საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/863 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 18:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №863) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა გუჩა კვარაცხელიამ, გივი ცინცაძემ, გიორგი თავაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ და სხვებმა (სულ 17 მოსარჩელე). №863 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 26 დეკემბერს.
2. №863 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
3. №863 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს განამტკიცებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები). მოსარჩელეთა განმარტებით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული თანამდებობები არის აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები, რომელთა დაკავების უფლებაც მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს) აქვთ. ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) თავის მხრივ შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
7. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ აკადემიკოსის სტატუსის მისაღებად კანონით დაწესებული ღვაწლისა და ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო პროცესის გათვალისწინებით, აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) უმრავლესობის ასაკი აღემატება ან მიახლოებულია სადავო ნორმით დაწესებულ ასაკობრივ ზღვართან, ამასთანავე, აკადემიას მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდნენ მეცნიერები, რომელთა ასაკიც 70 წელს აღემატებოდა, შესაბამისად, სადავო ნორმის მიღებამდე აკადემიის მართვასა და პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელი იყო ყველა აკადემიკოსისათვის.
8. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, აკადემიკოსთა საერთო რაოდენობა არის 61, ხოლო აქედან 70 წლის და მეტის არის 50 წევრი. იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გასდით 2018 წელს, ამ პერიოდისათვის შესაძლოა დარჩენილმა თერთმეტმა აკადემიკოსმაც ვერ შეძლოს ასაკის გამო მონაწილეობის მიღება შესაბამის არჩევნებში.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და კანონის წინაშე უთანასწორობა გამოიხატება იმაში, რომ 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მფლობელ აკადემიკოსებს მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე წაერთვათ უფლება, გამოიყენონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და შემდგომ მიიღონ მონაწილეობა შესაბამის არჩევნებში.
10. მოსარჩელეები საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებენ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №863 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №863 („საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი