საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/4/858 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:37 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
(ბ) საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მარიამ ბეგაძე; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თინათინ ერქვანია; მოპასუხე მხარის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლები - ბექა პატარაია, ირმა ქიტიაშვილი, ელზა ჯგერენაია, ირმა გელაშვილი, ვერა ბაზიარი და ნატო ჩაფიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის პირველ დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №858) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გივი კაპანაძემ, ლაშა ჩალაძემ და მარიკა თოდუამ. №858 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 21 დეკემბერს. №858 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის №1-3/1/858 განჩინებით განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს.
2. №858 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში საქართველოს შრომის კოდექსი) 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
4. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის (შემდგომში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანება) მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველია დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამავე ბრძანების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად, ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას იღებს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია; ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო მე-2 პუნქტით, შესაბამისად, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
6. 2018 წლის 30 მარტს საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, №858 კონსტიტუციური სარჩელზე მოსარჩელე მხარე სადავოდ აღარ ხდის საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლების და „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს შრომის კოდექსის 29-ე და „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
7. №858 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გივი კაპანაძე მუშაობს №113 საჯარო სკოლაში და მას 2014 წლის 11 აპრილს შეეძინა მეორე შვილი. სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება ბავშვის მოვლის გამო. თავდაპირველად მოსარჩელეს დამსაქმებლისაგან ზეპირსიტყვიერი უარი ეთქვა შვებულების გაცემაზე, მოგვიანებით კი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, დამსაქმებელმა - საჯარო სკოლამ 2014 წლის 4 ივნისის №1/კ-28 ბრძანებით, მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა გივი კაპანაძის მოთხოვნა ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაცემის თაობაზე. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის №04/83180 წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებაზე.
8. მოსარჩელე ლაშა ჩალაძის განმარტებით, იგი იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში და, ამავდროულად, დასაქმებულია კერძო სექტორში, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი სუბიექტია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან შვილის ყოლის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეძლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას.
9. მოსარჩელე მარიკა თოდუას განმარტებით, იგი აგრეთვე უფლებამოსილი სუბიექტია, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, რადგან ბავშვის მამასთან მიმართებით იმყოფება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ დედისთვისაა გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიღებისა და შესაბამისი ანაზღაურების უფლება.
10. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ფორმალურად ნეიტრალური შინაარსისაა და ნებისმიერი დასაქმებულისათვის უზრუნველყოფს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების და, შესაბამისად, შვებულების ანაზღაურების უფლებას. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების სფეროდან მამაკაცი დასაქმებული პირები ბუნებრივად გამოირიცხებიან. მსგავს არგუმენტაციას განამტკიცებს ისიც, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს დამოუკიდებლად ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას. შესაბამისად, პრობლემას განაპირობებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ხანგრძლივობის ერთიანად განსაზღვრა. ბავშვის მოვლის გამო შვებულება ებმის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებას და საქართველოს შრომის კოდექსით არ განისაზღვრება, შესაძლებელია თუ არა თითოეული კომპონენტით დამოუკიდებლად სარგებლობა. ამდენად, მოსარჩელეთა მტკიცებით, ტექნიკური და პროცესუალური თვალსაზრისით, არ არსებობს მამაკაცებისათვის შესაძლებლობა, მოითხოვოს ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად, ამგვარი შვებულების ანაზღაურება. მოსარჩელეთა განმარტებით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება ბავშვის მამისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ბავშვის დედა მშობიარობისას გარდაიცვლება. ამგვარად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, იძლევა მისი არაკონსტიტუციურად განმარტების შესაძლებლობას და ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს.
11. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამ თვალსაზრისით, დამატებით პრობლემას ქმნის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველად დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცლის განსაზღვრა, რომლის გაცემა მხოლოდ დედაზეა შესაძლებელი.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან გასაჩივრებული რეგულაციების შესაბამისობის დასაბუთებისას მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბავშვის მოვლის მიზანთან მიმართებით, ყველა მშობელი, მიუხედავად მისი სქესისა და სამართლებრივი სტატუსისა, მიჩნეულ უნდა იქნეს არსებითად თანასწორ სუბიექტად. მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელ კატეგორიას განეკუთვნებიან, ერთი მხრივ, დასაქმებული ქალი, რომელიც სარგებლობს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით და, შესაბამისად, ამგვარი შვებულების ანაზღაურების უფლებით, მეორე მხრივ, დასაქმებული მამაკაცი, რომელიც ვერ სარგებლობს აღნიშნული უფლებით. მოსარჩელეთა პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში დისკრიმინაციის ნიშანია სქესი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია აგრეთვე ახალშობილის მშვილებელ მამასთან მიმართებით, ვინაიდან, ბიოლოგიური მამისაგან განსხვავებით, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობა შეუძლია როგორც მშვილებელ ქალს, აგრეთვე მშვილებელ მამაკაცს. მოსარჩელის განმარტებით, ბიოლოგიურ და მშვილებელ მამებთან მიმართებით, არსებობს თანაბარი საჭიროება ბავშვის მოვლის მიზნებისათვის, როგორც შვებულების, ასევე მისი ანაზღაურების უფლებაზე.
13. მოსარჩელე მარიკა თოდუას განმარტებით, ბავშვზე მზრუნველობა არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ამგვარი ვალდებულება ქალსა და მამაკაცს თანაბრად გააჩნია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, უფლება, ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებაზე, წარმოადგენს ვალდებულებას. ამგვარი უფლების (ვალდებულების) სფეროდან მამაკაცების გამორიცხვით კი სახეზეა სქესის ნიშნით დიფერენცირებული მოპყრობა. სადავო რეგულაციები არ უტოვებს მოსარჩელეს სხვა არჩევანსა და შესაძლებლობას, ბავშვის მამასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თავისუფლად, გადაინაწილოს ბავშვის მზრუნველობის ტვირთი, რაც, ამავდროულად, აფერხებს ქალის კარიერულ და პროფესიულ განვითარებას.
14. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს. მათი განმარტებით, შრომის სამართლიანი პირობები გულისხმობს დასაქმებულის უფლებას როგორც ზოგადად შვებულებაზე, აგრეთვე ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებაზე. ბავშვის მოვლის მიზნით შვებულების უფლება კი გულისხმობს როგორც უფლების არსებობას მატერიალური თვალსაზრისით, აგრეთვე ამგვარი შვებულების ანაზღაურებასაც. მოსარჩელის განმარტებით, შრომის პირობები დასაქმებულს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოს ურთიერთობა შვილთან იმგვარად, რომ არ უწევდეს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. შესაბამისად, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე პირთა წრისაგან მამაკაცის გამორიცხვა დაუსაბუთებელია და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ქორწინებისას მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობისა და ნებაყოფლობითობის მოთხოვნებს, რადგან სახელმწიფო ერევა დაქორწინებული წყვილის ურთიერთობაში და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ბავშვის მოვლის ვალდებულება ეკისრება დედას. ამდენად, მეუღლეებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, თავადვე განსაზღვრონ, რომელი მეუღლე იზრუნებს ბავშვის მოვლაზე.
16. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფოსათვის არა მხოლოდ პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე, არამედ ნეგატიურ ვალდებულებასაც, საკუთარი ქმედებებით არ ჩაერიოს ოჯახის განვითარების უფლებაში, არ შეუშალოს ხელი ოჯახის ჯანსაღი ფორმით არსებობას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები ბავშვის მამისათვის გამორიცხავს ბავშვის დაბადების პერიოდიდანვე მასთან მუდმივი კონტაქტის, მასზე ზრუნვასა და აღზრდაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს მამასა და შვილს შორის შემდგომში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
18. მოსარჩელეები საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე.
19. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს დასაქმებულისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლების დამდგენ ინსტიტუტს. შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებულ სხვა მოწესრიგებას, სადავო ნორმა ქალ დასაქმებულებს აღჭურავს უფლებით, ხოლო მამაკაცი დამსაქმებლებისთვის გამორიცხავს უფლებით აღმჭურველ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამასთანავე, მოსარჩელის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს როგორც დასაქმებული ქალებისათვის მინიჭებული პრივილეგიის გაუქმებით, აგრეთვე დეკრეტული შვებულების უფლებით მოსარგებლე პირთა წრის გაფართოებითა და მასში დასაქმებულ მამაკაცთა მოაზრებითაც.
20. მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მხოლოდ დასაქმებული ქალებისათვის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმა სქესობრივად ნეიტრალურია და საუბრობს ზოგადად დასაქმებულის უფლებაზე, მამაკაცი ამავე მუხლით გარანტირებული უფლების სფეროდან გამოირიცხება და მამაკაცს ბავშვის მოვლის გამო შესაბამისი ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით დასაქმებულ მამაკაცს გააჩნია ბავშვის მოვლის გამო დამატებითი არაანაზღაურებადი შვებულების უფლება. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი დასაქმებული ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უფლებასთან მიმართებით დიფერენცირების საფუძველია და იგი არსებითად განსახილველად უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
21. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გარანტირებულ შრომის უფლებასთან სადავო ნორმების მიმართებაზე საუბრისას პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რადგან საქართველოს შრომის კოდექსით მამაკაცი დასაქმებულებისათვის ბავშვის მოვლის გამო არაანაზღაურებადი შვებულება გარანტირებულია საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით შესაძლებელია, შეფასებულ იქნეს მხოლოდ ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლების კომპონენტი.
22. მოპასუხის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლებმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი შეეხება დასაქმებული ქალის უფლებას, ისარგებლოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით, რასაც ადასტურებს თავად ამ მუხლის პუნქტობრივი ანალიზი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები დეტალურად აზუსტებს, რომ დასაქმებული დეკრეტულ შვებულებას საკუთარი შეხედულებისამებრ ანაწილებს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. ამასთან, სადავო ნორმით, დეკრეტული შვებულების უფლების რეგულირებისას, ორსულობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას კანონმდებელი ერთობლივად აწესრიგებს და ცალკე არ გამოყოფს რომელიმე სტადიას, რაც ადასტურებს, რომ შვებულება მოაზრებულია მთლიან პერიოდად, დედისა და ახალშობილის საჭიროებების გათვალისწინებით.
23. მოპასუხის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაციების ლეგიტიმური მიზანია სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დედებისა და ბავშვების უფლებების დაცვის სფეროში. მოპასუხე მხარე მიუთითებს ქალის ბუნებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზე. მისი განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია პრიორიტეტს ანიჭებს მხოლოდ დასაქმებულ ქალს. დეკრეტულ შვებულებაში ბავშვის მოვლის კომპონენტი მოიცავს, მათ შორის, დედის საჭიროებებს ფიზიოლოგიური და ჰიგიენური რეაბილიტაციისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების პერიოდი, კერძოდ, 183 კალენდარული დღე. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უფლება დასაქმებულ ქალს წარმოეშობა ორსულობის 26-ე კვირიდან და მოიცავს შემდეგი 6 თვის პერიოდს, მათ შორის, დედის ლოგინობის პერიოდს მშობიარობიდან 6 კვირის, გარკვეულ შემთხვევებში კი - 12 კვირის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გათვალისწინება აბსოლუტურად შეესაბამება ქალისა და ბავშვის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს, 184-ე დღიდან კი ქალის მიმართ მოქმედებს ზუსტად იმგვარი რეგულაცია, რაც გათვალისწინებულია დასაქმებული მამაკაცებისათვის საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით. ამგვარად, მოპასუხის პოზიციით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული შვებულება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მიესადაგება ორსული/მშობიარე ქალის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და წარმოადგენს ექსკლუზიურად ქალის უფლებას და საერთოდ არ შეეხება მამაკაცის უფლებას ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი მოსარჩელეს ეკისრება იმ მტკიცებულებების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის №1/4/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №858 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს მამაკაცებისათვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლების გამორიცხვა. მისი მოსაზრებით, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, მართალია, ფორმალური თვალსაზრისით, სქესის ნიშანთან მიმართებით ნეიტრალური შინაარსისაა, მაგრამ ტექნიკური და პროცესუალური თვალსაზრისით, არ არსებობს კაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შესაძლებობა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო“ შვებულება ერთიანი ინსტიტუტია, არ ითვალისწინებს ცალკე ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას და, შესაბამისად, მხოლოდ დასაქმებული ქალის უფლებაა.
3. სადავო ნორმასთან მიმართებით მოსარჩელის არგუმენტაცია ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი გამორიცხავს დასაქმებულ მამაკაცებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით მოსარგებლე პირთა წრისაგან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხორციელდება დიფერენცირებული მოპყრობა, სქესის ნიშნით, დასაქმებულ ქალებსა და დასაქმებულ მამაკაცებს შორის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული ნორმა მხოლოდ დასაქმებულ ქალებს ანიჭებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლებას და არ აწესრიგებს მამაკაცის დეკრეტული შვებულებით სარგებლობის საკითხებს.
4. საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით“. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ მისთვის სადავო ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც, ნორმიდან გამომდინარე, დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ დასაქმებულ ქალებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმას ხსენებული შინაარსი ნამდვილად გააჩნია და ნორმა ნამდვილად გამორიცხავს დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე წრიდან დასაქმებულ მამაკაცებს. დასახელებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის პრაქტიკაში სადავო შინაარსით გამოყენებასთან დაკავშირებით.
5. საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ტექსტიდან გამომდინარე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება აქვს, ზოგადად, დასაქმებულს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს. ამდენად, სადავო ნორმა, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლების მინიჭებისას არ აკონკრეტებს დასაქმებულის სქესს. კანონმდებელმა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება გაითვალისწინა დასაქმებულისათვის, კონკრეტულად, დასაქმებულის სქესზე მითითების გარეშე. ამგვარად, უშუალოდ სადავო ნორმის ტექსტის ანალიზით არ იკვეთება გარემოება, რაც შექმნიდა იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ მამაკაცი დასაქმებულებისათვის არ არის გარანტირებული ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
6. გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსის განსაზღვრისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, მხედველობაში იღებს სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკას კონკრეტული ნორმის ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გივი კაპანაძემ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით. ამგვარად, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი მოსარჩელის მიმართ სადავო შინაარსით არ გამოყენებულა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ არის სადავო ნორმის პრაქტიკაში გამომყენებელი ორგანო. სამინისტრო წყვეტს შვებულების ანაზღაურების საკითხს, რომელიც მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე, 29-ე მუხლით და არა სადავო ნორმით. ამდენად, სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება მიჩნეული სადავო ნორმის ავტორიტეტულ განმარტებად, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსით მის პრაქტიკაში გამოყენებას დაადასტურებდა.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევების შესწავლის მიზნით, საკუთარი ინიციატივით, ქალაქ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, აგრეთვე ქალაქ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებიდან გამოითხოვა გადაწყვეტილებები, რომლებშიც საერთო სასამართლოებმა იმსჯელეს დასაქმებული მამაკაცის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ქალაქ ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებს, აგრეთვე ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ.
8. მამაკაცი დასაქმებულისათვის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით არსებობს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის №3/4193-14 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პოზიციებისაგან განსხვავებით, ადასტურებს, რომ დასაქმებულ მამაკაცს საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის საფუძველზე, გააჩნია ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უფლება, რაც შემდგომ გაზიარებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 2016 წლის 05 მაისის №ბ/336-16 გადაწყვეტილებით.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული შინაარსით, განმარტების შესაძლებლობაზე არ მიუთითებს თავად ნორმის ტექსტი. ამავე დროს, საქმეზე წარმოდგენილი არ არის საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო შინაარსით გამოყენების დამადასტურებელი ავტორიტეტული განმარტება. ამდენად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №858 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №858 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა როგორც საქართველოს ორგანული კანონის, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების რიგი ნორმების კონსტიტუციურობა. შესაბამისად, ხსენებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
12. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საკითხს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №858 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №858 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელის შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №858 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში