დავით ჯაოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1769 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი 2023 20:43 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: დავით ჯაოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ხოლო დაარქივება - უვადოდ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1769) მომართა დავით ჯაოშვილმა. №1769 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 15 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.
2. №1769 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის თანახმად, სამინისტრო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა აღრიცხვის მონაცემებს ამუშავებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე. აღნიშნული მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება ნასამართლობის მოხსნამდე/გაქარწყლებამდე, ხოლო დაარქივება ხდება უვადოდ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.
5. №1769 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე დავით ჯაოშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის განაჩენის საფუძველზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ნასამართლობის მოხსნის/გაქარწყლების მიუხედავად, სადავო რეგულირების საფუძველზე, ხდება დასახელებული ინფორმაციის შენახვა დაარქივებული სახით, უვადოდ.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა აღრიცხვის მონაცემების უვადოდ შენახვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა მდგომარეობდეს უმართლობის ჩადენის შემთხვევებზე ეფექტიან, ქმედების ინტენსივობის შესაბამის რეაგირებაში. მოსარჩელის აღნიშვნით, სახელმწიფოს ესაჭიროება პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა, რათა უზრუნველყოს ნასამართლობის პერიოდში ჩადენილი ახალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ განსხვავებული სანქციის გამოყენება. თუმცა მოსარჩელე მხარის პოზიციით, მიუხედავად ლეგიტიმური მიზნის არსებობისა, მართლწესრიგისა და საზოგადოების დაცვის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულებისას, სახელმწიფო არ მოქმედებს შეუზღუდავად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა აღრიცხვის მონაცემების უვადოდ შენახვა წარმოადგენს პირის უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას. კერძოდ, სადავო რეგულირება იწვევს პირის სტიგმატიზებას და არღვევს მის უფლებას, ჩადენილი დანაშაულისთვის, პასუხისგების შემდგომ, ისარგებლოს რეაბილიტაციის უფლებით, უსაფუძვლო დიფერენცირებისგან თავისუფალ გარემოში.
7. მოსარჩელის აღნიშვნით, პირის პერსონალური მონაცემების ფლობა სახელმწიფოს მიერ, არასანქცირებული წვდომისა და არამიზნობრივი გამოყენებისაგან მისი დაცულობის ხარისხის მიუხედავად, ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკს, მონაცემები დამუშავდეს ისე, რომ მოახდინოს სუბიექტის მიმართ სხვადასხვა ურთიერთობაში სახელმწიფოს დამოკიდებულების განსაზღვრა. ასეთი შეზღუდვა წარმოადგენს პირის სტიგმატიზებისა და, გარკვეულ შემთხვევაში, მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის საფრთხის წარმოშობის წყაროს. მითითებული რისკები იზრდება მაშინ, როდესაც პერსონალური მონაცემები შეეხება პირის სამართლებრივ გადაცდომას. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, ჩადენილი ქმედების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფოს ხელთ არსებობა, თვით ამ მონაცემების სუბიექტს უქმნის განწყობას, რომ, მიუხედავად პასუხისმგებლობის მოხდისა, იგი რჩება სახელმწიფოს წინაშე მუდმივად სამართალდამრღვევად, რაც, თავისთავად, ართულებს პირის მორალურ რეაბილიტაციას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის იმ სიტყვებს, რომლებიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა აღრიცხვის მონაცემების, დაარქივებული სახით, უვადოდ შენახვის წესს. მოსარჩელის პოზიციით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვა აბრკოლებს პირის რეაბილიტაციას და შეიცავს ამ პირის სტიგმატიზების საფრთხეს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნასამართლობის მოხსნის/გაქარწყლების შემდგომ, ამგვარი ინფორმაცია უნდა იშლებოდეს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის პოზიციით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარება უზოგადესი უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურ–სამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ მის საფუძველზე იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების ის ასპექტები, რომლებიც არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა დებულებებით.
5. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი განამტკიცებს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. კონსტიტუციის მოქმედ არქიტექტურაში, პირადი ცხოვრების უფლების ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც არ უკავშირდება ქმედების ზოგად თავისუფლებას და, შესაბამისად, არ არის დაცული კონსტიტუციის მე-12 მუხლით, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის №2/5/1666 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი ფუტკარაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-21).
6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე დავობს პირადი ცხოვრების იმ უფლებრივ კომპონენტზე, რომელიც ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, შეინახოს პირის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, მოსარჩელე მხარე დავობს არა პირის ქმედების თავისუფლების ასპექტზე, არამედ სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებზე, შეინახოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირთა აღრიცხვის მონაცემები. შესაბამისად, ნათელია, რომ პირადი ცხოვრების კონსტიტუციური გარანტიის ის უფლებრივი ასპექტი, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, დაცულია სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით და არ წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის ჭრილში, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებასთან მიმართებით შეაფასებს. ამდენად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1769 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ხოლო დაარქივება - უვადოდ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1769 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1769 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ჯაოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ხოლო დაარქივება - უვადოდ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1769 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ჯაოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 ბრძანებით დამტკიცებული დანართის „სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადები“ მე-8 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ხოლო დაარქივება - უვადოდ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
3. №1666 და №1769 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში