შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/1250 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 16 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 თებერვალი 2018 16:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1250) მომართა შპს „ტიფლისი 777-მა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 23 აგვისტოს. №1250 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 16 თებერვალს.
2. №1250 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტი არეგულირებს იმგვარი სამეურვეო ქონების სამართლებრივ ბედს, რომლის რეალიზაციაც მესამე აუქციონზეც ვერ მოხდა ან მესამე აუქციონის შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს აღნიშნული ქონების საერთო საკუთრებაში კრედიტორებისთვის გადაცემის შეთავაზების წესს, ხოლო, სადავო სიტყვების თანახმად, „თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არც ერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება და მისი ხელშეუვალობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობისას საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის №2/5477-14 განჩინებით სასამართლოს წარმოებაში მიღებულ იქნა შპს „ტიფლისი 777-ის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
6. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ამავე კანონის მიზნებზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმატიული აქტის მიზანს წარმოადგენს მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. სადავო ნორმა კი არ არის თავსებადი დასახელებულ მიზანთან.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის სადავოდ არ ხდის ზოგადად ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის ინსტიტუტს და აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში, ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა იცნობს პირის ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის რეგულაციას. თუმცა, იმავდროულად, სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არ არსებობს ის ინტერესი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების მიქცევას გაამართლებდა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბუნდოვანია, ითვლება თუ არა კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მას შემდეგ, რაც სადავო ნორმის საფუძველზე, მოვალის ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. აღნიშნული საკითხი, სადავო ნორმატიული აქტით, მკაფიოდ არ არის გაწერილი, რაც კრედიტორს მისცემს შესაძლებლობას, კვლავაც გააგრძელოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცედურები. აღნიშნული კიდევ უფრო რთულ ფინანსურ მდგომარეობას უქმნის მოვალეს.
9. მოსარჩელის არგუმენტაციით, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე არ მოხდება სამეურვეო ქონების რეალიზაცია და არც ერთი კრედიტორი არ გამოეხმაურება მის საერთო საკუთრებაში მიღების შეთავაზებას, ქონება უნდა დაუბრუნდეს მოვალეს, მის მართლზომიერ მესაკუთრეს და, გარდა აღნიშნულისა, მასზე უნდა გავრცელდეს ე.წ. სააღსრულებო დაცვა. ეს უკანასკნელი გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, წარმოებაში მონაწილე კრედიტორების მხრიდან, გარკვეული ვადით მის ხელშეუხებლობას გულისხმობს.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ვრცელდება იურიდიულ პირებზეც და იცავს მათი საკუთრების უფლებას. გარდა ამისა, საკუთრების ობიექტი მოიცავს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში არსებულ იმგვარ ქონებასაც, რომელიც მართლზომიერი გზით არის შეძენილი. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად აქვს შეძენილი ქონება, რომელიც, იმავდროულად, არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, მისი საკუთრება დაცულია კონსტიტუციის დასახელებული დებულებით.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კანონით გათვალისწინებული წინა პირობების არსებობის შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, წარმოიშობა ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის რეალური საფრთხე, რაც შინაარსობრივად საკუთრების ჩამორთმევის ტოლფასია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) წარმოადგენს არსებითად განსხვავებულ რეჟიმს, სადავო ნორმით ხდება საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამასთან, არ არსებობს ის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რომელსაც კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის აუცილებელ საფუძვლად განსაზღვრავს.
12. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ფორმალური ნიშნით და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ის მოცემულია კანონის სამართლებრივი ფორმით, აკმაყოფილებს კონსტიტუციით საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს, თუმცა მატერიალური თვალსაზრისით, გაუმართლებლად იზღუდება მისი საკუთრების უფლება, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
14. კონსტიტუციური სარჩელით დაყენებულია შუამდგომლობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში არსებობს გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე, ვინაიდან მისი ქონება შესაძლოა მიექცეს სახელმწიფოს საკუთრებაში, რა დროსაც აღარ იარსებებს მისი საკუთრების კონსტიტუციური უფლების აღდგენის მექანიზმი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადების მოქმედება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1250 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, დანიშნულია გაკოტრების მმართველი და არსებობს სადავო ნორმის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის საფრთხე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
4. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნისას მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, ნორმის მოქმედების პირობებში, ახლო მომავალში მისი კონსტიტუციური უფლების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საფრთხის რეალიზებისთვის, უპირველესად, თავად სადავო ნორმით გაწერილი პირობები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში სამეურვეო ქონება მიექცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, ერთი მხრივ, აუქციონზე ვერ მოხდება ქონების რეალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, სამეურვეო ქონების საერთო საკუთრებაში მიღების შეთავაზებას, დადგენილ ვადაში, არც ერთი კრედიტორი არ გამოეხმაურება. მოსარჩელის მიმართ, მართალია, მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, თუმცა მას არ მიუთითებია და არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო ქონების რეალიზებისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადდა აუქციონი ან პირველ აუქციონზე მაინც გავიდა სამეურვეო ქონება. ამ პირობებში მოსარჩელის მსჯელობა, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში შესაძლო მიქცევის თაობაზე, არის აბსტრაქტული. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეს აგრეთვე ევალება, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმის მოქმედება მისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული, სამეურვეო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში რატომ იქნება დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი.
5. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შესაჩერებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1250 („შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე