კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/21/1305 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 4 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ოქტომბერი 2018 17:01 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“ (2014 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1305) მომართა საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ჩაჩანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 2 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 4 ოქტომბერს.
2. №1305 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები არეგულირებს უხამსობასა და წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განმარტავს უხამსობის ცნებას, რომლის მიხედვითაც, უხამსობა არის „განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს“. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება უხამსობას. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვალისწინებს წვრილმან ხულიგნობას, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა იმგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.
5. №1305 კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მონაწილეობდა აქციაში „არა პანორამას“, სადაც აქციის წევრები აპროტესტებდნენ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემას. მოსარჩელე საკუთარ პროტესტს გამოხატავდა ფურცლით, რომელზე გამოსახული წარწერითაც პანორამა შედარებული იყო მამაკაცის სასქესო ორგანოსთან. პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ გაკეთებული გამონათქვამი არის უშინაარსო და მასში ყურადღებას იქცევს მხოლოდ უცენზურო სიტყვა. გამონათქვამს არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულება და იგი უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის - წვრილმანი ხულიგნობისათვის და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები და საერთო სასამართლოების მიერ ხსენებული ნორმებისათვის მინიჭებული შინაარსი გაუმართლებლად ზღუდავს მისი გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, რის გამოც, გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საერთო სასამართლოებმა განმარტეს იმგვარად, რომ გარკვეულ უცენზურო სიტყვებს, მაგალითად, მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ ტერმინს, არც ერთ შემთხვევაში არ გააჩნია პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულება და ასეთი სიტყვების საჯარო განცხადება ყოველთვის ჩაითვლება უხამსობად და მოყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, უცენზურო გამონათქვამები ადმინისტრაციული წესით ისჯება მაშინაც, როდესაც ეს გამონათქვამი მიმართულია სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების სწორედ ამგვარი მოქმედება განაპირობებს მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, კონსტიტუციური სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს უხამსი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმის სრული დაუსჯელობის მოთხოვნა. მოსარჩელის პოზიციით, უხამსი სიტყვების წარმოთქმის დასჯადობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ძალადობის თავიდან აცილებას, ასევე არასრულწლოვანთა ნორმალური განვითარების ხელშეწყობას. თუმცა, გამოხატვის თავისუფლების უფლებისაგან არაფერი დარჩება, თუ კონკრეტული სიტყვების გამოყენებაზე დაწესდება აბსოლუტური და ბლანკეტური აკრძალვა. მოსარჩელის პოზიციით, გარკვეულ შემთხვევაში პროფანაციულ სიტყვებს, მათ შორის, მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ ტერმინს, შესაძლოა გააჩნდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ღირებულება. მისი გამოყენება შესაძლებელია ფილმში, სპექტაკლზე ან სახელოვნებო სფეროში. საერთო სასამართლოების განმარტების შესაბამისად, ხსენებული ტერმინი საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობაში მოვა ყოველთვის და პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მისი წარმოთქმისთვის. მოსარჩელის აზრით, სწორედ ამგვარი ბლანკეტური მიდგომა განაპირობებს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას.
8. ამასთან, მოსარჩელის აღნიშვნით, კერძო პირის მიმართ უხამსი სიტყვის გამოყენების აკრძალვა კონსტიტუციურად გამართლებულია, თუმცა იგი გაუმართლებლად მიიჩნევს საჯარო ფიგურის მიმართ მსგავსი ტიპის გამონათქვამის გამოყენების შემთხვევაში სანქციის დაკისრებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში, მნიშვნელოვანი საჯარო ფიგურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებაზე დიდია თმენის ვალდებულება, თუნდაც ეს მოსაზრება გაუგონარი, თავშეუკავებელი და პროვოკაციული იყოს.
9. მოსარჩელის პოზიციით, გამოხატვის თავისუფლება ისევე იცავს, მოუზომავ, ემოციურ გამონათქვამებს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის აკადემიურ კრიტიკას. კრიტიკის მანერის არჩევა ადამიანის და არა სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამიტომ სახელმწიფომ ერთნაირად უნდა შეიკავოს თავი ჩარევისაგან, იმის მიუხედავად, ადამიანი საჯარო პოლიტიკის კრიტიკისათვის ირჩევს დახვეწილ თუ უგემოვნო ტერმინოლოგიას. სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა არის ის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, რამაც გამონაკლისის სახით, გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე, შეიძლება უცენზურო სიტყვის გამოხატვა გაამართლოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე.
10. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმები ერთმანეთთან დაკავშირებული ნორმებია. კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი არის უხამსობის ცნების განმსაზღვრელი ნორმა, ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს უხამსობის შინაარსობრივი რეგულირების დასაშვებობაზე. ამგვარი რეგულირება კი მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას უხამსობისათვის კონკრეტულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მოსარჩელის განმარტებით, მოსამართლე მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, თუკი არ ეცოდინებოდა უცენზურო ლანძღვა-გინების შინაარსი, რასაც სწორედ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს. ამგვარად, გასაჩივრებულ ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შეუძლებელია ერთმანეთისაგან იზოლირებულად. სადავო ნორმები სისტემური წაკითხვის შედეგად, ერთობლივი მოქმედებით არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, ასევე კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით აკრძალულია უცენზურო ტერმინის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენება როგორც ერთი პირის მიერ, ასევე რამდენიმე პირის მხრიდან. ერთი პირის მიერ ხსენებული ქმედების განხორციელების აკრძალვა ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო რამდენიმე ადამიანის მიერ იგივე ქმედების განხორციელების აკრძალვა - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1305 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების: „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 17 მაისის (რეგისტრაციის ნომერი 2374-IIს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა ხსენებული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობა.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1305 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1305 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმა განმარტავს „უხამსობის“ ცნებას. კერძოდ, სადავო ნორმის შესაბამისად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, უხამსობად ითვლება ნებისმიერი უცენზურო სიტყვა, იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა ვითარებაშია იგი წარმოთქმული და მოჰყვება შესაბამისი პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევაში უცენზურო სიტყვა შესაძლოა იყოს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულების მატარებელი და დაუშვებელია ამგვარი სიტყვების გაჟღერებას ყოველთვის მოჰყვებოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
8. როგორც აღინიშნა, განსახილველი სადავო ნორმა განმარტავს უხამსობის ცნებას. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო დეფინიცია გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. მისი მიზანი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ცნების „უხამსობის“ შინაარსის განსაზღვრაა. სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე სამართლებრივ შედეგს უხამსობის განხორციელებისათვის და არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1305 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. სადავო ნორმის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება უხამსობას. მოსარჩელე მხარე ხსენებულ ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ სადავო რეგულაციის შესაბამისად, შესაძლოა, დაწესდეს შეზღუდვა უცენზურო სიტყვაზე, იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა კონტექსტშია იგი წარმოთქმული. ამგვარად, უცენზურო გამონათქვამი, რომელიც არ მიემართება კონკრეტულ პირს, უხამსობად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი წარმოთქმულია პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო მიზნებისათვის და პირს ეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
11. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს კანონით სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების შესაძლო დაწესებაზე იმ შემთხვევისათვის, თუ იგი ეხება უხამსობას. აღსანიშნავია, რომ თავად სადავო ნორმა არ მოიცავს უხამსობის შინაარსობრივი რეგულირების რაიმე წესს და იგი უშვებს მხოლოდ ამგვარ შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ იგი სადავოდ არ ხდის, ზოგადად, უხამსობის რეგულირების შესაძლებლობას, არამედ მისთვის პრობლემურია ბლანკეტურად, ნებისმიერი უცენზურო სიტყვის უხამსობად მიჩნევა და პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება. სადავო რეგულაცია კი არ ადგენს უხამსობასთან დაკავშირებულ სავალდებულო ხასიათის ქცევის წესს და არ განსაზღვრავს კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ აკრძალვებს. შესაბამისად, სადავო ნორმა უშუალოდ არ არეგულირებს კონკრეტულ ურთიერთობას და არ იწვევს შესაბამისი ვალდებულებების გაჩენას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1305 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1305 („საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1305 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს“ (2014 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი