• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის №2/3/1561,1576 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/3/1561,1576
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 28 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 10 ივნისი 2025 16:49

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე სალომე ხვადაგიანის წარმომადგენლები - ნინო ცეცხლაძე და ანამარია თავართქილაძე, მოსარჩელე და მოსარჩელე ალექსანდრე ზიბზიბაძის წარმომადგენელი - მარინე კაპანაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ლევან ღავთაძე; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლები - ლანა ცანავა, მარიამ ჭიკაძე, თამარ ჭარბაძე, ელენე ჩაჩავა და თამარი დვალიძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1561) მომართა სალომე ხვადაგიანმა, ხოლო 2021 წლის 15 მარტს მარინე კაპანაძემ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ (რეგისტრაციის №1576). №1561 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 8 თებერვალს, ხოლო №1576 კონსტიტუციური სარჩელი 2021 წლის 18 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 20 თებერვალს.

2. №1561 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. №1576 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

4. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს.

5. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე №1561 კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე- 3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.

7. №1561 და №1576 კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, სადავო ნორმა განსაზღვრავს იმ დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, რომელთა გარეშეც, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას სახელმწიფოს საზღვრის კვეთაზე და ვერ გაემგზავროს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მქონე ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის სახელმწიფოში.

8. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში მიღების საკითხზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოები და არა - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით განსაზღვრული დოკუმენტების (დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება) წარდგენის ვალდებულება ემსახურება მიმღები ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფას. ამ მიზნით, შენგენის/ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით მოქმედებს, ამოწმებს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუშვას თუ არა საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში, შესაბამისად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

9. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს მესაზღვრეებს ენიჭებათ დისკრეციული უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვრის დატოვების საკითხი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას. მოსარჩელის პოზიციით, აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ტერიტორიის დატოვების აკრძალვასთან დაკავშირებით, განუჭვრეტელს ხდის თავად ამ უფლებით სარგებლობის შინაარს და ტოვებს მისი ბოროტად გამოყენების რისკებს.

10. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმის მიზნებად/ამოცანებად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მოქალაქეობის მქონე საერთაშორისო დაცვის მაძიებელთა, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში/შენგენის ზონაში შეშვებაზე უარის, არალეგალურად დარჩენის რაოდენობებისა და ხსენებულ ზონაში საქართველოს მოქალაქეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლის შემცირება, რაც, საბოლოოდ, ემსახურება სადავო ნორმის უმთავრეს მიზანს - შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებას. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმით დასახული ლეგიტიმური მიზნები არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის დასაშვებ წინაპირობებს, რომლებიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა.

11. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების სხვა მოთხოვნებსაც, მათ შორის, განმარტებით ბარათში დასახელებულ მიზნებთან მიმართებით. კერძოდ, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდის პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობის შემცირების გამოსადეგ საშუალებას. ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია ლტოლვილად ან სუბსიდიარული დაცვის მქონე პირად კვალიფიცირების კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე და არა - სადავო ნორმით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენაზე ან ფლობაზე. საზღვრის გადაკვეთისას აღნიშნული დოკუმენტების შემოწმებით ვერ გამოირიცხება თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა. რაც შეეხება, ევროკავშირში/შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების ზრდის პრევენციას, ამ შემთხვევაშიც, შეზღუდვა აღნიშნულ პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან დოკუმენტაციის წარდგენის მიუხედავად, შეუძლებელია იმის წინასწარი კონტროლი, თუ რა განზრახვით მიემგზავრება საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში. ამასთან, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო შეზღუდვა არ არის გამოსადეგი საშუალება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის წევრ ქვეყანაში/შენგენის ზონაში არალეგალურად დარჩენის რაოდენობის შემცირებისათვის, რადგან საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, ჰქონდეს სადავო ნორმაში მითითებული ყველა დოკუმენტი, დააკმაყოფილოს შენგენის ზონაში შესვლის წინაპირობები, მაგრამ მაინც გეგმავდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებას.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

13. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესანარჩუნებლად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწია გარკვეული რეგულაციების მიღება, რათა შემცირებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მქონე თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა და არალეგალურად დარჩენის სტატისტიკა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს სწორედ ამ მიზნის - შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების კონტექსტში.

14. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქე სადავო ნორმით გათვალისწინებულ წინაპირობებს (მაგალითად, აქვს თუ არა დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, შეუძლია თუ არა მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება და სხვა), იმთავითვე, ექვემდებარება შემოწმებას ევროკავშირის წევრი/შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრის წარმომადგენლების მიერ. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, უვიზო რეჟიმით სარგებლობის მსურველ საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყანაში შესვლამდე, ისედაც უწევდა სადავო ნორმაში მითითებული ყველა წინაპირობის შესრულება, შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით, საქართველოს პარლამენტს არ განუსაზღვრია მიმოსვლის თავისუფლების შემზღუდავი რაიმე დამატებითი საფუძველი.

15. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ მიმოსვლის თავისუფლებაში და კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1561 და №1576 კონსტიტუციური სარჩელები სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1561 და №1576 კონსტიტუციური სარჩელები („სალომე ხვადაგიანი, მარინე კაპანაძე და ალექსანდრე ზიბზიბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

2. შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 21 დეკემბრის №176 ბრძანებით დამტკიცებული „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ