საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/14/879 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 22:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №879) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 24 მარტს. №879 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 8 სექტემბერს.
2. №879 კონსტიტუციური სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი ეხება იძულებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულებას. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით, იმავე კრედიტორის სასარგებლოდ, სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება და იგი უბრუნდება მოვალეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 8 მაისს გაცემული N2/2266-98 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეებს დაეკისრათ თანხის გადახდა მოსარჩელის (ზურაბ სვანიძე) სასარგებლოდ. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს არაერთი სააღსრულებო წარმოება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 მაისს გაცემული N2/2266-98 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, მოვალის სახელზე რიცხულ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღები კრედიტორთა, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. თუკი აღნიშნული უძრავი ქონება პირველ და ორ განმეორებით აუქციონზე არ გაიყიდა, ის გათავისუფლდება ყადაღისგან და მოსარჩელის დაკმაყოფილება ამ ქონებიდან ვეღარ მოხდება.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება იცავს უფლებას მიუღებელ შემოსავალზე. მოსარჩელის პოზიციით, მოთხოვნის უფლება, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც უფლება საკუთრებაზე. სადავო ნორმის საფუძველზე, კრედიტორს საერთო სასამართლოს აქტებით აღიარებული ქონებრივი მოთხოვნები უქმნის კანონიერ მოლოდინს, რომ მოვალე შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული კანონიერი მოლოდინი განაპირობებს სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფეროს ფარგლებში მოქცევას.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს და კრედიტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, მიუხედავად ამ უკანასკნელის კანონიერი მოლოდინისა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყადაღის მოხსნა უთანაბრდება მოვალის გათავისუფლებას მასზე დაკისრებული ვალდებულებისგან. აღნიშნულის საფუძველზე, იზღუდება საკუთრების უფლება. ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის დაცული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მესამე უშედეგო აუქციონის შემდეგ, ქონება, მოვალის ნაცვლად, გადაეცემოდა კრედიტორს.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა. სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზაციისთვის აუცილებელია გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების დროულ და ჯეროვან აღსრულებას. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით ყოველგვარი აზრი ეკარგება დარღვეული უფლების აღიარებას.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა არეგულირებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და მის საფუძველზე ხორციელდება ყადაღის მოხსნა იმ ქონებაზე, რომლის რეალიზაციის შედეგად უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, როდესაც, მოვალის სასარგებლოდ, ქონებაზე ყადაღა იხსნება და თავისუფალ ბრუნვაში მიექცევა, შეუძლებელი ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
11. კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოვალის ქონება ჯერჯერობით არ გასულა აუქციონზე, მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა, სამჯერ უშედეგოდ დასრულდეს აუქციონი და, შესაბამისად, ქონებას ყადაღა მოეხსნას. ამით კი მოსარჩელის უფლება შეუქცევადად დაირღვევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აუცილებელია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
12. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებისას მოსარჩელე ეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №879 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა მას, როგორც კრედიტორს, უზღუდავს საკუთრების უფლებას, ვინაიდან პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, აღსასრულებლად მიქცეულ მოვალის ქონებას ეხსნება ყადაღა და უბრუნდება მოვალეს. ამასთან, იმავე საგანზე, იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ დაიშვება, რის გამოც მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების ეფექტური მექანიზმი აღარ რჩება.
3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს პირის მატერიალურ უფლებას, ჰქონდეს ქონება, მათ შორის, მოთხოვნები, ისარგებლოს საკუთრებით და განკარგოს იგი. ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების დაცვის პროცესუალურ ასპექტებს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, სადავო რეგულირებას საკუთრების უფლებასთან მიმართება ექნება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განსაზღვრავს საკუთრების მატერიალური უფლების ფარგლებს, ხოლო სასამართლოს მეშვეობით საკუთრების უფლების დაცვის პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს წარმოდგენს.
4. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა აწესრიგებს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პროცედურულ ასპექტს. იგი ადგენს იმ წესს, რომლის ფარგლებშიც ხდება სასამართლოს მეშვეობით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და საერთოდ არ შეეხება მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობის, მისი ფარგლებისა და შინაარსის განსაზღვრას. სადავო ნორმა ზღუდავს კონკრეტული პროცედურის განხორციელებას, პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში კონკრეტული ქონების მიმართ იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულების გაგრძელებას, თუმცა მოსარჩელე მხარის ქონებრივი მოთხოვნა უცვლელი რჩება, მათ შორის, იძულებით აღსრულებადია მოვალის სხვა ქონებასთან მიმართებით. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების სფეროს მიღმაა დარჩენილი თავად მოთხოვნის უფლების, როგორც საკუთრების ობიექტის არსებობა და მისი შემდგომი რეალიზაციის საკითხები. სადავო ნორმა შეზღუდვას აწესებს კრედიტორის მიერ, სასამართლოს მეშვეობით, საკუთრების უფლების დაცვის პროცედურულ ნაწილზე და არ შეეხება უფლების მატერიალურ ასპექტს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №879 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია, ვერ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელე სადავოდ ხდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის სამივე წინადადების კონსტიტუციურობას. ხსენებული მოთხოვნის დასაბუთებისთვის მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, იგი ვერ ახერხებს მოვალის გარკვეული ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დადგენილი წესით აუქციონის უშედეგოდ ჩატარების შემდეგ ქონების ყადაღისგან გათავისუფლებასა და იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ ამ ქონებაზე სააღსრულებლო წარმოების არგანხორცილების საფუძველს ქმნის მხოლოდ სადავო ნორმის პირველი და მე-2 წინადადება. ხოლო მესამე წინადადება მიუთითებს ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში, თუ ქონებაზე აღსრულებას არ გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული ქონების მესაკუთრისათვის დაუბრუნებლობის რა უფლებრივი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მოსარჩელეს იმ პირობებში, როდესაც ხსენებულ ქონებაზე აღსრულება აღარ ხორციელდება.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, №879 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. №879 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
9. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის (კრედიტორის) სასარგებლოდ ყადაღა ადევს მოვალის ქონებას. მოსარჩლე მხარე მიჩნევს, რომ შესაძლებელია მის სასარგებლოდ დანიშნული პირველი და ორი განმეორებითი იძულებითი აუქციონი უშედეგოდ დასრულდეს და ქონებას ყადაღა მოეხსნას, რაც გამოიწვევს მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
11. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნისას მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, ნორმის მოქმედების პირობებში, ახლო მომავალში, მისი კონსტიტუციური უფლების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე იმასაც კი არ უთითებს, რომ მის სასარგებლოდ დაყადაღებულ ქონებაზე ერთხელ მაინც უშედეგოდ ჩატარდა აუქციონი. შესაბამისად, საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში ქონება გავა პირველ აუქციონსა და ორ განმეორებით აუქციონზე და სამივე აუქციონი უშედეგოდ დასრულდება, რაც მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას გამოიწვევს, აბსტრაქტულია. ამასთანავე, მოსარჩელეს ევალება არა მხოლოდ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობის, არამედ იმის დასაბუთება, რომ დამდგარი ზიანი გამოუსწორებელი იქნება. კონსტიტუციურ სარჩელში დასაბუთებული არ არის მოვალის ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შემთხვევაში რატომ არის შეუძლებელი მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება მოვალის სხვა ქონების დაყადაღების ან სხვა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების გზით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელის უფლების შეუქცევად დარღვევას.
12. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შესაჩერებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №879 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №879 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი