სამსონ თამარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/1355 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 29 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 მარტი 2019 18:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: სამსონ თამარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მეორე წინადადებისა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის საქართველოს N3276-რს კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მეორე წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1355) მომართა საქართველოს მოქალაქე სამსონ თამარიანმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 10 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 29 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი ადგენს გამოძიების ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან, ხოლო სადავო ნორმის 11 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონის (3276-რს) პირველი მუხლის მე-6 ნაწილით ჩამოყალიბებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მეორე წინადადების გასაჩივრებული სიტყვები, რომლებიც ამოქმედდება 2019 წლის პირველი ივლისიდან, დღეს მოქმედი რედაქციის იდენტურია.
4. №1355 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე თანასწორობა, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. №1355 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა. მისი პოზიციით, ამგვარი აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის განსაკუთრებულ როლსა და თავად დაზარალებულის მნიშვნელოვან ინტერესზე საგამოძიებო ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს აქვს ინტერესი, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
8. მოსარჩელის პოზიციით, მძიმე ან/და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასამართლოს კონტროლის მექანიზმის არარსებობით იზრდება პროკურორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები. ამასთან, ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მოქცეული საგამოძიებო პროცესის ფარგლებში, დაზარალებულ პირს არ რჩება საკუთარი უფლების აღდგენის სხვა მექანიზმი.
9. მოსარჩელე მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კანონმდებლის პოზიციას, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების, სასამართლოს გზით, მხოლოდ მძიმე დანაშაულის გასაჩივრების შესახებ. მოსარჩელე უთითებს, რომ თითოეული დაზარალებული განსხვავებული სიმძაფრით განიცდის დანაშაულის შედეგად მიყენებულ ზიანს და ეს გარემოება დამოკიდებული არაა იმაზე, თუ რომელი კატეგორიის დანაშაულის შედეგად დაზარალდა პირი. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ დანაშაულები ერთმანეთისგან მრავალი გარემოებებით განსხვავდებიან, კერძოდ, მათში სხვადასხვა შეიძლება იყოს ქმედების უმართლობა, ბრალის ხარისხი, საზოგადოებრივი საშიშროება და სხვა. შესაბამისად, საბოლოო სასჯელისა და დანაშაულის კატეგორიების განსაზღვრით კანონმდებელს ობიექტურად არ შეუძლია მოახდინოს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ერთგვაროვანი შეფასება. მოსარჩელე მხარე საკუთარი მოსაზრების დასასაბუთებლად განიხილავს სისხლის სამართლის ცალკეული დანაშაულის კატეგორიებისა და თანმდევი შედეგების მიმართებას.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, როგორც განსაკუთრებულად მძიმე, ასევე მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულნი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. მოსარჩელის არგუმენტაციით, პირთა დიფერენცირება სასჯელის სიმკაცრის მიხედვით, გაუმართლებელია და სადავო ნორმებს არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. ამდენად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1355 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო თანასწორობის უფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტით კი სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. ხოლო, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1355 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1355 („სამსონ თამარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მეორე წინადადებისა და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 21 ივლისის საქართველოს N3276-რს კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მეორე წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი