საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/18/1248 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 30 ნოემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ნოემბერი 2017 17:45 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1248) მიმართა საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 31 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1248 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 30 ნოემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 25-ე მუხლის 41 პუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია, ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ გადაწყვეტილების და მათ საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მომსახურების გამწევი პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრატორი ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ქვითრების მეშვეობით მომხმარებლებისათვის მიწოდებას, მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს და ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის და/ან მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში დავალიანების დაფარვამდე წყვეტს მომხმარებლისთვის თავისი მომსახურების გაწევას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად კი, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 20 იანვარს დასუფთავების, ხოლო 2017 წლის 16 თებერვალს და 19 მაისს წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის გამო შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მაშინ როდესაც აბონენტს ელექტროენერგიის სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის მომსახურების საფასური, მოსარჩელის განმარტებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურება და მათი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით.
6. №1248 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც მოიცავს როგორც პოზიტიურ, აგრეთვე ნეგატიურ ასპექტს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო საკანონმდებლო ნორმა მომხმარებელს ავალდებულებს, დადოს ხელშეკრულება იმ სახელშეკრულებო პარტნიორთან, ვისთანაც არ სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა და არ აქვს შესაძლებლობა, უარი თქვას ერთი-ერთი სახელშეკრულებო პარტნიორის მომსახურებაზე იმგვარად, რომ გააგრძელოს ხელშეკრულება სხვა პარტნიორთან. ამგვარად, სადავო ნორმა სრულიად ეწინააღმდეგება „კონტრაჰირების იძულების“ პრინციპს, ვინაიდან იცავს მხოლოდ ბაზარზე გაბატონებული მიმწოდებლის ინტერესებს. ამისგან განსხვავებით, სადავო მოწესრიგება მომხმარებელს აყენებს უმწეო მდგომარეობაში, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთ ხელშემკვრელ მხარესთან ხელშეკრულების დარღვევით მომხმარებელი არღვევს ხელშეკრულებას იმ მხარესთანაც, რომლის მომსახურებითაც მას სარგებლობა სურს, გადახდილი აქვს მომსახურების საფასური და არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ უფლებას, რამდენადაც სადავო რეგულაცია წარმოადგენს იძულების მექანიზმს, რომელიც მომხმარებლის უმწეო მდგომარეობას იყენებს გადასახადების ეფექტურად ამოღებისა და მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის გამარტივების საშუალებად. ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადამიანის ღირსეულად ცხოვრებისათვის აუცილებელ სოციალურ გარანტიებს, რათა მან გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური და ისარგებლოს იმ მომსახურებით, რომელიც ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომლის საფასურიც გადაიხადა.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებით გარანტირებულ მომხმარებელთა უფლებებს, ვინაიდან სახელმწიფო ბაზარზე გაბატონებულ, მონოპოლიურ ორგანიზაციებს დამატებით ანიჭებს დაუსაბუთებელ ნორმატიულ პრივილეგიებს. მომხმარებელს კი, რომელიც ხელშეკრულების სუსტ მხარეს წარმოადგენს, ბოჭავს სადამსჯელო ღონისძიებებით. მომსახურების გამწევ ორგანიზაციას ენიჭება უფლებამოსილება, ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა. შესაბამისად, მომხმარებელი ვერ იღებს იმ სერვისსაც კი, რომლის საფასურიც გადახდილი აქვს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალება იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელთა საფუძველზეც დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის №1/4/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე ითხოვს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. სარჩელში ჩამოყალიბებული პოზიციის თანახმად, სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგება სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რადგან მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს სურვილი ან შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით, ეკისრება ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება იმ პარტნიორთან, ვისთანაც არ სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა. ამასთან, შეუძლებელია, უარი თქვას ერთი-ერთი მიმწოდებლის მომსახურებაზე იმგვარად, რომ გააგრძელოს ხელშეკრულება სხვა პარტნიორთან, ვინაიდან ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტი მიიჩნევა სხვა ხელშეკრულების დამრღვევად და შეუწყდება იმ სერვისის მიწოდებაც, რომლითაც სურს სარგებლობა, გადახდილი აქვს მომსახურების საფასური და არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები. ამგვარად, მოსარჩელეს სადავო ნორმებით ერთმევა შესაძლებლობა, საკუთარი ნების შესაბამისად დადოს ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაჰენტი, უარი განაცხადოს ამგვარი ხელშეკრულების დადებაზე ან/და განსაზღვროს სახელშეკრულებო პირობები.
3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია, ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა“. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილებით, ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემით ადმინისტრირებას დაექვემდებარა ელექტროენერგიის განაწილება, წყალმომარაგება და დასუფთავების მომსახურება. ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად კი, ერთიანი სისტემის ადმინისტრატორებად განისაზღვრა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები, კერძოდ, სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
4. სადავო ნორმების საფუძველზე, ელექტროენერგიის განაწილების, დასუფთავების მომსახურების ან/და წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს სისტემის ადმინისტრატორი შეუწყვეტს თავის მომსახურებას. სხვაგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ სისტემის ადმინისტრატორებს წარმოადგენენ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები, დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურება.
5. მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან შეუსაბამობის სამტკიცებელად მოყვანილი არგუმენტაცია შეეხება სახელშეკრულებო თავისუფლების საკითხს. მაშინ როდესაც სადავო ნორმები საერთოდ არ არეგულირებს ხელშეკრულების დადებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებული დებულებები ითვალისწინებს მომსახურების, კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, თუმცა მომსახურების შეწყვეტა და ხელშეკრულების შეწყვეტა ერთმანეთისგან განსხვავებული მოცემულობებია.
6. სადავო ნორმები შეეხება მხოლოდ მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ადმინისტრატორის ვალდებულებებს, კერძოდ, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების/მოსაკრებლის საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ქვითრების მეშვეობით მიწოდებას, მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგსა და სათანადო გარემოებების არსებობისას მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის შეწყვეტას. სადავო ნორმები აყენებს სამართლებრივ შედეგებს უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და არ წარმოშობს ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის ვალდებულებას.
7. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტაცია არ გამომდინარეობს სადავო ნორმებიდან. ამდენად, №1248 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1248 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1248 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მიღებული №1248 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა