გიორგი სულხანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/1812 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 29 მარტი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 აპრილი 2024 18:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი სულხანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1812) მომართა გიორგი სულხანიშვილმა. №1812 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 22 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 29 მარტს.
2. №1812 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია დანაშაულის მცდელობა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი დანაშაულის მცდელობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტი – სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
5. №1812 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მოსარჩელე მხარის მითითებით, თელავის რაიონულ სასამართლოში, წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, მან თანხმობა განაცხადა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობაზე, რის შემდგომაც ჩაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ბოლო ეტაპზე, ბრალდების მხარემ, უსაფუძვლოდ მოახდინა ბრალდების დაზუსტება, კერძოდ, მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას ჯგუფურად. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების დაზუსტების შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის საქმეზე დათხოვნილ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და საქმის განხილვა გაგრძელდა საერთო წესით. შედეგად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მას შეეზღუდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ სხვა პირებთან შედარებით, ის იმყოფება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკითხის ამგვარი მოწესრიგება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, პროკურორს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არსებითად მსგავსი შემთხვევები თანაბრად დააკვალიფიციროს როგორც დასრულებულ დანაშაულად, ისე დანაშაულის მცდელობად და, ამ გზით, გადაწყვიტოს, თუ რომელი ბრალდებულის საქმე შეიძლება გახდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი და რომელი არა, რაც იწვევს ბრალდებული პირების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ხოლო ბრალდების მხარეს ანიჭებს კონკრეტული პირის საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე არდაშვების შესაძლებლობას.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას და ითხოვს, სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.
8. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო წარმოადგენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, უშუალო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოს მიერ თანამედროვე რეალობაში დამკვიდრებულ მონაპოვარს, რომელმაც, მათ შორის, ასახვა პოვა საქართველოს კონსტიტუციაში. მოსარჩელის პოზიციით, მას, სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილად რეალიზების ერთადერთ გზად, საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა მიაჩნია, რომელზე წვდომაც, სწორედ სადავო ნორმების მოქმედებით აქვს შეზღუდული. შესაბამისად, იგი ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
9. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
2. №1812 კონსტიტუციური სარჩელში, მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას, ამავე კოდექსის მე-19 მუხლთან ერთად, სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დაუმთავრებელი დანაშაულის შემადგენლობა, კერძოდ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა ჯგუფურად. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სწორედ ხსენებულ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, ბრალდების მხარეს აქვს უფლებამოსილება, დააკვალიფიციროს ქმედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობად, მაშინ, როდესაც ქმედება მოიცავს დამთავრებულ დანაშაულსაც. შედეგად, მოსარჩელე ვერ სარგებლობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობით, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დამთავრებულ დანაშაულზე ვრცელდება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს დანაშაულის მცდელობის განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დანაშაულის მცდელობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ის გარემოება, რომელიც პირის მიერ ჩადენილ ქმედებას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობად აკვალიფიცირებს. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეების დადგენა სადავო ნორმების რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება, ისევე, როგორც ამ ნორმებით არ ხდება პროკურორისათვის ბრალდების განსაზღვრის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება. ამდენად, სადავო ნორმებს არ აქვს მიმართება არც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის რეგულირებასთან და არც პროკურორის მიერ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციასა და შესაბამისი ბრალდების განსაზღვრასთან. შესაბამისად, სადავო ნორმებს არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1812 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში, გამორიცხავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, მაშინ, როდესაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება მოიცავს ბრალდებას როგორც დამთავრებულ მკვლელობაზე, ისე მკვლელობის მცდელობაზე.
7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106).
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლთან მიმართებით დამთავრებულ დანაშაულზე მითითება, პირისათვის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდების წაყენების შემთხვევაში, ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რითაც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და კონსტიტუციით გარანტირებული შესაბამისი უფლება. ამდენად, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე წვდომა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი მიმართვის უფლება საერთოდ არ გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი შედგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მრავალი უფლებრივი კომპონენტისაგან, რომელთა შორის, სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, ისევე როგორც მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, მიემართება სწორედ სამართლიანი სასამართლოს უფლების საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და არა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვას. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ №1812 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის წარმოსაჩენად, არ არის წარმოდგენილი რაიმე დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მოსარჩელის საქმეს განიხილავს რაიმე ფორმით არაუფლებამოსილი და არაგანსჯადი სასამართლო.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1812 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1812 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1812 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი სულხანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1812 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი სულხანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. №1744, №1746, №1760, №1761, №1783, №1805 და №1812 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში