საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N879 |
ავტორ(ებ)ი | ზურაბ სვანიძე |
თარიღი | 22 მარტი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 თებერვალს ზურაბ სვანიძისათვის გაგზავნილი #13819 წერილიდან ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 08.05.2002 წელს გაცემული #2/2266-98 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდს, შპს დავითი და კონსტანტინეს, სს ოქროს საწმისს, კოტე ტრაპაიძეს, თეიმურაზ ლომთაძეს და ნანა ლომთაძეს დაეკისრათ თანხის გადახდა თქვენს (ზურაბ სვანიძე) სასარგებლოდ (სააღსრულებო წარმოება 01/02-03-00821).
ამ წერილიდან ასევე ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს არაერთი სააღსრულებო წარმოება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 08.05.2002 წელს გაცემული #2/2266-98 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად მოვალის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი თბილისი, პასტერის ქუჩა #2, ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #144, ს/კ 01.13.08.001.003.01.505 რეგისტრირებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს 29.12.2003 წლის #01/09 მიმართვით რეგისტრირებულია ყადაღები კრედიტორთა, მათ შორის თქვენი (ზურაბ სვანიძე) მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.“
ამგვარად, ზურაბ სვანიძის სასარგებლოდ ყადაღა ადევს მოვალის უძრავ ქონებას. ზურაბ სვანიძე შესაძლოა მოექცეს სადავო ნორმის მოქმედების სფეროში, თუკი ეს უძრავი ქონება სამჯერ არ იქნება რეალიზებული აუქციონზე. ამ შემთხვევაში ზურაბ სვანიძის დაკმაყოფილების გარეშე ყადაღა მოეხსნება მოვალის უძრავ ქონებას.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე, ასევე კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონ, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გა საჩივრებისაგან დამოუკიდებლად |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმების არსი
სადავო ნორმით, თუკი სამ აუქციონზე არ იქნება რეალიზებული მოვალის ქონება, ეს უკანასკნელი თავისუფლდება კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ასეთი ქონება უბრუნდება მოვალეს, კრედიტორის ფულადი მოთხოვნა კი არ კმაყოფილდება. ქონება რომელსაც აღარ ადევს ყადაღა ექცევა თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში. მოვალეს აქვს ამ ქონების ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება, იმგვარად რომ არ შეასრულოს კრედიტორის წინაშე აღებული ფულადი ვალდებულება. სადავო ნორმა პრაქტიკულად ათავისუფლებს მოვალეს კრედიტორის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებისაგან.
2) კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 30 ივლისს საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული განჩინების მეორე თავის მეორე პარაგრაფში ნათქვამია: ,,უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე განმტკიცებულია საკუთრების უფლებით. საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე.” ოთარ კვეტენაძისა და იზოლდა რჩეულიშვილის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩეელბი ,,მოითხოვენ, რომ გადაეცეთ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მისაღები (საერთო სასამართლოს აქტებით აღიარებული) შემოსავალი.“ სწორედ საერთო სასამართლოს აქტებით აღიარებული ქონებრივი მოთხოვნები უქმნის კრედიტორს კანონიერ მოლოდინს, რომ მოვალე შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. სწორედ ამ ფულადი სარგებლის მიღების კანონიერი მოლოდინი აქცევს ამ დავას კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში.
კრედიტორის კანონიერი მოლოდინის მიუხედავად, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მოხდება მისი ფულადი დაკმაყოფილება, სადავო ნორმა ითვალისწინებს მესამე აუქციონის შემდეგ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას, ისე, რომ კრედიტორის ფულადი მოთხოვნა ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. ყადაღის მოხსნა უთანაბრდება იმას, რომ მოვალე გათავისუფლდება მასზე დაკისრებული ვალდებულებისაგან და კრედიტორი ვერ მიიღებს იმ ქონებრივ სარგებელს, რის მიმართაც კანონიერი მოლოდინი ჰქონდა. ამით იზღუდება საკუთრების უფლების არსი. საკუთრების უფლების არსი არ დაირღვეოდა იმ შემთხვევაში თუკი მესამედ აუქციონის ჩაშლის შემდეგ ქონების მოვალეზე გადაცემის ნაცვლად მომხდარიყო მისი კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა. ეს იქნებოდა საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების საუკეთესო საშუალება.
3) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-9 პარაგრაფში განაცხადა: ,,სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება.“ ამავე გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფში ციტირებულია საქმე საქგაზი და ანაგაჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე თავის მე-4 პუნქტი, სადაც აღნიშნულია: „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“
,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონი არეგულირებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებს. სადავო ნორმა ეხება იმ ქონებიდან ყადაღის მოხსნას, რომლის რეალიზების შედეგად უნდა მოხდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ქონებიდან ყადაღის მოხსნა და მოვალის სასარგებლოდ მის თავისუფალ ბრუნვაში მოქცევა შეუძლებელს ხდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც ადგილი აქვს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების შეჭრას.
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად სცნოთ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებაში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა