საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/13/1821 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 ნოემბერი 2024 13:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1821) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1821 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 3 ივნისს. №1821 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1821 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის საპროცესო უფლებები, კერძოდ, პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
5. №1821 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე განჩინება სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება არა 48 საათში, არამედ, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა აზრს უკარგავს პატიმრობის გამოყენების კანონიერების გასაჩივრებას, ვინაიდან საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, საქმეზე განაჩენის მიღების დროს, იგი თავისთავად წყვეტს მოქმედებას. მოსარჩელის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების პროცესუალური საშუალება თეორიულად შეიძლება არსებობს, იგი აბსოლუტურად არაეფექტიანია მიმდინარე პატიმრობის მართლზომიერების შესამოწმებლად. იგი თავისუფლების უკანონო შეზღუდვით გამოწვეული ზიანის შემდგომი კომპენსაციის ერთგვარი საშუალება უფროა, ვიდრე მიმდინარე შეზღუდვის მართლზომიერების გასაჩივრების მექანიზმი. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ინტენსიური ჩარევა, ვინაიდან სადავო ნორმატიული შინაარსის საფუძველზე, გამოძიების სტადიისაგან განსხვავებით, წინასასამართლო სხდომის სტადიაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრება, სრულიად გამორიცხულია.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმატიული შინაარსი ემსახურება პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგისა და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების ლეგიტიმური მიზნების დაცვას სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლო რევიზიისაგან.აღნიშნული კი წარმოადგენს იმგვარ საჯარო ინტერესს, რომელიც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდეს.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში გასაჩივრებული ნორმა უდავოდ წარმოადგენს დასახული ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არსებითი განხილვის დროს მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას მხოლოდ მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ უშვებს. ამავე დროს, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო რეგულირება აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
9. №1821 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის მართლზომიერების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების სამართლებრივი ინტერესი, რომელსაც უპირისპირდება წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის დროს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების უსაფუძვლო რევიზიისაგან დაცვის სამართლებრივი ინტერესი. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, როგორც წინასასამართლო სხდომის, ისე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეთა შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ განჩინება არ საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რადგან საქმის სასამართლოსთვის გადაცემის და განხილვის დროს გამოძიება დასრულებულია და ყველა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იღებს პირველი ინსტანციის სასამართლო. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ზემოაღნიშნული მოწესრიგება იმით არის განპირობებული, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძვლები, სისხლის სამართლის საპროცესო სტადიების შესაბამისად, განსხვავებული სტანდარტებით დადგენილ მტკიცებულებებს ეფუძნება. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს პატიმრობის გამოყენების საფუძვლებად არსებულ მტკიცებულებებს სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა აფასებს, რისი რევიზიაც მხოლოდ საქმეზე მიღებულ, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად არის შესაძლებელი.
10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმატიული შინაარსი ბრალდებულის პატიმრობის თაობაზე ამგვარი სტანდარტით მიღებული სასამართლოს „შემაჯამებელი“ გადაწყვეტილების რევიზიისაგან დაცვის საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად, აუცილებელია, გაანალიზდეს, თუ რისი რევიზია შეიძლება გამოიწვიოს შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მიღებული ასეთი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებამ. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების შესაძლებლობა უდავოდ იქნება წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის იმ „შემაჯამებელი“ გადაწყვეტილების რევიზიის საფუძველი, რომლითაც პატიმრობა არის გამოყენებული (სხვა საკითხია, თუ რამდენად გამოიწვევს იგი ალბათობის მაღალი ხარისხით ან გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ იმ მტკიცებულებათა არსებით გადაფასებას, რომლებსაც განაჩენი პოტენციურად შეიძლება დაეყრდნოს). მოსარჩელის მოსაზრებით, სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტითაა შესაძლებელი, ერთი მხრივ, რეალურად დაპირისპირებული სამართლებრივი ინტერესების გამოკვეთა, ხოლო, მეორე მხრივ, შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენა.
11. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი მტკიცებულებები შეიძლება ამაღლებს აღკვეთის ღონისძიების საფუძვლად დანახული საფრთხეების დამაჯერებლობას, თუმცა ვერ ცვლის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული ვარაუდის მტკიცებულებით სტანდარტს, რის გამოც, მოსარჩელის აზრით, თავისი პრევენციული ბუნებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების საჭიროების დამადასტურებელ მტკიცებულებათა უფრო მეტი დამაჯერებლობა მხოლოდ და მხოლოდ ამაღლებს ვარაუდის დასაბუთებულობის ხარისხს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ საფრთხეთა რეალურობა მაინც ვერ სცდება ალბათობის ფარგლებს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) საჭიროების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენის მცდელობა, ამავე დროს, რადიკალურად ცვლის ამ ღონისძიების პრევენციულ ბუნებასაც და მას სასჯელის წინასწარ დაკისრების ხასიათს სძენს, რაც ეწინააღმდეგება ყოველგვარი ეჭვისა თუ ვარაუდის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპს და შეუსაბამოა უდანაშაულობის პრეზუმფციასთან.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სწორედ იმ (დასაბუთებული) ვარაუდით წყვეტს, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. აქედან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც, სასამართლო რევიზიას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ და მხოლოდდასაბუთებული ვარაუდის ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის გამოყენებითაც პირის მიერ მართლმსაჯულების ხელშეშლის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე მოწმდება და არა ის, რომელიც პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. ზემოხსენებულის მიუხედავად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრებით, შესაძლებელია გადაისინჯოს ალბათობის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელო სტანდარტით დაშვებული მტკიცებულებების რელევანტურობა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საფუძვლად დანახულ საფრთხეებთან მიმართებით. სარჩელის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების თვალსაზრისით, უფრო მეტი მნიშვნელობა დასაშვებად ცნობილ იმ მტკიცებულებას მიანიჭოს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ან ამ მიზნით არსებითად მნიშვნელოვნად არ მიიჩნია. ამდენად, წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრება არ ახდენს სისხლის სამართლის საქმის განხილვის ძირითად პროცესზე იმგვარ ზემოქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქმის სამართლიან გადაწყვეტას.
13. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრების დაშვება, თავის მხრივ, ასევე გამოიწვევს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში დიდი რაოდენობის საჩივრების წარდგენას, რაც დაკავშირებულია სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემასთან. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, ერთმანეთს რეალურად უპირისპირდება, ერთი მხრივ, პირის უფლება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით, მის მიმართ გამოყენებული პატიმრობის თაობაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომაზე და არსებითი განხილვის დროს პროცესის ეკონომიურობა და სააპელაციო სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვა.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გაუმართლებლად ირღვევა გონივრული ბალანსი პირის შეზღუდულ უფლებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს შორის. ამდენად, გასაჩივრებული ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას და, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საერთო სასამართლოების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1821 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1821 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე