სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-გიორგი უსტიაშვილი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac556 |
თარიღი | 13 მარტი 2014 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N556) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
მიმაჩნია, რომ მოქალაქე ია უჯმაჯურიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონის ,,ნოტარიატის შესახებ” მე-14 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის იმ ნაწილის კონსტიტუციურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ,,ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი, რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო” დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ჩემი, როგორც ,,სასამართლოს მეგობრის” აზრით, გასაჩივრებული ნორმა არ ემყარება სამართლიანობის პრინციპს, არ გამომდინარეობს იმ მიზნიდან, რაც შეიძლება ემსახურებოდეს ნოტარიუსის მაღალი სტატუსის დაცვას, მისი რეპუტაციის, შეურყვნელობის პრეზუმფციას.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღება განსაკუთრებით მინდა მივაქციო იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ნორმა არ არის დროით შეზღუდული, რაც მის ლეგიტიმურობას საფუძველს აცლის. როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული, თუ დისციპლინური სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები გარკვეული დროით მოქმედებენ, შემდეგ კი ხდება პასუხისმგებლობის ზომების მოხსნა ან გაქარწყლება. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს ნასამართლობის მოხსნის შესაძლებლობას აღნიშნულ ვადებაზე უფრო მცირე დროშიც. კოდექსის 79-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.”
ამ ვადების დაწესებას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ,,გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას” (79-ე მუხლის მე-6 ნაწილი).
მნიშვნელოვანია, რომ მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობას აღარ აქვს მნიშვნელობა არა მარტო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძების საკითხის გადაწყვეტისას, არამედ ადამიანის საქმიანობის უამრავი სფეროსთვის.
მაგალითად, საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონის ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” მე-5 მუხლის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტების თანახმად, ,,მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა: რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ან, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”, ხოლო ამ კანონის მე-7 მუხლის ,,დ” და ,,თ” ქვეპუნქტების მიხედვით, ,,დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონემოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა: იმ პირისა, რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ან იმ პირისა, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით".
ანალოგიურ დათქმებს შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებით დამტკიცებული შვილად აყვანის პროცედურების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებით დამტკიცებული მინდობით აზღრდის პროცედურების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” და ,,თ”ქვეპუნქტები.
საქართველოს 2003 წლის 28 მაისის კანონის ,,იარაღის შესახებ” თანახმად, ლიცენზია გაიცემა იარაღის დამამზადებელზე, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობაზე, ხოლო ნებართვა - იარაღის შეძენაზე (შენახვის უფლებით ან შენახვისა და ტარების უფლებით). ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ: ,,ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული”.
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონის ,,არბიტრაჟის შესახებ” მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა”.
ასევე აღსანიშნავია, საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის ,,ადვოკატთა შესახებ ”დათქმა. ამ კანონინს მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით”.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების XV თავის მე-10 ტერცია და მე-12 მუხლების თანახმად, ,,მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის მიმართ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ” და ,,სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, თუ მას გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა”.
ზემოთ მითითებული ნორმები შეეხება მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი თანამდებობების დაკავების თუ სამუშაოების შემსრულებელი პირებისათვის დაწესებულ შეზღუდვებს და მათგან გამომდინარე, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ კანდიდატებისთვის აღარ არსებობს შეზღუდვა. საქართველოს კანონმდებლობა, ნასამართლობის მოხსნის/გაქარწყლების შემდეგ, წარსულში ნასამართლევ პირებს და იმ პირებს, რომელთაც არასოდეს ჩაუდენიათ დანაშაული, აყენებს თანაბარ მდგომარეობაში.
იმ ვითარებაში, როცა კანონი აძლევს საშუალებას ნასამართლევ იურისტს გახდეს ადვოკატი ან არბიტრი, გაუმართლებელია შეზღუდვა ნოტარიუსობის კანდიდატისთვის, მით უფრო, რომ იგი იზღუდება არა ნასამართლობის გამო, არამედ, დისციპლინური გადაცდომის გამო.
თვით მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის შემცველი მუხლიც არ უკრძალავს კანდიდატს გამწესდეს ნოტარიუსად, თუკი იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს. კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს პირს თუნდაც მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის შემთხვევაში, თუკი იგი უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იყო გასამართლებული (საქართველოს კანონის ,,ნოტარიატის შესახებ” მე-14 მუხლის ,,ბ” და ,,ბ პრიმ” პუნქტები ).
მიუხედავად იმისა, რომ ნასამართლობის მოხსნის/გაქარწყლებისა და დისციპლინური გადაცდომის გამო გამოყენებული სახდელის გაქარწყლების საკითხების ერთ კონტექსტში განხილვა არ უნდა იყოს სამართლიანი, რადგან დანაშაული გაცილებით უფრო დიდი საშიშროების მატარებელია, ვიდრე დისციპლინური გადაცდომა, ფაქტია, რომ კანონი გაქარწყლებული/მოხსნილი ნასამართლობის მქონე პირს აძლევს საშუალებას დაიკავოს ესა თუ ის საპასუხისმგებლო თანამდებობა, ამიტომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არ უნდა იყოს იმგავრი წინააღმდეგობა, რომლის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს ვერასოდეს მიეცემა რეაბილიტაციის საშუალება.
ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ კანონმდებლობა არა მხოლოდ ნასამართლობის გაქარწყლების/მოხსნის შესაძლებლობას ითვალისწინებს, არამედ ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობისასაც.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლი განსაზღვრავს ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად: ,,თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად”.
საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” მე-80 მუხლი აწესრიგებს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის საკითხებს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ”. ამ მუხლით ასევე განსაზღვრულია, რომ შეიძლება მოხელეს ნასამართლობა უფრო მოკლე ვადაშიც მოეხსნას, კერძოდ, მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას უფლება აქვს მოხელეს ვადამდე ადრე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” 84-ე მუხლი განსაზღვავს დისციპლინური სახდელების გაქარწყლების ვადებს. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ,, ,,შენიშვნა“ გაქარწყლებულად ჩაითვლება მისი დაკისრებიდან ექვსი თვის, „საყვედური“ – ცხრა თვის, ხოლო „მკაცრი საყვედური“– ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ მოსამართლე ამ ვადაში ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს”.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2010 წლის 11 დეკემბერს დამტკიცებული ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება ასევე ითვალისწინებს ადვოკატის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის გაქარწყლებას. დებულების 24-ე მუხლის თანახმად, ადვოკატის გაფრთხილება გაქარწყლებულად ჩაითვლება პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
თვით ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგელობის დამდგენი ნორმებიც ითვალისწინებენ დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლების შესაძლებლობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-16 მუხლის თანახმად, ,,დისციპლინური სახდელი გაქარწყლდება, თუ: ა) გაფრთხილების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სახდელი; ბ) საყვედურის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სახდელი; გ) უფლებამოსილების აღდგენიდან 2 წლის განმავლობაში ნოტარიუსს არ შეეფარდება სხვა დისციპლინური სახდელი.” დებულება უშვებს ამ ვადების შემცირებასაც, კერძოდ, მითითებული ვადები შეიძლება შემცირდეს სახდელის შემფარდებელი პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით (მითითებული მუხლის მე-2 პუნქტი).
აღნიშნულიდან გამომდინარემ შეიძლება დავასკვნათ, რომ დისციპლინური გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმის ჩათვლით, ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის გაქარწყლების/მოხსნის შესაძლებლობას. ამიტომ, თუკი საჯარო მოხელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, ამ ფაქტის გამო იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში სახდელის ტვირთის მატარებელი არ უნდა იყოს. კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს კანდიდატებთან მიმართებით საკითხის ინდივიდუალური განხილვის შესაძლებლობას, საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასებული იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი კანდიდატის შემდგომი ქცევა, მორალური სახე, რეპუტაცია. თუ ეს ყოველივე გათვალისწინებული არ არის კანონში, მაშინ თანამდებობის დაკავების სამუდამოდ შემზღუდველი კანონი უსამართლო და დისკრიმინაციულია.
ია უჯმაჯურიძის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ მასზე, რომ მოსარჩელე არ არის იმგვარი რისკის მატარებელი კანდიდატი, რომლის ნოტარიუსად გამწესება არ შეიძლება.
ია უჯმაჯურიძის პრეცედენტი უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ გასაჩივრებული ნორმის არსებობა საქართველოს კანონმდებლობაში საფრთხის მატარებელია და არ არის დაცული იმ პირთა უფლებები, რომლებიც შესაძლოა სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნენ გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან.
|