საქართველოს მოქალაქე მამუკა ცაავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/1208 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2018 18:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მამუკა ცაავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1208) მომართა საქართველოს მოქალაქე მამუკა ცაავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 8 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 23 მარტს.
2. №1208 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უფლებამოსილებას, განიხილოს მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმამ სასამართლოს საშუალება მისცა, გამოეყენებინა დაუშვებელი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შემდგომში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
6. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმით განსაზღვრული წესის მიხედვით, მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმება ხდება წინასასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლო არკვევს, დაცული იყო თუ არა მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონის მოთხოვნები. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შესაძლოა დასაშვებად ცნოს საეჭვო მტკიცებულებები. სადავო ნორმით განსაზღვრული წესი საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს უტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მტკიცებულებების შეფასების პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა აჩენს უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების რისკს. კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სასამართლომ გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ქმნის შესაძლებლობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდეს არასანდო მტკიცებულებებს. კერძოდ, მხარეს ერთმევა შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააყენოს შუამდგომლობა მტკიცებულებათა კანონიერების შეფასების თაობაზე. ამასთან, სადავო ნორმა კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნის ისეთ საქმეებზე, რომლებშიც გადაწყვეტილებას იღებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რადგან ნაფიც მსაჯულებს არ გააჩნიათ იურიდიული განათლება და თეორიულადაც შეუძლებელია სათათბირო ოთახში შეაფასონ მტკიცებულებათა კანონიერება. შესაბამისად, არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შეუძლებლობის გამო, ნაფიცმა მსაჯულებმა, შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღონ უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია მნიშვნელოვნად ზრდის შეცდომისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მტკიცებულებათა კანონიერების გამოკვლევა ხდება მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით. შესაბამისად, შესაძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მტკიცებულება, რომლის მოპოვების კანონიერება არ შემოწმებულა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გარანტიებს.
9. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1208 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, იმსჯელოს ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მაშინაც კი, თუ მისი დაუშვებლობის საფუძველი არსებითი სხდომის ეტაპზე გამოვლინდება. ამასთან, დაცვის მხარეს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იშუამდგომლოს ამგვარი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“. დასახელებული ნორმა აწესრიგებს წინასასამართლო სხდომის ეტაპს და ადგენს აღნიშნულ ეტაპზე მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობების განხილვის უფლებამოსილებას. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და მით უმეტეს, არ შეიცავს რაიმე სახის შეზღუდვას საქმის განხილვის აღნიშნულ ეტაპთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების განმარტება, რომელიც გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას ნორმის შინაარსის თაობაზე და მიუთითებდა, რომ სწორედ სადავო ნორმა გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
4. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ადგენს შეზღუდვებს საქმის განხილვის შემდგომი სტადიებისათვის, ნათლად დასტურდება როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტრუქტურიდან, ასევე თავად ხსენებული მუხლის შინაარსიდან. აღნიშნული მუხლი მოთავსებულია კოდექსის XXII თავში („წინასასამართლო სხდომა“) ხოლო საქმის არსებით განხილვას აწესრიგებს XXIII თავი („საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში“). ამავე დროს, 219-ე მუხლი მიუთითებს სასამართლოს მიერ ისეთი საკითხების გამოკვლევაზე, რომელიც საქმის განხილვის შემდგომ სტადიაზეც ხორციელდება. მაგალითად, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების არსებობის ფაქტის გამორკვევის ვალდებულებას, ხოლო მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვაზე. აღნიშნული დანაწესები, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სასამართლოს არსებითი განხილვისას ეკრძალება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ან/და მხარეებს ეკრძალებათ საპროცესო შეთანხმების წინასასამართლო სხდომის ეტაპის შემდგომ გაფორმება. ამდენად, აშკარაა, რომ 219-ე მუხლის მიზანია წინასასამართლო სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და არა საქმის განხილვის შემდგომ ეტაპთან მიმართებით შეზღუდვების დადგენა.
5. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს არა მოსამართლის უფლებამოსილებას, წინასასამართლო სხდომაზე განიხილოს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, არამედ იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე აღარ ხდება უკვე დაშვებულად ცნობილი მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხის განხილვა. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, პრობლემა ის არის, რომ, თუ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვეთა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის საჭირო გარემოებები, სასამართლო არ იხილავს მხარის შუამდგომლობას მათ დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პრობლემა უკავშირდება არა სადავო ნორმას, არამედ საქმის განხილვის იმ ეტაპს (არსებით განხილვას), რომელიც სადავო ნორმის რეგულირების მიღმაა.
6. ამგვარად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა თავისთავად ბრალდებულის მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების შეზღუდვას არ იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, მან უნდა მოითხოვოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც მას მსგავსი შუამდგომლობის დაყენების უფლებას უზღუდავს. ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელემ შესაძლებელია, გაასაჩივროს თავად ის საპროცესო ნორმა (ინსტიტუტი), რომელიც, მისი აზრით, დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენებით ზღუდავს მის უფლებებს. ამდენად, სადავო ნორმის შემზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ ნორმის საფუძველზე მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა ან/და უფლებაშემზღუდველი აქტი მის მიმართ მიიღება სათანადო პროცესუალური გარანტიების დაცვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმასთან მიმართებით არც ერთი ზემოთ ხსენებული გარემოება სახეზე არ არის.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, №1208 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1208 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამუკა ცაავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი