საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/858 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 29 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 მარტი 2019 18:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; (ბ) გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის პირველ დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №858) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გივი კაპანაძემ, ლაშა ჩალაძემ და მარიკა თოდუამ. №858 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 21 დეკემბერს. №858 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის №1-3/1/858 განჩინებით განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 30 მარტს.
2. 2018 წლის 19 ოქტომბერს მიღებული №3/4/858 განჩინებით, №858 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ხოლო, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბერს მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №858 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად, რის შემდეგაც იგი გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 29 მარტს.
3. №858 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების №1 დანართის (შემდგომში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანება) მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველია დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამავე ბრძანების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად, ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას იღებს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
5. №858 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია; ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო მე-2 პუნქტით, შესაბამისად, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
6. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს შრომის თავისუფლებასა და შრომითი უფლებების დაცვას ორგანული კანონის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ქორწინების უფლება.
7. №858 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გივი კაპანაძე მუშაობს №113 საჯარო სკოლაში და მას 2014 წლის 11 აპრილს შეეძინა მეორე შვილი. სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა შვებულება ბავშვის მოვლის გამო. თავდაპირველად მოსარჩელეს დამსაქმებლისაგან ზეპირსიტყვიერი უარი ეთქვა შვებულების გაცემაზე, მოგვიანებით კი საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, დამსაქმებელმა - საჯარო სკოლამ 2014 წლის 4 ივნისის №1/კ-28 ბრძანებით, მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა გივი კაპანაძის მოთხოვნა ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაცემის თაობაზე. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის №04/83180 წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებაზე.
8. მოსარჩელე ლაშა ჩალაძის განმარტებით, იგი იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში და, ამავდროულად, დასაქმებულია კერძო სექტორში, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი სუბიექტია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან შვილის ყოლის შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ შეძლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას.
9. მოსარჩელე მარიკა თოდუას განმარტებით, იგი აგრეთვე უფლებამოსილი სუბიექტია, იდაოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, რადგან ბავშვის მამასთან მიმართებით იმყოფება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ დედისთვისაა გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიღებისა და შესაბამისი ანაზღაურების უფლება.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ტექნიკური და პროცესუალური თვალსაზრისით, არ არსებობს კაცებისთვის შესაძლებლობა, ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლების მოთხოვნისათვის. მათი განმარტებით, ამ მხრივ პრობლემას ქმნის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანებით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველად, დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელის განსაზღვრა, რომლის გაცემა მხოლოდ დედაზეა შესაძლებელი. ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება ბავშვის მამისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვის დედა მშობიარობისას გარდაიცვლება, ხოლო ბავშვი ცოცხალი დაიბადება. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ზოგადი წესის თანახმად, მამას ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება არ მიეცემა და მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში სარგებლობს ამ უფლებით.
11. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების სამტკიცებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბავშვის მოვლის მიზანთან მიმართებით, ყველა მშობელი, მიუხედავად მისი სქესისა და სამართლებრივი სტატუსისა, მიჩნეულ უნდა იქნეს არსებითად თანასწორ სუბიექტად. მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელ კატეგორიას განეკუთვნებიან, ერთი მხრივ, დასაქმებული ქალი, რომელიც სარგებლობს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით და, შესაბამისად, ამგვარი შვებულების ანაზღაურების უფლებით, მეორე მხრივ, დასაქმებული მამაკაცი, რომელიც ვერ სარგებლობს აღნიშნული უფლებით. მოსარჩელეთა პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში დისკრიმინაციის ნიშანია სქესი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია აგრეთვე ახალშობილის მშვილებელ მამასთან მიმართებით, ვინაიდან ბიოლოგიური მამისაგან განსხვავებით, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობა შეუძლია როგორც მშვილებელ ქალს, აგრეთვე მშვილებელ მამაკაცს. მოსარჩელის განმარტებით, ბიოლოგიურ და მშვილებელ მამებთან მიმართებით, არსებობს თანაბარი საჭიროება ბავშვის მოვლის მიზნებისათვის, როგორც შვებულების, ასევე მისი ანაზღაურების უფლებაზე.
12. მოსარჩელე მარიკა თოდუას განმარტებით, ბავშვზე მზრუნველობა არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ამგვარი ვალდებულება ქალსა და მამაკაცს თანაბრად გააჩნია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, უფლება ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებაზე, წარმოადგენს ვალდებულებას. ამგვარი უფლების (ვალდებულების) სფეროდან მამაკაცების გამორიცხვით კი სახეზეა სქესის ნიშნით დიფერენცირებული მოპყრობა. სადავო რეგულაციები არ უტოვებს მოსარჩელეს სხვა არჩევანსა და შესაძლებლობას, ბავშვის მამასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თავისუფლად გადაინაწილოს ბავშვის მზრუნველობის ტვირთი, რაც, ამავდროულად, აფერხებს ქალის კარიერულ და პროფესიულ განვითარებას.
13. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს. მათი განმარტებით, შრომის სამართლიანი პირობები გულისხმობს დასაქმებულის უფლებას როგორც ზოგადად შვებულებაზე, აგრეთვე ბავშვის მოვლის მიზნით შვებულებაზე. ბავშვის მოვლის მიზნით შვებულების უფლება კი გულისხმობს როგორც უფლების არსებობას მატერიალური თვალსაზრისით, აგრეთვე ამგვარი შვებულების ანაზღაურებასაც. მოსარჩელის განმარტებით, შრომის პირობები დასაქმებულს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, ჩამოაყალიბოს ურთიერთობა შვილთან იმგვარად, რომ არ უწევდეს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და კარიერას შორის. შესაბამისად, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე პირთა წრისაგან მამაკაცის გამორიცხვა დაუსაბუთებელია და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
14. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ქორწინებისას მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობისა და ნებაყოფლობითობის მოთხოვნებს, რადგან სახელმწიფო ერევა დაქორწინებული წყვილის ურთიერთობაში და იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ბავშვის მოვლის ვალდებულება ეკისრება დედას. ამდენად, მეუღლეებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, თავადვე განსაზღვრონ, რომელი მეუღლე იზრუნებს ბავშვის მოვლაზე. სადავო ნორმები ბავშვის მამისათვის გამორიცხავს ბავშვის დაბადების პერიოდიდანვე მასთან მუდმივი კონტაქტის, მასზე ზრუნვასა და აღზრდაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მამასა და შვილს შორის შემდგომში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
16. მოპასუხის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლებმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვისას განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი შეეხება დასაქმებული ქალის უფლებას, ისარგებლოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით, რასაც ადასტურებს თავად ამ მუხლის პუნქტობრივი ანალიზი. ხოლო შრომის კოდექსის ნორმასთან სრულად შესაბამისობაშია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანება. ამასთან, დეკრეტული შვებულების უფლების რეგულირებისას, ორსულობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას კანონმდებელი ერთობლივად აწესრიგებს და ცალკე არ გამოყოფს რომელიმე სტადიას, რაც ადასტურებს, რომ შვებულება მოაზრებულია მთლიან პერიოდად, დედისა და ახალშობილის საჭიროებების გათვალისწინებით.
17. მოპასუხის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაციების ლეგიტიმური მიზანია სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დედებისა და ბავშვების უფლებების დაცვის სფეროში. მოპასუხე მხარე მიუთითებს ქალის ბუნებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზე. მისი განმარტებით, დეკრეტულ შვებულებაში ბავშვის მოვლის კომპონენტი მოიცავს, მათ შორის, დედის საჭიროებებს ფიზიოლოგიური და ჰიგიენური რეაბილიტაციისათვის. ამრიგად, სწორედ ამ გარემოებებისთვის არის გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების პერიოდი, კერძოდ, 183 კალენდარული დღე. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების უფლება დასაქმებულ ქალს წარმოეშობა ორსულობის 26-ე კვირიდან და მოიცავს შემდეგი 6 თვის პერიოდს, მათ შორის, დედის ლოგინობის პერიოდს მშობიარობიდან 6 კვირის, გარკვეულ შემთხვევაში კი - 12 კვირის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გათვალისწინება აბსოლუტურად შეესაბამება ქალისა და ბავშვის ფიზიოლოგიურ საჭიროებებს, 184-ე დღიდან კი ქალსა და მამაკაცს თანაბრად შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისიწინებული დამატებითი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო. ამგვარად, მოპასუხის პოზიციით, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მიესადაგება ორსული/მშობიარე ქალის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და წარმოადგენს ექსკლუზიურად ქალის უფლებას და საერთოდ არ შეეხება მამაკაცის უფლებას ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №858 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის (2016 წლის პირველ დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, საქართველოს მოქალაქეების – გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აგრეთვე 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო თანასწორობის უფლება, 30-ე მუხლის პირველი და მე-4 მუხლით შრომის უფლება და შრომითი პირობები, ხოლო 36-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი განამტკიცებდა ქორწინების უფლებასა და ოჯახის კეთილდღეობას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, შრომის უფლება და შრომით პირობები დაცულია 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო ქორწინების უფლება დაცულია 30-ე მუხლით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანების კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში რეგისტრაციის დროს მოქმედი რედაქციის №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადება განსაზღვრავდა, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამავე ბრძანების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად, ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
6. №858 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №01-43/ნ ბრძანების საფუძველზე, გასაჩივრებული ნორმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, სადავო ბრძანების ნორმებმა განიცადეს ნუმერაციული ცვლილებები და შეიცვალა მათი რეგულირების სფერო და საგანი. გასაჩივრებული ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციით, დარეგულირდა დახმარების/შვებულების ანაზღაურების პირობები და განისაზღვრა, რომ დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს დახმარება/შვებულების ანაზღაურება მიეცემა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო. სადავოდ გამხდარი ბრძანების მე-10 მუხლს კი საერთოდ აღარ გააჩნია მე-6 პუნქტი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ №858 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანების №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადება და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ძალადაკარგულია.
8. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/15/1262 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, №858 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №858 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი