საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1248 |
ავტორ(ებ)ი | ანა ფირცხალაშვილი |
თარიღი | 21 ივლისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეს, 2017 წლის 20 იანვარს დასუფთავების (ქ. თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის) გადაუხდელობის და 2017 წლის 16 თებერვალს და 19 მაისს კი წყალმომარაგების (მომწოდებელი შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“) გადაუხდელობის გამო შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება. სს თელასი დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებას. აბონენტს ელ. ენერგიის (სს თელასი) სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელ. ენერგიის საფასური. მეტიც, მოსარჩელის თელასის სააბონენტო ანგარიშზე იმაზე მეტი თანხაც კი იყო, ვიდრე ეს პირველ შემთხვევაში დასუფთავების და მეორე შემთხვევაში წყალმომარაგების გადასახადი იყო. თუმცა აღნიშნულის გაუთვალისწინებლადაც მოსარჩელე თვლის, რომ სადავო რეგულაცია ძალაშია 2010 წლიდან დღემდე, და შესაბამისად, მას სამომავლოდაც ემუქრება ანალოგიური შედეგის დადგომა, თუ მას არ სურს, ან არ შეუძლია მიიღოს სამივე მომსახურება ერთდროულად და გადაიხადოს სამივე მომსახურების ღირებულება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილებით დადგენილი ერთიანი ადმინისტრირების წესით. აქვე უნდა განიმარტოს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში – ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირებას.“ ამ, კონკრეტულ შემთხვევაში კი სემეკის მიერ 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ადმინიტრაციულ საზღვრებში ადმინისტრატორად განისაზღვრა „სს თელასი“.
ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილება კანონქვემდებარე აქტია. იგი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათის ნორმატიული აქტია, რადგან არაერთჯერადად, განუსაზღვრელი ვადით, განუსაზღვრელ პირთა წრეზე ვრცელდება. იგი განსაზღვრავს ნორმატიულ რეალობას და გამოიყენება მუდმივად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილება თავის მხრივ მიღებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-5 პუნქტის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე. აღნიშნული კანონის ნორმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონია და არის ნორმატიული აქტი. მის საფუძველზე კი მიღებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწვეტილება, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ანა ფირცხალაშვილს შეუწყდა ელექტროენეგიით მომარაგება.
მოსარჩელის ანა ფირცხალაშვილის კონსტიტუციურ უფლებათა დარღვევა მოხდა უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სადავო გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის საფუძველზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, “ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი”. მართალია კანონის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, მაგრამ რადგან მოსარჩელის ძირითად უფლებებში უშუალო ჩარევა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა, უნდა გასაჩივრდეს ორივე რეგულაცია: როგორც კანონის სადავო ნორმა, ისე კომისიის მიერ მიღებული მითითებული რეგულაცია.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე განხორციელებული ქმედება არღვევს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მე-16 მუხლს, მე-17 მუხლის პირველ პუნქტს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებას.
შესაბამისად, სახეზეა ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმეობის კანონის მე-18 მუხლის მიზნებისთვის დასაშვებია რადგან:
ამგვარად, ანა ფირცხალაშვილი არის უფლებამოსილი მოსარჩელე, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მივიჩნევ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი. ეს უკანასკნელი უფლებრივ ჭრილში ასახავს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ გაგებას, კერძოდ, სუბიექტს შეუძლია დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „უფლება პიროვნების თავისუფალ განვითარებაზე ეფუძნება შემდეგ კუმულაციურ პირობებს: ა)საკუთარი ნების, გადაწყვეტილების, არჩევანის შესაბამისად განვითარების შესაძლებლობას; ბ)ამასთან, განვითარებას ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით - ნებისმიერი შინაარსით და მიმართულებით... ის მოიცავს ადამიანის თავისუფლებას სხვადასხვა სფეროში: პერსონალურ თვითგამორკვევას, ინტიმური, საოჯახო ურთიერთობების საკუთარი გადაწყვეტილებების და არჩევანის შესაბამისად წარმართვას, პირადი სოციუმის, გარემოცვის საკუთარი ნებით შერჩევას, სარწმუნოების თავისუფლად არჩევას და მის შესაბამისად ცხოვრებას, პოლიტიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტივობას, სასურველი განათლების მიღებას, პროფესიისა თუ საქმიანობის არჩევას და ა.შ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625, 640 გადაწყვეტილება, II-6). „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება, II-55). ხელშეკრულების ნეგატიური თავისუფლება კი მოიაზრებს, რომ პირს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს ან არ აირჩიოს ხელშემკვრელი მხარეები, საკუთარი ნებით გადაწყვიტოს - ვისთან, როგორ და რა პირობებით სურს ან არ სურს ხელშეკრულების დადება ან სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრავლად აქვს განხილული ისეთი საკითხები, რომლებიც მომდინარეობენ საქართველოს სახელშეკრულებო სამართლიდან. სასამართლომ უმეტეს შემთხვევაში გამოიყენა ერთიანი მიდგომა, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იყო მხარეთა შორის გონივრული და სამართლიანი ბალანსის დაცვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის #2/155 გადაწყვეტილება, პ. 2). მართალია სასამართლოს ჯერ ამ უმსჯელია კონკრეტულად ხელშეკრულების ნეგატიურ თავისუფლებაზე, თუმცა მისი მიდგომა, ზოგადად, ასეთია: „სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგება არ უნდა მოასწავებდეს სამართლის შესაბამისი დარგის სფეროდან გასვლას და ძირითადი პრინციპების იგნორირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის #1/1/103/117/137/147–48, 152–53 გადაწყვეტილება, პ.3.5). ამგვარად, ხელშეკრულების ნეგატიური თავისუფლების ფარგლებში კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს იმას, რომ მოსარჩელეს, რომელსაც არ აქვს სურვილი ან შესაძლებლობა ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით, არ უნდა დაეკისროს ვალდებულება დადოს ხელშეკრულება იმ სახელშეკრულებო პარტნიორთან, ვისთანაც მას არ სურს ხელშეკრულებაში შესვლა. მოცემულ სამართლებრივ რეალობაში კი, მას არ ეძლევა შესაძლებლობა უარი თქვას ერთი სახელშეკრულებო პარტნიორის მომსახურებაზე ისე, რომ გააგრძელოს ხელშეკრულება სხვა პარტნიორთან. ე.ი. სადავო ნორმები პირს უკრძალავს საკუთარი ნებით გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება. აღნიშნული რეგულაცია, განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიწოდებული მომსახურება - ელექტროენერგია, წყლის მიწოდება და დასუფთავება - არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ამ სფეროებში გარიგების დადების გარეშე თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია არსებობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო რეგულაცია არსობრივად ეწინააღმდეგება სამართალში დამკვიდრებულ ე.წ. კონტრაჰირების იძულების პრინციპს. მართალია, ხელშეკრულების დადების თავისუფლება განამტკიცებს შესაძლებლობას, პირმა დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება. სამართალი იცნობს ზოგიერთ გამონაკლისს. ამგვარი გამონაკლისია ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ე.წ. კონტრაჰირების იძულება. ეს პრინციპი ითვალისწინებს მხარის მიერ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. აქ საყურადღებოა შემდეგი: კონტრაჰენტს, რომელსაც როგორც წესი, კონტრაჰირების იძულების შემთხვევაში წარმოადგენენ ისეთ ორგანიზაციები, რომლებიც ბუნებრივ მონოპოლიებს ფლობენ, და მათი მომსახურება ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მათი ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის გამო შელახონ პირთა, მომხმარებელთა უფლებები. ასეთი იძულების არსის მიხედვით, ამგვარი საწარმოების/ორგანიზაციებისა ან/და მიმწოდებლის კონტრაჰირების იძულება მიზნად ისახავს იმ პირთა დაცვას, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს მათივე გაბატონებული მდგომარეობის ზეგავლენით. სადვო ნორმა კი სრულიად ეწინააღმდეგება „კონტრაჰირების იძულების“ პრინციპის არსს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაცვლად, იცავს ბაზარზე გაბატონებული საწარმოების/ორგანიზაციებისა ან/და მიმწოდებლის ინტერესებს. მეორე მხარეს, - მომხმარებელს - კი აგდებს უმწეო მდგომარეობაში იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გააჩნია არჩევანის საშუალება და სადავო ნორმა განაპირობებს იმას, რომ ერთ ხელშემკვრელ მხარესთან ხელშეკრულების დარღვევით მომხმარებელი არღვევს ხელშეკრულებას ყველა იმ მხარესთან, რომლის მომსახურებითაც მას რეალურად სურს რომ ისარგებლოს და მასთან არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები. კანონმდებლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული სადავო აქტები, დასახელებული მიზეზების გამო, ცალსახად გაუმართლებლად ერევიან მოსარჩელის მე-16 მუხლით გარანტირებულ ძირითად უფლებაში. ასეთი ჩარევის მიზანი, რომ მომწოდებლის სასარგებლოდ ეფექტურად იქნეს გადასახადები ამოღებული, ვერ იქნება იმის პროპორციული გამართლება, რომ პირს არაპროპორციულად მზღუდავი საშულებით შეეზღუდოს ხელშეკრულების თავისუფლება. ამგვარად, ირღვევა პარტნიორის არჩევის თავისუფლება და შედეგად იზღუდება მისი კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული თავისუფლება. ჩარევა გაუმართლებელი, თავისი მაღალი ინტენსივობის გამო, კანონმდებელმა უნდა შეარჩიოს უფრო ნაკლებმზღუდავი საშუალება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის გარანტირებას ემსახურება, რაზეც არაერთხელ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ: „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პ. 11). „...კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). სხვა უფლებებისაგან განსხვავებით მხოლოდ ადამიანის ღირსებამ შეიძლება შეუზღუდავი უფლების ხასიათი შეიძინოს, რომლის თანახმად, საჯარო ხელისუფლება არ შეიძლება პიროვნებას, როგორც ობიექტს, ისე მოექცეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსებაში ჩარევის შემოწმებასთან მიმართბით ჩამოაყალიბა ტესტი - „ობიექტის ფორმულა“, რაც გულისხმობს, რომ „სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). სწორედ ამ ტესტის საშუალებით უნდა შემოწმდეს სადავო ნორმებიც. მაშინ, როცა სახელმწიფო გადასახადების ეფექტურად ამოღების საშუალებად, მექანიზმად იყენებს პირს, იგი ვერ იქნება დანახული როგორც სახელმწიფოსთვის ამ ქმედების მიზანი. პირიქით, იმისათვის რომ ეფექტურად იქნეს ამოღებული გადასახადი და სხვადასხვა მონოპოლიებმა, მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის უფრო მარტივად განხორციელება, ადამიანს ერთმევა საშუალება ისარგებლოს იმ მომსახურებითაც კი, რომლის საფასურიც მან უკვე გადაიხადა და რომელიც მისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ მოსარჩელეს არ აქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ გადაიხადოს, მაგალითად, წყლის მიწოდების მომსახურება და მან ისარგებლოს მეზობლის ნებართვით მისი წყლით, ან უსახსრობის გამო, ურჩევნია თვითონ უზრუნველყოს ეზოში ჭის საშუალებით წყლის მიღება, მაშინ მას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და მაგალითად, ზამთარში გათბობის გარეშე იგი შესაძლოა დაიღუპოს, ან მის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის ძირითადი კანონით გარანტირებული ღირსების უფლებით, ადამიანს უნდა ეძლეოდეს იმდენი სოციალური დახმარება, რომ მან ღირსეულად იცხოვროს და გადაიხადოს ელ. ენერგიის გადასახადი, რადგან ელ. ენერგია არის თანამედროვე ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იგი ავალდებულებს სახელმწიფოს იმ ოდენობის სოციალური დახმარების მიცემას, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს (გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება- 1 BvL 10/12 იხ. A -პ: 1; 2; 38 და 48.) ქართული კანონმდებლობა კი გულგრილი რჩება და არ ითვალისწინებს იმ გარემობას, რომ ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე. და უფრო მეტიც, ამ საშიშროების გამოყენება ხდება იძულების მექანიზმად: თუ რომელიმე სხვა კომპანია ვერ უზრუნველყოფს საკუთარი გადასახადების ამოღებას, ადამიანის უმწეო მდგომარეობას იყენებს საშუალებად, რათა მიაღწიოს მიზანს და დაეხმაროს ამ კომპანიას გადასახადების ამოღებაში. მსგავსი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმა-პრინციპად აღიარებულ მე-17 მუხლს. სადავო ნორმების პირობებში კი გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ასეთი ქმედების გასამართლებლად „არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის #1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, პ. 19.). აქედან გამომდინარე, გადასახადების ამოღება ვერ იქნება ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად შეუძლებელია მისი კონსტიტუციურ სამართლებრივი გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება იცავს მომხმარებლის უფლებებს. საყურადღებოა, რომ ამავე პუნქტით დაცულია თავისუფალი მეწარმეობის უფლებაც. ამ ორი უფლების ერთ პუნქტში თავმოყრა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დააბალანსოს მომხმარებელთა უფლებები და მეწარმეობის თავისუფლება. ნებისმიერი კონფლიქტი მათ შორის სახელმწიფოს მიერ უნდა გადაწყდეს გონივრული აწონ-დაწონვის, პრაქტიკული კონკორდანსის შედეგად. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს პრაქტიკა მკვეთრად გამოხატულია და ადგენს, რომ როგორც წესი, სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა ავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ: „არ შეიძლება, რომ თავისუფალი ნება გახდეს არაეკვივალენტური, არათანაზომიერი და უსამართლო ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი, რაც გამოიწვევს ბრუნვის ტრადიციებისაგან მისი მონაწილეების გაუცხოებას და, იმავდროულად, ამით წინააღმდეგობაში მოვა აღიარებულ ზნეობრივ იმპერატივებთან. მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტისაგან, როცა ჯერ კიდევ მყარად არ არის დამკვიდრებული სავაჭრო ტრადიციები, ადვილი შესაძლებელია, მომეტებულად მომდინარეობდეს ასეთი საშიშროება. მოსალოდნელია, რომ ბაზრის გაბატონებული მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტმა, მომხმარებელს შესთავაზოს აშკარად უსამართლო სახელშეკრულებო პირობები და არჩევანის უქონლობის გამო, აიძულოს იგი, გახდეს მისი პარტნიორი. ამგვარი საფრთხის დროს სახელმწიფო იძენს უფლებას, ჩაერიოს მეწარმის შიდა საქმიანობაში და დაუდგინოს ნების გამოვლენის ფარგლები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის #1/2/411 გადაწყვეტილება, II.პ.6.). ამავე საქმეში სასამართლომ განაცხადა რომ „სახელმწიფო ვალდებულია, ისე განსაზღვროს რეგულირების ფარგლები, როგორც ამას გააკეთებდა ყველაზე კეთილსინდისიერი მეწარმე შესაბამისი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით, მოხდება არა მარტო ცალმხრივად მომხმარებლის ინტერესების დაცვა, არამედ მეწარმის ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებაც. ინტერესთა ასეთი დაბალანსება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი პირობაა“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართომ მომხმარებელთა უფლებები საკმაოდ ფართოდ განმარტა და ისაუბრა ამ უფლების დაცვის მასშტაბზეც: ,,საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი აღიარებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონსტიტუციურ აუცილებლობას. მასში მოცემული დებულება, რომ ეს უფლებები დაცულია კანონით, გულისხმობს მათ დაცვას სათანადო კონსტიტუციური პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად....საერთაშორისო სამართალში მიღებული პრაქტიკის თანახმად, მომხმარებლის უფლებები მოიცავს მომხმარებლის უფლებას უსაფრთხოებაზე, არჩევანზე, განხილვაზე, სამომხმარებლო განათლებაზე და სამართლებრივ დაცვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვალის #1/1/374,379 გადაწყვეტილება, პ.II). ცალსახაა, რომ სასამართლომ მხარეების არჩევანის უფლებაც მოიაზრა მომხმარებლის უფლებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში (საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვალის #1/1/374,379 გადაწყვეტილება, პ.II) მოიშველია „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-2 მუხლი და უცხოური პრაქტიკა და დამაჯერებლად განაცხადა, რომ: „მომხმარებელთა უფლებები, რომლებიც ხშირად თავისუფალი და მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა, წარმოადგენს კონსტიტუციური დაცვის საგანს. ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც უშუალოდ მომხმარებლის უფლებებს შეეხება, უნდა იცავდეს მას ძლიერი მხარისაგან და აფუძნებდეს ინტერესთა დაბალანსებული და მშვიდობიანი თანაარსებობის პირობებს“. მთლიანობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოკვეთილი პოზიციის მიხედვით, „სახელმწიფოს პოზიტიური, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებელი მესამე პირთა უსამართლო ძალაუფლებისაგან. სახელმწიფო, რომელიც ვერ ახერხებს ამას, თავად გამოდის აღნიშნული უფლების დამრღვევის როლში, სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიმართულებით, პოზიტიური ეფექტის მისაღწევად უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველაზე გონივრულ და ყველაზე გამართლებულ საშუალებებს’’ (საქარველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვალის #1/1/374,379 გადაწყვეტილება პ.II). სადავო ნორმების შემთვხვევაში, სახელმწიფო არათუ ცდილობს ბალანსის დადგენას, არამედ სწორედ იგი გვევლინება ასეთი ბალანსის დამრღვევად. იგი ბაზარზე გაბატონებულ, მონოპოლიურ ორგანიზაციებს დამატებით ანიჭებს დაუსაბუთებელ ნორმატიულ პრივილეგიებს. მომხმარებელს კი, როგორც სუსტ მხარეს, არ უტოვებს შანსს, აირჩიოს ხელშეკრულების მხარე, სარგებლობის მისი სუსტი პოზიციებით ბაზარზე, და ნაცვლად იმისა, რომ შეეცადოს გონივრულად დააბალანსოს მომხმარებელთა უფლებები, აძლევს მიმწოდებელს იმის საშულებას, რომ მომხმარებელმა რეალურად არ მიიღოს ის მომსახურება/პროდუქტი, რომელზედაც მან ხელშეკრულება დადო და რომლის საფასურსაც იგი იხდის. ასოცირების შესახებ შეთანხმებით, რომელიც ძალაში სრული მოცულობით 2016 წლის ივლისიდან შევიდა განსაზღვრულია ის ვალდებულებები, რომელიც ეტაპობრივად შესასრულებელად საქართველომ აიღო საკუთარ თავზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარეობს რომ, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საქართველოს მიერ შესრულებას უზრუნველყოფს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან და მეორე თავით გარანტირებული ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს. ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-13 თავი ითვალისწინებს მომხმარებელთა პოლიტიკას. 345-ე მუხლის თანახმად, კი „მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე და მიაღწიონ ჰარმონიზაციას მომხმარებელთა დაცვის თავიანთ სისტემებს შორის“. გარდა ამისა სახელმწიფომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ 5 წლის ვადაში შეასრულოს ორი დირექტივა: 2005 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/29/EC დირექტივა, შიდა ბაზარზე კომპანიასა და მომხმარებელს შორის არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ („დირექტივა არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ”); და 1993 წლის 5 აპრილის საბჭოს 93/13/EEC დირექტივა მომხმარებელთა კონტრაქტებში არასამართლიანი პირობების შესახებ. აღნიშნულ დირექტივებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებები. ხაზგასმულია სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებელობა მომხმარებლის უფლებებზე ბუნებრივი მონოპოლიების შემთხვევაში. სახელმწიფომ უნდა დაიცვას მსგავსი მომსახურებების მომხმარებლისადმი სამართლიან პირობებში მიწოდება. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში თუ ეს მომსახურება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არის მნიშვნელოვანი. ადამიანისათვის ელექტროენერგიის ან სხვა კომუნალური მომსახურების გამორთვა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში (ultima ratio) უნდა იყოს დაშვებული, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურულია ყველა გონივრული გაფრთხილებისა და შეთავაზების გზა. ნათელია, რომ ქართული კანონმდებლობის შემთხვევაში, სადავო ნორმების მიხედვით, გადაუხდელობის გამო არათუ რაიმე გაფრთხილებაზე ან ელექტროენერგიის მიწოდების სამართლიან ფასზე, ან სულაც მისი გადაუხდელების გამო შეწყვეტაზეა საუბარი, არამედ იმაზე, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტა ხდება როგორც სადამსჯელო ღონისძიება, იმისათვის, რომ მან არ გადაიხადა სხვა რომელიმე კომუნალური გადასახადი. შესაბამისად, ვერცერთ კონტექსტში ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტით ვერ იქნება გამართლებული კანონმდებლის და სემეკის მიდგომა მომხმარებლისადმი. სახელმწიფოსათვის მისი კონსტიტუციური ვალდებულებების გაცხადება მხოლოდ დეკლარატორულად არ უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირითადი უფლებები ილუზორული ხდება. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ხელისუფლების მაკანტროლირებელ ფუნქციას ,,...საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანი და დანიშნულებაა კონსტიტუციურ უფლებათა ისეთი განმარტება, რომელიც კონსტიტუციის მიზნების, კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებების და თავად ძირითადი უფლების არსის შესაბამისია, რაც უზრუნველყოფს უფლებით პრაქტიკულად, რეალურად და ეფექტურად სარგებლობას და არ გამოფიტავს მას თეორიულ და ილუზორულ უფლებამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბერი #1/1/477 გადაწყვეტილება, II.პ.11). ზემოთ აღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე, გთხოვთ, სადავო ნორმები მიიჩნიოთ შეუსაბამოდ კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა