შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1250 |
ავტორ(ებ)ი | შპს "ტიფლისი 777" |
თარიღი | 18 აგვისტო 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „ტიფლისი 777“, რომლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 მაისის განჩინებით მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამარათლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით კრედიტორთა მიერ გაკოტრების მმართველად არჩეულ იქნა ბ-ნი როინ მიგრიაული. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გარკვევისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ საფუძვლიანად წარმოაჩინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმას და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის (საქართველოს მოქალაქეები _ ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო ნორმის თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში, რადგან იგი ითვალისწინებს გაკოტრების წარმოების პროცესში მისი საკუთრების უფლების იმგვარ შეზღუდვას, რომელიც არის საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ არაუმეტეს 120 დღის განმავლობაში თუ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ვერ განხორციელდება, იგი მიქცეულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში. მოსარჩელე თვლის, რომ აუქციონს დაქვემდებარებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ასეთი წესი არღვევს მის საკუთრების უფლებას გამომდინარე იქიდან, რომ ამ უფლებაში ჩარევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ მოთხოვნებს. შესაბამისად, სახეზეა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის სარჩელი დასაშვებია რადგან:
ამგვარად, შპს „ტიფლისი777“ არის უფლებამოსილი მოსარჩელე, იდავოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით სადავო სიტყვები მოთავსებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს. იგი მიზნად ისახავს მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერ, დაბალანსებულ დაცვას, შეძლებისდაგვარად მოვალის ფინანსური სირთულეების გადაჭრას და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. სადავო სიტყვები მოცემულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტში, რომლებსაც არამხოლოდ 38-ე მუხლთან არ გააჩნიათ რაციონალური ნორმატიულ-მატერიალური კავშირი, არამედ აქვთ ხსენებული კანონის მიზნებისგან განყენებული ხასიათი, იზოლაციური მნიშვნელობა, სეპარატული შინაარსი და საკუთრების უფლების შეზღუდვის თვითნებური მიზანი, რომელიც არის საკუთრების უფლების ჩამორთმევის ექვივალენტი. სადავო სიტყვების მიხედვით, „თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“. ამგვარი რეგულაციის არსებობის პირობებში სამეურვეო ქონება, რომელზეც საკუთრების უფლება გააჩნია მოვალეს, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მხრივ, მესამე აუქციონის გამართვის შედეგად აუქციონს დაქვემდებარებული ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდება და მეორე მხრივ, ამ ქონების კრედიტორების საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეთავაზებას არც ერთი კრედიტორი 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გამოეხმაურება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აუქციონს დაქვემდებარებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესი არღვევს მოვალის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას გამომდინარე იქიდან, რომ ამ უფლებაში ჩარევა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში დეკლარირებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება იურიდიულ პირებზე. საქართველოს კონსტიტუცია ძირითადი უფლების მფლობელი სუბიექტის განსაზღვრისას იყენებს სხვადასხვა სიტყვებს (მაგ.: „მოქალაქე“, „ყველა ადამიანი“, „ყოველი ადამიანი“ და ა.შ.). საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები თავად განსაზღვრავენ მათ მფლობელ სუბიექტებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 7). საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი ექსპლიციტურად არ მიუთითებს უფლების მქონე სუბიექტზე, იგი ყველაზე ვრცელდება. გარდა ამისა, საკუთრების უფლება თავისი ბუნებით ასევე ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიულ პირზეც, ვინაიდან მისი მფლობელობა არ არის დაკავშირებული პიროვნულობასთან, იმგვარ მახასიათებლებთან, რაც იმანენტურად მხოლოდ ადამიანს გააჩნია (მაგ. ადამიანის ღირსება). შესაბამისად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის შპს „ტიფლისი 777“ წარმოადგენს საკუთრების ძირითადი უფლების მქონე სუბიექტს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია გადახდისუუნარობის მიმდინარე საქმის წარმოების პროცესში არსებული ქონებაც, რომელიც მოვალის მიერ მართლზომიერად არის შეძენილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში ქონების მოაზრების საკითხი არ არის დამოკიდებული როგორც მესაკუთრის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე ამ ქონების კონდიციასა და ღირებულებაზე, ზომაზე, კრედიტორთა რაოდენობაზე, და ა.შ. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის საკმარისია მესაკუთრესა და ქონებას შორის არსებობდეს ლეგიტიმური სამართლებრივი კავშირი, მართლზომიერად შეძენის საფუძველი და ასეთი ქონება არ იყოს სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული. გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე საქმეში აუქციონს დაქვემდებარებული ქონება მესაკუთრის მიერ მართლზომიერად არის შეძენილი და არ არის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროდ. სადავო სიტყვებით ჩარევა ხორციელდება მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ საკუთრების უფლებაში, რაც გამოიხატება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში აუქციონს დაქვემდებარებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის რეალურ საფრთხეში (ამ საკითხზე ვრცლად იხილეთ მოსარჩელის დასაბუთება კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებად ცნობისთვის). მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ სადავო სიტყვებით აუქციონს დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების შეზღუდვა შედეგობრივი თვალსაზრისით ფაქტობრივად უთანაბრდება საკუთრების ჩამორთმევას. თუმცა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევას რელევანტური კავშირი არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევის (ექსპროპრიაციის) წესთან, რომელიც საკუთრების უფლებაზე ზემოქმედების არსებითად განსხვავებული რეჟიმია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების მატერიალურ-ფორმალური კრიტერიუმები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 11). შესაბამისად, საკუთრების უფლების შეზღუდვა კონსტიტუციასთან თავსებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები და თანაზომიერების პრინციპი კუმულაციურად არის დაკმაყოფილებული. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება იზღუდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით (ფორმალური კრიტერიუმი). სადავო ნორმა, რომლითაც იზღუდება საკუთრების უფლება, უნდა იყოს სულ მცირე კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი და იგი ექსპლიციტურად, ერთი მხრივ, უნდა განსაზღვრავდეს ასეთ შემთხვევებს, მეორე მხრივ, ადგენდეს შეზღუდვის წესს. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე სადავოდ არ მიიჩნევს სადავო სიტყვებით მისი საკუთრების უფლების ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით შეზღუდვას, ვინაიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი არის საკანონმდებლო აქტი და მისი 38-ე მუხლის 112 პუნქტი არეგულირებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევას და წესს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლების შეზღუდვის მატერიალური საფუძვლები უკავშირდება საკუთრების უფლების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შეზღუდვას იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ და „გადაუდებელი აუცილებლობისგან“ განსხვავებით) არ გააჩნია კონკრეტული, წინასწარ დეფინირებული შინაარსი. შესაბამისად, არსებობს თუ არა საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, „კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. ... არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 15). თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, „კანონდებლის ნება ამა თუ იმ გარემოების «აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად» მიჩნევის შესახებ, საკმარისად მკაფიო უნდა იყოს, რათა გამოირიცხოს სამართალშემფარდებლის მიერ მისი არასწორი ინტერპრეტაცია და თვითნებობის ალბათობა, რისი კანონზომიერი შედეგიც იქნება უფლების დარღვევა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 12). ამასთან, საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონიც, რომ ითვალისწინედეს და იგი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით იყოს განპირობებული, თუ ირღვევა საკუთრების უფლების არსი, საკუთრების უფლების შეზღუდვა ყოველთვის არაკონსტიტუციური იქნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, „საკუთრების უფლება, რომელიც კანონმდებლის მიერ განსაზღვრებად უფლებას წარმოადგენს, კანონმდებლის მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის შედეგად არ უნდა გადაიქცეს უფლებად, რომელიც უმეტესწილად სწორედ საკანონმდებლო რეგულირებაზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში, თავიდან უნდა იქნეს აცილებული თავად უფლებით დაცული სფეროს ძირითადი არსის გამოფიტვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე: „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 57). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აგრეთვე მიუთითებს, რომ "შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის #1/1/103/117/137/147_48, 152_53 გადაწყვეტილება). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო სიტყვებით საკუთრების უფლების შეზღუდვა არ არის განპირობებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო სიტყვები წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნაწილს, მის მიზანზე მსჯელობის ფარგლები მხოლოდ ამ კონტექსტით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, სადავო სიტყვების მიზანი თავსებადი უნდა იყოს გაკოტრების ინსტიტუტის მიზნებთან, რომელიც მათ შორის, გულისხმობს კრედიტორის ინტერესების დაცვას, კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დამყარებას. ამ სფეროში კანონმდებელის მიერ მიღებულ რეგულაციებს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფო საკუთრების ფონდის გაზრდის მიზანი. ცალსახად ბუნდოვანია, ირაციონალურია სადავო ნორმებში მოაზრებული მიზანი, რომელიც მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას თუ იგი აუქციონის წესით არ გაიყიდება და არც კრედიტორს გადაეცემა, აცხადებს სახელმწიფო საკუთრებად. გაუგებარია სადავო ნორმით რატომ ხორციელდება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო კონკრეტულ გადახდისუუნარობის ან გაკოტრების საქმეზე არ არის კრედიტორი, ხოლო რომც იყოს კრედიტორი (შემოსავლების სამსახურის სახით), მას არ უნდა ჰქონდეს უფლება აუქციონზე გაუყიდავი ქონება მის საკუთრებაში გადავიდეს და სამართავად გადაეცეს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ხოლო მოვალის ქონება არის სამოქალაქო ბრუნვაუნარიანი, რომელიც მის მიერ მართლზომიერად იქნა შეძენილი. აშკარაა, რომ სადავო ნორმების მიზანი არ გამომდინარეობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან (შესაბამისად ლეგიტიმური მიზანიც არ აქვს) და იგი თვითნებურად ზღუდავს საკუთრების უფლებას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის მტკიცების ვალდებულება მოპასუხეს გააჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე: „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, პ. 61). მიუხედავად იმისა, რომ სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად მიჩნევისთვის საკმარია საკუთრების უფლების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებების გარეშე შეზღუდვაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეფასდეს სადავო სიტყვებით საკუთრების უფლების შეზღუდვით ირღვევა თუ არა საკუთრების უფლების არსი. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოსარჩელე ზოგადად სადავოდ არ მიიჩნევს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის ინსტიტუტს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ობიექტური საფუძვლებიდან, აუცილებლობიდან გამომდინარე პირის ქონება სახელმწიფო საკუთრების ფონდის ნაწილი ხდება (მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე ქონების ჩამორთმევა, რაც გულისხობს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლას, როდესაც არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება). მოსარჩელე თვლის, რომ არაკონსტიტუციურია ქონების სახელმწიფოზე გადაცემის ნორმატიული ინსტრუმენტი, რომელიც მართლზომიერად შეძენილ, სამოქალაქო ბრუნვაუნარიან ქონებაზე მოქმედი მესაკუთრის საკუთრების უფლების აბსოლუტურ ანულირებას ახორციელებს. მოვალეს აქვს დასაბუთებული ინტერესი იმისა, რომ მას იმ ქონებაზე, რომელიც აუქციონზე ვერ გაიყიდა, ანდა ქონებაზე, რომლის მიღებაზეც კრედიტორებმა უარი განაცხადეს, აღუდგეს მისი მართვისა და განკარგვის სრული უფლებამოსილება, რომელიც მას შეეზღუდა გადახდისუუნარობის საქმის მიმდინარეობისას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც აუქციონს დაქვემდებარებული ქონება მოვალეს უბრუნდება, მაგალითად, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, „თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.“ აგრეთვე აღსანიშნავია ხსენებული კანონის 50-ე მუხლის 121 პუნქტი, რომლის თანახმად, „თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით განსაზღვრული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მოვალეს უბრუნდება“. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ასევე იცნობს აუქციონის საფუძველზე გაყიდული ქონების ნამეტი თანხის მოვალისთვის დაბრუნების ინსტრუმენტს, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „მოვალე ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალის ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირის მიერ საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონის დასრულების შემდეგ გაანაწილებს თანხას საერთო წესით. თუ მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო ნამეტ თანხას დაუბრუნებს მოვალეს, თუკი მოვალის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება.“ ხსენებული არგუმენტების გარდა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება - ითვლება თუ არა კრედიტორი დაკმაყოფილებულად, როდესაც სადავო სიტყვების შესაბამისად (ყოველგვარი ვალდებულისგან დაუტვირთავი) ქონება საკუთრების გადაცემის ფორმის გარეშე სახელმწიფო საკუთრებაში მიიქცევა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ამ საკითხს ცალსახად არ აწესრიგებს. პირდაპირი ნორმატიული რეგულირების არარსებობის პირობებში, კრედიტორმა შესაძლებელია მოვალის მიმართ გააგრძელოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცედურები. შესაბამისად, მოვალე აღმოჩნდება კიდევ უფრო რთულ მატერიალურ მდგომარეობაში. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ თუ აუქციონს დაქვემდებარებული ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდება და ამ ქონების კრედიტორის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთავაზებას არც ერთი კრედიტორი არ გამოეხმაურება, ქონება მოვალის საკუთრებაში არა მხოლოდ უნდა დარჩეს, არამედ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაღწიოს ამ ქონების ე.წ. სააღსრულებლო დაცვას, რაც გულისხმობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ, გარკვეული ვადის განმავლობაში, მოვალის ქონების ხელშეუხებლობას აღნიშნულ წარმოებაში მონაწილე კრედიტორების მხრიდან. 1996წ. „გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ კანონის“ 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ვადა შეადგენდა ერთ წელს. გერმანული ინზოლვენცის სამართლის მიხედვით შეადგენს 7 წელს. სააღსრულებო დაცვის ინსტიტუტის მიზანია შენარჩუნებულ (გადაცემულ) ქონებას დაეფუძნოს მოვალის ახალი ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს მისი არსებობის (existenz-ის) შენარჩუნებასა და განვითარებას. ამდენად, მოვალის ამ ქონებაზე გამოირიცხება მონაწილე კრედიტორების მხრიდან, სააღსრულებო დაცვის პერიოდში, ამ ქონების რეალიზაცია, ნატურით გადაცემის მოთხოვნა და ა.შ. ხოლო როდესაც სახელმწიფოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საკუთრებაში მიაქვს მოვალის ეს ქონება, მაშინ აზრი ეკარგება გაკოტრების (ვალაუვალობის) სამართალში სააღსრულებო დაცვის ინსტიტუტის არსებობას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია მოვალის როგორც ეკონომიკური აგენტისა და სამართლებრივი სუბიექტის შენარჩუნებისა და გადარჩენის თვალსაზრისით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთრების უფლების არსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „უფლების შინაარსის შეზღუდვის ფარგლებზეა დამოკიდებული ამ უფლების არსის შენარჩუნება, ვინაიდან სწორედ შინაარსია არსის განმსაზღვრელი გარემოება. საკუთრების შინაარსის შეზღუდვის ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრება უნდა დარჩეს საკუთრებად და მან უნდა შეძლოს ამ შეზღუდვით გამოწვეული ტვირთის ტარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.24). ექსპლიციტურია ის გარემოება, რომ სადავო სიტყვები ვერ აკმაყოფილებს საკუთრების უფლების არსის შენარჩუნების კონსტიტუციურ სტანდარტს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის შედეგია მართლზომიერად შეძენილი, ბრუნვაუნარიანი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევა (მოვალის საკუთრება არ რჩება საკუთრებად), რაც არის საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის სიტყვები - „თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს და შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა