შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/1250 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 18 აპრილი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 აპრილი 2019 19:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გიორგი მირიანაშვილი და როინ მიგრიაული; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – თინათინ ერქვანია და გიორგი გიგუაშვილი; მოწმეები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსი მარინა ფარცვანია და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერი ირაკლი წიკლაური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1250) მომართა „შპს ტიფლისი 777-მა“. №1250 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 23 აგვისტოს. 2018 წლის 16 თებერვლის №1/1/1250 საოქმო ჩანაწერით №1250 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 25 აპრილს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტი არეგულირებს იმგვარი სამეურვეო ქონების სამართლებრივ ბედს, რომლის რეალიზაციაც მესამე აუქციონზეც ვერ მოხდა ან მესამე აუქციონის შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს აღნიშნული ქონების საერთო საკუთრებაში კრედიტორებისთვის გადაცემის შეთავაზების წესს, ხოლო სადავო სიტყვების თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“.
4. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო მისი მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება, რომ „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის №2/5477-14 განჩინებით სასამართლოს წარმოებაში მიღებულ იქნა „შპს ტიფლისი 777-ის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
7. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმატიული აქტის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. სადავო ნორმა არ არის თავსებადი დასახელებულ მიზანთან.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის სადავოდ არ ხდის ზოგადად ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის ინსტიტუტს და აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა იცნობს პირის ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევებს. თუმცა, იმავდროულად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არ არსებობს ის ინტერესი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების მიქცევას გაამართლებდა.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბუნდოვანია, ითვლება თუ არა კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მას შემდეგ, რაც სადავო ნორმის საფუძველზე, მოვალის ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნული საკითხი, სადავო ნორმატიული აქტით, მკაფიოდ არ არის მოწესრიგებული. შესაბამისად, კრედიტორს აქვს შესაძლებლობა, კვლავაც გააგრძელოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცედურები. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობას უქმნის მოვალეს.
10. მოსარჩელის არგუმენტაციით, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე არ მოხდება სამეურვეო ქონების რეალიზაცია და არც ერთი კრედიტორი არ გამოეხმაურება მის საერთო საკუთრებაში მიღების შეთავაზებას, ქონება უნდა დაუბრუნდეს მოვალეს, მის მართლზომიერ მესაკუთრეს. გარდა ამისა, ამ ქონებაზე უნდა გავრცელდეს ე.წ. სააღსრულებო დაცვა. ეს უკანასკნელი გულისხმობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, წარმოებაში მონაწილე კრედიტორების მხრიდან, გარკვეული ვადით მის ხელშეუხებლობას.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ვრცელდება იურიდიულ პირებზეც და იცავს მათი საკუთრების უფლებას. გარდა ამისა, საკუთრების ობიექტი მოიცავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში არსებულ მართლზომიერი გზით შეძენილ ქონებასაც. მოსარჩელეს მართლზომიერად აქვს შეძენილი ქონება, რომელიც, იმავდროულად, არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან. შესაბამისად, მისი საკუთრება დაცულია კონსტიტუციის დასახელებული დებულებით.
12. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, წარმოიშობა ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის რეალური საფრთხე, რაც შინაარსობრივად საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) არსებითად განსხვავებულ რეჟიმია, სადავო ნორმით ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამასთან, არ არსებობს საჯარო ინტერესი, რომელიც საკუთრების უფლების შეზღუდვას გაამართლებდა.
13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სუბიექტის გაკოტრების პროცესი დასრულებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის ბალანსზე ქონება აღარ ირიცხება. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა ქონების არარსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ქონება, რომლის რეალიზაციაც ვერ განხორციელდა მესამე აუქციონის შემდეგ, მეწარმე სუბიექტს ერთმევა შესაძლებლობა, რომ მომავალში გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა და გახდეს ლიკვიდური, რითაც ზიანდება როგორც თავად მოვალის, ასევე კრედიტორთა ინტერესი.
14. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო არ არის მხარე და არ მოქმედებს როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, არამედ ის გვევლინება საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელ სუბიექტად, შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზე ხორციელდება ქონების გადაცემა სახელმწიფოს საკუთრებაში და რა საჯარო ინტერესი დგას აღნიშნულის უკან.
15. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანია კორუფციული თაღლითური სქემების განხორციელების პრევენცია. 2011 წლამდე გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მეურვე იყო არა აღსრულების ეროვნული ბიურო, არამედ - კერძო პირი, შესაბამისად, ხშირად იკვეთებოდა კორუფციის შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა აქტიური როლი შეეთავსებინა გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში და გაეტარებინა მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა. მხედველობაშია მისაღები, რომ სხვა განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო გარდამავალი საბაზრო ეკონომიკის ფაზაშია და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა.
16. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო რეგულირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა ისეთი ქონება, რომლის საბაზრო ფასიც ძალიან მცირეა. აღნიშნულზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ამ ქონების მიმართ ინტერესი არავინ გამოხატა, მათ შორის, არც თავად მოვალემ. სხვა შემთხვევაში თავად მოვალეს აქვს შესაძლებლობა, სიმბოლურ ფასად მიიღოს საკუთრებაში აღნიშნული ქონება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ქონების მიმართ არ არსებობს არანაირი ინტერესი, იგი სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო რეგულირება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და გაუმართლებლად არ ზღუდავს საკუთრების უფლებას.
17. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა ირაკლი წიკლაურმა განმარტა, რომ გაკოტრების რეჟიმის შემდგომ შეუძლებელია სუბიექტმა კვლავ მოახერხოს განვითარება და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება, რადგან გაკოტრების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სპეციალისტების ჩართულობით და დადგენილია, რომ თუნდაც სუბიექტის საკუთრებაში დარჩეს აღნიშნული ქონება, მას მომავალი არ აქვს და გაკოტრების პროცესი უნდა დასრულდეს მისი ლიკვიდაციითა და სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლით. ამასთან, როდესაც მოვალის მიმართ დასრულდება გაკოტრების საქმის წარმოება, აღარ იარსებებს მოვალე, შესაბამისად, ვეღარ იარსებებს მის მიმართ მოთხოვნაც.
18. საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მარინა ფარცვანიას მითითებით, სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ გაკოტრების საქმის წარმოებისას სახელმწიფო გვევლინება აღნიშნული პროცესის ორგანიზატორად, შესაბამისად, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ იღებს გარკვეულ საფასურს აღნიშნული ქონების სახით. გარდა აღნიშნულისა, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს ბრუნვაუუნარო, პერსპექტივის არმქონე სუბიექტების ბაზრიდან განდევნა, რათა მათმა არსებობამ სამომავლოდ არ გამოიწვიოს პრობლემები, მათ შორის, მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური დებულების ცვლილება
1. მოსარჩელე ითხოვს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავდა მისი შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, საკუთრების უფლება დაცულია მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. დაცული სფერო
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ერთი მხრივ, ადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
3. სადავო ნორმის შინაარსისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
7. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი არეგულირებს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით გასამართი აუქციონის ჩატარების წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლის 112 პუნქტით მოწესრიგებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც მოვალის გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში მისი ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდა სამი აუქციონის შემდგომ ან მესამე აუქციონის შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი. დასახელებული ნორმა ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს ქონების ან ქონების ნაწილის კრედიტორებისთვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შეთავაზების შესაძლებლობას. ამასთან, თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
8. ამრიგად, სამი აუქციონის შემდგომ დარჩენილ ქონებაზე ან მის ნაწილზე მესაკუთრე კარგავს საკუთრების უფლებას და აღნიშნული ქონება, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. შესაბამისად, სადავო ნორმა ითვალისწინებს იძულებით ღონისძიებას ქონების მესაკუთრის მიმართ, რაც შედეგად იწვევს კონკრეტული ქონების თავისუფალ განკარგვასთან დაკავშირებით მისი ნების უგულებელყოფას. შესაბამისად, სახეზეა მესაკუთრის მიერ ქონებით შეუფერხებლად სარგებლობისა და განკარგვის თავისუფლებაში ჩარევა, რაც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ საკუთრების უფლებას.
4. შეფასების ტესტი
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
11. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დაიშვება საჯარო ინტერესებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისთვის საჭიროა საჯარო ინტერესით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ საჯარო ინტერესის არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ ლეგიტიმაციას. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის, საჯარო ინტერესის არსებობასთან ერთად, დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
5. საჯარო ინტერესი
12. მოპასუხე მხარის მითითებით, სადავო რეგულირება ემსახურება კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენციას. ამასთან, საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის, მარინა ფარცვანიას მითითებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანი შესაძლოა იყოს ბრუნვაუუნარო, პერსპექტივის არმქონე სუბიექტების ბაზრიდან განდევნა, რათა მათმა არსებობამ სამომავლოდ არ გამოიწვიოს პრობლემები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სახელმწიფო არის გაკოტრების საქმის წარმოების ორგანიზატორი. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქონების სახით იგი გაკოტრების საქმის წარმოების ორგანიზების მომსახურების გაწევის სანაცვლოდ იღებს გარკვეულ საფასურს. მოპასუხისა და მოწმის მიერ ზემოთ დასახელებული საჯარო ინტერესების საფუძვლიანობასა და თანაზომიერებას საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს.
5.1. კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენცია
13. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების მეშვეობით სახელმწიფო უზრუნველყოფს კორუფციული და თაღლითური სქემების განხორციელების პრევენციას. კერძოდ, 2011 წლამდე გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მეურვე იყო არა აღსრულების ეროვნული ბიურო, არამედ - კერძო პირი, რაც ხელს უწყობდა კორუფციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, აქტიური როლი შეეთავსებინა გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში და გაეტარებინა მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა.
14. სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს კორუფციული და თაღლითური საქმიანობა ყველა სფეროში, მათ შორის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში. კორუფციული და თაღლითური საქმიანობა, გარიგებები და სქემები საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან კერძო და საჯარო ინტერესებს. შესაბამისად, დასაშვებია, საკუთრების უფლება შეიზღუდოს კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენციისა და დასახელებული ინტერესების დაცვის მიზნით.
5.2. ბრუნვაუუნარო სუბიექტების განდევნა
15. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულმა მარინა ფარცვანიამ მიუთითა, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანი ასევე შეიძლება იყოს ბრუნვაუუნარო, პერსპექტივის არმქონე სუბიექტების ბაზრიდან განდევნა, რათა მათმა არსებობამ სამომავლოდ არ გამოიწვიოს პრობლემები.
16. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საკუთრების უფლების სრულყოფილი რეალიზება შეუძლებელია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის გარეშე. სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთრების უფლებით სარგებლობის, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. სახელმწიფო უფლებამოსილი და ხშირ შემთხვევაში ვალდებულიც არის, მიიღოს ზომები სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
17. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მისაღწევად, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ბრუნვის მონაწილეთა სიცოცხლისუნარიანობა. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სანდოობის განცდა ბრუნვის სხვა მონაწილეებთან მიმართებით. გადახდისუუნარო სუბიექტებთან ურთიერთობის დამყარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან რისკებთან, რაც სწორედ მისი გადახდისუუნარობით იყოს გამოწვეული. სათანადო გარანტიების არსებობის გარეშე შესაძლებელია, სუბიექტებმა თავი შეიკავონ ბრუნვაში მონაწილეობისგან ან ზედმეტი ძალისხმევის გაღება მოუწიოთ იმის გასარკვევად, რამდენად გადახდისუნარიანია ესა თუ ის სუბიექტი. ამრიგად, ბრუნვის მონაწილეთათვის სათანადო გარანტიების შექმნა და სიცოცხლისუუნარო სუბიექტების ბრუნვიდან განდევნა მნიშვნელოვან ინტერესებს ემსახურება. აქედან გამომდინარე, დასაშვებია მოწმის მიერ დასახელებული საჯარო ინტერესის დასაცავად საკუთრების უფლების შეზღუდვა.
5.3. სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება
18. განსახილველ საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულმა მარინა ფარცვანიამ სადავო რეგულირების კიდევ ერთ შესაძლო ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების უზრუნველყოფა. მოწმის განმარტებით, სახელმწიფო ორგანიზებას უწევს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, შესაბამისად, ორგანიზების მომსახურების გაწევის სანაცვლოდ იღებს გარკვეულ საფასურს. სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება სწორედ ამ საფასურის ანაზღაურებას ემსახურება. სახელმწიფოს გადაეცემა მოვალის ქონება, რომლის მეშვეობითაც იგი ინაზღაურებს გაწეული მომსახურების საფასურს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისისათვის შესაბამისი საფასურის ანაზღაურება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, რომლის დასაცავადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს საკუთრების უფლება.
6. გამოსადეგობა
19. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ არსებობდეს ლოგიკური კავშირი გამოყენებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ საჯარო მიზანს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და უფლება შეიზღუდა უმიზნოდ, რაც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია. გამოყენებული ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
6.1. კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენცია
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და კორუფციული/თაღლითური სქემების პრევენციას შორის. კერძოდ, უნდა დადგინდეს, მოვალის არარეალიზებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა რამდენად უწყობს ხელს კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენციას.
21. სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის მიხედვით, მოვალის ქონებაზე სამჯერ აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, თუ ქონება ვერ გაიყიდა და არც ერთმა კრედიტორმა არ გამოხატა მისი მიღების ინტერესი, ეს ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მოპასუხე მხარის წარმომადგენელს არ მიუთითებია კორუფციულ/თაღლითურ სქემებსა და მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას შორის რაიმე ხელშესახებ და კონკრეტულ კავშირზე. შესაბამისად, უცნობია, რა ფორმით შეიძლება უწყობდეს ხელს კორუფციის ან თაღლითობის პრევენციას მოვალის საკუთრებაში არსებული იმ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემა, რომელიც სამი აუქციონის შედეგად ვერ გაიყიდა და რომლის მიმართაც ინტერესი არ გამოუხატავს არც ერთ კრედიტორს. საქმის გარემოებების ანალიზით არ გამოკვეთილა რაიმე კონკრეტული საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მოვალისათვის მისი კუთვნილი ქონების საკუთრებაში დატოვებამ. ასევე არ დგინდება როგორ ახდენს ამ საფრთხის პრევენციას ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ლოგიკურად არ უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს.
6.2. ბრუნვაუუნარო სუბიექტების განდევნა
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს სადავო რეგულირებით დაწესებული შეზღუდვა ბრუნვაუუნარო სუბიექტების განდევნისა და, ზოგადად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. კერძოდ, უნდა დადგინდეს ლოგიკური კავშირი ბრუნვაუუნარო სუბიექტის ბაზრიდან განდევნასა და სადავო ნორმით გათვალისწინებული წესით მოვალის ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას შორის.
24. ზოგადად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდგომ გაკოტრებულად ცნობილი სუბიექტის ქონების სხვა პირებისათვის გადაცემა აღნიშნული პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა. გონივრულია, რომ რეალიზაციის გარეშე დარჩენილ სამეურვეო ქონებას ახალი მესაკუთრე გამოუჩნდეს. ამავდროულად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ანალიზით უნდა დადგინდეს, რა ეტაპზე გამოიყენება სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება და რამდენად არის იგი კავშირში გადახდისუუნარო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან.
25. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოება სრულდება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება, იმავდროულად, იწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას. ამავე კანონის 551 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველზე იურიდიული პირის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
26. ამრიგად, გადახდისუუნარო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია გაკოტრების წარმოების დასრულება და შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. თავის მხრივ, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება გამოიყენება მოვალის ქონებაზე აუქციონის ჩატარების შემდგომ. კანონმდებლობის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება მოვალის ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის განაწილებისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესით მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა ხორციელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ჯერ გაკოტრების საქმის წარმოება არ არის დასრულებული და სუბიექტის რეგისტრაცია არ გაუქმებულა.
27. ამავდროულად, მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა არც პროცედურულად და არც შინაარსობრივად არ უკავშირდება მოვალის გაკოტრებას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. როგორც აღინიშნა, პირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, კანონით დადგენილი წესით, მისი ქონების რეალიზაცია და შესაბამისი გადაწყვეტილების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. ამრიგად, მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა არ იწვევს მისი რეგისტრაციის გაუქმებას და არც რაიმე ფორმით ახდენს გავლენას ამ პროცესის დასრულებაზე. შესაბამისად, არ იკვეთება, როგორ უწყობს ხელს მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ბრუნვაუუნარო სუბიექტების ბაზრიდან განდევნას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ლოგიკურად არ უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს.
6.3. სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება
28. სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებას შორის ლოგიკური კავშირის არსებობის დასადგენად აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად უკავშირდება მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას.
29. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გარკვეულ მომსახურებას გასწევს აღსრულების ეროვნული ბიურო. კერძოდ, ამ სამართლებრივ ურთიერთობებში აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის და ცალკეულ შემთხვევებში გაკოტრების მმართველის ფუნქციების შესრულებას, აგრეთვე მოვალის ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის გამართვას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. ხოლო აუქციონის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ამ მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გამონაკლისია შემთხვევა, ამავე კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც გადახდისუუნარობის საქმე წყდება და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური ანაზღაურდება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირის მიერ წარმოდგენილი დეპოზიტიდან. ამავე კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო ქონებად ითვლება ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან/და წარმოებული (შექმნილი) ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება.
30. ამრიგად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში გაწეული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, როგორც წესი, ანაზღაურდება მოვალის ქონებიდან. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური პირველი რიგის მოთხოვნაა და პრიორიტეტულად დაკმაყოფილდება.
31. განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება - მოვალის ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის თანახმად, მოვალის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის იმ შემთხვევაში, თუ სამჯერ აუქციონის ჩატარების შედეგად არც ერთმა კრედიტორმა არ გამოხატა მისი მიღების ინტერესი და ვერ განხორციელდა მისი რეალიზაცია. როგორც აღინიშნა, ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური პირველი რიგის მოთხოვნად ითვლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმით გათვალისწინებული ქონებით შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ანაზღაურების უზრუნველყოფა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც კრედიტორს, აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს ინტერესი და მიიღოს ქონება საკუთრებაში. სადავო ნორმით კი - მოწესრიგებულია შემთხვევა, როდესაც არც ერთ კრედიტორს, მათ შორის, არც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამგვარი ინტერესი არ გამოუხატავს. შესაბამისად, არ იკვეთება, თუ როგორ შეიძლება უზრუნველყოს სადავო ნორმით გათვალისწინებულმა ღონისძიებამ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება იმ პირობებში, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ გამოხატა მოვალის ქონების მიმართ ინტერესი.
32. ზემოაღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო რეგულაცია მხედველობაში არ იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობას და შესაბამისი ქონების ღირებულებას. რეალიზაციის გარეშე დარჩენილი სამეურვეო ქონება სახელმწიფოს გადაეცემა სრული მოცულობით. სადავო კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტი ასევე მიუთითებს, რომ კრედიტორთა მიერ ქონების ნატურით საკუთრებაში მიღების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში მათ ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით. აღნიშნულისგან განსხვავებით, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში საერთოდ არ დგინდება მისი საბაზრო ღირებულება და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურთან მისი თანაფარდობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ქონების საბაზრო ღირებულება შესაძლოა აღემატებოდეს მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯს, აღნიშნული ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცემა სრული მოცულობით, რაც, კიდევ ერთხელ, მეტყველებს სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის კავშირის არარსებობაზე.
33. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სადავო ნორმა არეგულირებს არა მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც აუქციონზე საერთოდ ვერ ხორციელდება სამეურვეო ქონების რეალიზაცია, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც სამეურვეო ქონების ნაწილის რეალიზაცია განხორციელდა, ხოლო ნაწილი ვერ გაიყიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების დანახარჯი სრულად იქნეს ანაზღაურებული სამეურვეო ქონების იმ ნაწილით, რომლის რეალიზაცია აუქციონზე განხორციელდა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი რიგის კრედიტორია და, შესაბამისად, პირველ რიგში, მის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება. დასახელებული გარემოება კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს იმას, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება თავისი ბუნებითა და მიზანმიმართულებით არ არის კავშირში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებასთან.
34. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებით არ ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების ანაზღაურება, იმითაც დასტურდება, რომ რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა გავლენას არ ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის უფლებაზე, აუნაზღაურდეს მომსახურების საფასური. სადავო რეგულირების თანახმად, სამეურვეო ქონება საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს და არა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უშუალოდ გასწევს მომსახურების ხარჯს. სადავო კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პირველი რიგის კრედიტორად მოიხსენიებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და არა სახელმწიფოს. ამასთან, კანონმდებლობით არ არის დადგენილი, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა რაიმე სახის გავლენას ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს დანახარჯის ანაზღაურების მოთხოვნაზე. სადავო კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტი კრედიტორის მოთხოვნას დაკმაყოფილებულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც ის საკუთარი ნებით გამოხატავს სურვილს რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე. უშუალოდ გასაჩივრებული რეგულირება კი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის ფაქტს არ აღიარებს კრედიტორის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის დაკმაყოფილებად.
35. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ადასტურებს, რომ სადავო ნორმა შემხებლობაში არ არის არც ერთ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან, არ იკვეთება ლოგიკური კავშირი უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და საჯარო ინტერესებს შორის. ამრიგად, გასაჩივრებული რეგულირება ვერ აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნებს და არათანაზომიერად ზღუდავს საკუთრების უფლებას და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1250 („„შპს ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი