საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1802 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 6 ნოემბერი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. | კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტი. | კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კერძოდ:
2022 წლის 6 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს №1701 კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც ვასაჩივრებდით „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №5 დანართის - „12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენებათა ჩამონათვალის“ „ა“ პუნქტს. სადავო ნორმის თანახმად „ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენებებს, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან, წარმოადგენს: ა) ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად.“
დასახელებული სამართლებრივი ნორმა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს. სწორედ აღნიშნული სავალდებულო საფუძველი ქმნის პრობლემას, რადგან საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ 22 კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ სავალდებულო საფუძვლის - გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით. მართალია დასახელებული ნორმა, კანონით დადგენილი ზოგადი აკრძალვიდან ადგენს უფლებააღმჭურველ წესს ქალებისთვის, რომელთა მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ორსულობის 22 კვირამდე ვადაში, თუმცა იგივე ნორმა ატარებს უფლებამზღუდავ შინაარსსაც იმ ქალებთან მიმართებით, რომელთა საქმეზეც სამართალწარმოება სრულდება 22 კვირის შემდეგ. ამასთან, აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ერთადერთ ნორმას, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუპატიურების შედეგად ორსულობას, როგორც სოციალურ ჩვენებას და აბორტის საფუძველს განსაზღვრავს. შესაბამისად, სწორედ დასახელებულ ნაწილში დავინახეთ ნორმის მზღუდავი შინაარსი და №1701 კონსტიტუციური სარჩელით მოვითხოვეთ მისი არაკონსტიტუციურად ცნობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 11 მაისის №2/7/1701 განჩინებით არ მიიღო №1701 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად, არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ №1701 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა უფლების მზღუდველ წესს არ განსაზღვრავს. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმას გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა მიმართ გააჩნია მხოლოდ უფლებააღმჭურველი შინაარსი და უშვებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი უფლებამზღუდავი წესისგან გამონაკლისს, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დადგინდება, რომ ორსულობა გაუპატიურების შედეგია.[1] სასამართლოს განმარტებით, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა გამომდინარეობს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზოგადი აკრძალვიდან. სასამართლომ №1701 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა არ მიიღო არსებითად განსახილველად და შესაბამისად, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის მიზნებისთვის, არც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საჭიროების კონსტიტუციურობა გადაუწყვეტია.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, წინამდებარე სარჩელით სადავოდ ვხდით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებს, რომლებშიც სასამართლომ ამოიკითხა ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული უფლების მზღუდავი შინაარსი.[2]
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, მე-12 მუხლით და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №2/7/1701 განჩინება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-6-8;
[2] იქვე, II-5;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
პრობლემის არსი
სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ქალები დადგენილი ვადის მიღმა ორსულობის შეწყვეტისასსაკანონმდებლო დაბრკოლებას აწყდებიან.[1] პრობლემურია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული 12 კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ არის შესაძლებელი.[2] სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ხანგრძლივობა, როგორც წესი აღემატება ორსულობის ვადას, შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელია კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში გაიკეთონ აბორტი. ქალთა თანასწორუფლებიანობის მხრივ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. ამ ვითარებაში მყოფი ქალისთვის ორსულობის შეწყვეტაზე უარი, შესაძლოა, დამატებით ფსიქოემოციური სტრესის და სოციალური სტიგმის წყარო გახდეს.[3]
სადავო წესის ზოგადი შეფასება
სახელმწიფო, ქალთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხო დედობის უზრუნველსაყოფად, ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვის და უსაფრთხო აბორტის მიზნით, განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს და ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოს არასასურველი ორსულობის თავიდან არიდებისა და აბორტის შესახებ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების უზრუნველსაყოფად.[4]
საქართველოში, აბორტისთვის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს ქმნის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებს რეპროდუქციის სფეროში, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო.[5]
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით, თუ ორსულობის ვადა არ აღემატება 12 კვირას.[6] ამავე კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების არსებობისას.[7]
აღნიშნული ჩვენებების ჩამონათვალი განსაზღვრულია „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით, რომლის შესაბამისად, 12-დან 22 კვირის ვადაში, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სოციალურ ჩვენებებს წარმოედგენს, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა, ან თუ პაციენტის ასაკი 15 წელს ქვევითაა ან 49 წელზე მეტია.[8] 22 კვირის შემდეგ აბორტი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და მხოლოდ სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით. 22 კვირის შემდეგ არასამედიცინო მიზეზებით ორსულობის შეწყვეტა აკრძალულია.[9] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით უკანონო აბორტი წარმოადგენს დასჯად ქმედებას.[10]
ამავე ბრძანებით, განსაზღვრულია სხვდასხვა ვადის ორსულობაზე დასაშვები აბორტის ფორმა, აბორტის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისთვის შესაბამისი სპეციალიზაციის არსებობა, ხოლო ექიმისთვის შესაბამისი სერტიფიცირების ქონა. უსაფრთხო აბორტის უზრუნველყოფის მიზნით, რაც უფრო იზრდება ორსულობის ვადა, მით უფრო იმატებს სამედიცინო დაწესებულებისთვის და ექიმისთვის დადგენილი მოთხოვნები: მაგალითისთვის, 7 კვირამდე (ჩათვლით) ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით (მანუალური ან ელექტრული ვაკუუმ-ასპირაცია) შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული ტიპის სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.[11] 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.[12] 10 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.[13] 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ.[14]
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრძანების შესაბამისად, სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალის „სოციალური ჩვენების“ დასადასტურებლად, აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების N5 დანართის „ა“ პუნქტის მიხედვით, გაუპატიურების შედეგად დამდგარი 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისთვის აუცილებელია არსებობდეს სასამართლოს შესაბამისი განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნება ორსული ქალის გაუპატიურების ფაქტი. განაჩენის არ არსებობის შემთხვევაში კი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვიდან გამომდინარე, გაუპატიურების მსხვერპლს 12 კვირის შემდეგ აღარ აქვს ლეგალურ აბორტზე წვდომა.
საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიუთითა,[15] რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, როგორც ორსულობის შეწყვეტის წინაპირობად განხილვა, გონივრულობას არის მოკლებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაზარალებულად ცნობა, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა გადააჭარბოს არამხოლოდ აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ ვადას, არამედ ორსულობის მთლიან ვადასაც კი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი, სექსუალური ძალადობის ფაქტიდან დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოს და გამოძიება მყისიერად დაიწყება, პროცესის 22 კვირაზე მეტი ვადით გაგრძელების რისკი მაინც რჩება. ვინაიდან, დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება პოლიციისა და პროკურორების მხრიდან მოითხოვს საქმის ყოვლისმომცველ ანალიზს, ყველა გონივრული ნაბიჯის გადადგმას, შესაძლო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისა და მათი დაცვის მიზნით (ეს გულისხმობს შესაბამისი ფაქტების დადგენას, ყველა მოწმის გამოკითხვას და დაზარალებულის თანხმობით სასამართლო ექსპერტიზისა ან სხვა კვლევების ჩატარებას). მხედველობაშია მისაღები, რომ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ.[16] გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზა შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს. თავის მხრივ, პირის დაკავებიდან ან ბრალდებულად ცნობიდან (თუ ის არ დაუკავებიათ) წინასასამართლო სხდომის გამართვის მაქსიმალურ ვადად კანონმდებლობით განსაზღვრულია 60 დღე,[17] რომელსაც პრაქტიკაში სასამართლოები სრულად იყენებენ. ამასთან, შესაძლებელია აღნიშნული ვადა სასამართლოს მიერ გაგრძელდეს. საბოლოოდ კი სასამართლომ უნდა შეაფასოს ყველა ფაქტობრივი გარემოება, წარდგენილი მტკიცებულებები და მათ საფუძველზე მიიღოს განაჩენი, რომელითაც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ, რაც ობიექტურად მოითხოვს დროის ხანგრძლივ პერიოდს.
ამგვარი პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობას, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მყისიერად მიმართვის ხელშემშლელი/შემაფერხებელი მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ტრადიციული/კონსერვატიული შეხედულებების მქონე საზოგადოებში მცხოვრები ქალებისათვის.[18] ძალადობიდან მოკლე პერიოდში, ხშირად, მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. რაც დამატებითი, შემაყოვნებელი ფაქტორია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ზემოაღნიშნული შემაფერხებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა - პარტნიორის, ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან. კვლევების მიხედვით, პარტნიორი/ქმარი ხშირად მსხვერპლს ემუქრება, უზღუდავს გადაადგილებას, სერვისებზე წვდომას, რის გამოც, მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაკითხოს შესაბამის სერვისებს. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე განგრძობითი ძალადობა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, როდესაც მსხვერპლი, სახვადასხვა ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე. დასახელებული კვლევის თანახმად, შესწავლილი შემთხვევების უმეტესობა ეხებოდა, სწორედ ოჯახის წევრის ან ახლობლის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რამაც არასასურველი ორსულობა გამოიწვია. ყველა ამ შემთხვევაში, დაზარალებულმა ქალებმა ორსულობა გაამჟღავნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ვიზუალურად გამოიკვეთა.[19]
ასევე საგულისხმოა, რომ, მაგალითად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, პირველი 12 კვირის დროს, მსხვერპლი შესაძლებელია საერთოდ ვერ მიხვდეს ორსულად რომ არის. მართალია ჩვენი კანონმდებლობა, როგორც გამონაკლის შემთხვევას განიხილავს 15 წლამდე ბავშვის ორსულობას, მაგრამ, ეს პრობლემა შეიძლება შეექმნას 16-17 წლის გოგონებსაც, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ორსულობის ნიშნების თაობაზე. ორსულობის დაგვიანებით აღმოჩენა, სრულწლოვან ქალებშიც ხშირია, თუ ქალს აქვს გინეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ მენსტრუალური ციკლის დარღვევა. გარდა, ამისა გადატანილი სტრესის ფონზე ხშირად ირღვევა მენსტრუალური ციკლი, რის გამოც შესაძლოა მსხვერპლმა ეჭვიც ვერ შეიტანს ორსულობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, გადატანილი ტრავმის ფონზე, ასევე უქვეითდება განცდები, ხდება საკუთარი სხეულისგან მისი გაუცხოება, ასეთ შემთხვევაში, ხშირად, იგი ემოციურად უარყოფს რეალობას, რომ ის ორსულადაა.[20]
მხედველობაშია ასევე მისაღები, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული იმ ქალების მდგომარეობაც, რომლებიც, მაგალითად, იგივე რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ზოგადად აბორტის მოწინააღმდეგენი არიან. ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეთ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ გარემოებების საფუძველზეა შემუშავებული მოქმედი ქართული კანონმდებლობაც, რომლიც 12 კვირის შემდეგ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად, სწორედ გაუპატიურების შედეგად დამდგარ ორსულობას ითვალისწინებს.
ამ მხრივ კი, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოში, პირველ ინსტანციის სასამართლოების არსებული პრაქტიკა: 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში მიღებული განაჩენების[21] თანახმად, მაგალითად, სქესობრივი დანაშაულის, კერძოდ გაუპატიურების (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება) დანაშაულზე გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ 4 თვიდან 19 თვემდე გრძელდება.[22] კერძოდ, 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 4 თვეა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი), ხოლო ყველაზე დიდი დრო - 1 წელი და 7 თვე (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი). თუმცა, საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 6 თვიდან 9 თვემდე პერიოდში.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის განახლებული სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენის მიზნით, სახალხო დამცველმა ასევე შეისწავლა 2021-2022 წლებში მომხდარი გაუპატიურების დანაშაულებზე პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისა და განაჩენის მიღების ვადები. აღსანიშნავია, რომ გაუპატიურების დანაშაულში ბრალდებული პირის როგორც გამართლების, ისე დამნაშავედ ცნობის შემთხვევებში, საქმის განხილვის ვადები ერთგვაროვანია. გაუპატიურების (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება) დანაშაულზე გამოძიება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საშუალოდ 3,5 თვიდან 21 თვემდე გრძელდება. კერძოდ, 2021-2022 წლებში, გაუპატიურების დანაშაულზე საერთო სასამართლოების მიერ მიღებული განაჩენებიდან ყველაზე მოკლე დრო, რაც გაუპატიურების ფაქტიდან სასამართლოს განაჩენის მიღებას დასჭირდა 3 თვე და 17 დღეა (სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N1/57 განაჩენი[23]), ხოლო ყველაზე დიდი დრო - 20 თვე და 13 დღეა (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის N1/258-2020 განაჩენი[24]).
თუმცა, საქმეების უმრავლესობაში, სასამართლომ განაჩენი მიიღო 8 თვიდან 9 თვემდე პერიოდში: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის N1-925/22 განაჩენი (გაუპატიურების ფაქტიდან განაჩენის მიღებამდე ვადა - 8 თვე და 16 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის N1-85/23 განაჩენი (10 თვე, ბრალდებული გამართლდა); ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის N1-977/21 განაჩენი (9 თვე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის N1-1241/22 განაჩენი (8 თვე და 18 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის N1/10-22 განაჩენი (დაახლოებით 11 თვე, ბრალდებული გამართლდა); ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის N1/385-21 განაჩენი (5 თვე და 19 დღე, ბრალდებული გამართლდა.); ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის N1/301-22 განაჩენი(8 თვე და 25 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ივლისის N1/277-22 განაჩენი (1 წელი და 15 დღე, გამართლდა.); გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის N1/861-22 განაჩენი (8 თვე და 7 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის N1/346-2022 განაჩენი (8 თვე და 17 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის N1/4-2023 განაჩენი (3 თვე და 25 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.); ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის N1/517-2022 განაჩენი (9 თვე, ბრალდებული გამართლდა); რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 მაისის N1-772-22 განაჩენი (8 თვე და 19 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის N1-479-22 განაჩენი (8 თვე და 15 დღე, ბრალდებულიდამნაშავედ ცნო); რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის N1-606-21 განაჩენი (10 თვე და 20 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის N1-692-22 განაჩენი (8 თვე და 20 დღე, ბრალდებული გამართლდა); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თავმჯდომარეობით, 2023 წლის 31 მარტის N1/983-22 განაჩენი (9 თვე, ბრალდებული გამართლდა). სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის N1/140-22 განაჩენი (8 თვე და 2 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის N1/170-20 განაჩენი (დაახლოებით 9 თვე, გამართლდა). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის N1/807-21 განაჩენი (3 თვე და 10 დღე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს[25] 2021 წლის 8 ივლისის N1-102-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 6 თვე და 13 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის N1-1388-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 9 თვე და 20 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის N1-1651-21 განაჩენი - (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 15 თვე და 16 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 სექტემბრის N1-1894-21 განაჩენი - (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 8 თვე და 4 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის N1-2266-21 განაჩენი - (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 6 თვე და 2 დღე, საქმე შეწყდა შეურაცხადობის გამო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის N1-2355-21 განაჩენი - (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 8 თვე და 4 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის N1-2463-21 განაჩენი - (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 7 თვე და 17 დღე, დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 იანვრის N1-2516-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 8 თვე და 23 დღე, გამართლდა); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის N1-2626-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 8 თვე და 16 დღე, გამართლდა); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის N1-2744-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 20 თვე და 8 დღე, გამართლდა); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის N1-3298-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე 7 თვე და 14 დღე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის N1-3379-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე 9 თვე, დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის N1-3991-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე 7 თვე და 12 დღე, გამართლდა); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის N1-4327-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 5 თვე და 21 დღე, საქმე შეწყდა შერაცხადობის გამო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისს N1-4501-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე 8 თვე და 27 დღე, დამნაშავედ ცნო); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის N1-4815-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 10 თვე და 25 დღე, დამნაშავედ ცნო).
განაჩენის მიღების ვადა არ იცვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მსხვერპლი არასრულწლოვანია: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილის N1-4783-22 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე 8 თვე და 24 დღე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის N1-5459-22 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე 7 თვე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი).
სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადები შედარებით მცირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის N1-2734-21 განაჩენი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 2 თვე, ბრალდებული წარმოადგენდა არასრულწლოვანს); თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის N1-3859-21 განაჩენი (გაუპატიურების მცდელობა, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან განაჩენის მიღებამდე - 3 თვე და 6 დღე, ბრალდებული წარმოადგენდა არასრულწლოვანს);
2021-2022 წლის გაუპატიურების დანაშაულზე არსებული პრაქტიკაც ადასტურებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისთვის საჭირო ვადები იმდენად ხანგრძლივია, რომ უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი ხდება გაუპატიურების მსხვერპლმა შეძლოს კანონმდებლობით დასაშვებ ვადაში ისარგებლოს აბორტის უფლებით.
აღნიშნულ პრობლემაზე საერთაშორისო გამოცდილებაც მიგვითითებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) განმარტავს, რომ გაუპატიურების დადასტურების მოთხოვნა იწვევს შეფერხებას, რამაც, შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს აბორტის ლეგალური ვადის ზღვარს გადაცილება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ ორსულობის შეწყვეტისთვის, აღიკვეთოს არასამედიცინო აუცილებლობით გამოწვეული ხელის შემშლელი დაბრკოლებები. ის რეკომენდაციას უწევს, რომ სახელმწიფოებმა არ დააწესონ უსარგებლო ადმინისტრაციული თუ სამართლებრივი პროცედურები.[26]თუმცა, მხოლოდ პროცესის ხანგრძლივობა არ წარმოადგენს მსხვერპლი ორსული ქალის რეპროდუქციული უფლების რეალიზებისთვის ერთადერთ დაბრკოლებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე, ხაზს უსვამს მტკიცების ტვირთის მავნე ზემოქმედებას მსხვერპლ ქალებზე, რომელიც მოითხოვს მსხვერპლმა დაამტკიცოს გაუპატიურების ან ინცესტის არსებობა (მაგალითად, სასამართლოს ან პოლიციის აქტების საფუძველზე).[27]
სასამართლოს მეშვეობით გაუპატიურების ფაქტის მტკიცების გზით, ქალზე არ უნდა გადავიდეს დანაშაულის შედეგების გამო პასუხიმგებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ქალების დაუყოვნებლივი წვდომა აბორტის სერვისებზე გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევებში ქალის საჩივრის საფუძველზე და არა სასამართლო მტკიცებულების ან პოლიციის გამოძიების საფუძველზე.[28]
იმავე მიდგომის საჭიროებაზე საუბრობს CEDAW კომიტეტი (გაეროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოების მიერ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მოთხოვნების შესრულების მონიტორინგზე) და ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC), რომელებიც ასევე მოგვიწოდებენ, რომ გაუქმდეს სასამართლო ნებართვისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვაგვარი ანგარიშების მოთხოვნა, როდესაც საქმე გაუპატიურების შედეგად დამდგარ ორსულობას ეხება.[29]
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, ქალის მიერ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტისთვის აუცილებელ და ერთადერთ წინაპირობას არ უნდა წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი და მხოლოდ ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნებადართული აბორტი. შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით ვასაჩივრებთ გაუპატიურების შედეგად დამდგარი 12-დან 22-კვირამდე ვადის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის აკრძალვას, იმ შემთხვევაში როდესაც გაუპატიურების მსხვერპლ ქალს, გაუპატიურების შესახებ მიმართული აქვს შესაბამისი ორგანოსთვის, თუმცა სამართალწარმოება არ არის დასრულებული და სასამართლო განაჩენი ჯერ არ არის მიღებული.
თანასწორობის უფლება
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან მათი მოქმედების პირობებში თანაბარი მოპყრობაა დადგენილი არსებითად უთანასწორო პირებს შორის. ამასთანავე, სადავო წესი თანაბარ პირობებს უდგენს პირებს, რომლებიც არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან. კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ სადავო ნორმები ფორმალურად, დასაშვებად მიიჩნევს 12 კვირაზე მეტი ვადის სქესობრივი დანაშაულის შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას (12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია სოციალური ჩვენებების მიხედვით[30]), კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგება (სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის შემთხვევაში აბორტის გაკეთების აკრძალვა[31]) არაპირდაპირ გამორიცხავს იმ მსხვერპლი ქალების მისაწვდომობას აბორტზე ორსულობის 12 კვირის შემდგომ, რომელთა საქმეებზეც სამართალწარმოება არ დასრულებულა.
ფორმალურად, კანონმდებელმა სხვადასხვა შესაძლებლობები დაადგინა პირთა არსებითად უთანასწორობის გამო, კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ორსულ ქალებს შესაძლებლობა მისცა 12-დან 22 კვირამდე ვადაში გაიკეთონ აბორტი, მაშინ როდესაც იმ ორსულ ქალებს, რომლებიც ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის შედეგად დაორსულდნენ, მხოლოდ 12 კვირამდე ვადაში აქვთ აბორტის გაკეთების უფლება (გარდა გამონაკლისი სამედიცინო და სოციალური ჩვენებებისა). თუმცა, ფაქტობრივი მოცემულობით ამ ორ ჯგუფს შორის არის თანაბარი მოპყრობა დადგენილი - იმ შემთხვევაში თუ სასამართლო 22 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაორსულებული ქალის ლეგალური აბორტის ვადა უთანაბრდება 12 კვირას, სხვა ორსული ქალების მსგავსად. რადგან, კანონმდებლობა საგამონაკლისო შემთხვევას ავრცელებს მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენის არსებობისას და 12-დან 22 კვირამდე ვადაში ლეგალურ აბორტზე წვდომა ეზღუდება მსხვერპლებს, რომლებმაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ, თუმცა მათ საქმეზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება.
შესაბამისად, მიუხედავად ფორმალური ჩანაწერისა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალის განსაკუთრებულ სოციალურ საჭიროებებს და მის მიმართ, იმ პირების მსგავს მოპყრობას ადგენს, რომელთა ორსულობა სექსუალური ძალადობის შედეგად არ დამდგარა.
გარდა აღნიშნულისა, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან არსებითად თანასწორ პირებს შორის ადგენს უთანასწორო მოპყრობას. კერძოდ, ქალებს, რომლების გაუპატიურების შედეგად დაორსულდნენ და გააჩნიათ აბორტზე წვდომის არსებითად თანაბარი ინტერესი, ეპყრობა განსხვავებულად. კერძოდ, მხოლოდ იმ ქალებისთვის უზრუნველყოფს ლეგალურ აბორტზე წვდომის უფლებას, რომელთა მიმართაც 22 კვირის ვადაში დადგა სასამართლოს განაჩენი, ხოლო იმ ქალებს, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება ორსულობის 22 კვირის ვადაში არ სრულდება, აბორტზე წვდომის შესაძლებლობიდან გამორიცხავს.
ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ თავიანთ სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით.[32] როგორც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების გაეროს კომიტეტმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოცდილების გამო, აუცილებელია, რომ თანასწორობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში ყოველმხრივ და ფართოდ იყოს გაგებული.[33] სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა თავის თავში მოიაზრებს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საკითხსაც, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას, კი აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მსხვერპლი ქალის განსაკუთრებული სოციალური საჭიროებები, რათა მან შეძლოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლი.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობიდან გამომდინარე მოთხოვნილებები განსხვავდება, სხვა ორსული ქალების საჭიროებებისგან, მათ შორის, სოციალური ფაქტორების გამო. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბორტზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, ვინაიდან არაგონივრული პირობებით მსხვერპლი ქალის აბორტის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს მის იძულებას, არ შეწყვიტოს, მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად დამდგარ ორსულობა. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ქალების მიერ აბორტის სერვისებზე წვდომამდე სასამართლო ნებართვის მიღების მოთხოვნა შეიძლება იყოს „გადაულახავი დაბრკოლება“ ქალებისთვის. როდესაც გაუპატიურების მსხვერპლთათვის ხდება ასეთი სასამართლო ნებართვის გაცემის უარყოფა, ეს შეიძლება მიჩნეულ იყოს წამებად და არასათანადო მოპყრობად.[34]
აღსანიშნავია, რომ გაუპატიურება არ არის ქმედება, რომელიც უშუალო ძალადობის დამთავრებით სრულდება. ეს დანაშაული ღრმა კვალს ტოვებს მსხვერპლის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ემოციურ სტრესთან ერთად, ძალადობის ფაქტი გავლენას ახდენს მსხვერპლის მიმართ განსაზღვრული აზრის ჩამოყალიბებასა და აღქმაზე იმ საზოგადოებაში სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. გაუპატიურების მსხვერპლის მიმართ სტიგმა ბიძგს აძლევს მომავალში დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სოციალურ გარიყულობას. განსაკუთრებით მძიმდება ვითარება, როდესაც ქალები გაუპატიურების შედეგად ორსულდებიან, ვინაიდან ისინი გაუპატიურების მსხვერპლის სტატუსთან ერთად, დამდგარი ორსულობის გამო დამატებით სტიგმატიზაციას განიცდიან.[35]
ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, შესადარებელი პირები გამოვყავით ორ ჯგუფად. I ჯგუფში არსებითად უთანასწორო პირების მიმართ დადგენილია თანაბარი მოპყრობა, ხოლო II ჯგუფში არსებითად თანასწორი პირების მიმართ დადგენილია განსახვავებული მოპყრობა:
I. ჯგუფში შესადარებელი პირები: 1) ორსული ქალები, რომლთა ორსულობა ძალადობის შედეგია და 2) ორსული ქალები, რომელებიც არ წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, ორსულობის 12 კვირის შემდეგ აბორტზე წვდომის მიზნებისთვის წარმოადგენენ არსებითად უთანასწორო პირებს, თუმცა მათ მიმართ ფაქტობრივად დადგენილია ერთნაირი მოპყრობა;
II. ჯგუფში შესადარებელი პირები: 1) სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალები, რომელთაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ და მათ საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ორსულობის 22 კვირამდე ვადაში და 2) სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალები, რომელთაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ, თუმცა მათ საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ორსულობის 22 კვირამდე ვადაში, აბორტზე წვდომის უფლების მიზნებისთვის არიან თანასწორი პირები, თუმცა კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილია განსხვავებული მოპყრობა;
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.“[36]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს - პირიქით.“[37]
ზოგადად, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება იზღუდება, როდესაც კანონმდებელი დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს არსებითად თანასწორ პირებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ასევე გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლომ კანონმდებლის მიერ თანაბარი მოპყრობა თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად მიიჩნია,[38] ვინაიდან იგი არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ხორციელდებოდა. ამდენად, „თანასწორობის უფლების მიზანია, პირები აღჭურვოს მსგავსი უფლებებითა და ვალდებულებებით, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე დააბალანსოს მათი ბუნებიდან მომდინარე ფაქტობრივი უთანასწორობა და არსებითად უთანასწორო პირებს განსხვავებული უფლება-ვალდებულებები დაუდგინოს. (...) სასამართლომ უნდა შეაფასოს ერთნაირ მდგომარეობაში მყოფ პირებს რამდენად მისცა ერთნაირი შესაძლებლობები კანონმდებელმა ან/და ხომ არ უნდა მიეცა კანონმდებელს სხვადასხვა შესაძლებლობები პირთა არსებითად უთანასწორობის გამო.“[39]
სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, შესაძლებელია, რომ ძალადობის შედეგად დაორსულებულმა ქალმა (თუ ის არ არის 15 წელს ქვემოთ ან 49 წელს გადაცილებული ან არ აღენიშნება შესაბამისი სამედიცინო ჩვენება) ვერ გაიკეთოს აბორტი, სასამართლოს მიერ განაჩენის ორსულობის ვადის 22 კვირის შემდეგ მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განაჩენის მიღება მოხდება ორსულობის ვადის 22 კვირის შემდეგ, მსხვერპლი ორსული ქალი ვერ ისარგებლებს მისთვის ნებადართული აბორტის უფლებით და ფაქტობრივი უთანასწორობის მიუხედავად გაუთანაბრდება სხვა ორსულ ქალებს, რომლებიც ძალადობის შედეგად არ დაორსულებულან და მხოლოდ ორსულობის 12 კვირამდე ვადაში შეუძლიათ ორსულობის შეწყვეტა.
როგორც უკვე მივუთითეთ, ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალის განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით, პირთა ეს ორი წრე მოცემული სამართალურთიერთობის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნენ არსებითად უთანასწოროდ. ამასთანავე, თავად ნორმაშემოქმედიც აღიარებს შესადარებელ პირებს შორის არსებით სხვაობას, ვინაიდან ხედავს მსხვერპლი ორსული ქალების მიმართ განსახვავებული რეგულირების დადგენის საჭიროებას. თუმცა, არაგონივრული პირობის დადგენით, თანაბარ ფაქტობრივ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი წესი, რომელიც 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთების უფლებას კრძალავს, იმ შემთხვევაში როდესაც გაუპატიურების მსხვერპლმა გაუპატიურების შესახებ განაცხადა, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ არ დამდგარა, აზრს უკარგავს ორსულობის 12-დან 22-კვირამდე ვადაში აბორტის გაკეთების შესაძლებლობას. ამგვარი რეგულირება მსხვერპლი ორსული ქალებისთვის დაუძლეველი ტვირთის დაკისრებას გულისხმობს და არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას წარმოადგენს.
გარდა აღნიშნულისა, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული ქალები, რომელთაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ და მათ საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ორსულობის 22 კვირამდე ვადაში და იგივე მდგომარეობაში მყოფი პირები, რომელთაც განაცხადეს გაუპატიურების შესახებ, თუმცა მათ საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ორსულობის 22 კვირამდე ვადაში, მიუხედავად იმისა, რომ აბორტზე წვდომის უფლების მიზნებისთვის არიან თანასწორი პირები, კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილია განსხვავებული მოპყრობა, და მხოლოდ იმ ნაწილს შეუძლია აბორტის გაკეთება, რომელთა საქმეებზეც 22 კვირამდე ვადაში მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას.“[40]
დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დიფერენციაციის ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების პირველ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ ორსულობის საფუძველი - ნობაყოფლობითია ორსულობა თუ სექსუალური ძალადობის შედეგი, ხოლო დიფერენცირების II ჯგუფის შემთხვევაში, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ასეთი ნიშნები პირდაპირ მითითებული არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ისინი მაინც უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციის ნიშნად. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს (...) ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. (...) მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში.“[41]
დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმების შეფასებისას, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან.“[42]
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, ვინაიდან, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ორსული ქალების მიერ, ორსულობის 12 კვირიდან 22 კვირამდე ვადაში აბორტზე წვდომა მთლიანად დამოკიდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის გამოც ისინი სრულად კარგავენ საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შესაძლებლობას. განსხვავებით ქალებისაგან, რომელთა ორსულობაც სქესობრივი დანაშაულის შედეგად არ დამდგარა და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ორსულობის შეწყვეტა, მხოლოდ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ამასთანავე, ქალები რომელთა საქმეებზე სასამართლო ორსულობის 22 კვირამდე მიიღებს გადაწყვეტილებას უფლება აქვთ ლეგალურად გაიკეთონ აბორტი, ხოლო სასამართლოს მიერ 22 კვირის შემდეგ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ვეღარ შეძლებენ არასასურველი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას ლეგალური გზით.
ამდენად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა გადაწყდეს შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენებით.
ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „„მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.“[43] „(...) ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.“[44]
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა. ამასთან სისხლის სამართლის კოდექსით უკანონო აბორტი დასჯადი ქმედებაა. შესაბამისად, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი და სასამართლოს მიერ სქესობრივი დანაშაულის ფაქტის დადასტურებაც, სავარაუდოდ სწორედ უკანონო აბორტის შემცირებას შეიძლება უკავშირდებოდეს, რათა არ მოხდეს 12 კვირის შემდეგ იმ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, რომლებიც ძალადობის შედეგად არ არის დამდგარი და არ წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას.
ამდენად, უნდა შეფასდეს, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რამდენად აუცილებელია სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, რომელიც 12 კვირის შემდეგ სოციალური ჩვენების საფუძველზე, აბორტის გაკეთებას შეუძლებლად მიიჩნევს, თუ არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.[45] შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუპატიურების ფაქტი დგინდება და განაჩენი კანონიერ ძალაში შედის სწორედ სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე. სასამართლო არის ის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს დანაშაულის ფაქტი და პირი ცნოს დამნაშავედ ან უდანაშაულოდ. თუმცა, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორსულობის შეწყვეტის საფუძვლის მიბმა არაგონივრულ პირობას ქმნის.
ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოძიების დაწყებისა[46] და პირის დაზარალებულად ცნობისთვის[47] ადგენს სათანადო საფუძვლების არსებობის პირობას. მართალია, გამოძიების დაწყების ან ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, წარმოადგენს გაცილებით სწრაფ პროცედურულ ქმედებას, თუმცა, მხოლოდ, შესაბამისი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გულისხმობს იმ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემცირებას, რომელთაც სადავო წესით დადგენილი სოციალური ჩვენება არ გააჩნია, შესაძლებელია ასევე მიღწეულ იქნას გამოძიების დაწყების ან ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პირობის დაკმაყოფილებით.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა გულისხმობს დროში გაცილებით სწრაფ პროცედურას და ასევე აკმაყოფილებს საფუძვლიანობის კრიტერიუმს, მნიშვნელოვანია რომ ქალის მიერ აბორტზე წვდომის უფლების რეალიზება, კვლავ სხვა პირთა გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული რჩება, რაც საგამოძიებო ორგანოების უკანონო, არაკეთილსინდისიერი ან არა დროული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, უფლების რეალიზებას რისკის ქვეშ აყენებს.
ამდენად, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ და მსხვერპლის ინტერესზე უფრო მეტად მორგებულ, რაციონალურ საშუალებას, თავად მსხვერპლი ქალის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება წარმოადგენს.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან ცრუ ჩვენების მიცემა წარმოადგენს დასჯად ქმედებას,[48] რაც ორსული ქალის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის სექსუალური ძალადობის შესახებ უსაფუძვლო მიმართვის რისკის პრევენციას მოახდენს. ამასთანავე, ქალს არ ექნება დამატებითი ბარიერები გასავლელი ორსულობის დროულად შესაწყვეტად და მისი უფლების რეალიზება არ იქნება სხვა პირთა დროულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული.
ცხადია, რომ 12 კვირის შემდგომ ორსულობის შეწყვეტა გამონაკლის წესს წარმოადგენს, და აუცილებელია გააჩნდეს შესაბამისი საფუძვლები. თუმცა, დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლის დადასტურების მოთხოვნა ხდებოდეს ისეთი გზით, რომელმაც დროში ხანგრძლივობის გამო, შეიძლება საერთოდ გამორიცხოს ორსული ქალის აბორტის უფლება 12-დან 22 კვირამდე, ამასთანავე მსხვერპლზე გადაიტანოს დანაშაულსა და ორსულობას შორის კავშირის მტკიცების ტვირთი.
აბორტის სტიგმა, თავის მხრივ, დამოკიდებულია მსხვერპლის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, მაგალითად, როგორიცაა რელიგიური თუ კულტურული ღირებულებები და ეკონომიკური სტატუსი. ისეთ საზოგადოებებში, სადაც გაუპატიურების გამო მსხვერპლის დადანაშაულება და მისი სტიგზატიზაცია განსაკუთებით არის ფესვგადგმული, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა ქმნის წინაპირობას, რომ მსხვერპლი შესაძლოა მუდმივად იყოს მის ირგვლივ არსებული სოციუმის წნეხის ქვეშ და განიცდოს ვიქტიმიზაცია. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, სოციუმიდან მომდინარე წნეხზე მეტად, გაუპატიურების მსხვერპლი იტანჯება დანაშაულის გრძნობით, ნაკლებად სცემენ საკუთარ თავს პატივს და ეწევიან თვითსტიგმატიზაციას. სექსუალურ ძალადობას შეიძლება განგრძობითი ხასიათის ეფექტი ჰქონდეს მაშინ, როდესაც ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო, პირდაპირ თუ ირიბად, აიძულებს, რომ ატაროს გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა.[49]
შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ შეიმუშავოს სრულყოფილი, გენდერულად მგრძნობიარე და არა დისკრიმინაციული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის პოლიტიკა - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, დისკრიმინაციის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც ქალი არის გაუპატიურების მსხვერპლი.[50]
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით, რომელთა ჩამონათვალი დგინდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის N01-74/ნ ბრძანების N5 დანართის თანახმად, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენება არის სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო საშუალებას აძლევს ქალს, რომ ხელი მიუწვდებოდეს გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სერვისზე, რაც ერთი შეხედვით, საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტის შესაბამისად იცავს მათ უფლებას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. თუმცა, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აბორტის უფლების გარანტირება, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შეწყვეტასთან მიმართებით ახდენს მსხვერპლი ქალის დისკრიმინაციას, როდესაც მას აიძულებს განუსაზღვრელი ვადით დაელოდოს სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებას. შესაბამისად,ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაუპატიურების მსხვერპლი ქალისათვის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობაზე ნებადართული აბორტი ფორმალურ დატვირთვას იძენს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დე ფაქტო თანასწორობა, რაც მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა გარანტირებულს გახდის მსხვერპლი ორსული ქალისთვის 22 კვირამდე ვადაში აბორტზე მისაწვდომობას ყოველგვარი გაუმართლებელი დაბრკოლების გარეშე.[51] სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება მოხსნას ყველა ბარიერი, მაგალითად, მშობლების, მეუღლის ან სასამართლოს თანხმობის მოთხოვნა, რაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის, მათ შორის, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისზე ხელმისაწვდომობას აფერხებს.[52]
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალის აბორტის შესახებ მსჯელობისას, სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, როგორც ორსულობის შეწყვეტის ერთადერთ წინაპირობად განხილვა, გონივრულობას არის მოკლებული, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე პირის დაზარალებულად ცნობა, სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა გადააჭარბოს აბორტის გაკეთებისთვის დასაშვებ ვადას.
აღნიშნულის შედეგად, გაუპატიურების მსხვერპლი, 12 კვირაზე მეტი ვადის ორსული ქალი, სადავო ნორმის გამო, შესაძლოა იძულებული გახდეს გააგრძელოს არასასურველი ორსულობა ან გაიკეთოს არალეგალური აბორტი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ამდენად, ორსული მსხვერპლი ქალის მიმართ თანასწორობის უფლების დარღვევა შეიძლება უკავშირდებოდეს, მათ შორის, ლეგალიზებული აბორტის პროცედურებს. მაშინაც კი როდესაც მსგავსი სერვისი ფორმალურად ხელმისაწვდომია, შესაძლოა არ არსებობდეს ისეთი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ქალის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების სრულყოფილ რეალიზებას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი კომპლექსურია და საჭიროებს არა მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას, არამედ ადამიანის უფლებათა პერსპექტივით განხილვასა და გაუპატიურებისა და აბორტის მიმართ, დანაშაულის მსხვერპლი ქალის საჭიროებაზე მორგებული კანონმდებლობის ჩამოყალიბებას.
აუცილებელია ქალებს ჰქონდეთ ორსულობის შეწყვეტის უფლება და ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სერვისებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორსულობა ქალის მიმართ ძალადობის შედეგად დგება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენილ 2016 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარისხიანი სერვისები უნდა არსებობდეს და იყოს ხელმისაწვდომი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ორსულის სიცოცხლე ან/და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, როდესაც ქალი გაუპატიურების ან ინცესტის მსხვერპლია ან როდესაც ნაყოფი დაღუპულია.[53]
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალის 12 კვირის შემდგომ აბორტის გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ წინაპირობას არ უნდა წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება და საკმარისი უნდა იყოს მსხვერპლი ქალის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა სექსუალური ძალადობის შესახებ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ცნობის წარდგენა უნდა იყოს სქესობრივი დანაშაულის შედეგად დამდგარი ორსულობის შეწყვეტის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები არ წარმოადგენს დასახელებული მიზნების მიღწევის აუცილებელ საშუალებას და დაბრკოლებასაც კი ქმნის უფლებით სარგებლობისთვის. სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს მკაცრი შეფასების ტესტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულ თანასწორობის უფლებას.
პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
ქალის გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტის შესახებ დაკავშირებულია პირადი ცხოვრების უფლების რეალიზებასთან. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირადი ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებს სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმაში მოიაზრებდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებში გვხდება ჩამონათვალი ურთიერთობების, მოვლენების ან ქმედებების, რომლებიც პირად ცხოვრებას უკავშირდება. განსხვავებულია აღნიშნული მუხლებით დაცულ უფლებაში ჩარევის საფუძვლები და პირობები. საქმეზე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირადი ცხოვრების შემადგენელი ცალკეული უფლებრივი კომპონენტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა : 41 ; 16 (საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება); 17.... – მორალური ხელშეუხებლობა; სიტყვისა და აზრის თავისუფლება (მუხ.24), ოჯახის შექმნის უფლება და სხვა.“[54]
საქართველოს კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.“ ამიტომ, სასამართლოს თავდაპირველი მიდგომით საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არ არეგულირებდა „პირადი ცხოვრების ისეთ ასპექტს როგორიცაა აბორტის უფლება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მშობლის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ აღზარდოს შვილი და განსაზღვროს მის განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.“[55]
ამასთანავე, პირადი ცხოვრების უფლებით და თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული სფეროების გამიჯვნის კონტექსტში, სასამართლოს მიერ გაკეთებული, ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით,[56] აბორტის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ფარგლებში უნდა დაგვენახა.
საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად კი, პირადი ცხოვრების უფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა - მე-15 მუხლის პირველი პუნქტი -, ძველი რედაქციის მე-20 მუხლისგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა. კერძოდ, კონსტიტუციის მე-15 მუხლის შესაბამისად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“
ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ნორმების ცვლილების შემდეგ, აბორტზე ხელმისაწვდომობის საკითხის მიმართების თვალსაზრისით, მე-15 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ფარგლები არ განუსაზღვრავს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გაჩნდა ზოგადი ჩანაწერი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ. შესაბამისად, კონსტიტუციის მოქმედ არქიტექტურაში, პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც 2018 წლის 16 დეკემბრამდე კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეგულირების სფეროში ექცეოდა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.[57]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილებით, პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობა (რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედებამდე იყო მიღებული არსებითად განსახილველად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით) შეაფასა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და არა მე-12 მუხლთან მიმართებით. სწორედ კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია სასამართლომ დებულებად, რომელიც იცავს 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების კომპონენტის ეკვივალენტურ უფლებას. ამდენად, 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის მე-16 მუხლისგან განსხვავებით, მოქმედი კონსტიტუციის მე-12 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა პირადი ცხოვრების ის ასპექტები, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.[58]
ზემოხსენებულ საქმეში კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, სადავო ნორმის საფუძველზე, თავშეყრის აკრძალვის გზით, სოციალური ურთიერთობების განვითარების შეზღუდვაზე. სასამართლომ განმარტა, რომ პირადი ცხოვრების უფლება, inter alia, იცავს პირის შესაძლებლობას, განსაზღვროს კავშირი გარე სამყაროსთან, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ის ასპექტები, რომელზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, კონსტიტუციის მოცემულ კონსტრუქციაში დაცული და გარანტირებულია მე-15 მუხლის პირველი პუნქტით.[59]
ზემოხსენებულ განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ მე-15 მუხლით დაცულ სფეროში უნდა მოვიაზროთ პირადი ცხოვრების ყველა ის უფლებრივი კომპონენტი, რაც კონსტიტუციის ცვლილებებამდე მე-16 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეგულირების სფეროში ექცეოდა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმებს ორივე კონსტიტუციურ ნორმასთან მიმართებით ვასაჩივრებთ, ვითვალისწინებთ რა, იმ გარემოებას რომ დასახელებულ საქმეებზე შესაფასებელი საკითხები სრულიად განსხვავდება განსახილველი სარჩელებისგან.
გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის 12 კვირის შემდეგ ხელოვნური შეწყვეტის შეზღუდვა, იწვევს არამხოლოდ პირის უფლების შეზღუდვას საკუთარი სურვილის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ რეპროდუქციულ საკითხებზე და დაგეგმოს შვილის ყოლის დრო, არამედ ასევე ზღუდავს პირის უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, აღნიშნული საკითხები შესაძლოა არ იქნას მოაზრებული კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირადი ცხოვრების უფლებაში და სწორედ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას უკავშირდებოდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა დავაყენოთ როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, ისე, ალტერნატიულად, მე-12 მუხლთან მიმართებით, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს, ამ სარჩელის მიზნებისთვის, განსაზღვროს შესაბამისი კონსტიტუციური ნორმების შინაარსი და მათი ფარგლები. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ორივე მუხლთან მიმართებით, აბორტის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა (ლეგიტიმური მიზნების და თანაზომიერების შეფასების თვალსაზრისით) მსგავსი სამართლებრივი არგუმენტებით შეიძლება დასაბუთდეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან.[60]
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე.“[61] „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას.“[62] ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი წარმოადგენს უზოგადეს დებულებას და მისი მიზანია, დაუცველი არ დარჩეს საზოგადოებრივი ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული.[63]
ამდენად, პირის უფლებას, თავად მიიღოს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებები, გადაწყვიტოს საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მოქმედებები და დაგეგმოს შვილის ყოლის დრო, მიმართება გააჩნია პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებასთან.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებაც არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. ამდენად, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, ისევე, როგორც მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების შეზღუდვა, რიგ შემთხვევებში, გარდაუვალია[64]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა.“[65]
პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[66]
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განვიხილოთ, ემსახურება თუ არა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალის აბორტზე წვდომის შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს და, თუ ემსახურება, წარმოადგენს თუ არა იგი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (ალტერნატიულად - პიროვნების თავისუფალი განვითარების) უფლების პროპორციულ შეზღუდვას შესაბამის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. ეს შეფასება იმავდროულად გულისხმობს იმის განსაზღვრას, მიღწეულია თუ არა სადავო ნორმით სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
ლეგიტიმური მიზანი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი და სასამართლოს მიერ სქესობრივი დანაშაულის ფაქტის დადასტურების პირობა, უკანონო აბორტის შემცირებას უკავშირდება. კერძოდ, სადავო ნორმის მიზანია, არ მოხდეს 12 კვირის შემდეგ იმ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, რომლებიც ძალადობის შედეგად არ არის დამდგარი და არ წარმოედგენს საგამონაკლისო შემთხვევას.
სადავო ნორმა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სქესობრივი დანაშაულის შედეგად ორსულობის ფაქტის დადგენა და მხოლოდ მის საფუძველზე აბორტზე ხელმისაწვდომობა, თავისთავად შეამცირებს 12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის შეწყვეტის ისეთ შემთხვევებს, რომლებსაც სქესობრივი დანაშაული არ უდევს საფუძვლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“.[67] თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.
აუცილებლობა
სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები უკანონო აბორტის შემცირების მიზნით, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებათა ფარგლები არ არის შეუზღუდავი. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანის ავტონომიურობას, მის ნებაყოფლობით არჩევანს, მის გადაწყვეტილებებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და არ ჩაერიოს მასში, თუკი იმავდროულად არ არსებობს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების თუ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების რეალური ხელყოფის რისკი. ადამიანის ავტონომიურობაში ჩარევის ფარგლები კიდევ უფრო იზღუდება, როდესაც საქმე შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს და აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველაზე მკაცრ საშუალებას - სასამართლოს მიერ დანაშაულის შედეგად ორსულობის დადასტურებას, რომელმაც შესაძლოა საერთოდ გამორიცხოს მისი აბორტზე წვდომის შესაძლებლობა.
სქესობრივი დანაშაულის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის წინაპირობა, საკმარისი საშუალებაა ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, ვინაიდან, ერთის მხრივ ქალს გადაწყვეტილების მიღების უფლების რეალიზებაში ბარიერი არ შეექმნება და ის არ იქნება სხვა პირის/ორგანოს ქმედებებზე დამოკიდებული და შეძლებს სასურველ დროს გაიკეთოს აბორტი, - ასეთ შემთხვევაში ქალი დარჩება საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძირითადი მონაწილე, ხოლო მეორეს მხრივ, არასასურველი ორსულობის 12 კვირის ვადაზე გვიან შეწყვეტის მიზნით სამართალდამცავი ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების და აღნიშნული საფუძვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკი, დაზღვეული იქნება კანონმდებლობით.[68]
გარდა ამისა, კანონმდებელს შეუძლია აღნიშნული სოციალური ჩვენების შემთხვევაში, 12 კვირის შემდგომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის წინაპირობად გამოძიების დაწყება ან ქალის დაზარალებულად ცნობის კრიტერიუმი განსაზღვროს, ნაცვლად სასამართლოს გადაწყვეტილებისა. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ამგვარი წესი შეიძლება სადავო ნორმით დადგენილზე ნაკლებად მზღუდავი იყოს, ამგვარ მოწესრიგება ტოვებს სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არაეფექტური ან უკანონო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რამაც იგივე დაბრკოლებების წინაშე შეიძლება დააყენოს ძალადობის მსხვერპლი და შეაფერხოს მისი უფლება მომსახურების მიღებაზე. ასეთი რეგულირება მაინც შეზღუდავს ქალის ავტონომიურობას, ვინაიდან მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება სხვა ორგანოების ნებაზე, რაც შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი მსხვერპლთათვის აბორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას. ამასთანავე, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით - ქალის მიერ სქესობრივი დანაშაულის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვით.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
მიუხედავად იმისა, რომ სადავო წესი ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმს, სასამართლოსთვის მეტი არგუმენტაციის წარდგენის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დავასაბუთოთ სადავო წესის პრობლემურობა ასევე ვიწრო გაგებით პროპორციულობის ეტაპზე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.“[69] კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი საკუთარი მნიშვნელობით უნდა აღემატებოდეს სადავო ნორმით შეზღუდულ ინტერესს.“[70]
განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ინტერესი, მაქსიმალურად შეამციროს არალეგალური აბორტი, ხოლო, მეორე მხრივ, გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალის უფლება, განთავისუფლდეს სექსუალური ძალადობის არასასურველი შედეგისაგან.
აღსანიშნავია, რომ გაუპატიურება არ არის ქმედება, რომელიც უშუალო ძალადობის დამთავრებით სრულდება. ეს დანაშაული ღრმა კვალს ტოვებს მსხვერპლის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ემოციურ სტრესთან ერთად, ძალადობის ფაქტი გავლენას ახდენს მსხვერპლის მიმართ განსაზღვრული აზრის ჩამოყალიბებასა და აღქმაზე იმ საზოგადოებაში სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. გაუპატიურების მსხვერპლის მიმართ სტიგმა ბიძგს აძლევს მომავალში დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სოციალურ გარიყულობას. განსაკუთრებით მძიმდება ვითარება, როდესაც ქალები გაუპატიურების შედეგად ორსულდებიან, ვინაიდან ისინი გაუპატიურების მსხვერპლის სტატუსთან ერთად, დამდგარი ორსულობის გამო დამატებით სტიგმატიზაციას განიცდიან.[71] აღნიშნულმა კი შესაძლოა მსხვერპლის ძლიერი ტანჯვა გამოიწვიოს. სასამართლო ნებართვის გაცემის მოლოდინი შეიძლება მიჩნეულ იყოს წამებად და არასათანადო მოპყრობადაც კი.[72]
არალეგალური აბორტის პრევენციის მიზნით სახელმწიფო ერთის მხრივ აწესებს გაუპატიურების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, და ამასთანავე 22 კვირით შემოსაზღვრავს სოციალური ჩვენების საფუძველზე აბორტის გაკეთების უფლებას. ამ პირობებში, სახელმწიფოს მიერ დაცული ინტერესი 12-დან 22 კვირამდე ვადაში აბორტის გაკეთების უფლების შეზღუდვა, მხოლოდ სასამართლოს მიერ დადასტურებული განაჩენებით, საკუთარი მნიშვნელობით ვერ აღემატება სადავო ნორმებით შეზღუდულ ინტერესს - გაუპატიურების სავარაუდო მსხვერპლის ისედაც მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას, რამაც მსხვერპლის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი და გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება იქონიოს.
როგორც უკვე აღინიშნა, ამგვარი პრობლემის სამართლებრივი მოწესრიგებისას, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მყისიერად მიმართვის ხელშემშლელი/შემაფერხებელი მიზეზი იყოს, განსაკუთრებით ტრადიციული/კონსერვატიული შეხედულებების მქონე საზოგადოებში მცხოვრები ქალებისათვის.[73] ძალადობიდან მოკლე პერიოდში, ხშირად, მსხვერპლს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც დამატებითი, შემაყოვნებელი ფაქტორია გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ზემოაღნიშნული შემაფერხებელი ფაქტორები, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა - პარტნიორის, ქმრის ან ოჯახის სხვა წევრის მხრიდან. კვლევების მიხედვით, პარტნიორი/ქმარი ხშირად მსხვერპლს ემუქრება, უზღუდავს გადაადგილებას, სერვისებზე წვდომას, რის გამოც, მსხვერპლი მოკლებულია შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მიაკითხოს შესაბამის სერვისებს. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ასევე განგრძობითი ძალადობა, როდესაც მოძალადე მსხვერპლს ემუქრება, ან მსხვერპლი, სახვადასხვა ფორმით დამოკიდებულია მოძალადეზე.
ასევე საგულისხმოა, რომ, მაგალითად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, პირველი 12 კვირის დროს, მსხვერპლი შესაძლებელია საერთოდ ვერ მიხვდეს ორსულად რომ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, მიღებული ტრავმის ფონზე, ასევე უქვეითდება განცდები, ხდება საკუთარი სხეულისგან მისი გაუცხოება, ასეთ შემთხვევაში, ხშირად, იგი ემოციურად უარყოს რეალობას, რომ ის ორსულადაა.[74] მხედველობაშია ასევე მისაღები, სექსუალური ძალადობის შედეგად დაორსულებული იმ ქალების მდგომარეობაც, რომლებიც, მაგალითად, იგივე რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ზოგადად აბორტის მოწინააღმდეგენი არიან. ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდეთ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გაუპატიურების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიცემის ჰიპოთეტური საფრთხე ვერ გადაწონის, ზემოაღნიშნულ პირობებში რეალურად მყოფი ქალის აბსოლუტურად ლეგიტიმურ ინტერესს, მაქსიმალურად ეფექტურად განთავისუფლდეს ძალადობის, ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით, უმძიმესი შედეგებისგან. ამდენად, ვთვლით, რომ აშკარად დარღვეულია სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ საჯარო და კერძო ინტერესებს შორის და სადავო შეზღუდვა ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს და მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jnkOQF>;
[2] ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართი;
[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jnkOQF>;
[4] „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების პრეამბულა;
[5] „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 136-ე მუხლი;
[6] „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის ჩათვლით ნებაყოფლობითია, ტარდება ქალის მოთხოვნის საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით საფუძველს („ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „დებულება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე“ მე-3 პუნქტი);
[7] „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
[8] „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „დებულება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე“ მე-2 პუნქტი და №5 დანართი;
[9] იქვე, №6 დანართის მე-2 პუნქტი;
[10] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლი;
[11] „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „დებულება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის თაობაზე“ მე-6 პუნქტი;
[12] იქვე, მე-7 პუნქტი;
[13] იქვე, მე-5 პუნქტი;
[14] იქვე, მე-8 პუნქტი;
[15] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 7, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 168, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3jnkOQF>; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კვლევა „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“, გვ. 61, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3FpXCLV >;
[16] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის დეკემბრის კვლევა „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“, გვ. 28, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/483JG8N >;
[17] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
[18] იხ.: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6927364/ ;
[19] იხ.: იქვე;
[20] იხ.: https://khn.org/news/article/texas-abortion-law-rape-incest-survivors/ ;
[21] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საერთო სასამართლოებიდან გამოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში მიღებული განაჩენები, რომლებზეც დაზარალებულს წარმოადგენდა 18 წელს მიღწეული ქალი;
[22] ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის N1/080-18 განაჩენი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის N1/81-18 განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის N1/3824-18 განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1/4123-18 განაჩენი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის N1/2840-18 განაჩენი; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის N1/536-18 განაჩენი; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის N1/658-17 განაჩენი; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის N1/136-18 განაჩენი;
[23] ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო;
[24] სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო;
[25] შენიშვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოდგენილია სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიცავს გაუპატიურების ფაქტის თარიღს, მასში ასახულია მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და სასამრთლოს განაჩენის მიღების თარიღები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში მითითებული ვადა გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან (და არა გაუპატიურების ფაქტიდან) განაჩენის მიღებამდე პერიოდს;
[26] World Health Organization, Safe Abortion: Technical and Policy Guidance for Health Systems 76, Second edition, 2012, გვ.69, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3a1k6oa >;
[27] იქვე, გვ.89-92;
[28] იქვე;
[29] ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: კამერუნი, §35 (2017); ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: ბოლივია, §9 (2013); ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: რუანდა, §17-18 (2016), ბავშვთა უფლებების კომიტეტის (CRC) დასკვნითი შენიშვნები: ირლანდია (2014), §9; CEDAW კომიტეტის (გაეროს ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოების მიერ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) მოთხოვნების შესრულების მონიტორინგზე) დასკვნითი შენიშვნები: ახალი ზელანდია, (2012), §33-34: CEDAW CO ტიმორ-ლესტის შესახებ (2015) §30-31; ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუიჟნიეკის ანგარიში, გაკეთებული მისი ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ, 2016 წლის 22-25 ნოემბერს (29 მარტი, 2017 წ), §77;
[30] „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტი;
[31] იქვე, 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
[32] The Beijing Platform for Action, C. Women and Health, §96 ხელმისაწვდომია:< https://bit.ly/3Bo29fg >
[33] ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის CESCR, ზოგადი კომენტარები N22 (2016) on the right to sexual and reproductive health (article 12 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, E/C.12/GC/22, 02/05/2016, §26;
[34] CAT Committee, Concluding Observations: Bolivia, §23, U.N. Doc. CAT/C/BOL/CO/2 (2013); CAT Committee, Concluding Observations: Kenya, §28, U.N. Doc. CAT/C/KEN/CO/2 (2013);
[35] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 5, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >;
[36] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II–1;
[37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2;
[38] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;
[39] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1329 განჩინება საქმეზე „ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8;
[40] აქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[41] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[42] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25;
[43] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-115;
[44] იქვე, II-117;
[45] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი პუნქტი;
[46] დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილი);
[47] პირის დაზარალებულად ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილი);
[48] სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი;
[49] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 5, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >;
[50] Human Rights Council, Report of the Special Rapporteur on the right of everyone to the enjoyment of the highest attainable standard of physical and mental health, A/HRC/32/32, 04/04/2016, §92;
[51] CESCR, General comment No. 22 (2016) on the right to sexual and reproductive health (article 12 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, E/C.12/GC/22, 02/05/2016, §27; General comment No. 16 (2005) The equal right of men and women to the enjoyment of all economic, social and cultural rights (art. 3 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights), E/C.12/2005/4, 11/08/2005, §8;
[52] CESCR, General comment No. 22 (2016) on the right to sexual and reproductive health (article 12 of the International Covenant on Economic, Social and Cultural Rights, E/C.12/GC/22, 02/05/2016, §41;
[53] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის 4 აპრილი A/HRC/32/32 ანგარიში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, §92, ხელმისაწვდომია: < shorturl.at/sBGUV >;
[54] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-12;
[55] იქვე, II-19;
[56] იქვე;
[57] საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7;
[58] იქვე;
[59] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელს ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-4).
[60] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/14/1562 განჩინება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“, II-6;
[61] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54;
[62] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „“შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2;
[63] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57;
[64] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/14/1562 განჩინება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“, II-6;
[65] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65;
[66] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60;
[67] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26;
[68] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დასჯადი ქმედებას წარმოადგენს დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემა;
[69] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43
[70] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704გადაწყვეტილება, II. პ. 53;
[71] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 2 ოქტომბრის ზოგადი წინადადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე“, გვ. 5, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3umLeqW >;
[72] CAT Committee, Concluding Observations: Bolivia, §23, U.N. Doc. CAT/C/BOL/CO/2 (2013); CAT Committee, Concluding Observations: Kenya, §28, U.N. Doc. CAT/C/KEN/CO/2 (2013);
[73] იხ.: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6927364/ ;
[74] იხ.: https://khn.org/news/article/texas-abortion-law-rape-incest-survivors/ ;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა