სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ნოდარ პაპუკაშვილი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac876 |
თარიღი | 24 ივლისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„უცხო ქვეყნის საწარმო “ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ', კონსტიტუციური სარჩელი №876 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
სასამართლოს მეგობრის პოზიცია მომზადებულია თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკის მიერ. ავტორს დახმარებას უწევდნენ სტუდენტები: დავით ჯინჭარაძე, ივანე პაპუკაშვილი და ბექა თედიაშვილი. ავტორი: სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების კონსტიტუციურობის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე, 2003 წლის 21 მაისის თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან მიმართებაში. მოსაზრების შინაარსი შემდეგია: შესავალი; „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნები და მისი ჰარმონიზაციის საკითხი 2003 წლის 21 მაისის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციასთან თამბაქოს კონტროლის შესახებ; სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპების მიმოხილვა და მისი როლი საინვესტიციო გარემოს შექმნის, ხელშეწობისა და გარანტიების შესახებ; სადავო ნორმის, ანუ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე, 2003 წლის 21 მაისის თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან ურთიერთმიმართების შესახებ;
1. შესავალისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის #876) მიმართა უცხო ქვეყნის საწარმომ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედმა“. 2017 წლის 7 აპრილს სასამართლო კოლეგიამ თავის განმწესრიგებელ სხდომაზე კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებაში. ხოლო, „ა“ პუნქტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან კანონის შესაბამისობის საკითხებზე. როგორც #876 კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა შპს „ოჯთ“-ს სარჩელი „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედი“-ს წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების და მიუღებელი შემოსავლის სახით 100 537 172 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რამდენადაც, შპს „ოჯთ“-ს განმარტებით, „ბრითიშ ამერიკან ტობაქო“ ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას და არღვევს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის შეზღუდვები უკავშირდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. კონსტიუციური სარჩელის ავტორი, მის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით, აპელირებს რა საერთაშორისო კონვენციის მე-16 მუხლზე, მიაჩნია, რომ ხსენებული კონვენცია ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასოდ მიწოდების შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. გარდა ამისა, სადავო ნორმა კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში ოპერირებად სხვა სამეწარმეო აგენტებზე, ხოლო, არაჯანსაღ კონკურენციად მიიჩნევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და არა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ან ფასწარმოქმნის სხვა რაიმე შეზღუდვა. საკონსტიტუციო მოსარჩელეს აზრით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი კონკურენტული გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას. საკონსტიტუციო მოსარჩელეს აღნიშნული არგუმენტაციების გათვალისწინებით, წინამდებარე სასამართლოს მეგობრის, პროფესორ ნ. პაპუკაშვილის მოსაზრებაში მოყვანილია:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში, ხოლო მისი მიზანი, განსხვავებით სასჯელის მიზნისგან, არის იმ საბოლოო შედეგის მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ადგენს მიზნის მიღწევის საშუალებებსაც, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მთელ რიგ პრინციპებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია როგორც თამბაქოს მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ისე თამბაქოს წარმოებისა და რეალიზაციების კონტროლი. რამდენადაც, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მისის მიზნების უზრუნველსაყოფად, საჭიროა ხაზი გაესვას, რომ კონვენციის პირველი მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად, „თამბაქოს კონტროლი“ ნიშნავს თამბაქოს მიწოდებას, თამბაქოზე არსებული მოთხოვნის ან თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის გამიზნულ მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას თამბაქოს მოხმარების ან თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების აღმოფხვრის ან შემცირების გზით, ხოლო ჩარჩო-კონვენციის მე-3 მუხლით მისი მიზანი მკვეთრად გამოხატულია, რაც გულისხმობს თამბაქოს მოხმარებითა და თამბაქოს კვამლით ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებისგან, ასევე, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგებისგან, მხარეთა მიერ ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ისეთი ზომების განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედების თანმიმდევრულად და მნიშვნელოვნად შემცირებას. ჩარჩო-კონვენციის მე-5 მუხლი აწესებს ზოგად ვალდებულებად, რათა თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უზრუნველყოს თამბაქოს კონტროლის მრავალდარგობრივი ეროვნული სტრატეგიების, გეგმების და პროგრამების განვითარება, დანერგვა, პერიოდული კორექტირება და განხილვა კონვენციისა და იმ ოქმების შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის ეს მხარე. სწორედ ამისთვის, ჩარჩო კონვენცია ადგენს ორი სახის ზომებს: სატარიფო და საგადასახადო (მე-6 მუხლი) და არასატარიფო ზომები (მუხლები 7 - 14). უფრო მეტიც, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის და საერთაშორისო ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად საჭიროა სხვადასხვა არასატარიფო ღონისძიებების გატარება. ამ ზომების გარდა, საერთაშორისო ჩარჩო-კონვენციის თანახმად, მთავრობამ უნდა დაამკვიდროს ზომები თამბაქოს ინდუსტრიასთან კომუნიკაციასთან მიმართებაშიც კი (ხაზს ვუსვამ, კანონის მიზნის მისაღწევად ყველანაირი ლეგიტიმური ფორმის გამოყენებას), მოეთხოვოს სახელმწიფო მოხელეებს გამჭვირვალობა კონტაქტების დამყარებისას და გაზარდოს ინფორმირებულობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ყველა სამთავრობო სააგენტოსა და სახელმწიფო მოხელეთა შორის. საჯარო მოხელეების ქცევის ეთიკური კოდექსის კანონის მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით, მთავრობის ყველა განშტოებამ არ გაუწიოს პარტნიორობა და მონაწილეობა არ მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომელიც აღწერილია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი. გარდა ამისა, თუმცა, აქვე, კონვენცია სატარიფო პოლიტიკის კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრისა და ფორმირების სუვერენული უფლების შეუზღუდავად, მხარეების ვალდებულებას, გაითვალისწინონ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის ეროვნული ამოცანები და გაატარონ ზომები, რომლებიც იმპერატიულად შესაძლებელია მოიცავდეს (საერთაშორისო კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი): „თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საგადასახადო და შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასების პოლიტიკის განხორციელება ჯანდაცვის იმ ამოცანების შესრულების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე”. ანუ, მოთხოვნა, ცალსახა და ორიენტირებულია ერთი კონკრეტული მიზნისკენ, რასაც თამბაქოს მოხმარების შემცირება ჰქვია. სხვა მიზანი კანონმდებელს არ ამოძრავებს. შესაბამისად, ჩარჩო კონვენცია მხოლოდ და მხოლოდ ეხება საბოლოო მომხმარებლის უფლებების დაცვას და მათ დაცვას თამბაქოს ზემოქმედებისგან. ის არსად არ მიუთითებს იმაზე, თითქოს მისთვის მნიშვნელოვანი იყოს თუ რა ფასებს დაუწესებენ ერთმანეთს მეწარმეები (და არც სხვა ჭრილში განიხილავს მეწარმეებს და მათ უფლებებს). მისთვის მთავარია, თუ რა ფასი უნდა გადაიხადონ მომხმარებლებმა ამა თუ იმ თამბაქოს ნაწარმში. გარდა ამისა, ამასთან, თავის მოთხოვნაში კანონმდებელი სახელმძღვანელო მითითებების პირველ გვერდზე წარმოდგენილ "მე-6 მუხლის იმპლემენტაციისთვის საჭირო სახელმძღვანელო პრინციპებზე" დაყრდნობით, იმპერატიულად არ აიძულებს მხარეს გაატაროს ფასების პოლიტიკა და უშვებს შესაძლობლობას მიზანი მიღწეულ იქნას სხვა შეზღუდვების დანერგვით, რომ არაფერი ვთქვათ იმ შეზღუდვაზე, რასაც პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვა ჰქვია, რაც, თავის მხრივ, ისედაც არ შედის მწარმოებლის მკაფიო ინტერესში. კონვენციის მხარეები თანხმდებიან და ეჭვგარეშეა, რომ სატარიფო და მისგან გამომდინარე, საგადასახადო ზომები წარმოადგენენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას. 2013 წლის ივნისის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ჩარჩო კონვენციის აღსრულების საჭიროებების შეფასების დოკუმენტის (იხ. მე-20 გვ.) თანახმად, თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საგადასახადო და შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასების პოლიტიკის განხორციელება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ცალკეული ფირმისა და ნაწარმის სახეობებზე გადასახადების გაზრდის აუცილებლობაზე. მაგალითად, საერთაშორისო ჩარჩო კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, თამბაქოს ინდუსტრიაში ეტაპობრივად გაზრდილია ყველა სახის გადასახადი. დასკვნის სახით, საქართველოს მიერ, ზოგადად, შესრულებულ იქნა კონვენციის 6.2 (ა) მუხლის ქვეშ ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა, იქვე შეშფოთებაა გამოთქვამული იმ ფაქტის გამო, რომ, მხოლოდ 2010 წელს მოხერხდა ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე გადასახადების გაზრდა იმპორტირებული თამბაქოს გადასახადების დონემდე. აქვე აღსანიშნავია, რომ, ზემოთაღნიშნული შეფასების ანგარიშს, რომელიც ამტკიცებს ჩვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საგადასახადო ზომები ყველაზე ეფექტური საშუალებაა კონვენციის მიზნების მიღწევისა, მკაფიოდ ადასტურებს საერთაშორისო დონეზე მისი იმპლემენტაციის ფაქტობრივი შედეგებიც. მაგალითად, 2013 წლის ჩარჩო კონვენციის ალიანსის დასკვნის "მომგებიანი საგადასახადო მიდგომები" (Winning Approaches to Taxation) თანახმად, აღწერილია თუ როგორ გაატარეს სხვადასხვა ქვეყნებმა (ბრაზილია, ჩილე, უგანდა, თურქეთი, ფილიპინები) საგადასახადო ღონისძიებები იმისთვის, რათა მიეღოთ ეკონომიკური და ჯანმრთელობის სარგებელი. მთლიანობაში, სწორედ, საგადასახადო დაბეგვრის გამკაცრების ჭრილში, დოკუმენტის ავტორები იწონებენ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მთავრობის მიმართ იძლევიან შემდეგ რეკომენდაციას, ვახდენთ ციტირებას ზემოაღნიშნული შეფასების დოკუმენტიდან (იხ. 21-ე გვ.): „მთავრობამ გაითვალისწინოს, რომ სპეციფიური გადასახადი იქნას სასწრაფოდ და ამავე დროს, რეგულარულად, გაზრდილი. სიგარეტებთან ერთად თამბაქოს სხვა ნაწარმიც უნდა იქნას დაბეგრილი შედარების პრინციპით, რათა შეიზღუდოს ჩანაცვლება თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმს შორის“, რისთვისაც კონვენციის სამდივნო გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ექსპერტიზისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას დონორების მხრიდან, მთავრობის მოთხოვნათა შესაბამისად (იხ. შეფასების ანგარიშის 21-ე გვ.). ვფიქრობ, საინტერესო იქნება კვლევის ანალიზი, თუ როგორ მოახდინეს საზღვარგარეთის ქვეყნებმა ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩარჩო კონვენციის მე-6 მუხლის მითითებების იმპლემენტაცია უმეტესმა ქვეყნებმა მოახდინეს საგადასახადო და არა სატარიფო ზომების მიღებით. მაგალითად: პოლონეთი: ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად ახდენს თამბაქოს შეწონილი საშუალო საცალო ფასის დადგენას, რათა შემდგომ დაადგინოს თამბაქოს პროდუქციაზე საგადასახადო ძირი/საფუძველი შემდეგი წლის გადასახადებისთვის. შედეგად, თამბაქოს პროდუქციაზე (შეწონილ საშუალო საცალო ფასზე) ერიცხება აქციზი და დღგ. შესაბამისად, პოლონეთი როგორც ასეთი არ ადგენს მინიმუმ ფასს თამბაქოს პროდუქციაზე. გერმანია: გერმანია არ არდგენს მინიმუმ ფასს თამბაქოს პროდუქციაზე და ასევე არეგულირებს პროდუქციაზე საბოლოო ფასებს გადასახადების საშუალებით. დიდი ბრიტანეთი: დიდი ბრიტანეთი ასევე ადგენს არაფისკალურ და საგადასახადო ზომებს. თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დადგენილ მინიმუმ ფასს თამბაქოს პროდუქციაზე. უკრაინა: უკრაინამ მოახდინა ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაცია საგადასახადო ზომების მიღების გზით და არ ადგენს თამბაქოს პროდუქციაზე მინიმუმ ფასს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები ჩარჩო კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მიერ თამბაქოს პროდუქციაზე მინიმუმი ფასების დადგენის შესახებ (რაც რეალურად იგივეა რაც თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს პროდუქციის გასხვისების აკრძალვა, ვინაიდან თვითღირებულება შესაბამისად არის "მინიმუმი"): გადაწყვეტილება C-302/00 მიღებული საქმეში კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ: სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინიმუმ ფასის დადგენა არ შეესაბამება ევროპის საბჭოს დადგენილებას #95/59/EC, ვინაიდან ამგვარი მინიმუმ ფასების დადგენა აუცილებლად იწვევს თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი მეწარმე სუბიექტების უფლების შეზღუდვას, თავისუფლად დაადგინონ ფასები. გადაწყვეტილება C-216/98 „კომისია საბერძნეთის წინააღმდეგ“: სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თამბაქოს პროდუქციაზე მინიმუმ ფასის დადგენა არ არის საჭირო, ვინაიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნები შესრულებულია გაზრდილი გადასახადების გზით (!). ასევე საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2010 წელს. საქმე C‑197/08, „კომისია საფრანგეთის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ არ ადგენს არანაირ ვალდებულებას ხელშემკვრელ მხარეებზე , რომ მათ დაადგინონ პოლიტიკა თამბაქოს ნაწარმის ფასების შესახებ." გარდა, სადავო ნორმის შეუსაბამობისა ჩარჩო კონვენციის სატარიფო პოლიტიკის და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიზნებთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არაკონკურენტულ, ანუ თვითღირებულებაზე დაბალ ფასებში, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სცილდება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ფარგლებს, რამდენადაც აღნიშნულ ეკონომიკურ ურთიერთობებს, სათანადო პირობების დადგომისას, არეგულირებს საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ და მის საფუძველზე შექმნილი სააგენტო, რომელიც მთავარ სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენს არაკონკურენტული ბიზნეს გარემოს აღმოსაფხვრელად. სააგენტოს ფუნქციებიდან ჩვენთვის საინტერესო ასპექტში იმთავითვე თვალსაჩინოა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-172 მუხლი, რომელთა მიხედვით კონკურენციის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს: ა) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი; ბ) კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება, გაცემა; დ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი; ე) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ვ) მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი. შესაბამისად, კონკურენციის შესახებ კანონის მიხედვით იკრძალება დომინანტური პოზიციის მქონე სუბიექტების მიერ ბაზარზე არასამართლიანი ფასების დაწესება, თუმცა, როგორც ცნობილია, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არ სარგებლობს დომინანტის სტატუსით. შესაბამისად, დამატებითი რეგულიაცია და კონვენციის მოთხოვნების არასწორი გამოყენება, სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი მუხლის (ჩარჩო კონვენციის 6.2. (ა) მუხლი) არასწორი ინტერპრეტირების ფონზე, საქართველოს კანონის საერთაშორისო აქტთან „მოჭარბებული“ ჰარმონიზაციის სურვილი, რომელიც საფრთხეში აგდებს მეწარმე სუბიექტების კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს და უდიდეს საფრთხეს უქმნის სახელმწიფოში დამკვიდრებულ ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს. როგორც ვხედავთ, შევეცადეთ გვეწარმოებინა, კონსტიტუციურ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებაში, თამბაქოს კონტროლის უზრუნველსაყოფად, ქართულ და საერთაშორისო აქტებში ასახული საქართველოსთვის სავალდებულო პრევენციულად გასატარებელი ღონისძიებების სრული ჩამონათვალი და თითოეულ მათთაგანზე წარმოგვედგინა საერთაშორისო, სპეციალურად უფლებამოსილი ექსპერტების მიერ გაკეთებული ოფიციალური დასკვნა-კომენტარები, რომლებიც საკმაოდ ამომწურავი და ძალიან კონკრეტული მიმართულების მომცემია. სწორედ, აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე მოქმედებს საქართველოს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების სახელმწიფო კომისია, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კანონის მოთხოვნების პრაქტიკულ ცხოვრებაში იმპლემენტაციას. განხორციელებული ანალიზის შედეგად, ფაქტია, რომ თამბაქოს კონტროლის ე.წ. სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული შეფასების დოკუმენტის ოფიციალური განმარტებები, თავისი შინაარსით მოიცავს, მხოლოდ და მხოლოდ, ნაწარმის ღირებულების გაზრდის აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას, რომლის შედეგიც, უშუალოდ, მხოლოდ გადასახადების მომატებული ტარიფებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგეს. თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, სხვა კომენტარი-რეკომენდაცია საერთაშორისო ექსპერტების მიერ სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ნათელია, რომ სატარიფო პოლიტიკასთან მიმართებაში კონვენციაში არსებული ჩანაწერი არამც და არამც არ გულისხმობს რაიმე სხვა დამატებითი შეზღუდვის დაწესებას, მით უფრო, უშუალოდ წარმოების მიერ პროდუქციის ფასწარმოქმნასთან, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასთან დაკავშირებით, არამედ მიმართულია ფასების იმგვარად გაზრდაზე, რაც გავლენას ახდეს საბოლოოდ მოსახლეობის მიერ თამბაქოს პროდუქციის შესყიდვაზე.
ძირითადი უფლებები სამართლებრივი სისტემის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია უშუალოდ მოქმედ სამართალს უწოდებს. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს: ყველა ვინც ფიქრობს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ დარღვეულია მისი ძირითადი უფლება, შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ძირითად უფლებებს პატივი უნდა სცენ არა მხოლოდ მათ, ვინც ვალდებულია, არამედ თვით ამ უფლებებით აღჭურვილმა პირებმაც - აღნიშნული თეზისები აპრიორია და მისი გამოყენების უფლება გააჩნია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, მათ შორის, „უცხოელ“ იურიდიულ პირს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ქართული კანონმდებლობის მიხედვით დაფუძნებული წარმომადგენლობა გააჩნია. რამდენადაც, ძირითადი უფლებები კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია, სუბიექტები ფლობენ მრავალ უფლებას სახელმწიფოს მიმართ, თუმცა, მათგან ძირითადი მხოლოდ ის უფლებებია, რომლებიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს სამ წინადადებას. პირველი მათგანით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. შემდეგ, კანონით დაშვებული შემთხვევების გამოკლებით, იკრძალება მონოპოლიური საქმიანობა. ბოლოს კი გათვალისწინებულია მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაეთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. რაც შეეხება „კონკურენციას“, აღნიშნული საკონსტიტუციო ზოგადი შინაარსი ტერმინია, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ კონკურენციას, ხოლო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, „კონკურენცია არის შესაბამის ბაზარზე მოქმედ ან პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად“. შესაბამისად, ეკონომიკური აგენტები ცდილობენ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა კონკურენტებზე უფრო მეტი წარმატებით განახორციელონ, სთავაზობენ მომხმარებელს უკეთეს პირობებს ფასებთან, ხარისხთან, შეფუთვასთან და სხვა ეკონომიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველად, უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებაში, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას - ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას. მეწარმეობის თავისუფლება კი წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისთვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. თავისუფალი კონკურენცია კი ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან. კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს იმ სფეროშიც, რომელშიც ბუნებრივი მონოპოლიებია გაბატონებული. შესაძლებელია, რომ მეწარმე სუბიექტები ეცადონ და მოახდინონ კიდეც თავინთი კონკურენტების ბაზრიდან განდევნა. ეს არის, სწორედ, თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის არსებობის მიზანიც. თუმცა, კონკურენტის ბაზრიდან განდევნა უნდა ხდებოდეს კანონზომიერი ბიზნეს პროცესების შედეგად, ყოველგვარი ხელოვნური ზეგავლენების გარეშე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს კონკურენციის კანონისმიერი პრინციპების დარღვევას. ეკონომიკური თეორიაა, რომ კონკურენტული ბაზრის პირობებში, თავად ბაზრის კანონებია სამეწარმეო წესრიგის საფუძველი და ზოგიერთ შემთხვევაში, ზედმეტი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა რეგულირების მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანიც იგივეა, თავისუფალი და კონკერუნტული ბაზრის არსებობა, რომლის პირობებშიც შესაძლებელი ხდება მეწარმე სუბიექტის მხრიდან მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისების გამოვლენა. მხოლოდ კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი მეწარმე სუბიექტის თავისუფალი წარმოშობა, საქმიანობა და არსებობის შეწყვეტა. კონკურენციისადმი ხელის შეწყობით სახელმწიფო ახალისებს ბაზარზე ეფექტური ინვესტიციების განხორციელებას, ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი და თავისუფალი ბიზნესის განვითარებას. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ამ ფუნქციას სახელმწიფო მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნითა და სრულყოფით ახორციელებს, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სამეწარმეო სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისთვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს კომერციული ბრუნვის მიღმა კი არ დატოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს. სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მეწარმე სუბიექტის არსებობის უფლებას. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია, თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის „სიცოცხლე“. ყველა შემთხვევაში სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური, დაუსაბუთებელი ანგარიშსწორებით. მეწარმეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის მზადაა განახორციელოს თავისუფალი მეწარმის ყველა ფუნქცია, ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენებით და აქედან გამომდინარე, იტვირთოს თანაბარი რისკი. ის შეუცვლელი და ხელშეუხებელია მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თავისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისთვის. კონსტიტუციური მოსარჩელეს მოთხოვნის შეფასება სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა მოახდინოს. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერის ერთგვარ გაგრძელებად მიიჩნევა საქართველოს კანონები „კონკურენციის შესახებ“ და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“. კონკურენციის შესახებ კანონში გათვალისწინებულია კონკურენციის შეზღუდვის, ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერების აკრძალვა, მეწარმეებისთვის სახელმწიფო დახმარება და მიზნობრივ პროგრამებში დაშვება. ხოლო, „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონის მიხედვით, დადგენილია ინვესტიციის დაცვის გარანტიები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #411 გადაწყვეტილებით, „ყველას უფლება აქვს თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორციელოს იგი“. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „კონსტიტუციის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, თავისუფალი კონკურენცია ორგანულადაა დაკავშირებული მეწარმეობის თავისუფლებასთან და წარმოადგენს საბაზრო მეურნეობის საფუძველს“. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ერთის მხრივ, კანონიერ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლისთვის დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუღებელია არაჯანსაღი კონკურენცია და დანაშაულადაა მიჩნეული უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ამავე დროს, მეწარმეობის თავისუფლება არ გამორიცხავს გონივრული შეზღუდვების დაწესებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #154 გადაწყვეტილებით, „ადამიანის უსაფრთხოების, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროდუქციის რეალიზაციის სათანადო წესების დადგენა და მათი შესრულების უზრუნველყოფა ვერანაირად ვერ ჩაითვლება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელის შეშლად“. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მეწარმის საქმიანობა არ შეიძლება იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესით, რაც აუცილებელია კერძო ინტერესების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მეწარმეებს უნდა შეექმნათ სამართლებრივი გარანტიები იმისთვის, რომ მათ ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა სამოქმედო ტერიტორიის მიუხედავად, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია მათი საქმიანობის ეკონომიკური დანახარჯები და მომგებიანობა. ნებისმიერი მომეტებული ნორმატიული ჩარევა, რომელიც დაუპირისპირდება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, თავსმოხვეული და დამაზიანებელი იქნება. მეწარმეებს უნდა შეექმნათ სამართლებრივი გარანტიები იმისთვის, რომ მათ ეფექტიანად განახორციელონ თავიათი საქმიანობა სამოქმედო ტერიტორიის მიუხედავად, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია მათი საქმიანობის ეკონომიკური დანახარჯები და მომგებიანობა. ნებისმიერი ნორმატიული ჩარევა, დაუპირისპირდება ბაზრის ბუნებრივ კანონებს ხელოვნურად თავსმოხვეული და არაეფექტიანი იქნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #411 გადაწყვეტილების თანახმად, „როცა თავისუფალ მეწარმეობაზეა საუბარი, საჭიროა გაირკვეს როდის და რა ფარგლებში შეუძლია სახელმწიფოს, ჩაერიოს მისი განხორციელების პროცესში. როგორც წესი, სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა ავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ“. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს რა საშიშროებაზე, სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაძლო არასწორი გამოყენებაზე, რაც გამოიწვევს ბრუნვის ტრადიციებისგან მისი მონაწილეების გაუცხოებას და იმავდროულად, ამით წინააღმდეგობაში მოვა ზნეობრივ იმპერატივებთან, ამავე დროს, დასძენს, რომ ასეთი საშიშროება შესაძლებელია მომდინარეობდეს, მხოლოდ, მოგებაზე ორიენტირებული იმ მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სუბიექტისგან, რომელსაც სურს მომხმარებელს შესთავაზოს აშკარად უსამართლო სახელშეკრულებო პირობები და არჩევანის უქონლობის გამო, აიძულოს გახდეს იგი მისი პარტნიორი. სწორედ, ამგვარი საფრთხე და არა საერთაშორისო კონვენციის სატარიფო პოლიტიკის არასწორი ინტერპრეტაციიდან გამომდინარე დასკვნა, არის ის ერთადერთი საფუძველი, რომელიც სახელმწიფოს შესძენს უფლებას, ჩაერიოს მეწარმის შიდა საქმიანობაში და დაუდგინოს ნების გამოვლენის ფარგლები. თამბაქოს ინდუსტრია რეგულირებადი ეკონომიკური ურთიერთობების სფეროს მიეკუთვნება, რეგულირების შემოღება უნდა ემსახურებოდეს, როგორც მომხმარებელთა, ისე სამეწარმეო სუბიექტის ინტერესების დაცვას. კანონმდებელმა უნდა დაიცვას მომხმარებელი და გარეშე მყოფი პირები მეწარმე სუბიექტების თავნებობისგან, თუმცა სახელმწიფოსგან ამგვარი ჩარევები მიმართული უნდა იყოს მეწარმისა და მომხმარებლის ინტერესების დაბალანსებისკენ. უფლების შეზღუდვის ასეთი დამოკიდებულებით, მოხდება არა მარტო ცალმხრივად მომხმარებლის ინტერესების დაცვა, არამედ მეწარმის ყველა პატივსადები ინტერესების გათვალისწინებაც. ყველა შემთხვევაში, რეგულირებამ არ უნდა გამოიწვიოს ბრუნვის მონაწილეთა იმდაგვარი გაუცხოება ამ ბრუნვისაგან, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სამეწარმეო სუბიექტების ბაზრიდან განდევნა, მაგალითად, ისეთი სუბიექტებისა როგორიცაა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმითედია“. გარდა იმისა, რომ მეწარმის, მით უფრო, მსხვილი გადამხდელის ბაზრიდან წასვლა პირდაპირ ეფექტით აისახება ქვეყნის შემოსავლებსა და დასაქმების მაჩვენებლებზე, მეწარმის ბაზრიდან განდევნა, ამავე დროს, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამკვირებული სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობასაც. რაგინდ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად ან სახელმწიფოს სახელით, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. სამართლებრივი წესრიგისადმი ის დამოკიდებულება, რაც მოსარჩელესთვის სადავო ნორმიდან იკითხება, უნდობლობით განაწყობს არა მარტო იმ მეწარმეებს, რომლებმაც უშუალოდ საკუთარ თავზე განიცადეს არამართლზომიერი მოქმედების შედეგი (ვგულისხმობ „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმითედს“), არამედ იმათაც, რომლებიც დღესდღეობით ბაზარზე ოპერირებენ. ამიტომ, მეწარმე, თუნდაც თამბაქოს ინდუსტრიით იყოს დაკავებული, მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ მის მიმართ მაინც უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომელიც არ იქნება გაუცხოებული სანდოობის პრინციპისგან. სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების ხარისხზე ერთი კაზუსი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან. კერძოდ, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 30 ივლისს მიღებულ იქნა #1 BvR 3262/07 გადაწყვეტილება კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო ბადენ-ვიურტემბერგის მიწის „არამწეველთა დაცვის“ კანონის მე-7 პარაგრაფის და ბერლინის „პასიური მოწევისგან საზოგადოების დაცვის“ მე-2 პარაგრაფის 1-8 პუნქტების ანტიკონსტიტუციურობის თაობაზე. კერძოდ, გერმანიის კონსტიტუციით გარანტირებული იმ ძირითადი უფლების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფდა სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას. გადაწყვეტილების თანახმად, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ორი კანონის გასაჩივრებული მუხლები სასამართლოს შეხედულებით (6 ხმა – 2 ხმის წინააღმდეგ) ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი (კონსტიტუციის 12-ე მუხლის 1-ლი აბზაცთან შეუსაბამოდ). დავის არსის თანახმად, მოსარჩელე 1985 წლის სექტემბრიდან ქალაქის ცენტრში ამუშავებდა მცირე კაფეს, რომლის მომხმარებლები ძირითადად მუდმივი კლიენტები იყვნენ და მათგან დაახლოებით 70% მწეველი იყო. კაფე ერთი ოთახისგან შედგებოდა, 63 კვ.მ. მოცულობით. ამ სასტუმრო ოთახის დაყოფა მწეველების და არამწეველების ოთახებად არქიტექტურულად შეუძლებელი იყო. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, მოწევის საწინააღმდეგო მიწის კანონის მიღების შემდეგ, მის კაფეში არსებითად ნაკლებ დროს ატარებდნენ მუდმივი მწეველი კლიენტები. ეს ტიპიური ვითარება იყო ერთოთახიანი კაფეებისათვის, სადაც მუდმივ კლიენტებს შორის ზომაზე დიდი იყო მწეველთა რიცხვი. „მცირე კაფედ“ წოდებული კვების ობიექტს ჰქონდა თავისებური სოციო-კულტურული ფონი და მუდმივ კლიენტებისთვის ხშირად წარმოადგენდა „საკუთარი სახლის ნაწილს“. სტუმრებს შორის არსებული სოციალური კონტაქტები ანაცვლებდნენ ოჯახურ პირობებს, მით უფრო, რომ მოწევა სახლში ხშირად არასასურველი იყო. გამომდინარე აქედან, მუდმივი კლიენტები უკვე ნაკლებ დროს ატარებდნენ ერთოთახიან კაფეებში და გადადიოდნენ უფრო დიდ კაფეებში, სადაც მოსაწევი ოთახები იყო მოწყობილი. ერთოთახიანი კაფეებისთვის შემოღებული უპირობო აკრძალვა მოწევისა მაშინ, როდესაც დიდ კაფეებში მოწევის აკრძალვა ნაწილობრივ მოქმედებდა, იწვევდა იმას, რომ მწეველთა მიერ დომინირებული მცირე კაფეების ტიპი თავისი ეკონომიკური არსებობის საფუძველს კარგავდა. მოსარჩელის კაფეში მოწევის აკრძალვამ გამოიწვია ბრუნვის კლება 30-დან 40 პროცენტამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოწევის აკრძალვის შემოღებიდან ათი თვის თავზეც ბრუნვა 20 პროცენტით ჩამორჩა წინა წლების ბრუნვას. თუკი ბრუნვა არ მოიმატებდა, პერსპექტივაში კაფე რენტაბელური აღარ იქნებოდა. ფედერალური სააგენტოს ხელთ არსებული სტატისტიკით, რომელშიც 42 ათასზე მეტი მცირე კაფე შედიოდა, მათი წლიური საშუალო ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 123 ათას ევროს. იმ საწარმოთა დადებითი ბალანსი, რომლებიც ფართს ქირაობდნენ, საშუალოდ 14 ათასი ევრო იყო (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), ხოლო საკუთრებაში არსებული ფართით - 18 ათასი ევრო. შესაბამისად, 20-პროცენტიანი კლება ბრუნვისა ქირით არსებულ კაფეებს მინუსში გადაიყვანდა. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა. განმარტა , რომ კაფეებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა წარმოადგენდა მძიმე ჩარევას სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში ზრდასრული მოსახლეობის 33,9% მწეველი იყო, აკრძალვას შეიძლება კაფეების მეპატრონეთათვის ბრუნვის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვეწვია, ამა თუ იმ ობიექტში შეთავაზებული ასორტიმენტის გათვალისწინებით. ასეთი ჩარევა მოცემულ განხილულ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო კონსტიტუციით გარანტირებული ძირითად უფლების შეზღუდვის არაპროპორციულიობის გამო. ისინი არამართლზომიერად ამძიმებდნენ მცირე, ერთოთახიანი კაფეების მფლობელებს, რომელთა მენიუში ძირითადად სასმელები იყო. ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მართალია, კანონმდებლებს ზოგადად აქვთ უფლება ჩაერიონ სამეწარმეო თავისუფლებაშიც, თუ კი ეს აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლისათვის, თუმცა, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დიდ კაფეებში მწეველთა სრული იზოლირებაა შესაძლებელი სპეციალური მოსაწევი ოთახების საშუალებით, პატარა კაფეები კი ზარალდებიან ამ არათანაბარი პირობების გამო. ამიტომ დაუშვებელია ასეთი მასშტაბის დისკრიმინაცია. აღნიშნული კაზუსი წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებაში, იმდენად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, რამდენადაც მკაფიოდაა წარმოჩენილი ის ფაქტი, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ყველა ძირითადი უფლება დაცვის გარანტიის ხარისხით ერთმანეთის პროპორციულია, ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, ქმედებაზე, რომელიც თვით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისთვის საშიშია, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში საკმაოდ პრინციპულია, რასაც მკაფიოდ აფიქსირებს თავისი გადაწყვეტილების ნაწილში. გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლო ერთ მხარედ მიიჩნევს სამეწარმეო სუბიექტის შეუზღუდავი საქმიანობის გარანტიის უზრუნველყოფას და მეწარმის თავისუფლების დაცვას, ხოლო, მეორე მხარედ, საწარმოში თამბაქოს მოწევის აკრძალვით და მისი გაკოტრების ხარჯზე სხვა პირთა უფლებების დაცვას. შესაბამისად, სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის მუხლი, რომელიც სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვით გარანტირებულად იწვევდა სამეწარმეო სუბიექტის მომავალში ლიკვიდაცია/გაკოტრებას. ამიტომ, სასამართლომ სადავო ნორმის გაუქმებით უზრუნველყო კონსტიტუციით დაცული უფლება/თავისუფლებების პროპორციულობის დაცვის ხარისხი. ამასვე ადასტურებს ჩვენს მიერ წინამდებარე მოსაზრების მე-7, მე-8 გვერდზე მოცემული მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. ანალიზიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით განსაზღვრული სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს თავსებადობას თანაზომიერების პრინციპთან, რის გამოც, ვთვლით, რომ სახელმწიფოს მიერ დისკრეციის ფარგლებში მიღებული ნორმატიული გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია. პირდაპირ რომ განვმარტოთ, კონსტიტუციური საჩელის ავტორის წინააღმდეგ საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ნათლად მიუთითებს სადავო ნორმის იმ მასშტაბის სიმძიმეზე, რომელიც მის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით აშკარად არაპროპორციულია.
შემდეგი სამსჯელო საკითხი არის ურთიერთმიმართების დადგენა გასაჩივრებულ ნორმასა და კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტის კონკრეტულ მუხლებს შორის. სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მიზნის ქვეშ მოაზრებული სიკეთე ნორმატიულად მოწესრიგებადი და ფასეული უნდა იყოს. სწორედ, ასეთი შეიძლება იყოს კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი და არა ისეთი, რომელიც გაუცხოებულია ნორმატიული ნებისგან და არ შეესაბამება მას. თანაბარზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა. კონსტიტუციური სარჩელით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმა არ შეიცავს მსგავს მინიშნებებს. ერთადერთი სადაც შეიძლება კანონმდებლის მიზნების იდენტიფიკაცია კანონპროექტის განმარტებითი ბარათი და ექსპერტთა კანონის მუხლების განმარტება-კომენტარებია. სადავო ნორმასთან მიმართებაში საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებების თაობაზე, ჩვენ წინა თავებში ვისაუბრეთ და ამაზე დროს აღარ დავკარგავთ. რაც შეეხება, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათის შინაარსს, ნათელია, კანონმდებლის მიზანი იდენტურია საერთაშორისო ჩარჩო კონვენციის მიზნისა, რაც, მთლიანობაში, გულისხმობს თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებას, თუმცა, საყოველთაოდ დამკვიდრებული კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე, კანონით დაწესებული შეზღუდვა-აკრძალვები, ისევე როგორც მიზნები, უნდა შეესაბამებოდეს და როგორც მოსარჩელე აცხადებს, ეყრდნობოდეს კონვენციის მოთხოვნებს. ხოლო, არაბუნებრივი და ლოგიკას აცდენილი ნორმატიული ჩარევა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, იწვევს კანონმდებლის გაუცხოებას მის მიერ დასახული მიზნებისგან. შედეგად, სახეზე გვაქვს, ერთის მხრივ, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლების მიზნების თანხვედრა, ხოლო, მეორეს მხრივ, საერთო მიზნის მისაღწევად მოქმედი შიდა საკანონმდებლო რეგულიაციის არსებითი განსხვავება საერთაშორისო ჩარჩო კონვენციასთან, რომელმაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აშკარად საფრთხე შეუქმნა, როგორც ქვეყანაში მდგრად საინვესტიციო გარემოს, ისე მსხვილი ინვესტორის საქართველოში საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივას. გამომდინარე აქედან, ვთვლით, რომ სადავო ნორმის მოქმედებით დარღვეულია კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგი, რაც ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე სასამართლო პრაქტიკაში ასახვით, დაამკვიდრებს თამბაქოს ინდუსტრიაში უსამართლო სამოქალაქო ბრუნვას და აღნიშნულმა ფაქტი ნამდვილად არ შეუწყობს ხელს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების კუთხით ვითარებას გაუმჯობესებას. როგორც #411 საკონსტიუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია განმარტებული, „კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვოლობას. ვარგისიანობა ობიექტური გარემოებებითააა განსაზღვრული და იგი გულისხმობს გამოყენებული საშუალების უნარიანობას ლეგიტიმური მიზნის მიღწევაში. როცა საშუალება უვარგისი ხდება არა მისი გამოყენების პროცესში, არამედ თავიდანვეა ასეთი, მაშინ ადგილი აქვს საშუალების აშკარა უვარგისობას“. სადავო აქტის გამოყენების პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ მიზნის მიღწევის არსებული საშუალება თავიდანვე იყო უვარგისი. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, მიზანი კი არ ამართლებს საშუალებას, არამედ საშუალება უნდა იყოს მიზნის შესაფერისი. მიზნის შესაფერისი კი ისეთი საშუალებაა, რომელიც ყველაზე ბუნებრივი და მორგებადია კანონის მიზნისთვის და ყველაზე უმტკივნეულო და ასატანი შეზღუდული უფლებისთვის. კანონმდებელი კარგად უნდა განჭვრეტდეს არა მარტო მის მიერ მიღებული ნორმების მოქმედების შედეგებს, არამედ სათანადოდ აფასებდეს იმ დროსაც, რომელშიც ჩნდება ურთიერთობის ახლებურად მოწერიგების აუცილებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 2003 წლის 21 მაისის თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან ურთიერთმიმართებაში სადავო ნორმის შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იყო კონსტიტუციური სარჩელის ავტორი („ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯიან ლიმითედი“) სასამართლოს მიერ დამაზიანებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. რა თქმა უნდა, იყო სიცოცხლისუნარიანი, თუმცა არათანაბარზომიერმა სადავო ნორმის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ამოქმედებამ მსხვილ სამეწარმეო სუბიექტს სამომავლო ბიზნეს აქტივობის მოტივაცია დაუკარგა. ამიტომ, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაშია აღნიშნული, „სადავო აქტების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ამ აქტების მოქმედების არა მარტო სავარაუდო პრაქტიკული შედეგები, რაც წარმოადგენს სამართლის ნორმის ჯერ არსებული ბუნების გამოვლინებას, არამედ მათი მოქმედებით გამოწვეული რეალური, ფაქტობრივი შედეგები“. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. ხოლო, როცა მოსალოდნელი და ფაქტობრივი შედეგები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, წინამდებარე შემთხვევაში, კანონის სადავო ნორმა პრაქტიკული გონიერების პრინციპისგან გაუცხოებულად უნდა ჩაითვალოს, მით უფრო, რომ სადავო ნორმის ძალაში შესვლიდან განვლილი ხანგრძლივი დრო არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევაში სადავო ნორმებმა რაიმე შესამჩნევი როლი შეასრულეს. ვეჭვობთ, რომ დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას მოპასუხე მხარე საქმის არსებითი განხილვის პერიოდში მაინც შეძლებს. ხოლო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #301 გადაწყვეტილებით, „ნორმატიული აქტის მიღებისას კანონმდებელი ვალდებულია, სწორად განსაზღვროს მისი მოქმედების სავარაუდო შედეგები. კანონმდებლის პროგნოზი ამ თვალსაზრისით უნდა იყოს დასაბუთებული და გამართლებული“. გარდა ამისა, ნებისმიერი სადავო აქტის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები კანონმდებლის დამოკიდებულება მსგავსი მოვლენების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მოვლენა გარკვეული ხარისხით მოითხოვს ეგზისტენციალურ მიდგომას. კანონმდებელმა უნდა შეძლოს მსგავსი და ერთგვაროვანი მოვლენების შეფასების საერთო მასშტაბის შემუშავება, რაც მომავალში გამორიცხავს ორმაგი სტანდარტით მოქმდებას. ზემოთმოტანილი ანალიზიდან გამომდინარე, აშკარად არაადეკვატურად გამოიყურება საერთაშორისო კონვენციის სატარიფო პოლიტიკის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში სადავო ნორმის ფიზიკური არსებობა, რომ არაფერი ვთქვათ, სასამართლოს მიერ მისი პრაქტიკაში ამოქმედების შედეგად გამოწვეულ დამანგრეველ რეზულტატზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სამეწარმეო სუბიექტის მიერ პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასში გაყიდვა, თუნდაც თამბაქოს პროდუქციისა, ცხოვრების წესად ვერ იქცევა, რადგან, პირველ ყოვლისა, ე.წ. ზარალით პროდუქციის გაყიდვა ვერ შევა მეწარმის ინტერესში, ამასთან, თუ გავითვალისწინებთ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის სპეციალურ წესს, რაც გულისხმობს მოგების ძალიან მიზერულ ე.წ. „მარჟას“ და პროდუქციის ავანსის პრინციპით გაყიდვას (აღნიშნული კომერციული პირობები, განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში, აბსოლუტურად მიუღებელია სხვა კატეგორიის პროდუქციის გაყიდვისთვის), შესაბამისად, იმის საშიშროება, რომ ეს „არაკეთილსინდისიერი მეწარმის სპეციალური მიზნებისთვის“ მუდმივ ხასიათს მიიღებს, იმთავითვე გამორიცხულია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამეწარმეო საქმიანობისას ყველა შემთხვევაში, შეუძლებელია ტარიფის შეწონვა, თან ისეთ ეკონომიკურად არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. გამომდინარე აქედან, ყოველთვის იქმნება შესაძლებლობა დროის სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციაზე განსხვავებული ფასები მოქმედებდეს, რაც ბუნებრივ პროცესად უნდა აღიქმებოდეს და არა ე.წ. „დემპინგად“ და რაც მთავარია, ყოველივე ეს კი საჯარო ორგანოების მხრიდან ვერ უნდა გახდეს საფუძველი სამეწარმეო სუბიექტის კონსტიტუციური უფლების ლეგიტიმური შეზღუდვა/აკრძალვისა, რაშიც სადავო ნორმის ფიზიკური არსებობა აშკარად ხელს უწყობს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ თამბაქოს კონტროლი მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებათა კომპლექსს. სწორედ, ამ ღინისძიებათა კომპლექსის ერთობლივი გატარება უზრუნველყოფს იმ საბოლოო მიზნის მიღწევას, რომელიც გაცხადებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში. ამავე კანონის მე-5 მუხლში ჩამოყალიბებულია ამკრძალავი რეგულაციები, მათ შორის, კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული სადავო ნორმა, რაც გულისხმობს თამბაქოს პროდუქციის „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ რეალიზაციას. 2005 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მოხდა თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება, რომელიც მიღებულია თამბაქოს მოხმარების მავნე ზემოქმედებისაგან ჯანმრთელობის დაცვის სულისკვეთებით. კონვენციაში არ არის მითითება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვის თაობაზე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია განახორციელოს თამბაქოს ეფექტური კონტროლი, თუმცა ასეთი კონტროლის დროს იგი შეზღუდულია კონსტიტუციით, მათ შორის, მეორე თავით აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით. ცხადია, თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების შეზღუდვის მიზნით გატარებული ღონისძიებები თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა კონსტიტუციური სარჩელის პათოსიდან გამომდინარე, არსებითად განსხვავებას საჭიროებს საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვათა სახეობები. უდავოა, პროდუქციის რეკლამირების მიზანი პოტენციურ მომხმარებელზე ირიბი ზემოქმედებაა და მისი რეალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორია. ასევე, დასაბუთებულია თამბაქოს ნაწარმის ტერიტორიული, ასაკობრივი და ხარისხობრივი შეზღუდვა-აკრძალვები. ასევე, ჭეშმარიტებაა, რომ უფასოდ, მით უფრო, ადვილად დამოკიდებულებადი და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქციის გავრცელება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა არანაირი კვლევა და მით უფრო, მტკიცებულება არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რაც თავისთავად სამეწარმეო პრინციპისთვის შეუსაბამოა, მოემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რასაც ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა (ჩარჩო კონვენცია) ისახავს მიზნად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, აუცილებელია სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს შესაბამისი მიზნის მიღწევის საშუალებას. ფაქტია, რომ სადავო ნორმის პრაქტიკულ ასპექტებს თუ გავიაზრებთ, იმთავითვე გამოჩნდება, რომ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თამბაქოს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია ყველაზე ნაკლები საშიშროების შემცველია. ჯერ ერთი, თუ მოხდა და დემპინგურ ფასებში გაასაღა რეალიზატორმა პროდუქცია, აღნიშნულს, უპირველეს ყოვლისა, ჯერ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ესაჭიროება დადასტურება, ხოლო, შემდეგ სათანადო რეაგირება, რის თაობაზეც, უკვე, მოგახსენეთ და აღნიშნული სცილდება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებს. მეორეც, იაფად გაყიდვა არ შედის რეალიზატორის ინტერესში და მით უფრო, მკაცრი კონკურენციის პირობებში ეს შეუძლებლად მიმაჩნია და დენად ხასიათს ფიზიკურად ვერ მიიღებს. ამიტომ, საქართველოს კანონში არსებული სადავო ნორმის ჩანაწერი არა თუ არ შეესაბამება კონვენციის პათოსს, არამედ წარმოადგენს მიზნის მიღწევის არაადეკვატურ საშუალებას. როგორც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს #826 გადაწყვეტილება მიუთითებს, თანაზომიერების პრინციპის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის არსებობა და სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით მისაღწევ საშუალებათა გამოსადეგობა არ არის საკმარისი. აუცილებელია გასაჩივრებული რეგულიაცია, ასევე, წარმოადგენდეს უფლებაში ჩარევის თანაზომიერ, პროპორციულ საშუალებას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენება უნდა მოხდეს შესაფასებელი სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, უფლებაშემზღუდველი ნორმა უნდა უზრუნველყოფდეს ბალანსს კერძო და საკარო ინტერესს შორის. დაუშვებელია, ერთი უფლების დაცვა სხვა უფლების ხარჯზე უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმის პროპორციულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევის ინტენსივობა. როგორც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თანდართული განსხვავებული აზრის მქონე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი აცხადებენ, „თანაზომიერების ტესტის თანახმად, მზღუდავი რეგულაცია უნდა წარმოადგენდეს, მათ შორის, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდველი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. იმავე განმარტებით, ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. ნორმა, რომელიც უპირობოდ და სრულად ზღუდავს უფლებას, რთულად თუ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს“. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვის სიმძიმე არ შეესაბამება კანონის ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვის პროპორციულობის საკითხს, რაც შესაძლებელს ხდის დადგეს სადავო ნორმის, როგორც ანტიკონსტიტუციური და ამავე დროს, საერთაშორისო ჩარჩო კონვენციასთან შეუსაბამო ნორმის გაუქმების საკითხი. |