„მოძრაობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №2/7/219 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოქალაქეები: ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1996 წლის 28 ივნისის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, მურთაზ თოდრია და მათი წარმომადგენელი დავით კუპრეიშვილი. მოპასუხე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი შორენა ჯანხოთელი.
2003 წლის 23 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი N219) მომართეს მოსარჩელეებმა: ჯანო ჯანელიძემ, ნინო უბერმა, ელეონორა ლაგვილავამ და მურთაზ თოდრიამ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის მესამე ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, „პირი კარგავს დევნილის სტატუსს საქართველოს რომელიმე რეგიონში მუდმივად დასახლებისა და რეგისტრაციაში გატარებისას“. მათი აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“. ასევე, მე-14 მუხლს „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“ და 22-ე მუხლის პირველ პუნქტს „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ პირის ნების საწინააღმდეგოდ ადგილსამყოფელის გამოცვლის გამო დევნილის სტატუსის ჩამორთმევა ანტიკონსტიტუციურია და ლახავს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლოს სახელმწიფოს მფარველობითა და გარკვეული შეღავათებით, როგორც დევნილმა. ამასთანავე მათ მიაჩნიათ, რომ დევნილთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც მიუღებელია, რადგან ეს ხელს უშლის საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას და ქვეყნის სწრაფვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
მოსარჩელეებმა სასამართლო სხდომაზე გააფართოვეს თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მათ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით, დევნილებს არა აქვთ მათთვის გარანტირებული საკუთრების უფლების რეალიზაციის საშულება. ისინი აღნიშნავენ, რომ დევნილობა არის ადამიანის ფაქტობრივი მდგომარეობა, სახელმწიფო კი მხოლოდ იურიდიულად ანიჭებს მათ დევნილის სტატუსს. ამიტომაც სრულიად დაუშვებელია დევნილის სტატუსის ქონაარქონის დაკავშირება საკუთრების შეძენასთან და მოქალაქის რეგისტრაციასთან. მაშასადამე, დევნილის ბუნებრივი ფაქტობრივი მდგომარეობა ხელს უშლის მას, მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზაცია, ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავი ქონებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი.
მოპასუხე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი არ ცნობს სარჩელს შემდეგ გარემოებათა გამო:
მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლს, რადგან დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მის რომელიმე რეგიონში მუდმივად დასახლებისას არ იწვევს საქართველოს მიერ მის მფარველობაზე უარის თქმას. პირი რჩება საქართველოს მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას დევნილის სტატუსი. საქართველოს მოქალაქეობა კი იმის საფუძველია რომ პირი იმყოფებოდეს საქართველოს მფარველობის ქვეშ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველო არა თუ მფარველობს იძულებით გადაადგილებულ პირებს, არამედ მათ დაუწესა შესაბამისი შეღავათები და პრივილეგიები, როდესაც მიანიჭა დევნილის სტატუსი.
მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მისი აზრით, ის, რომ პირი დაკარგავს დევნილის სტატუსს და ვერ ისარგებლებს გარკვეული შეღავათებითა და პრივილეგიებით, არანაირად არ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს, რადგან მას შემდეგ, რაც პირი აღარ იქნება დევნილი, მას არ უნდა ჰქონდეს დევნილის მსგავსი უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ ეს იქნებოდა თანასწორობის პრინციპის დარღვევა.
მისი აზრით, სადავო ნორმით ასევე არ დარღვეულა კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი, რადგან სადავო ნორმა არ კრძალავს პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებას. სადავო ნორმაში საუბარია, რომ, თუ პირი მუდმივ საცხოვრებლად აირჩევს საქართველოს რომელიმე რეგიონს და იქ გაივლის რეგისტრაციას, იგი დაკარგავს დევნილის სტატუსს. სადავო ნორმა არანაირად არ ახდენს პირის ნებაზე ზემოქმედებას, თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, მით უფრო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სადავო ნორმის თანახმად, პირის რეგისტრაციას შესაბამის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მოჰყვება გარკვეული სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, დევნილის სტატუსის დაკარგვა, რაც, მისი აზრით, სრულიად სამართლიანია.
მოპასუხე მხარეს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეთა მხრიდან სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მოთხოვნა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, ვინაიდან, მისი აზრით, უძრავი ქონების შეძენა არ უკარგავს პირს დევნილის სტატუსს, მას შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონება საკუთრებაში და იქ არ იყოს რეგისტრირებული, რაც არანაირად არ ლახავს მის საკუთრების უფლებას. ასევე, თუ საერთოდ არ იქნება რეგისტრირებული, ვერც ეს გახდება მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოპასუხის განმარტებით, თუ პირს სურს შეინარჩუნოს დევნილის სტატუსი, მან არ უნდა გაიაროს რეგისტრაცია მუდმივად საცხოვრებლად არჩეული ადგილის მიხედვით, თუმცა ისინი დროებით საცხოვრებელ ადგილებზე რეგისტრირებული არიან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მისი თქმით, რეგისტრაციის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელება.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის თავმჯდომარემ მანუჩარ ახალაიამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს. მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ გაეროს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს. მისი აზრით, კანონის პირველი მუხლი აბსოლუტურად სწორად განსაზღვრავს დევნილის ცნებას. ხალხი, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავიანთი საცხოვრებელი ადგილი, არიან დევნილები. რაც შეეხება მათთვის სტატუსის მინიჭებას, ხელისუფლების მიერ ეს არის ამ უკანასკნელის მხრიდან კეთილი ნება და სურვილი, რომ ამ კატეგორიის ხალხს გაუწიოს მაქსიმალური მფარველობა და ყველანაირად შეუწყოს ხელი მათ შელახული უფლებების აღდგენაში. მისი აზრით, დევნილის სტატუსი არ შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე უფლების შეზღუდვის საბაბი ამ სტატუსის მქონე პირთათვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს და მათი უფლებები საქართველოს სხვა მოქალაქეთა უფლებებისგან განსხვავებული არ უნდა იყოს პირიქით, ეს არის სოციალური სტატუსი, რომელიც დამატებით პრივილეგიებსა და შეღავათებს უწესებს დევნილებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზების, ექსპერტის დასკვნის და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევის დადგენისას ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: მე-14 მუხლის დარღვევას ადგილი აქვს მაშინ, როცა სახეზეა: ა) დიფერენცირებული დამოკიდებულება ერთნაირი შემთხვევების მიმართ, გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე და ბ) არ არის დაცული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს შორის.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დევნილებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის იმ დებულებასთან, რომლითაც დადგენილია ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა. კანონის ნებისმიერი გამოყენება, რომელიც ემყარება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრინციპს, განიხილება როგორც მიზანშეუწონელი და სრულიად მიუღებელი. აქედან გამომდინარე კი, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების, ისე თანასწორობის პრინციპის დარღვევას.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დევნილის სტატუსის დაკარგვას უკავშირებს საქართველოს რომელიმე რეგიონში დასახლებას და რეგისტრაციაში გატარებას, დევნილ საქართველოს მოქალაქეებს აყენებს არჩევანის წინაშე გაიარონ რეგისტრაცია და მოახდინონ თავიანთი უფლებების რეალიზაცია ან შეინარჩუნონ დევნილის სტატუსი, რაც მათ უქმნის არახელსაყრელ და არათანაბარ სამართლებრივ რეჟიმს სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი თავის შეხედულებისამებრ და მოახდინონ ამ საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია ისე, რომ რეგისტრაციის აქტი მათთვის არ იწვევდეს სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული სტატუსის ან შეღავათების გაუქმებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით. სადავო ნორმის შემთხვევაში არ ჩანს ის მიზეზი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კანონმდებლის დიფერენცირებული მიდგომის დასაბუთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. სასამართლო თვლის, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, რადგან სადავო ნორმა ეხება დევნილის სტატუსის დაკარგვის საფუძვლებს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ქონაარქონა ვერ გახდება საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი, რასაც მოწმობს „საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად, „რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არ ქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის მათ შორის საკურების განკარგვის უფლების საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.
3. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და ადგენს მათი მფარველობის წესს. შესაბამისად ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შესაბამისი გარემოებების დადგომისას შესაძლებელია მიჩნეულ იქნენ დევნილებად. ამავე დროს სასამართლო იზიარებს და ეთანხმება მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ დევნილის სტატუსის ჩამორთმევა არ იწვევს საქართველოს მიერ მათ მფარველობაზე უარის თქმას. პირი რჩება საქართველოს მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას დევნილის სტატუსი. საქართველოს მოქალაქეობა კი წარმოადგენს საფუძველს, პირი იმყოფებოდეს საქართველოს მფარველობის ქვეშ.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, “ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება“, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ ახდენს პირის ნებაზე ზემოქმედებას, თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. სადავო ნორმის თანახმად, დევნილის მიერ რეგისტრაციას მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე მოჰყვება დევნილის სტატუსის დაკარგვა, რაც, სასამართლოს აზრით, არანაირად არ უშლის მათ, ისარგებლონ კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით მათთვის გარანტირებული უფლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მესამე ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების: ჯანო ჯანელიძის, ნინო უბერის, ელეონორა ლაგვილავას და მურთაზ თოდრიას კონსტიტუციური სარჩელი, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის მესამე ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ო. ბენიძე;
2. ნ. ჩერქეზიშვილი;
3. ლ. ჩორგოლაშვილი;
4. ზ. ჯინჯოლავა.