მოქალაქე იასონ რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/10/256 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 2 დეკემბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე იასონ რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე ამავე კანონის მე-40 და 45-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – იასონ რეხვიაშვილი და მისი წარმომადგენელი ნუგზარ ბირკაია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები – ბათარ ჩანქსელიანი და იოსებ თათარაშვილი.
2003 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №256) მომართა მოქალაქე იასონ რეხვიაშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად 1976 წლის მაისში მოსარჩელე იასონ რეხვიაშვილი გაწევრიანდა საქართველოს სსრ ადვოკატთა კოლეგიაში და დღემდე ითვლება ადვოკატთა კოლეგიის წევრად. „ადვოკატთა შესახებ“ 2001 წლის 20 ივნისის საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით ადვოკატთა ასოციაციის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ითვლება საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სსრ ადვოკატთა შესახებ“, ე.ი. უქმდება პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რაც მოსარჩელის აზრით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით და დადგენილი წესით“.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ადვოკატი შეიძლება იყოს „ფიზიკური პირი, რომელსაც გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება“, რაც მოსარჩელის აზრით საადვოკატო სტატუსის მეორედ მოპოვების პირობაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს რომლის თანახმად კანონით განისაზღვრება სახელმწიფო სამსახურის პირობები და არა თავისუფალი პროფესიის ფიზიკური პირების საქმიანობის პირობები.
სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი ვალდებული იყვნენ უზრუნველეყოთ კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე მიღებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაცია, კონსტიტუციასა და კანონებთან მათი შესაბამისობა.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა არ შეასრულეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში თავიანთი მოვალეობა და მათ არ ქონდათ უფლება საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებისა, ისინი ვალდებულნი იყვნენ სამართლებრივი აქტი მოეყვანათ კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობაში.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ გააფართოვა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს განკარგულების „ადვოკატთა ტესტირების დანიშვნის შესახებ“ კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელემ საქმის არსებითად განხილვისას უარი თქვა თავისი სასარჩელო მოთხოვნაზე იმ ნაწილში, რომლშიც სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს განკარგულების „ადვოკატთა ტესტირების დანიშვნის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი სადავოდ ხდიან ადვოკატთა ტესტირების სუბიექტთა წრეს და მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრების ტესტირების გარეშე შეყვანა კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ადვოკატთა ერთიან სიაში. ამასთანავე მოსარჩლემ საქმის არსებითი განხილვისას დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 45-ე მუხლის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ასევე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლსა და ამავე კანონის 45-ე მუხლს შორის წინააღმდეგობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
მოპასუხე მხარე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თავის დასკვნით სიტყვაში მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციურ სარჩელს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადვოკატთა კოლეგია ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით წარმოადგენდა დაფუძნებულ რეგისტრირებულ კავშირს, რომელიც იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირი და აკმაყოფილებდა 1997 წელს მიღებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სარეგისტრაციო პირობებს. შესაბამისად მათი წესდება რეგისტრირებული იყო სასამართლოში სათანადო პროცედურების გათვალისწინებით, მაგრამ ამავე სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადვოკატთა კოლეგიას გაუუქმდა რეგისტრაცია. მოპასუხე მხარის განცხადებით საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“ აუქმებს საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებულ დებულებას „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“ და არა „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიას“.
მოპასუხემ განმარტა რომ, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და ამის დამადასტურებელია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის განჩინება საქართველოს ადვოკტთა კოლეგიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციით ასევე განსაზღვრულია საზოგადოებრივი გაერთიანების საქამიანობის შეჩერება ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. სწორედ საქართველოს ორგანული კანონი „საზოგადოებრივი გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ ითვალისწინებს იმ საზოგადოებრივი გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებას ან აკრძალვას, რომელიც არღვევს ორგანული კანონით დადგენილ ნორმებს (საქართველოს კონსტიტუციური წყობის დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ძალადობის პროპაგანდა და ა.შ.).
მოპასუხე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანულმა კანონმა საზოგადოებრივი გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ დაუშვა საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერების დამატებითი მექანიზმიც, რაც გამოიხატება ამავე კანონის მე-2 მუხლის ნორმაში – „...საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. აღნიშნული ორგანული კანონის ნორმაში – „...საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, მოპასუხის აზრით, იგულისხმება საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის რეგულირება საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნის, რეგისტრაციისა და საქმიანობის შეჩერების წესსა და პროცედურებს.
მოპასუხემ განმარტა რომ, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს პირობას – ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად ტესტირების გავლას. აღნიშნული ნორმის მიღება განპირობებილი იყო საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებასა და საერთაშორისო ორგანიზაცების რეკომენდაციებზე დაყრდნობით (ისევე, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმისას მოსამართლეებთან მიმართებაში) ამასთანავე აღნიშნა, რომ არსებობს რიგი ქვეყნები, რომლებშიც საქართველოს მოდელისგან განსხვავებით გართულებულია ადვოკატის სტატუსის მოპოვება.
ამდენად მოპასუხე მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება გაატაროს ადვოკატთა ტესტირება არათუ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას არამედ მასთან სრულ თანხვედრაშია.
მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო მუხლებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, კანონით განისაზღვრება სახელმწიფო სამსახურის პირობები და არა თავისუფალი პროფესიის ფიზიკური პირების საქმიანობის პირობები.
მოპასუხის აზრით, მართალია, საქართვლოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი კანონით განსაზღვრავს, სახელმწიფო სამსახურის პირობებს, მაგრამ არ ადგენს, რომ არასახელმწიფო სამსახურის პირობები არ შეიძლება განისაზღვროს კანონით.
მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“ დებულება დღემდე მოქმედებს. მისი აზრით, მოქმედებს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული დებულება არ მოითხოვს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რაც გამოიხატება მის ძალადაკარგულად გამოცხადებაში ან ახლებურად ჩამოყალიბებაში საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
მოპასუხე მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის არგუმენტს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში თავისი მოვალეობა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია და მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილი სადავო საკანონმდებლო აქტის მუხლები არ განსაზღვრავენ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებს. ამრიგად, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება კონსტიტუციურ სარჩელს და მიაჩნია რომ, ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1. მოსარჩლე მოითხოვს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელებული სადავო დებულებები მოიცავენ საადვოკატო საქმიანობისათვის დადგენილ, და ასევე ადვოკატთა ტესტირების ჩატარების ძირითად მოთხოვნებს, აგრეთვე ადვოკატთა ერთიანი სიის ფორმირების წესს.
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორცილებს ადვოკატი. იგი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთმანეთისაგან განასხვავებს ერთი მხრივ, საადვოკატო საქმიანობას, რომელსაც ახორცილებს ე.წ. „თავისუფალი პროფესიის პირი“, ხოლო მეორე მხრივ საჯარო სამსახურში და სახელმწიფო თანამდებობაზე მოღვაწეობას, რომლის პირობების კანონით გასაზღვრის ვალდებულებასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი ეხება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურს და არ აწესრიგებს საადვოკატო საქმიანობას. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ შეუძლებელია ვიმსჯელოთ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაზე დასახელებული სადავო აქტების მიერ, ვინაიდან ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებულ საკითხებს აწესრიგებენ.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატთა ტესტირების დაწესებას, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ იგი არის მინიმალური სტანდარტი იმისათვის, რათა ადვოკატების მიერ კვალიფიციურად იქნეს განხორციელებული ადამიანის ინტერესების დაცვა. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს სახელმწიფოს არა აქვს უფლება კანონით განსაზღვროს კერძო სამსახურის ძირითადი პირობები, მით უმეტეს, როდესაც საუბარია საადვოკატო საქმიანობაზე, რომლის დროსაც, ე.წ. «თავისუფალი პროფესიების» სხვა სახეებისგან განსხვავებით, ადვოკატებს უფრო სახელშეკრულებო ვალდებულებების პირობებში უხდებათ საქმიანობის განხორციელება.
2. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტს. აღნიშნული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“, რის გამოც, მოსარჩელის აზრით უქმდება პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანება „ადვოკატთა კოლეგია“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, თუ საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“ დებულების ძალადაკარგულად გამოცხადებით, როგორ დაირღვევა მისი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება, კერძოდ როგორ უქმდება „პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია“ – „საქართველოს ადვოკატთა კოლეგია“. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის №06/9-59 დადგენილებაზე, რის საფუძველზეც განხორციელდა კავშირის „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ რეგისტრაცია და იგი გამოცხადდა 1980 წლის 12 ნომბერის დადგენილებით რეგისტრირებული „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ სამართალმემკვიდრედ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის აღნიშნული დადგენილებით განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული არაკომერციული იურიდიული პირის „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ ხელახალი რეგისტრაცია, ვინაიდან სასამართლოს დადგენილებაში კავშირის რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1511-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „ხელახალი რეგისტრაციისათვის აუცილებელია: ბ) წესდების ახალი რედაქცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს“, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ხელახალი რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირი ადრე რეგისტრირებული იურიდიული პირის უფლებამონაცვლეა. ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზუსტად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1511-ე მუხლისა და მის საფუძველზე მიღებული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით მოხდა „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ ხელახალი რეგისტრაცია და არა საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“ დებულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“ დებულების გაუქმებით შეუძლებელია გაუქმებულიყო კავშირი „საქართველოს ადვოკატთა კოლეგია“. შესაბამისად, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ამ შემთხვევაში ვერ დაარღვევს მოსარჩელე იასონ რეხვიაშვილის საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულ უფლებას, ვინაიდან იგი არ ახდენს საზოგადოებრივი გაერთიანებების, კონკრეტულ შემთვევაში კი „საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის“ გაუქმებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. მოსარჩელის განცხადებით „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად „პირს, რომელსაც გავლილი არა აქვს ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება“ და ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, რითაც უნდა გაუქმდეს საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სსრ ადვოკატურის შესახებ“ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი და 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ საკითხებს აწესრიგებენ და შეუძლებელია ვისაუბროთ, როგორც თვით მათ შორის წინააღმდეგობაზე, ისე მათ მიმართებაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კანონის მუხლებს შორის წინააღმდეგობის დადგენა არ შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. უარყოფილ იქნეს საქართველოს მოქალაქე იასონ რეხვიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტთან და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აგრეთვე ამავე კანონის მე-40 და 45-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 7 დღის ვადაში.
კოლეგიის შემადგენლობა
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ზაურ ჯინჯოლავა