საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N863 |
ავტორ(ებ)ი | გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ეთერ ქემერტელიძე, თენგიზ ურუშაძე, ლავრენტი მანაგაძე, ირაკლი ჟორდანია, მერაბ მერაბიშვილი, მინდია სალუქვაძ |
თარიღი | 21 დეკემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 24 ივნისს შეტანილი ცვლილების შედეგად მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი (სადაო ნორმა) ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება“. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ თანამდებობებს განეკუთვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები, მათი დაკავების უფლება, კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გააჩნიათ მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), ხოლო მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ,,აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში“. აკადემიკოსისათვის კანონით დაწესებული ღვაწლისა და ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო პროცესის გათვალისწინებით აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) უმრავლესობის ასაკი ძირითად შემთხვევებში აღემატება ან მიახლოებულია სადაო ნორმით დაწესებულ ასაკობრივ ზღვარს. ხოლო აკადემიის ხელმძღვანელობას მისი დაარსების დღიდან ახორციელებდნენ ისეთი მეცნიერები, რომელთა ასაკიც 70 წელს აღემატებოდა, შესაბამისად სადაო ნორმის მიღებამდე აკადემიის მართვა ხორციელდებოდა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით და აკადემიის პრეზიდენტის/ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო ყველა, აკადემიკოსისათვის. სადაო ნორმით კი ჩვენ, 70 წელს გადაცილებულ აკადემიკოსებს (დღესდღეობით აკადემიას ჩვენი ჩათვლით ჰყავს ორმოცდაათი 70 წელს გადაცილებული აკადემიკოსი) წაგვერთვა აღნიშნული უფლება და დღესდღეობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დასაკავებლად განსაზღვრულ კანონისმიერ მოთხოვნებს ასაკიდან გამომდინარე აკმაყოფილებს მხოლოდ აკადემიის 11 ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად: ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსის (დაცული სფეროს) სრულყოფილი განმარტებისთვის თავად კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან უნდა გამოვიდეთ, ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის 2/1-392 და 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილებები). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე. თავად ,,თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილება). თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს აშკარად არ შეესაბამება სადავო ნორმა, კანონის წინაშე უთანასწორობა კი გამოიხატება იმით, რომ 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მფლობელ აკადემიკოსებს ასაკიდან გამომდინარე წაგვერთვა უფლება გამოვიყენოთ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მივიღოთ მონაწილეობა შესაბამის არჩევნებში. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომლებიც იმყოფებიან ერთსა და იმავე პირობებში და განსაზღვრული საკითხისადმი აქვთ ერთნაირი დამოკიდებულება. ეს პრინციპი მოიცავს საკანონმდებლო საქმიანობის მთელ სპექტრს, რათა თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფ ადამიანებს მიენიჭოთ თანაბარი პრივილეგიები და დაეკისროთ თანაბარი პასუხისმგებლობა. განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგება, ცხადია ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის N1/2/213,243 გადაწყვეტილება). ,,დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით.’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის # 1/1/493 გადაწყვეტილება), ამ საკითხთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ სადაო ნორმის მიზანშეწონილობა და ობიექტური დასაბუთება თავად კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც არ არის ჩამოყალიბებული. ჩვენი აზრით კი, ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ზედა ასაკობრივი ბარიერის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გაუმართლებელია და მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ თვალსაზრისს, ვინაიდან: ა) მხოლოდ კანონისმიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება (აკადემიკოსი; არაუმეტეს 70 წლის) საკმარისი არ არის და ნებისმიერი თანამდებობის დაკავება პირველ რიგში დამოკიდებულია პიროვნების (აკადემიკოსის) ინდივიდუალურ ნება-სურვილზე; ბ) 70 წლამდე (დღესდღეობით 11 აკად.) აკადემიკოსთა უმეტესობა მიახლოებულია სადაო ნორმით დაწესებულ ასაკობრივ ზღვარს და იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედ პრეზიდენტსა და ვიცე -პრეზიდენტებს უფლებამოსილების ვადა გასდით 2018 წელს, ამ პერიოდისათვის შესაძლოა ასაკის გამო 11-მა აკადემიკოსმაც ვერ შეძლოს მონაწილეობის მიღება შესაბამის არჩევნებში; გ) ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 თავის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს“ და ვინაიდან აკადემიკოსების არჩევისათვის ასაკობრივი ბარიერის დაწესება ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრული არ არის, შესაძლოა აკადემიკოსის (დღესდღეობით არსებული) ცხრავე ვაკანსია (აკადემიკოსის სამეცნიერო ღვაწლისა და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე) კვლავ 70 წელს გადაცილებულმა მეცნიერებმა დაიკავონ. აღნიშნულ პირობებში არა მხოლოდ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, არამედ თავად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფუნქციონირებაც შეუძლებელი გახდება. მითუმეტეს, როდესაც ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავი მკაცრად განსაზღვრავს ,,აკადემიის მართვის პრინციპებს“ და ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიის მართვა უნდა განხორციელდეს არჩევითობის, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.... კონსტიტუციის მე-14 მუხლის შინაარსი ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა უფლებასა და თავისუფლებაზე. ამ მუხლის შინაარსობრივი ფარგლების განმარტებისას ასევე უნდა დავეყრდნოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, კერძოდ მის მე-14 მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს იმ უფლებებთან მიმართებაში, რომლებიც საკუთრივ კონვენციით არის გაცხადებული; ასევე, კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლს, დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის შესახებ, ამ მუხლით დისკრიმინაციის აკრძალვა აღარ არის შემოფარგლული მხოლოდ კონვენციით უზურნველყოფილი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით და იგი გავრცელდა ადამიანის ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც საკუთრივ კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი. ამგვარად, დისკრიმინაციის აკრძალვა კონსტიტუციის მე-14 მუხლით შეეხო არა მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ, არამედ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა უფლებებსაც. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმიანციის აკრძალვა ვრცელდება არამარტო კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებებზე, არამედ დამატებით იმ უფლებებზე, რომელთა დაცვაც სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით იკისრეს (მაგალითისათვის იხ. EB v France, hudoc (2008)para 48 GC). თავისუფლებისა და თანასწორობის უფლებების შინაარსობრივი ხორცშესხმა და მასთან ერთად ამ უფლებათა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებები აგრეთვე განისაზღვრა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ (10 დეკემბერი, 1948 წელი), რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი თავის ღირსებებსა და უფლებებში ,,ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა“ (მუხლ. 2.). აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ სახელმწიფო ვალდებულია არ დაუშვას შედარებით მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და ხელიშეუწყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანთა აქტიურ ჩართულობას, ყოველგვარი, მათ შორის, ასაკობრივი დისკრიმინაციის გარეშე, მითუმეტეს, როდესაც საქართველოში მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანიც არის საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის და სხვა ნიშნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილითა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 1 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელ თანამდებობებზე პირების ასარჩევად/დასანიშნად დაწესებულია ასაკობრივი შეზღუდვა (არაუმეტეს 65 წელი), ამავე კანონებში გაკეთებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობაზე. აქედან გამომდინარე, იმ კანონებშიც კი, სადაც გარკვეულწილად დაწესებულია ზედა ასაკობრივი ზღვარი, ასაკი არ წარმოადგენს ადამიანის უფლების ცალსახად შემზღუდველ პირობას, რაც შეეხება ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასაკთან დაკავშირებით კანონმდებელმა მხოლოდ დისკრიმინაციული ხასიათის სადაო ნორმა ჩამოაყალიბა, რის საფუძველზეც ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე იზღუდება, როგორც ჩვენი, ისე ყველა 70 წელს გადაცილებული აკადემიკოსის კანონიერი უფლებები, აკადემიის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებით. ყურადსაღებია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 20 მარტს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების (სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.016911), საფუძველზე გაუქმდა ამავე კანონის 50-ე მუხლის ჩანაწერი, საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის 65 წლით განსაზღვრასთან დაკავშირებით. მითითებული საკანონმდებლო ცვლილება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად მიზნად ისახავდა საჭიროების შემთხვევაში საპენსიო ასაკში მყოფი პროფესიონალი პირების სამსახურში მიღების და მათი გამოცდილების გამოყენების ხელშეწყობას. აგრეთვე, საპენსიო ასაკს მიღწეული, არსებული, გამოცდილი კადრების სამსახურში დატოვებას. ამ საკითხთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აკადემიის კანონში ზედა ასაკობრივი ბარიერის დაწესებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე ახსნა-განმარტება კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც კი არ ყოფილა მოცემული. დღესდღეობით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად საქართველოს ყველა ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა - გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას შეიძლება მიღებულ იქნეს სახელმწიფო მოხელედ, აქედან გამომდინარე საინტერესოა ქვეყანაში, რომელშიც სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვისაც კი არ არის დაწესებული ზედა ასაკობრივი ბარიერი, რამ განაპირობა ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთათვის (რომელთა ასაკიც ხანგრძლივი სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე ძირითად შემთხვევებში მიახლოვებულია ან აღემატება სადაო ნორმით დაწესებულ ზედა ასაკობრივ ზღვარს). შრომით საქმიანობაში ასაკობრივი დისკრიმინაცია, როგორც მოგეხსენებათ დაუშვებელია საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვითაც და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო“. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული ტერმინის, ,Ageism“ -ის (,,ეიჯიზმი“) მიხედვით სადაო ნორმის მსგავსი ასაკობრივი შეზღუდვა საქმიან ურთიერთობებში განიხილება, როგორც ადამიანის მიმართ უარყოფითი ან/და დამამცირებელი დამოკიდებულება. ისევე, როგორც აშშ, აგრეთვე მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ იცნობს პრეცენდენტს აკადემიის მსგავსი დაწესებულებების არჩევითი (მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის) თანამდებობების დასაკავებლად ზედა ასაკობრივი ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით, მეტიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მსგავს სამეცნიერო დაწესებულებებს სათავეში უდგანან ისეთი ღვაწლმოსილი და დამსახურებული პიროვნებები, რომელთა ასაკიც მნიშვნელოვნად აღემატება 70-ს, თუმცა წლოვანება არ უშლით ხელს ჯეროვნად და უნაკლოდ გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი უნარჩვევები, სამაგალითოდ გაუძღვნენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას და მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება გაუზიარონ მომავალ თაობებს. ყოველივე ზემოთქმული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ნორმების, საერთაშორისო პრაქტიკისა და უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ კანონმდებლის მიერ დარღვეულია თანასწორობის პრინციპი, განხორციელებულ დიფერენციაციას არ აქვს გონივრული საფუძველი და მიზანი (საჯარო ინტერესები და სხვ.), რომლის მიღწევასაც ემსახურება ურთიერთობათა უთანასწოროდ განხილვა. ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 24 ივნისს შეტანილი ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი წარმოადგენს დისკრიმინაციული ხასიათის სამართლებრივ რეგულირებას და ყოვლად გაუმართლებელია, როგორც ჩვენი (70 წელს მიღწეული აკადემიკოსების) პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მხრივ, ისე აკადემიის სპეციფიკისა და საქმიანობის წარმართვის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, სადაო ნორმა ცნოთ არაკონსტიტუციურად და იურიდიული ძალის არმქონედ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა