მას მხოლოდ მოქმედ კონსტიტუციასთან მიმართებით იხილავს. კანონმდებლობა სასამართლოს არ ავალდებულებს, მხედველობაში მიიღოს და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს კონსტიტუციის იმ რედაქციას, რომელიც საქმის განხილვის დროს არ არის მოქმედი. მოსარჩელის აზრით, ამგვარი მიდგომით, საკონსტიტუციო სასამართლო განახორციელებდა გაუმართლებელ თვითბოჭვას.
12. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში უცხოელთა საკუთრების უფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი უფლებების გავრცელების საკითხს არეგულირებს. მოსარჩელის აზრით, თითოეული კონსტიტუციური დებულება, ძირითადი უფლებისა თუ თავისუფლების დამდგენი ნორმა თავად განსაზღვრავს საკუთარი მოქმედების სუბიექტთა წრეს და მასზე გავლენა ვერ ექნება კონსტიტუციის 47-ე მუხლს.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
14. მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დამდგენი კონსტიტუციური დებულება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსი და დაადგინა, რომ იგი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს მოქალაქეების ან მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამავდროულად, ეს კონსტიტუციური ცვლილება არ ქმნის უცხოელებისათვის საკუთრების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველს, ვინაიდან ითვალისწინებს შეზღუდვიდან გამონაკლისების დაწესების შესაძლებლობას ორგანული კანონით. უშუალოდ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა კი, ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს მის საკანონმდებლო მოწესრიგებას გარდამავალ პერიოდში შესაბამისი ორგანული კანონის მიღებამდე.
15. მოპასუხის მტკიცებით, იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების სრულყოფილი რეალიზაცია მოხდეს, აუცილებელია, ორგანულ კანონში გაიწეროს არა სრული აკრძალვა უცხოელებისთვის, არამედ გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც დააზღვევს ამ კატეგორიის მიწების უცხოელების მიერ შესყიდვასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების მომენტისთვის, სადავო ნორმის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, თავად კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედება გამხდარიყო საფუძველგამოცლილი.
16. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანო კვლავაც იზიარებს იმ ლეგიტიმურ მიზნებსა და მათ მნიშვნელობას, რომელიც გააჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს. სწორედ ეს პოლიტიკური ნება იქნა გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ჩამოყალიბებისას. კერძოდ, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.
17. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა დამძლევი და აღნიშნავს, რომ, მართალია, ნორმა ზღუდავს იდენტურ კონსტიტუციურ უფლებას, მსგავსია მისი მოქმედების სამართლებრივი შედეგიც, თუმცა სახეზეა საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებით გამოწვეული არსებითად შეცვლილი სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოითხოვს საკითხზე არსებით მსჯელობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სადავო ნორმის დამძლევ ნორმად მიჩნევისა და განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებში დავის საგანია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასახელებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრას. კერძოდ, უნდა დადგინდეს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებით, წარმოადგენს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საკუთრების უფლების სრულუფლებიან სუბიექტს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ საკითხთან მიმართებით აქვს ჩამოყალიბებული პრაქტიკა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ „კონსტიტუციის 21–ე მუხლით გარანტირებული უფლება ეკუთვნის ყველას და კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს, მათ შორის მოქალაქეობის ნიშნით. ... აქედან გამომდინარე, ინდივიდის განხილვა საკუთრების უფლების სუბიექტად უკავშირდება იმ უბრალო ფაქტს, რომ იგი ადამიანია და არ არის დამოკიდებული მის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უცხოელი მოქალაქე წარმოადგენს საკუთრების უფლების ისეთსავე სრულფასოვან სუბიექტს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქე.
3. პირველი კოლეგიის 2 წევრი, მერაბ ტურავა და ევა გოცირიძე, არ ეთანხმება №3/1/512 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მისი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკუთრების ობიექტს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს როგორც მცირემიწიან სახელმწიფოს, უმნიშვნელოვანესია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნებისმიერი მასთან დაკავშირებული რეგულაციის კონსტიტუციურობის განხილვისას, სრულად იქნეს გააზრებული და გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მნიშვნელობა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული ინტერესები.
4. სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან მიმართებით, საკუთრების კონსტიტუციური უფლება, თანაბარი მოცულობითა და შინაარსით არ უნდა ვრცელდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. იმავდროულად, თავად უცხოელებთან მიმართებითაც არსებობს გარკვეული განსხვავებული სტანდარტების ჩამოყალიბების საჭიროება. კერძოდ, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უცხოელის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის, აგრეთვე მათი სახელმწიფოს მიმართ სამართლებრივი ვალდებულებების არსებობისა და ამ კავშირის ბუნების შეფასება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრები - მერაბ ტურავა და ევა გოცირიძე მიიჩნევენ, რომ №1267 და №1268 სარჩელებზე მიღებული უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/1/512 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის 2 წევრის მხარდაჭერა საკმარისია კონსტიტუციური სარჩელის (ან/და სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის შესახებ შუამდგომლობის) დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად, თუმცა, №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების შემთხვევაში, ხსენებული გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/1/512 გადაწყვეტილებაში გამოხატული პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ... იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“. კანონის ხსენებული დანაწესი ემსახურება თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკის უზრუნველყოფას და, ერთი მხრივ, გამორიცხავს კოლეგიის მიერ ადრე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, აღჭურავს კოლეგიას, პრაქტიკის შეცვლის მიზნით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის უფლებამოსილებით.
7. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მან მხარი უნდა დაუჭიროს საკითხის იმ გადაწყვეტას, რომელსაც იზიარებს და შეზღუდული არ არის სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში გამოხატული პოზიციით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება ვერ აიძულებს მოსამართლეს თავისი პოზიციის შეცვლას, ხოლო, თუ მისი პოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდება, იგი უფლებამოსილია, საქმის გადაწყვეტისას გამოთქვას განსხვავებული აზრი.
8. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმის განხილვისას მივა დასკვნამდე, რომ მან უნდა მიიღოს უკვე არსებული პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იგი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია, საქმე განსახილველად პლენუმს გადასცეს, ხოლო პლენუმი ვალდებულია, განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინების მიღება ხდება მოსამართლეთა იმავე კვორუმით, რომელიც საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატული პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის (ან/და სადავო ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის შესახებ შუამდგომლობის) დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად ანუ სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია კოლეგიის ორი წევრის მხარდაჭერა. შესაბამისად, სწორედ ამ კვორუმით უნდა მოხდეს საქმის პლენუმისათვის გადაცემის განჩინების მიღებაც.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხთან დაკავშირებით, მისი პოზიცია განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან და საქმეს განსახილველად გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები („საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი