საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/556 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №556) მიმართა საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 18 ივნისს.
2. №556 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 27 დეკემბერს.
3. №556 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლებს. Aამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნოტარიუსის თანამდებობაზე პირი არ დაინიშნება, თუ ის გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე, ვინაიდან ის დისციპლინური გადაცდომის გამო გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან. მოსარჩელემ წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება, რომლითაც დასტურდება მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ ექცევა სადავო ნორმის რეგულირების სფეროს ქვეშ, მისი კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და აწესებენ განსხვავებულ მოპყრობას დისციპლინური გადაცდომის შედეგად საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც აკმაყოფილებენ ნოტარიუსის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას უზრუნველყოფს.
7. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შრომის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, უპირველეს ყოვლისა, უნდა იძლეოდეს შრომის საყოველთაოდ ხელმისაწვდომობის უფლებას და თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების მოთხოვნებს, აძლევდეს ამ თანამდებობის დაკავების თანასწორ უფლებას. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ავალდებულებს სახელწიფოს, შექმნას ისეთი შრომით-სამართლებრივი წესრიგი, რომელიც გარანტირებულს გახდის ადამიანების შრომით დასაქმებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ექნება დასაქმების სამართლებრივი გარანტიები, ეს ფაქტორი, შრომის უფლების არსს გამოფიტავს.
8. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებსა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით, კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №556 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის როგორც მე-14, ასევე 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი არის ნორმა, რომელიც იცავს შრომის უფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-23). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწსებულებებში, მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს.
4. „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დაადგენს, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა შეფასებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე თუ 29-ე მუხლთან.
5. №556 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის მარეგლამენტირებელი ნორმა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მოყვანილი ნორმებისა და ნოტარიატის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნოტარიატი არ შეიძლება განხილულ იქნეს კერძო ინიციატივის საფუძველზე შექმნილ სამართლებრივ ინსტიტუტად. იგი შექმნილია კანონმდებლობის და არა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ხოლო ნოტარიუსის საქმიანობა ექვემდებარება მკაცრ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. ნოტარიუსი ახორციელებს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ საჯარო უფლებამოსილებას, რაც გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურებაში. ამრიგად, ნოტარიუსის თანამდებობა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმას. შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი მიემართება უშუალოდ კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს და მისი კონსტიტუციურობის საკითხი ვერ შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №556 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №556 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №556 (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო„ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №556 (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ... დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი