ზურაბ საღინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1805 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ საღინაძე |
თარიღი | 15 დეკემბერი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნომრატიული შინაარსი რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულისთვის გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.'' 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.'' |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
მე-60 მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ემუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) კანონის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. იერარქიაში არ არსებობს ზემდგომი ნორმატიული აქტი რომელიც სადავო საკითხს შეეხება და შესაბამისად, შესაძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები რაც სარჩელში მითითებული დასაბუთების და ნორმების საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელის არსებით განსახილველად მიღების საფუძველი და წინაპირობაა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტების აღწერა:
1. 2023წ 4 ივლისის, ბათუმში დაიკარგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შავ ზღვაში 7 ივლისს იპოვეს გარდაცვლილი.
2. პოლიციამ, 2023წ. 6 ივლისს დააკავა კატერის მძღოლი ზურა საღინაძე, რომელსაც წაუყენა ბრალდება 4 არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ე და ლ პუნქტებით. ბრალდება დაეფუძნა მოწმეთა ჩვენაბებს, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულები ბრალდებულებმა კატერზე მობმული ბანანით შეიყვანა ზღვაში, ამოაყირავა და მიატოვა ისე, რომ ითვალისწინებდა მათთვის მოსალოდნელ საფრთხეს.
3. მიუხდავად იმისა, რომ 1 არასრულწლოვანი გარდაცვალილია, ქმედება მაინც მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირდა და იმავე კვალიფიკაციით ამჟამად საქმეს იხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.
4. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დადგა შუამდგომლობა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა. სასამართლოს საოქმო განჩინებით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ვინაიდან, სადავო ნორმის წყალობით მხოლოდ დასრულებულ დანაშაულში ბრალდებულის საქმეზე ვრცელდება ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა.
5. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარე, პირს წარუდგენს ბრალს დაუსრულებელი დანაშაულისთვის, (სსკ 19,108 და 19-109) რითაც ხელოვნურად მანიპულირებს და ბრალდებულს არ აძლევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომას. ასევე, სსკ 117-ე ან სხვა, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, ბრალდებას წარადგენს 19-108 ან 19-109 მუხლით.
6. გასაჩივრებული ნორმის წყალობით მოსარჩელემ (ბრალდებულმა) ვერ ისარგებლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით) ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას სსკ 108-ე და 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსრულებელ დანაშაულში ბრალდებულის მიმართ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტთან და 31-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.'' დასრულებული და დაუსრულებელი დანაშაულის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის ერთადერთი განსხვავება გათვალისწინებულია სსკ 56-ე მუხლის მე-4 ნაწილით ,,უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.'' როგორც წესი, უვადო თავისუფლების აღკვეტა სასჯელად მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ინიშნება და შესაბამისად, სსკ 108 და 109-ე მუხლებით დასრულებულ და დაუსრულებელი დანაშაულში ბრალდებული პირები არსებითად მსგავსი და თანასწორი სუბიექტები არიან, რომელთა მიმართაც სადავო ნორმით დაშვებულია არათანაბარი მიდგომა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11. 2014 წ. № 1/4/557,571,576 გადაწყვეტილება შეეხებოდა სწორედ ნაფიცი მსაჯულების განსჯადობის საკითხს. სასამართლომ განმარტა:
95. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის რა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სასამართლო სისტემის ნაწილი, ის თავისთავად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ქვეშ. ვინაიდან, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის მიზანია ადამიანის უფლებების ადეკვატური და სრულყოფილი დაცვა, მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთელი კონსტიტუციური სისტემის ფუნქცია უნდა პასუხობდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ყველა ორგანოს კომპეტენცია, საქმიანობის განხორციელებისთვის მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, ასევე თითოეულ ამ ორგანოზე ადამიანის ხელმისაწვდომობის ფარგლები პოტენციურად შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
101. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მოითხოვს არა მხოლოდ ყველა საჭირო, საკმარისი და ადეკვატური პროცედურითა თუ გარანტიით სასამართლოს აღჭურვას, არამედ, იმავდროულად, გულისხმობს მის ასეთად აღქმადობას საზოგადოების და დავის მონაწილეთა მხრიდან. სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას, ცხადია, პირველ რიგში, განაპირობებს და უზრუნველყოფს სასამართლოს (მოსამართლეთა) ინსტიტუციური და პერსონალური დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ამასთან, გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის დამაჯერებელი ხარისხი. ამ თვალსაზრისით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ინსტიტუტისადმი მხარეთა და, ზოგადად, საზოგადოების ნდობას, რომელიც ზემოაღნიშნულის გარდა სხვა ფაქტორებზე დამოკიდებულებითაც იქმნება. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს უდავოდ წარმოადგენს პირის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ინსტიტუტი, რომლის მიერ საქმის სწორად გადაწყვეტა მისთვის პროგნოზირებადი და უფრო დამაჯერებელია, შედეგად კი გავლენა მოახდინოს საკუთარი საქმის გადაწყვეტის ბედზე.
102. მიუხედავად იმისა, რომ უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს უალტერნატივო, უპირობოდ აუცილებელ მექანიზმს, როგორც უკვე აღინიშნა, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვის უფლების ხელმისაწვდომობის უზურნველყოფისას კანონმდებლი შებოჭილია კონსტიტუციური წესრიგით და ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულებით. ვინაიდან კანონმდებლობა პირთა ერთ კატეგორიას აძლევს არჩევანის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, ვის უფრო ენდობიან და, შედეგად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეძლონ გავლენა მოახდინონ იმაზე, რომ მათ საქმეზე შედგეს სამართლიანი მართლმსაჯულება, ასეთ შესაძლებლობაზე დაუსაბუთებლად, ყოველგვარი საჭიროების, აუცილებლობისა და გამართლების გარეშე უარის თქმა არსებითად იგივე კატეგორიას მიკუთვნებული სხვა პირებისთვის, შეუძლებელია არ იწვევდეს მათი უფლების დარღვევას.
103. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ამ ნორმატიული შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა იმან, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა არსებითად თანასწორი პირების განსხვავებულ პირობებში ჩაყენების გარდაუვალი აუცილებლობა. არ არსებობს ობიექტური გამართლება იმისა, ერთი და იგივე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთაგან ნაწილმა რატომ უნდა ისარგებლოს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტით და ნაწილმა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დანაშაული სხვადასხვა დროს ჩაიდინეს. მით უფრო, თუ სასამართლოში საქმის განხილვა უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, როდესაც უკვე არსებობს კანონმდებლის ნება, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე და პირთა კონკრეტულ წრეზე გავრცელდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით სარგებლობის შესაძლებლობა.
104. მაშასადამე, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებითად თანაბარ პირთაგან ნაწილისთვის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, დადგინდა სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით დიფერენცირების დისკრიმინაციულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია იმავდროულად არ იწვევდეს ამ პირთა (დისკრიმინირებულ პირთა) სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასაც.
ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული ძირითადი უფლებები.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა