საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/863 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 18:46 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე და მოსარჩლეების გუჩა კვარაცხელიას, გივი ცინცაძის, გიორგი თავაძის, ელიზბარ ჯაველიძის და სხვების (სულ 16 მოსარჩელე) წარმომადგენელი ნოდარ მითაგვარია, მოსარჩლეების გუჩა კვარაცხელიას, გივი ცინცაძის, გიორგი თავაძის, ელიზბარ ჯაველიძის და სხვების (სულ 16 მოსარჩელე) წარმომადგენელი - ვაჟა ხახუტაიშვილი; მოპასუხე მხარის წარმომადგენელი - თინათინ ერქვანია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №863) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა გუჩა კვარაცხელიამ, გივი ცინცაძემ, გიორგი თავაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ და სხვებმა (სულ 17 მოსარჩელე). №863 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 26 დეკემბერს.
2. №863 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს. 2017 წლის 17 მაისის №2/8/863 საოქმო ჩანაწერით №863 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 4 ოქტომბერს.
3. №863 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები). მოსარჩელეთა განმარტებით, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული თანამდებობები არის აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები, რომელთა დაკავების უფლებაც მხოლოდ აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს) აქვთ. ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად), თავის მხრივ, შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
7. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) უმრავლესობის ასაკი აღემატება ან მიახლოებულია სადავო ნორმით დაწესებულ ასაკობრივ ზღვართან. ამასთანავე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას, მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდნენ მეცნიერები, რომელთა ასაკიც 70 წელს აღემატებოდა, შესაბამისად, სადავო ნორმის მიღებამდე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვასა და პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობა შესაძლებელი იყო ყველა აკადემიკოსისათვის.
8. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით, აკადემიკოსთა საერთო რაოდენობა არის 61, ხოლო აქედან 70 წლის და მეტის არის 50 წევრი. იქიდან გამომდინარე, რომ მოქმედ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ 2018 წელს, ამ პერიოდისათვის შესაძლოა დარჩენილმა თერთმეტმა აკადემიკოსმაც ვერ შეძლოს შესაბამის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ასაკის გამო.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და კანონის წინაშე უთანასწორობა გამოიხატება იმაში, რომ 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მფლობელ აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე, ერთმევათ უფლება, გამოიყენონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, სადავო ნორმა ერთი და იგივე კატეგორიის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას.
10. ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციები, ძირითადად, არის წარმომადგენლობითი. ის იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდიუმისა თუ საერთო კრების სხდომებს, გასცემს დავალებებს, განიხილავს ცალკეულ საკითხებს და შემდგომში აკადემიის შესაბამისი მართვის ორგანოების ჩართულობით, შეიმუშავებს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენ რჩევებს. რაც შეეხება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ამ უკანასკნელის ფუნქციები, შემოიფარგლება პრეზიდენტის არყოფნის დროს მისი მოვალეობების შესრულებით.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად, კანონმდებლობით, ასაკობრივი ბარიერის დაწესებას არ გააჩნია ობიექტური, დასაბუთებული მოტივაცია და, ამდენად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
13. მოსარჩელე მხარემ №863 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლოს აგრეთვე წარმოუდგინა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ მინდია უგრეხელიძის მოსაზრება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალი, როგორც ურთულესი სტრუქტურული წარმონაქმნი, ეფუძნება სამ აუცილებელ კომპონენტს, კერძოდ, სამართალი როგორც „ზნეობის მინიმუმი“, პოლიტიკის (მიზანშეწონილობის) ნაწილი და ლოგიკური სისტემა. საბოლოოდ, სწორედ დასახელებული სამი კომპონენტის თვისობრივი მახასიათებლები და მათ შორის არსებული თანაფარდობა განსაზღვრავს სამართლის ნამდვილობას.
14. მოსაზრების ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა პრობლემურია სამივე თვალსაზრისით. კერძოდ, არ არსებობს ლოგიკა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ზედა ასაკობრივი ზღვრის დაწესებაში, მაშინ, როდესაც საერთაშორისო სასამართლოების წევრისთვისაც კი, რომელიც გლობალური მასშტაბის საკითხებს განიხილავს, არ არის ზღვრული ასაკი დადგენილი. მსგავსი შეზღუდვის დაწესება არც მიზანშეწონილობის თვალსაზრისით არის გამართლებული, ვინაიდან აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პროცესში, ინოვაციურ მეცნიერულ გამოკვლევებზე დამყარებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისათვის და ასოცირების ხელშეკრულებით შემოთავაზებული შესაძლებლობების ათვისებისათვის არა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უფლებამოსილებების შევიწროება, არამედ მათი გაფართოება. ამასთანავე, გასაჩივრებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს „ზნეობრივი მინიმუმის“ მოთხოვნას, რადგან ეწინააღმდეგება სამართლის უმთავრეს ამოცანას, სამართლიანობის უზრუნველყოფას.
15. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას ერთგვაროვანი სტატუსის მქონე პირების მიმართ. აღნიშნული დიფერენცირება არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ მოხსენიებული ნიშნით. იმავდროულად, ვინაიდან არ არსებობს დადგენილი ასაკობრივი ზღვარი აკადემიკოსებისათვის და მათ გააჩნიათ ამ ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების უფლებამოსილება, დიფერენცირება არ ხორციელდება მაღალი ინტენსივობით და სასამართლომ მისი დისკრიმინაციულობა უნდა შეაფასოს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით.
16. მოპასუხის პოზიციით, მიიჩნევა, რომ 65 ან 70 წელს მიღწეული, თუნდაც ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს ადმინისტრაციულ-მმართველობითი საქმიანობის სპეციფიკასა და მისთვის აუცილებელ ფიზიკურ დატვირთვას. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი 70 წლიანი ასაკობრივი ზღვარი ემსახურება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეფექტურობისა და შეუფერხებელი საქმიანობის ხელშეწყობის ლეგიტიმურ მიზანს.
17. მოპასუხე მიუთითებს საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში არსებულ კანონმდებლობაზე და აღნიშნავს, რომ ზედა ასაკობრივი ზღვარი გათვალისწინებულია სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. იმავდროულად, განსხვავებულია, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალისთვის და, მეორე მხრივ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისთვის დაწესებული კრიტერიუმები. აკადემიკოსის სტატუსისთვის არსებული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი პირი უნდა აკმაყოფილებდეს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
18. თუმცა მოპასუხე მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში გასათვალისწინებელია თავად მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის სპეციფიკა. კერძოდ, აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევა, რომელთა რაოდენობაც, თავის მხრივ, არის შეზღუდული და კანონის თანახმად, ის არ უნდა აღემატებოდეს 70-ს. ამასთან, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების უმრავლესობის ასაკი უკვე აღემატება 70 წელს, შესაძლოა, ჰიპოთეტურად შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც ვეღარ მოხდება აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა.
19. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ასაკობრივი ბარიერის დაწესება არ ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, თუმცა უშუალოდ აკადემიასთან დაკავშირებული სადავო ნორმა არის ხარვეზიანი იმდენად, რამდენადაც არ უშვებს გამონაკლის შემთხვევას. აღნიშნულმა, პოტენციურად, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აკადემიის ფუნქციონირებას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია, ფაქტობრივად ვერ განხორციელდეს აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე აკადემიკოსებიდან შესაფერისი კანდიდატურის არჩევა. შედეგად, ის ვერ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის წინაპირობებს. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე ცნო №863 კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული ნორმის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას. მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5;).
2. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში მითითებული ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვით. „კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას. თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ხარისხი განსხვავებულია და მისი მასშტაბის დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II -1).
3. მიუხედავად მისი უნივერსალური ბუნებისა, კანონის წინაშე თანასწორობა არ გულისხმობს აბსოლუტურ გათანაბრებას. “მე-14 მუხლის არსის გაგებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, არსებითად თანასწორ პირებს მოეპყროს თანასწორად, ხოლო უთანასწოროებს პირიქით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. ამგვარად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.
5. №863 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (შემდგომში - „აკადემია“) ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, კერძოდ, აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე „არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება“. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 70 წლის ასაკს გადაცილებული აკადემიკოსები არიან იმ აკადემიკოსების არსებითად თანასწორნი, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 70 წელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ახდენს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ პირებს შორის, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.
6. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ცნო №863 კონსტიტუციური სარჩელი. მისი მითითებით, ზოგადად, კანონმდებლობით ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება აპრიორი არ არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და, ამავე დროს, 70 წელს მიუღწეველი აკადემიკოსების რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, იქმნება შესაძლებლობა, რომ მომავალში ფაქტობრივად ვერ მოხდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა. სწორედ ამ არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არ არის რაციონალური. მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ცნობის საკითხს არეგულირებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მოპასუხე უფლებამოსილია, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
7. ასევე აღსანიშნავია, რომ სარჩელის ცნობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტს სადავო ნორმაში ცვლილებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ პრობლემურად მიჩნეული რეგულირება კვლავ სრული მოცემულობით არის მოქმედი და გამორიცხავს 70 წელს გადაცილებული აკადემიკოსის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩევას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას არ ცვლის. სასამართლომ უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად ზღვრული ასაკის დადგენა არღვევს თუ არა თანასწორობის უფლებას.
8. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო ნორმა 70 წლამდე და 70 წელს გადაცილებული აკადემიკოსებთან მიმართებით ადგენს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს, შესაბამისად, დიფერენცირებული მოპყრობა სახეზეა. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, დიფერენცირებული მოპყრობის არსებობა თანასწორობის უფლებაში ჩარევას იწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არსებითად თანასწორ პირებს შორის ხორციელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულ ურთიერთობასთან მიმართებით. „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
9. აღსანიშნავია, რომ ორივე შესადარებელ ჯგუფს მიკუთვნებული პირები წარმოადგენენ იდენტური სტატუსის მქონე ადამიანებს, კერძოდ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრებს, აკადემიკოსებს. თითოეული ამ პირის მიერ დაკმაყოფილებულია ხსენებული სტატუსის მისაღებად აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნები („საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი). ნებისმიერ აკადემიკოსს გააჩნია თანაბარი ინტერესი, იყოს არჩეული მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე და უშუალოდ ახორციელებდეს ამ თანამდებობებისთვის განსაზღვრულ საქმიანობას. თავისთავად, აკადემიკოსის ასაკი ვერ ჩაითვლება იმგვარ განმასხვავებელ მახასიათებლად, რომელიც განაპირობებდა ამ პირების არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას. ამდენად, მოცემულ შემთხევაში არ იკვეთება პირთა შესადარებელ ჯგუფებს შორის განმასხვავებელი იმგვარი გარემოება, რომელიც მათ არსებითად თანასწორობას ეჭვქვეშ დააყენებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დიფერენცირება ხორციელდება არსებითად თანასწორ პირებს შორის, შესაბამისად, სახეზეა ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, იგი არ არის აბსოლუტური ხასიათის და გარკვეული წინაპირობების არსებობისას დიფერენცირება შეიძლება კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებული იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არსებითად თანასწორ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი განსხვავება ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად. „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/4/535 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
11. დიფერენცირებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
12. „დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ემყარება თუ არა კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ ხასიათდება ის მაღალი ინტენსივობით.
13. სადავო ნორმით დადგენილია 70 წელზე მეტი ასაკის მქონე აკადემიკოსის მიერ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შეზღუდვა. ასაკი არის ერთდერთი კრიტერიუმი, რომლსაც სადავო ნორმა უკავშირებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების აკრძალვას. შესაბამისად, აშკარაა, რომ აკადემიკოსთა შორის განსხვავებული მოპყრობა სწორედ ასაკის ნიშნით ხორციელდება. ასაკი არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებულ დიფერენცირების ნიშანს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების პირველი წინაპირობა.
14. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირების ინტენსივობის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, რამდენად სცილდება ერთმანეთს აკადემიკოსთა მიერ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობები. აღნიშნულის შესაფასებლად აუცილებელია, რელევანტური კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს, ერთი მხრივ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის სფერო, შინაარსი და აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსების) უფლებამოსილების ფარგლები, ხოლო, მეორე მხრივ, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობებისთვის განსაზღვრული ფუნქციები.
16. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკადემიას მართავენ: აკადემიის საერთო კრება, აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის პრეზიდენტი. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკადემიის საერთო კრება წარმოადგენს აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოს, „რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები“. აკადემიის პრეზიდიუმთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს დასახელებული კანონის მე-7 მუხლი. მისი პირველი პუნქტის თანახმად, „პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით“. ამავე დროს, აკადემიის წესდების დანართი №1-ის V თავის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრები შეირჩევიან აკადემიის ნამდვილი წევრებიდან (აკადემიკოსებიდან) აკადემიის საერთო კრების მიერ, ამავე წესდებით დადგენილი წესით.
17. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციები განსაზღვრულია „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ის არის პასუხისმგებელი აკადემიის საქმიანობის წარმართვისთვის და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდიუმს. იმავდროულად, მისი დამატებითი ფუნქციები განისაზღვრება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდებით, რომლის VII თავის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ აკადემიის პრეზიდენტი საერთო კრებას წარუდგენს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს-მდივნის და პრეზიდიუმის სხვა წევრობის კანდიდატებს; იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის საერთო კრებებსა და პრეზიდიუმის სხდომებს, აგრეთვე, განკარგავს აკადემიის ფინანსებს. რაც შეეხება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, მასზე დაკისრებული ფუნქციები ცალკე არ არის გაწერილი არც კანონით და არც აკადემიის წესდებით. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციები გულისხმობს და შემოიფარგლება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გარკვეული, ობიექტური გარემოებებით არყოფნის დროს, მისი ფუნქციების შესრულებაში. შესაბამისად, ფუნქციური თვალსაზრისით, ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელება გულისხმობს იდენტური სახის, ხასიათის ამოცანათა შესრულებას.
18. საკანონმდებლო ნორმების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მართვის ორი ორგანოს - საერთო კრებისა და პრეზიდიუმის ფარგლებში საქმიანობა არ ეზღუდება არც ერთ აკადემიკოსს. მათ სრულფასოვნად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ხსენებულ ორგანოთა მუშაობაში და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ორგანოთა მიერ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ფუნქციების/ამოცანების განხორციელებაში. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სარგებლობენ გარკვეული წარმომადგენლობითი უფლებებით, კერძოდ, იწვევენ და თავმჯდომარეობენ საერთო კრებისა და პრეზიდიუმის სხდომებს და სხვა. თუმცა, უშუალოდ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ფარგლებში, გადაწყვეტილებათა მიღება ხორციელდება მართვის კოლექტიური ორგანოების სხდომებზე და არა პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა მოსარჩელეებს უზღუდავს საქმიანობის მხოლოდ ნაწილს და არ მოიაზრებს მათ სრულ ჩამოცილებას აკადემიის საქმიანობაში/მართვაში მონაწილეობისგან. შესადარებელ ჯგუფებს შორის ამგვარი უფლებრივი განსხვავების დაწესება ვერ იქნება მიჩნეული როგორც აკადემიკოსთა მკვეთრად დაცილება სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის მაღალი ინტენსივობის.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული ე.წ. „კლასიკური ნიშნის საფუძველზე და არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით. შესაბამისად, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე. ხსენებული ტესტის ფარგლებში, „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწვეტილება №1/4/535 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
21. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ საჯარო მიზნად დაასახელა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა. ზოგადად, ამა თუ იმ დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება, პირების კვალიფიკაციისა და დაკავებულ თანამდებობასთან შესაფერისობის უზრუნველსაყოფად შესაძლოა, ეფექტიანი მართვისკენ მიმართულ ღონისძიებას წარმოადგენდეს. ამდენად, ზოგადად, მოპასუხის მიერ მითითებული საჯარო ინტერესი გამოდგება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომელთათვის, მათ შორის აკადემიკოსთათვის, გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესების ლეგიტიმურ მიზნად. თუმცა მითითებული მიზნის ლეგიტიმურობასთან ერთად, ასევე უნდა შემოწმდეს კანონმდებლის მიერ ამ მიზნის მისაღწევად შერჩეული ღონისძიება რამდენად არის დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში.
22. მოპასუხე უთითებს, რომ 70 წელს მიღწეული ადამიანი ადმინისტრაციულ-მმართველობითი საქმიანობის სპეციფიკისა და შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით, შესაძლოა სრულყოფილად ვერ გაუმკლავდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი საქმიანობის განხორციელება რთულდება, გარკვეულ შემთხვევებში კი შეუძლებელიც ხდება. ბუნებრივია, არსებობს ინტერესი, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ფუნქცია სათანადოდ განხორციელდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გონივრული იყოს გარკვეული პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის ასაკით შემოფარგვლა.
23. უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისა და სტიგმატიზებისგან. ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი. ამგვარი მიდგომა გაუმართლებლად ფართო სივრცეს დატოვებდა ასაკის ნიშნით ადამიანების დიფერენცირებისთვის, რაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში არ იყოს განპირობებული რაციონალური და ობიექტური საჭიროებით და, შედეგად, მოახდინოს გარკვეულ ზღვრულ ასაკს მიღწეული ადამიანების თვითმიზნური დისკრიმინაცია. შესაბამისად, კანონმდებელმა ხსენებული ურთიერთობები იმგვარად უნდა დაარეგულიროს, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი ასაკოვან თანამდებობის პირთა უფლებებსა და კონკრეტული პოზიციის მახასიათებლებით განპირობებულ საჯარო ინტერესებს შორის.
24. იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. უნდა დასაბუთდეს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. იმავდროულად, ხსენებული უნარების შესუსტება, დაქვეითება, უნდა იქნეს შეფასებული არა ზოგადად, არამედ საქმიანობის იმ სახესთან მიმართებით, რომელთა განხორციელებაც იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ.
25. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ გარკვეულ ასაკში მყოფ პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს საქმიანობის სათანადოდ განხორცილებას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ყველა სხვა პირის ასეთად მიჩნევას. ამდენად, ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება არარაციონალური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ პირის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, გონივრულ ფარგლებში არის შესაძლებელი მათი უნარების ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ამდენად, ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, კანონმდებელი ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა.
26. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი 70 წლიანი ასაკობრივი ზღვრის რაციონალურობას სასამართლო შეაფასებს ზემოთ ხსენებული ორსაფეხურიანი ტესტის საფუძველზე, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობრივი უფლებამოსილებების დეტალური ანალიზი. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რამდენად იწვევს პირის მიერ 70 წლის ასაკის მიღწევა დასახელებულ თანამდებობებზე შესასრულებელ ფუნქციათა ეფექტურად განხორციელების შეფერხებას. როგორც უკვე განიმარტა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციები არ განსხვავდება აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციებისაგან და ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულებაში გამოიხატება. შესაბამისად, ორივე თანამდებობის ფუნქციებთან მიმართებით მსჯელობა ერთიან კონტექსტში იქნება წარმართული.
27. როგორც უკვე აღინიშნა, აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ძირითადად, შემოიფარგლება წარმომადგენლობითი და ორგანიზაციული ამოცანების შესრულებით. კერძოდ, პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმავდროულად, ის არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის საერთო კრების სხდომებს. გარდა აღნიშნულისა, საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს-მდივნის და პრეზიდიუმის სხვა წევრების კანდიდატებს. ამასთან, იგი განკარგავს აკადემიის ფინანსებს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ასაკობრივი დიფერენცირება შეიძლება იყოს რაციონალური და ლოგიკური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, როგორც წესი, დასახელებული ფუნქციების განხორციელება 70 წელს გადაცილებული პირის მიერ ხდება მნიშვნელოვნად არაეფექტური.
28. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არა მხოლოდ პრეზიდენტისა თუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების, არამედ ზოგადად, აკადემიის ამოცანების, თითოეული აკადემიკოსის უფლებამოსილების განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. აკადემიკოსის, ისევე როგორც დასახელებული ადმინისტრაციული თანამდებობებისთვის განსაზღვრული ამოცანების შესრულება მოითხოვს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას. დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა საერთო კრებას წარუდგინოს კონკრეტულ თანამდებობებზე დასამტკიცებელ პირთა ღირსეული კანდიდატურები, მას უნდა გააჩნდეს მათი ფუნქციების სიღრმისეული ცოდნა, თუ რა მოეთხოვება პირს ამ თანამდებობაზე საქმიანობისთვის და ვინ შეძლებს მის ყველაზე ეფექტურად განხორციელებას.
29. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა თუ ვიცე-პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელი ფუნქციები და მათი სრულყოფილი შესრულება საჭიროებს ამ თანამდებობაზე ისეთი ადამიანის არჩევას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ინსტიტუციური მეხსიერება, ამ სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება. ამგვარ უნარებს არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ ისეთ სპეციფიკურ და მეტწილად მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სფეროში, როგორიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაა, შესაძლოა განაპირობებდეს კიდეც სწორედ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება.
30. ბუნებრივია, თითოეულ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელება, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, იმავდროულად მოითხოვს მათ შესასრულებლად საჭირო ენერგიას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება ისეთ განსაკუთრებულ ენერგიას მოითხოვს, რომელიც, როგორც წესი, არ გააჩნია 70 წელს გადაცილებულ ადამიანს. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტობა/ვიცე-პრეზიდენტობა და ამ საქმიანობის გამართულად შესრულება არ მოითხოვს ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომლის გარეშეც აპრიორი გამორიცხული იქნებოდა მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი შესრულება და, ამგვარად, დაემუქრებოდა საფრთხე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სათანადო ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს და მოპასუხე მხარის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ის კონკრეტული ფაქტორები, გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო 70 წელს მიღწეული პირის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულების შეუძლებლობა. ამ თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა უშვებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ პირთა საქმიანობას, რომელთაც ამ თანამდებობაზე არჩევის შემდგომ შეუსრულდათ 70 წელი.
31. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის ასაკი აღემატება 70 წელს. ასევე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არსებობის მანძილზე, მისი ყველა პრეზიდენტი წარმოადგენდა 70 წელს გადაცილებულ პიროვნებას. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი ან/და ყოფილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ან/და ვიცე-პრეზიდენტის ასაკმა რაიმე სახის სირთულე წარმოშვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებისას, რამაც სადავო ნორმის მიღების საჭიროება გააჩინა. ამავე დროს, მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ აკადემიკოსთა მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა არის 70 წელზე ნაკლები ასაკის და დროის გასვლასთან ერთად, მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება, რამაც შეიძლება ახლო მომავალში უკიდურესად დაავიწროოს ან სრულიად გააქროს პირთა ის წრე, რომელთა არჩევაც შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე. ამდენად, სადავო ნორმა არათუ ემსახურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ პირიქით, გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ადმინისტრაციულ თანამდებობაზე აკადემიკოსების არჩევა ძალიან გაართულოს და შეუძლებელიც კი გახადოს.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილ არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებული მიდგომა არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზანთან, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ის წარმოადგენს დისკრიმინაციულ დიფერენცირებას და უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №863 („საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი