გიორგი ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1761 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ზაქარეიშვილი |
თარიღი | 28 დეკემბერი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი’’
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის’’ 226-ე მუხლის პირველ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან დაკავშირებული სიტყვა ,,(დამთავრებული)’’. |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება, პუნქტი 1 - ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.’’ მუხლი 31. საპროცესო უფლებები, პუნქტი 1 - ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.’’ მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები, პუნქტი 3 - ,,ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.’’ |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით ბრალდების წარდგენის შემთხვევაში გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. |
მუხლი 11. თანასწორობის უფლება, პუნქტი 1 - ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.’’ მუხლი 31. საპროცესო უფლებები, პუნქტი 1 - ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.’’ მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები, პუნქტი 3 - ,,ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.’’ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 59-ე და მე-60 მუხლები;
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის მიერ -
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით - ,,საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია და მოწესრიგეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით;
არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა - ვინაიდან, ასეთი დავისათვის არ არის დადგენილი ხანდაზმულობა;
სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის - ვინაიდან, ნორმატიული აქტების იერარქიაში ისეთი მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი არ არსებობს, რომელთა კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის სრულფასოვანი განხილვა;
სადავო ნორმა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი) ლეგიტიმური მიზნის და დასაბუთების გარეშე არღვევს/ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას და თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. მოსარჩელეს წარდგენილი აქვს ბრალდება ისეთი დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის რაც სასჯელად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მოსარჩელისაგან განსხვავებით, დამთავრებული დანაშაულისათვის იგივე ბრალდების შემთხვევაში ანალოგიური საპროცესო სტატუსის მქონე ყველა პირს აქვს უფლება მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამასთან, მოსალოდნელი სასჯელი და მტკიცების სტანდარტი დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულისათვის უცვლელია.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნის არის
საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის’’ 226-ე მუხლის პირველ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან დაკავშირებული სიტყვა/ტექსტი ,,(დამთავრებული)’’ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით ბრალდების წარდგენის შემთხვევაში გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის’’ 226-ე მუხლის პირველ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან დაკავშირებული სიტყვა/ტექსტი ,,(დამთავრებული)’’ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით ბრალდების წარდგენის შემთხვევაში გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კანონის ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის’’ 226-ე მუხლის პირველ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან დაკავშირებული სიტყვა/ტექსტი ,,(დამთავრებული)’’ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით ბრალდების წარდგენის შემთხვევაში გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას.
მოთხოვნის დასაბუთება
სადავო საკითხთან დაკავშირებული კანონები/ნორმები:
I - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მიღების თარიღი: 22/07/1999; დოკუმენტის ნომერი N2287; https://matsne.gov.ge/document/view/16426?publication=243) -
მუხლი 18. დანაშაულის მომზადება
1. დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისათვის.
3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №403 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.176
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
მუხლი 19. დანაშაულის მცდელობა
1. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
მუხლი 56. სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის
1. დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
განზრახ მკვლელობა:
ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
ე) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;
ვ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) გენდერის ნიშნით;
ი) ჯგუფურად;
კ) ოჯახის წევრის მიმართ;
ლ) ორი ან ორზე მეტი პირისა;
მ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ნ) ანგარებით ან შეკვეთით;
ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
პ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა);
ჟ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №754 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
II - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (მიღების თარიღი: 09/10/2009; დოკუმენტის ნომერი N1772; https://matsne.gov.ge/document/view/90034?publication=150) -
მუხლი 45. სავალდებულო დაცვა
სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
ა) თუ არასრულწლოვანია;
ბ) თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) თუ აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
დ) თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ე) თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
ვ) თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
ზ) თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
თ) თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
ი) თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კ) თუ არაიდენტიფიცირებული პირია;
კ1) თუ განიხილება მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი;
ლ) ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 46. დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე
1. დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ:
ა) გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;
ბ) არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა და სისხლის სამართლის საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით.
4. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიღებს დაცვისათვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.
5. ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
მუხლი 166. სისხლისსამართლებრივი დევნა
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა.
მუხლი 219. წინასასამართლო სხდომა
1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს და ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას.
2. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, და საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები საპროცესო შეთანხმების შესახებ.
3. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დებულებები და მასთან დაკავშირებული ბრალდებულის უფლებები. ამის შემდეგ მოსამართლე არკვევს, თანახმაა თუ არა ბრალდებული, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. თუ ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს არ განაცხადებს, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.
4. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე:
ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე;
ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი;
გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს;
ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს.
5. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა.
6. თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. განჩინება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მოსამართლე საჩივარს ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საქმეს უბრუნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს წინასასამართლო სხდომის გამართვას ამ კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად.
7. წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3090 - ვებგვერდი, 06.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3976 - ვებგვერდი, 20.07.2015წ.
მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.
2. ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
4. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან მისდამი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის 211 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2355 – ვებგვერდი, 29.05.2018წ.
III - საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (მიღების თარიღი: 24/06/2016; დოკუმენტის ნომერი N5591-IIს; https://matsne.gov.ge/ka/document/view/3326926?publication=0#DOCUMENT:1;); ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 24/06/2016; დოკუმენტის ნომერი N5591-IIს) განმარტებითი ბარათი (https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/123251) და ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 24/06/2016; დოკუმენტის ნომერი N5591-IIს) მიღებამდე არსებული რედაქციის შინაარსი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის შესახებ (https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/123252).
მოსარჩელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გარემოებები:
1. 2022 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N088290822001 საქმეზე, დავით ჩხეიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. (იხილეთ: დანართი N4 - ,,გ’’).
2. 2022 წლის 29 აგვისტოს, სისხლის სამართლის N088290822001 საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული იქნა გიორგი ზაქარეიშვილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. (იხილეთ: დანართი N4 - ,,დ’’).
3. 2022 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და იუწყება, რომ დაადგინეს მოსარჩელემ ჩაიდინა მკვლელობა (https://police.ge/ge/politsiam-imeretshi-ganzrakh-mkvlelobis-braldebit-1-piri-tskhel-kvalze-daakava/15409?print=1). (იხილეთ: დანართი N2).
4. 2022 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება და იუწყება, რომ დაადგინეს მოსარჩელემ ჩაიდინა მკვლელობა (https://pog.gov.ge/news/prokuraturam-vanshi-momxdari-ganzrax-mkvlelobis-faqtze-erT-pirs-braldeba-warudgina). (იხილეთ: დანართი N3).
5. 2022 წლის 30 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის დადგენილებით (RD0003219500RL) გიორგი ზაქარეიშვილს ბრალად წარედგინა დ. ჩ.-ს განზრახ მკვლელობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. (იხილეთ: დანართი N4 - ,,ე’’).
6. 2022 წლის 30 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი ზაქარეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეირჩა პატიმრობა. ამავე განჩინებით, წინასასამართლოს სხდომის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 20 ოქტომბერი. (იხილეთ: დანართი N4 - ,ვ’’).
7. 2022 წლის 10 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, წინასანამართლო სხდომის ვადა გაგრძელდა და წინასასამართლო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 24 ნოემბერი. (იხილეთ: დანართი N4 - ,,ზ’’).
8. 2022 წლის 11 ოქტომბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი ზაქარეიშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში. (იხილეთ: დანართი N4 - ,,ზ’’).
9. 2022 წლის 4 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის დადგენილებით (KB0003492191PR) საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. (იხილეთ: დანართი N4 - ,,თ’’).
10. 2022 წლის 7 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის დადგენილებით (RR0003497563NW) გიორგი ზაქარეიშვილის მიმართ ბრალდება შეიცვალა და წარედგინა ორი ან მეტი პირის გაზრახ მკვლელობის მცდელობა და ცივი იარაღის ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით. (იხილეთ: დანართი N4 - ,,ი’’).
11. 2022 წლის 15 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, წინასანამართლო სხდომის ვადა გაგრძელდა და წინასასამართლოს სხდომის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 22 დეკემბერი. (იხილეთ: დანართი N4 - ,,კ’’).
12. 2022 წლის 17 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი ზაქარეიშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში. (იხილეთ: დანართი N4 - ,,კ’’).
13. 2022 წლის 9 დეკემბერს, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გადმოგვცა თავისი მტკიცებულებები და სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხა, 2022 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ბრალდების კვალიფიკაცია არ შეცვლილა. (იხილეთ: დანართი N4 - ,,ლ’’).
14. 2022 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი ზაქარეიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართება წინასასამართლო სხდომა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გადაეცემა და მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა მოსარჩელისათვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს, რითაც, ლეგიტიმური მიზნის და დასაბუთების გარეშე შეეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება და თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
15. 2022 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (დამთავრებული) დაკავების (10:43 საათი) შემდეგ, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, მოსარჩელესთან ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ მას აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილი ჰქონდა ხელი, დამკავებელმა პირებმა 2022 წლის 29 აგვიტოს 18:10 საათამდე სამედიცინო მომსახურება არ უზრუნველყვეს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მიმართ სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განმხილველ მოსამართლეს არ გასჩენია შეკითხვები. (იხილეთ: დანართი N2 - განჩინებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენების და ძალაში დატოვების შესახებ; დანართი N3 - დაკავების ოქმი, მოსარჩელის გამოკითხვის ოქმი, მოსარჩელისაგან ნიმუშის აღების ოქმი, მოსარჩელისაგან ტანისამოსის ამოღების ოქმი, მოსარჩელის სამედიცინო ისტორია, მოსარჩელის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, განჩინებები საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ).
16. ,,დანაშაულის იარაღი’’ მოსარჩელისაგან არ ამოღებულა და მასზე არ აღმოჩნდა იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი. დაკავებისას მოსარჩელეს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილი ჰქონდა ხელი. დაზარალებულად ცნობილი პირი ნ.ქ. 2022 წლის 29 აგვისტოს და 2022 წლის 4 ნოემბერს გამოკითხვებისას სხვადასხვაგვარად აღწერს მოსარჩელის მიერ მასზე ,,თავდასხმას’’, პირველად მის ტანზე დანით შეხებას არ აფიქსირებს, ხოლო მოგვიანებით, ორი თვის შემდეგ ახსენდება მოსარჩელის მიერ მის ტანზე დანით ჭრილობის მიყენება, რაც საფუძველი გახდა დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით საქმის სასამართლოში გაგზავნის. აღნიშნული გარემოებები აშკარად მიეუთითებენ ბრალდების მხარის (პროკურორი, გამომძიებელი) მისწრაფებაზე, რომ მოსარჩელეს შეეზღუდოს უფლებები და ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ არ განიხილოს მისი ბრალდების საქმე.
17. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების შემოწმების და აღკვეთის ღონიძიების განხილვის ეტაპზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არ დაინტერესებულა და ძირეულად არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიმართ ადვოკატის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიზანშეწონილობა, ასევე, დაზიანებების წარმომავლობა. აღნიშნულ საკითზებზე არც საქართველოს პროკურატურას არ გაუმახვილებია ყურადღება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ 2022 წლის 29 და 30 აგვისტოს განცხადებებით დადასტურებულად გამოაცხადა მოსარჩელის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა და ხელმოტეხილი მოსარჩელის სამედიცინო მომსახურების გაწევამდე გამოაქვეყნეს საგამოძიებო დანაყოფში ბორკილდადებული გ.ზ.-ს შეყვანა. აღნიშნული ფაქტები აშკარას ხდის საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოსარჩელის მიმართ ,,გადამეტებულ მოწადინებას’’. შესაბამისად, არ დარჩა განცდა, რომ მომცმულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნება უზრუნველყოფილი.
18. 2016 წლის 24 ივნისის ცვილებამდე, ერთნაირი მუხლით დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულისათვის ბრალდებული პირების საქმეებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თანაბრად უზრუნველყოფილდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას. 2016 წლის 24 ივნისის კანონპროექტის ავტორი არის საქართველოს პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (იმ პერიოდში პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შედიოდა).
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით დასჯადია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამ მუხლით დამთავრებული და დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომა იდენტურია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ემუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაცია (19-109-ლ) გულისხმობს ერთი ან მეტი ადამიანის დამთავრებულ განზრახ მკვლელობასაც, შესაძლებელია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედება განხორციელდა ორი ან მეტი პირის მიმართ და ერთ-ერთი მათგანი გადარჩა.
20. წინასასამართლო სხდომამდე და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, საქმეზე კვალიფიკაციის განსაზღვრის ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ პროკურორს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა დამოკიდებულია პროკურორის მიერ კვალიფიკაციის შერჩევაზე. შესაბამისად, მოსარჩელე სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებისას დამოკიდებულია მოწინააღმდეგე მხარის სურვილზე, რომელსაც, დისკრიმინაციულად შეუძლია შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა. მოცემულ საქმეზე სწორედ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელისათვის სრულად აქტუალურია.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაში არაერთხელ განუმარტავს კანონის წინაშე თანასწორობის ცნება, რაც წინამდებარე სარჩელისთვისაც აქტუალურია:
,,თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები. კანონის წინაშე თანასწორობა „ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები“;
,,კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს’’;
,,დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა - ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან „თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან’’;
,,...თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას’’;
,,არსებითად თანაბარ პირთაგან ნაწილისთვის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, დადგინდა სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით დიფერენცირების დისკრიმინაციულობა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია იმავდროულად არ იწვევდეს ამ პირთა (დისკრიმინირებულ პირთა) სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასაც’’;
23. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის’’ 226-ე მუხლის პირველ ნაწილში სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტთან დაკავშირებული სიტყვის/ტექსტის ,,(დამთავრებული)’’ მოქმედება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუმთავრებელი დანაშაულის კვალიფიკაციით ბრალდების წარდგენის შემთხვევაში გამორიცხავს საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვას. ვინაიდან, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ შეჩერების გარეშე, წინასასამართლო სხდომაზე, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ გადაეცემა და მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა მოსარჩელისათვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს, რითაც, ლეგიტიმური მიზნის და დასაბუთების გარეშე შეეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება და თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება;
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ერთხმად და უპირობოდ აღიარებს სამართლიანი სასამართლოს უფლების და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ყოვლეგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომობას. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, კონკრეტული პირი გიორგი ზაქარეიშვილი დაიცვას დისკრიმინაციისაგან და სამართლიანი სასამართლოს საყოველთაოდ აღიარებული უფლების შეზღუდვისაგან, რის გამოც, გთხოვთ, დროულად და ეფექტურად იმოქმედოთ, რათა დაცული იქნეს საყოველთაოდ აღიარებული უფლება და მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა