მოქალაქე ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/206 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 22 ნოემბერი 2002 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოქალაქე ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ზურაბ აროშვილი და მისი წარმომადგენელი ლია მუხაშავრია.
2002 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №206) მომართა მოქალაქე ზურაბ აროშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს რელიგიური ორგანიზაციის, კერძოდ, “მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში” წარმომადგენელს, რომელიც 1997 წლიდან არ ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს და ამჟამად საეკლესიო ადმინისტრაციული თვალსაზრისით თავის მრევლთან ერთად იმყოფება ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესის იურისდიქციაში.
მოსარჩელის აზრით, “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, “სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას, ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე” არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა” და აგრეთვე მე-19 მუხლს, რომლის თანახმად “ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება”, ვინაიდან სადავო ნორმის თანახმად ლიცენზიის გარეშე მათ არა აქვთ უფლება თავიანთ თავს უწოდებდნენ “მართლმადიდებელს”, მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნულიდან გამომდინაორე იგი იდევნება თავისი მრწამსისა და აღმსარებლობის გამო. ასევე აღნიშნავს, რომ თავიანთი მსახურების განხორცილებისათვის, აგრეთვე საღვთისმსახურო (საეკლესიო) პროდუქციის გამოყენებისათვის, სადავო ნორმის თანახმად, საჭიროა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვა (ლიცენზია), რაც მისი აზრით, არღვევს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლებს, რადგან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით და აკანონებს მის უპირატესობას.
გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში შემოტანილია არა როგორც რელიგიური ორგანიზაციის არამედ, როგორც საქართველოს მოქალაქის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლებთან შეუსაბამო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, აგრეთვე განმწესრიგებლ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის და მისი წარმომამდგენლის განმარტებათა საფუძველზე მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, ასევე მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან. ეკლესიის ასეთი სტატუსი გახდა საფუძველი საქართველოს კონსტიტუციაში 2001 წლის 30 მარტს კონსტიტუციური კანონით სათანადო ცვლილებების შეტანისა, რითაც შეიქმნა სათანადო სამართლებრივი ბაზა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების სრულყოფილად მოწესრიგებისათვის. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებების შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, “საქართველოს სახელმწფიოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მათლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით...” შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის 11 პუნქტის, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა1”ქვეპუნქტის და თავად კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, კონსტიტუციურ შეთანხმებას დებენ და ხელს აწერენ საქართველოს სახელმწიფოს სახელით – საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – წმინდა სინოდის (საქართველოს ეკლესიის მმართველი და საკანონმდებლო ორგანო) თავმჯდომარე და საპატრიარქოს ხელმძვანელი. კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტისა და წმინდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე. წმინდა სინოდი, კონსტიტუციურ შეთანხმებაზე თანდართულ ტერმინთა განმარტების მე-5 პუნქტის თანახმად, არის “ადგილობრივი (საქართველოს) ეკლესიის მღვდელმთავართა კრება (კრებული), რომელიც იღებს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესახებ გადაწყვეტილებებს...” მაშასადამე, კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთობების სუბიექტებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო და მორეს მხრივ, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და არა სხვა რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია, რასაც მოწმობს კონსტიტუციური შეთანხმების პრაქტიკულად ყველა მუხლი. საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური შეთანხმების დადება მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან განპირობებულია მისი განსაკუთრებული როლით საქართველოს ისტორიაში. ამ თვალსაზრისით გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე იმას, რომ ის არის დამოუკიდბელი და საქართველოში არსებობს ორგანიზაციულად დასრულებული სახით. მაშინ, როდესაც სხვა კონფესიები საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულებია. მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებამოსილება. ისინი ექვემდებარებიან თავიანთ ცენტრებს, რაზეც კოსტიტუციურ სარჩელშიც არის საუბარი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ “მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში” 1997 წლიდან არ შედის საქართველოს საპატრიარქოს რელიგიურ იურისდიქციაში და ამჟამად საეკლესიო ადმინისტრაციული თვალსაზრისით იმყოფება ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში. თუმცა, კონსტიტუციური შეთანხმების მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმება არ გამორიცხავს საქართველოში სხვადასვა რელიგიური ორგანიზაციების არსებობას, ასევე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მათი საქმიანობის შეზღუდვას და მით უმეტეს აკრძალვას, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებიდან: “სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას” (მე-9 მუხლის პირველი პუნქტი); “1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრევთე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედებულება მათ შესახებ” (მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე საღვთიმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე”.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც საუბარია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და არა ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობის ოფიცილური ტერმინოლოგიის და სიმბოლიკის გამოყენებაზე, ასევე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე, რასაც მოწმობს სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინთა განმარტებაც. ასე მაგალითად , კონსტიტუციური შეთანხმების თანდართულ ტერმინთა განმარტების 24-ე პუნქტის თანახმად, “ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია შემდეგი სიტყვები: “საქართველოს სამოციქულო”, “ავტოკეფალური”, “მართლმადიდებელი”, “კათოლიკოს-პატრიარქი”, “წმინდა სინოდი”. 25-ე პუნქტის თანახმად კი, საღვთიმსახურო (საეკლეიო) პროდუქციას წარმოდადენს “ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო დანიშნულების ნაგებობანი (კათოლიკოს-პატრიარქის ან მღვდელმთავრის რეზიდენციები, სასულიერო სასწავლებლები), – მათი პროექტირება, არქეოლოგია, მშენებლობა... საეკლესიო-საღვთისმსახურო ნივთები... საღვთისმეტყველო-საღვთისმსახურო და სასულიერო-საგანმანათლებლო ლიტერატურა...”
ვინაიდან სადავო ნორმაში გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგია, აქ საუბარია მხოლოდ მათი გამოყენების, დამზადების, შემოტანის თუ მიწოდებისათვის სახელმწიფოს ლიცენზიის აუცილებლობაზე ეკლესიასთან შეთანხმებით. ეს ბუნებრივია, არ გულისხმობს ასეთი ლიცენზიის აუცილებლობას სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ მათი ტერმინოლოგიის თუ სიმბოლიკის გამოყენებაზე. ანუ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას საქართველოში საქართველოს ეკლესიის თანაბრად აქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს საკუთარი სიმბოლიკა, ტერმინოლოგია, საღვთისმსახურო პროდუქცია. ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საღვთიმსახურო პროდუქციის (ნივთების და სხვა) გარეგნული მსგასება არ ნიშნავს მათ სრულ იდენტურობას. ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას უფლება აქვს თავისუფლად (შეუზღუდავად) აწარმოოს და მიაწოდოს საკუთარი საღვთიმსახურო პროდუქცია იმ აუცილებელი პირობით, რომ აღნიშნულ პროდუქციას უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილების აღმნიშვნელი დასახელება, რაც იქნება იმის განმსაზვღრელი, რომ ეს პროდუქცია არ არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო პროდუქცია და შესაბამისად არ საჭიროებს არავითარ ლიცენზიას, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარებაში აყენებს “მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში” და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ სადავო ნორმით მოსარჩელისათვის მისი რელიგიური მიმდინარეობის კუთვნილი სიმბოლიკის, ტერმინოლოგიის გამოყენების და საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადების, შემოტანის და მიწოდების აკრძალვაზე ასეთ საქმიანობაზე ლიცენზიის დაწესების გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ არის დასაბუთებული. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანური კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი “კონსტიტუციური სარჩელი... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. იგივე მოთხოვნას იმეორებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეუპნუქტი. ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად კი კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ “ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნას”.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა გამწესრიგებლ სხდომაზე დააზუსტა, რომ მან სასამართლოს მიმართა, როგორც საქართველოს მოქალაქემ და არა როგორც რელიგიური ჯგუფის – “მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში” ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სადავო ნორმა კი, როგორც უკვე აღინიშნა, არ ზღუდავს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლებით აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებს, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა.
იხელამძვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 31-ე მუხლის მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით
საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქის ზურაბ აროშვილის კონსტიტუციური სარჩელი “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის” კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-19 მუხლებთან მიმართებით;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. საკონსტიუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა.