მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/1389 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 24 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მაისი 2019 12:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების, 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1389) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მერაბ მიქელაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2019 წლის 28 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 მაისს.
2. №1389 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილი განსაზღვრავს დაზარალებულის ცნებას, ხოლო 56-ე მუხლი მე-5 ნაწილის თანახმად, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში გამოაქვს დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს დაზარალებულის უფლებებს, მათ შორის, აღნიშნული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაზარალებულის მოთხოვნაზე, ისარგებლოს აღნიშნული უფლებით, უარის თქმის შემთხვევაში პროკურორს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება, რომელიც ერთჯერადად საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილი ადგენს დაზარალებულის უფლებას, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, ხოლო 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან პირები, რომლებმაც, სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მიმართეს გამოძიების ორგანოებს დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. მოსარჩელეთა პოზიციით, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის იდენტიფიცირებისა და გამოსაძიებელ ქმედებას შორის კავშირის დადგენის შემდეგ არ უნდა არსებობდეს სტატუსის მინიჭების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება. კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი დაზარალებულად ცნობისთვის არასაკმარისად მიიჩნევს სავარაუდო დანაშაულზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას და საგამოძიებო ორგანოებს აძლევს თვითნებობის შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძვლები. აღნიშნული კი სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასა და დამდგარ მორალურ, ფიზიკურ თუ ქონებრივ ზიანს შორის კავშირის არსებობის მიუხედავად, უშვებს პირის დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვებას.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილების დასაბუთების ვალდებულებას. აღნიშნულის შედეგად კი, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს, რაც, ერთი მხრივ, ართმევს მას ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტურ შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გადაწყვეტილების მიმღები პროკურორის თვითნებობის რისკებს. მოსარჩელეთა მითითებით, დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, როგორც მინიმუმ, უნდა მიუთითებდეს იმ საფუძვლებსა და მიზეზებზე, რომლებიც შესაძლოა, სადავო გახადოს დაზარალებულმა. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილისა და 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი მოწესრიგებით, კერძოდ, დაზარალებულის სტატუსის მოპოვების არასათანადო საფუძვლებითა და სტატუსზე უარის თქმის დასაბუთების ვალდებულების არარსებობით, ირღვევა მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება.
9. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობა, პირველ რიგში, განპირობებულია მისი ბლანკეტურობითა და ბუნდოვანებით. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, გამოძიების ინტერესების მოტივით საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმა იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, რამდენადაც არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმი, რა იგულისხმება ამ ინტერესებში. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს და უშვებს შეზღუდვას არა კონკრეტული წინასწარ დადგენილი გარემოების, არამედ საგამოძიებო ორგანოს სუბიექტური დასკვნის საფუძველზე. ამასთან, სადავო ნორმის ბლანკეტურობას განაპირობებს მთლიან მასალაზე ერთიანი აკრძალვის გავრცელება იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა თითოეულ მათგანზე წვდომის შეზღუდვის ინტერესი. მოსარჩელეთა პოზიციით ასევე პრობლემურია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული აკრძალვის მოქმედება დროში არ არის შეზღუდული.
10. მოსარჩელე მხარის მითითებით, დაზარალებულის ინფორმირებულობასა და პროცესში ეფექტურ მონაწილეობას მნიშვნელოვნად აბრკოლებს აგრეთვე საქმის მასალების ასლების გაკეთების შეუძლებლობაც. მისი მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში საქმის მასალები მოცულობითია ან/და შეიცავს ისეთი სახის ექსპერტულ დასკვნებს, რომელთა შინაარსის აღქმა და დამუშავება შეუძლებელია საქმის მასალების ასლების გაკეთების გარეშე. მოსარჩელეთა პოზიციით, კანონის არსებული რედაქცია ბლანკეტურია და ინდივიდუალურ შემთხვევებშიც კი არ ადგენს დაზარალებულის უფლებას, მიიღოს საქმის მასალების (ნაწილის) ასლები. ამასთან, დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებელ ექსპერტთან კონსულტაციის გავლის აუცილებლობისას, გადასცეს მას საქმის მასალები. გარდა იმისა, რომ ზოგადად არ არის განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდებოდა დაზარალებულისათვის საქმის მასალებზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილების გადახედვა, სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ხდის ის გარემოებაც, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ასევე სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადებით და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება შეზღუდულია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებად დაკვალიფიცირებულ ქმედებებზე. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით გაუმართლებელი დიფერენცირების გზით არღვევს თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობით არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1389 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმები აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის დაზარალებულის ცნება, პირის დაზარალებულად ცნობა, დაზარალებულის უფლება, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
3. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები იძლევა დაუსაბუთებლად პირის დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვების შესაძლებლობას. გარდა ამისა, სადავო ნორმები არ იძლევა საქმის მასალების დაზარალებულისთვის გადაცემის შესაძლებლობას და უშვებს „გამოძიების ინტერესებთან“ დაკავშირებული განუჭვრეტელი საფუძვლით საქმის მასალებზე წვდომის შეზღუდვას.
4. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ხსენებული უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა და არა თავად რომელიმე მატერიალური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
5. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის წესებს, რომლებიც განსაზღვრავს დაზარალებულის ცნებას, ადგენს პირის დაზარალებულად ცნობის წესსა და მის ცალკეულ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც შეეხება პროკურორის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების საფუძვლებს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ არ არის გამხდარი დასახელებული დებულების ის ნაწილი, რომელიც შეეხება პროკურორის მიერ მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით და შემოიფარგლება მხოლოდ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსით.
6. მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმები არ აწესრიგებს მოსარჩელეებისა და მათ კატეგორიაში მყოფი პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სადავო ნორმებით, ასევე არ არის მოწესრიგებული დაზარალებულის ან ამ სტატუსის მიღების მსურველი პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის წესი ან საფუძვლები. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის სტატუსის მიღება თავისთავად დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
7. მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო ნორმა გამორიცხავს პროკურორის მიერ დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების დასაბუთების ვალდებულებას. ამდენად, პირს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა გახდა უარის თქმის საფუძველი და ერთმევა გადაწყვეტილების ეფექტურად გასაჩივრების შესაძლებლობა.
8. განსახილველ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, თუ რატომ შეიძლება მიეკუთვნებოდეს პროკურორის დადგენილების დასაბუთებულობის მოთხოვნა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცულ სფეროს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ამა თუ იმ ადმინისტრაციული/სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული უფლებაშემზღუდველი აქტების დასაბუთებულობის მოთხოვნა დაცულია იმ მატერიალური უფლებით, რომელ უფლებასაც ზღუდავს მიღებული გადაწყვეტილება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს N2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/4/614,616 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-22-23).
9. ზოგადად, ის გარემოება, რომ ესა თუ ის უფლებაშემზღუდველი გადაწყვეტილება მიიღება დასაბუთების გარეშე, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურ განხორციელებაზე. უფლებაშემზღუდველი აქტების დასაბუთებულობის მოთხოვნა ხელს უწყობს უფლების სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაცვას, ვინაიდან მარტივდება სასამართლოს მიერ ხსენებული აქტის მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გადამოწმება. უფლებაშემზღუდველი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების არარსებობა ქმნის უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელების საფრთხეს, ართულებს და ცალკეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი წინაპირობის ცოდნის გარეშე პირისათვის რთულია შეარჩიოს სათანადო სტრატეგია საკუთარი უფლების დასაცავად (იხ. Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტი, რომელიც გავლენას ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, თუმცა არ იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლების შეზღუდვა და უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს იმ კონსტიტუციურ უფლებასთან, რომლის შეზღუდვისკენაც არის იგი მიმართული, და არა იმ უფლებასთან, რომლის შეზღუდვაც გვერდითი ეფექტის სახით მოჰყვება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/21/872 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
10. ამრიგად, არ არის დასაბუთებული, რომ არსებობს ცხადი შინაარსობრივი მიმართება ზემოთ დასახელებულ სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. მოსარჩელე მხარე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით.
12. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ ეწინააღმდეგება დასახელებული ნორმებით დადგენილი წესი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1389 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი
14. №1389 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით.
15. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს დასახელებული სადავო ნორმებით გათვალისწინებულ წესს, რომლის მიხედვითაც, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ არის შესაძლებელი.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, ხოლო მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილი თანასწორობის უფლების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ეხება პირთა კონკრეტულ წრეს. აღნიშნული პუნქტებს განსხვავებით ამავე მუხლის პირველი პუნქტისგან, გააჩნია სპეციფიკური დაცვის სფერო ისეთ ურთიერთობებში, როგორიცაა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა, მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის საკითხი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამრიგად, იმისათვის, რომ პირმა იდავოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით უმცირესობათა და ცალკეულ ჯგუფთა დასაცავად განმტკიცებული სპეციალური პუნქტების დარღვევაზე, აუცილებელია, წარმოადგინოს არგუმენტაცია დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით დაცულ თანასწორობის უფლების განსაკუთრებულ ასპექტებთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო დასაბუთება ხსენებული დებულებებით დაცულ სფეროსთან სადავო ნორმების მიმართებასთან დაკავშირებით.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1389 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1389 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1389 კონსტიტუციური სარჩელი („მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1389 კონსტიტუციური სარჩელი („მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვების: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1355 და №1389 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი