იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/851 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 თებერვალი 2017 16:58 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №851) მიმართა საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 11 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 თებერვალს.
2. №851 კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელეს მითითებული აქვს: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შინაარსს და ადგენს, რომ მასში მოიაზრება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ანდა პროფესიული ან სხვაგვარი საქმიანობის განხორციელების აკრძალვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ „თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ძირითად უფლებას, ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ გარანტიებს და სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობას თავისუფლების უფლების შეზღუდვისთვის. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. კონსტიტუციის 32-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას წარმოადგენს. სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება კი, მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას, სასჯელის ღონისძიებად თავად განსაზღვროს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა იმ პირობებშიც კი, როდესაც ამგვარი სასჯელი არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. დასახელებული შესაძლებლობის განხორციელებისას, სასამართლო ახორციელებს არა სამართალშეფარდებით პროცესს, არამედ ის ფაქტობრივად ითავსებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
6. მოსარჩელე მხარე არგუმენტაციის წარმოდგენისას აგრეთვე ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განმტკიცებულ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიმოხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავასაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის სადავო, პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ რას წარმოადგენს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ინსტიტუტი და რა შინაარსი გააჩნია ამ უკანასკნელს სისხლის სამართლებრივი მიზნებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში პრობლემურად არ ხდის თავად თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ინსტიტუტის კონსტიტუციურობას. ის არაკონსტიტუციურ რეგულაციად ასახელებს კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ნორმის შემფარდებელ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად დააწესოს სასჯელის ღონისძიებად თანამდებობის დაკავების, ან კონკრეტული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არ ითვალისწინებს აღნიშნულ ღონისძიებას. მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემური და მისი არგუმენტაციით არაკონსტიტუციური შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია, ვინაიდან ის მხოლოდ ინსტიტუტის დამდგენ და მისი შინაარსის განმსაზღვრელ ნორმას წარმოადგენს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე №851 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული სასარჩელო მოთხვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. №851 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისთვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევა ზღუდავს მის კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფლების უფლებას.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობას, ხოლო დანარჩენი პუნქტები განსაზღვრავს თავისუფლების უფლების ცალკეულ უფლებრივ და პროცედურულ ასპექტებს. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებაში გადმოცემული თითოეული უფლებრივი კომპონენტი სწორედ ადამიანის თავისუფლების უფლებას მიემართება.
7. სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების არსებობისას, სასჯელის სახედ გამოიყენოს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. დასახელებული ნორმა არ არეგულირებს პირისთვის რაიმე სახით თავისუფლების შეზღუდვის წესს და შესაბამისად, მას ვერ ექნება მოსარჩელის თავისუფლების უფლების შემზღუდველი ხასიათი. მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-18 მუხლს შორის.
8. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის შესაბამისობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“.
9. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის „პრინციპული დებულებაა ის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის №1/3/301 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სილაგაძე, ლიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; III-5).
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელისათვის პრობლემურია წესი, რომელიც უფლებას ანიჭებს მოსამართლეს გამოიყენოს თანამდებობაზე დანიშვნის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ჩადენილი დანაშაულისათვის. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა არ არეგულირებს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, არამედ ის სასჯელის სახედ კონკრეტული საქმიანობის სასამართლოს მიერ ჩამორთმევის შემთხვევას არეგულირებს, რაც სცილდება საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლით დაცულ სფეროს.
11. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომელიც „იცავს შრომის უფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-23). საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის #2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულისთვის სასამართლოს მიერ სასჯელის სახედ თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული თანამდებობის შინაარსი განმარტებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი გულისხმობს დანიშვნით თანამდებობას სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საკონსტიტუციო სასამართლოს მოყვანილი განმარტებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით არ არის დაცული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ისეთი სეგმენტი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში საქმიანობას უკავშირდება. ვინაიდან სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმიანობა სწორედ ამგვარი შინაარსის მქონეა, ის ვერ იქნება განხილული 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, არ არსებობს ამ შინაარსით სადავო ნორმის კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართება.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №851 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების და 33-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №851 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №851 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 32-ე მუხლთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 32-ე მუხლებთან მიმართებით; (გ)საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა