საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/7/851 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 11 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ივლისი 2017 19:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ნოდარ მილაძე; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: გიორგი ჩიფჩიური და გიორგი თორდია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №851) მიმართა საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 11 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 თებერვალს. 2017 წლის 7 თებერვლის №1/4/851 საოქმო ჩანაწერით, №851 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 7 აპრილს.
2. №851 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ „თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შრომა თავისუფალია“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას წარმოადგენს. სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება კი მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას, სასჯელის ღონისძიებად თავად განსაზღვროს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა იმ პირობებშიც კი, როდესაც ამგვარი სასჯელი არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. მოსარჩელის აზრით, მოსამართლისთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭებით ირღვევა ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი. კერძოდ, ამგვარ შემთხვევებში მოსამართლე ახორციელებს არა სამართალშეფარდებით პროცესს, არამედ იგი ფაქტობრივად ითავსებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ დასახელებულ პრინციპთან. სადავო ნორმა მოსამართლეს უფლებამოსილებას აძლევს, საერთოდ აუკრძალოს პირს ესა თუ ის საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შრომის თავისუფლების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.
6. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, შრომის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა რიცხვს და მისი შეზღუდვა შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ვარგისი და პროპორციული საშუალებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებული ღონისძიება აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს სასჯელის ერთ-ერთ სახეს. ზოგადად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მიზნების მისაღწევად უდიდეს როლს თამაშობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პროცესში სამართლიანი სასჯელის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასჯელის სწორად შერჩევის პრინციპს, რაც სამართლიანობის პრინციპის ცხოვრებაში გატარების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. წარმოუდგენელია სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, თუ სისხლის სამართლის კანონი ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის მოსამართლეს საშუალებას არ მისცემს, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სასჯელი. სასჯელის ზომის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამნაშავის პერსონალურ ბრალს, სამართლებრივი სიკეთის დაზიანების ხარისხს, პირის გამოსწორების შესაძლებლობას და, ამავე დროს, საზოგადოების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას.
7. მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა უნდა დაადგინოს სავარაუდო სასჯელის ფარგლები, ხოლო მოსამართლე ვალდებულია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს სწორედ ამ ფარგლებში. კანონმდებლის მიერ აბსოლუტურად განსაზღვრული სასჯელის დაწესება შინაარსს დაუკარგავს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და მოსამართლეს მხოლოდ ფორმალურ სასჯელშემფარდებლად აქცევს. სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა და ეფექტიანი მართლმსაჯულება მიიღწევა მოსამართლისთვის მის კომპეტენციაში მყოფი საკითხის გადასაწყვეტად ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭებით, ხოლო მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩაურევლობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა.
8. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, ასევე სამართლებრივ დოქტრინას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „შრომა თავისუფალია“.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს შრომის თავისუფლების გარანტირებას, რაც, ერთი მხრივ, კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო, მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). „საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული შრომის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსეულ ყოფასთან. როგორც წესი, მისი განხორციელება ასოცირდება და უზრუნველყოფს მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა დაუშვებელია, შრომის უფლების რეალიზაცია მხოლოდ შემოსავლის მიღების წყაროდ იქნეს აღქმული. შრომის პროცესში ადამიანი ახდენს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოყენებას, მათ საკუთარი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად წარმართვას. ეს არის პროცესი, რომლის საშუალებით მისი განმახორციელებელი ახდენს სოციალიზაციას, საკუთარი თავის, იდეების, შესაძლებლობების ერთგვარ რეალიზაციას. პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითარების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). იმავდროულად, „შრომის თავისუფლება, უდავოდ, ფარავს პირის უფლებას, შეთანხმდეს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მას სურს და მისთვის არის მისაღები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
3. სადავო ნორმა დამატებით სასჯელად საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დანიშვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხის, დანაშაულის სპეციფიკის, ჩადენის ხერხის და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს, შეუნარჩუნოს მსჯავრდებულს საქმიანობის უფლება. ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის ან სხვა ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე, მსჯავრდებულ პირს შეიძლება გარკვეული დროით აეკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა, რაც, ცხადია, წარმოადგენს ჩარევას შრომის თავისუფლებაში.
4. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი არ არის აბსოლუტური ხასიათის და მასში ჩარევა შესაძლებელია გამართლებული იყოს ლეგიტიმური საჯარო მიზნიდან გამომდინარე, თანაზომიერების პრინციპის დაცვით. „კონსტიტუციური უფლებების [...] შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლებების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად დაცულია თანაზომიერების პრინციპი.
5. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სასჯელის ინდივიდუალიზაცია, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დანაშაულის ამსრულებელს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქმეზე არსებული ყველა რელევანტური გარემოების გათვალისწინებით.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე.
7. მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე.
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
9. საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. სპეციალური სუბიექტების მიერ ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, როდესაც საქმიანობის უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს პრევენციულ მიზნებს, ასევე, როდესაც ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიერ საქმიანობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მესამე პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
10. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე. თუ სასჯელი დანაშაულთან მიმართებით არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, არ შეესაბამება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს, მაშინ მისი აღსრულებით გამოწვეული ტანჯვა თავისთავად იქნება დამატებითი, გაუმართლებელი დასჯა.
11. სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება“.
12. სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას.
13. სასჯელის ინდივიდუალიზაციის გარეშე პირისთვის დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება სამართლიანად. „სასჯელის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენის მიზანი ბოჭავს როგორც კანონმდებელს, ასევე სამართალშემფარდებელს, სასჯელის გამოყენება ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებების გათვალისწინების აუცილებლობას. ერთი მხრივ, კანონმდებელმა უნდა შეძლოს სამართალშემფარდებელი აღჭურვოს საკმარისი შესაძლებლობებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირს შეუფარდოს თანაზომიერი სასჯელი ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლე უნდა იყოს მზად, ყველა რელევანტური საფუძვლისა და წინაპირობის სკრუპულოზური გამოკვლევის გზით, შეუფარდოს პირს ისეთი იძულების ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალიზაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაცია წარმოადგენს ღირებულ საჯარო მიზანს.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონმდებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დეტალურად აღწეროს კანონში, ყველა შესაძლო ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლემ როდის როგორი პასუხისმგებლობა უნდა შეუფარდოს პირს, თუმცა კანონმდებელი არ თავისუფლდება ვალდებულებისგან, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში, სასამართლო აღჭურვოს საკმარისად მოქნილი ნორმებით, რომლებიც შესაძლებელს გახდის, მოსამართლემ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს ყველა ინდივიდუალური გარემოება და პირის მიმართ გამოიყენოს ის სასჯელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურად აუცილებელია და გარდაუვალი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-100). როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად გადაწყვიტოს მსჯავრდებულს ჩამოართვას თუ არა კონკრეტული სახის საქმიანობის უფლება. გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ზემოხსენებულ საკითხზე უნდა ეფუძნებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ხარისხსა და დამნაშავის პიროვნებას.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა საკმარისად მოქნილია იმისთვის, რათა მოსამართლემ საქმეზე არსებული ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად გადაწყვიტოს ობიექტურად აუცილებელია თუ არა მსჯავრდებულისთვის კონკრეტული სახის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. გასაჩივრებული რეგულაცია წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას. სადავო ნორმა იძლევა შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი და სხვა რელევანტური გარემოებები, რათა არ მოხდეს არაპროპორციული სასჯელის შეფარდება.
16. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლის მიერ მსჯავრდებულისთვის გარკვეული ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა იმ პირობებში, როდესაც სასჯელის ამ სახეს არ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ის მუხლი, რომელიც ადგენს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების დასჯადობას, წარმოადგენს არა მართლმსაჯულების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.
17. სადავო ნორმა მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, რომელიც ადგენს დანაშაულისა და სასჯელის ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელ ძირითად საკითხებს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად და კერძო ნაწილებს შორის არსებობს ორგანული კავშირი. ფორმალური თვალსაზრისით, სადავო ნორმას აქვს იგივე დატვირთვა, რაც ექნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე სანქციის სახედ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციის სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში მოქცევა წარმოადგენს საკანონმდებლო ტექნიკის საკითხს. იგი მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სასამართლოს ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი დანაშაულის ამსრულებლის მიმართ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული სახის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული სასჯელი არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმით, წარმოადგენს მართლმსაჯულების და არა საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებას. მოსამართლე კანონმდებლის მიერ მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში თავად განსაზღვრავს სასჯელის სამართლიანობას და ამ მიზნით წყვეტს არსებობს თუ არა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის აუცილებლობა.
18. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამასთან, სასჯელის ზომა შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს. „საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასებისას, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ იგი კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ სასჯელის ზომად.
19. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს №851 კონსტიტუციური სარჩელი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას, როდესაც იგი არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს.
20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დადგინდა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი აისახა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში და მოსარჩელეს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლისგან განსხვავებით აღნიშნული საკანონმდებლო აქტი არ ითვალისწინებს მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებას და ე.წ. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით იმპერატიულად ადგენს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. სასამართლო მოკლებულია აღნიშნული რეგულირების კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობას, ვინაიდან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია „ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
21. არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელია, რომ მოსარჩელისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა განხორციელდა ზემოხსენებული საკანონმდებლო რეგულაციით და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმით მოსამართლისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით, რომელიც მოსამართლეს შესაძლებლობას აძლევს, მსჯავრდებულს დამატებით სასჯელად შეუფარდოს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასჯელის აღნიშნული სახე არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით. შესაბამისად, მოსარჩელის პრობლემა წარმოშვა არა სადავო ნორმამ, არამედ ზემოხსენებულმა რეგულაციამ, რომელიც მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არ არის გამხდარი. ამიტომ, არსებით სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმას და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი ვერ მოხდებოდა მოსარჩელის სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენა.
22. საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია იმაზე მსჯელობის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება თუ არა მოსარჩელის მიმართ გამოყენებული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, საექიმო საქმიანობის უფლების, საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ა.შ.) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლს, სადაც ამომწურავად არის ჩამოთვლილი სასჯელთა სახეები, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც მიუთითებს, რომ ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას აწესებს სისხლის სამართლის კოდექსი, ვინაიდან მოსარჩელე სადავოდ ხდის არა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კონკრეტულ ნორმას, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №851 („საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა