სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- გიგა კვერენჩხილაძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac876 |
თარიღი | 2 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
უცხო ქვეყნის საწარმო „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი №876 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ კონსტიტუციური სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ სარჩელის რეალური მიზანია არა უშუალოდ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ან მისი რომელიმე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ ამ მუხლის ისეთი ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ამა თუ იმ პირს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დამრღვევი პირებისაგან ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე. უპირველეს ყოვლისა ასეთი ნორმა არის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ერთობლიობაში გამოყენების შესაძლებლობის აკრძალვას ცდილობს. სანამ უშუალოდ კანონის არსზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილავთ უკანასკნელ წლებში საქართველოში სიგარეტის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს. დადგენილია, რომ 2013 წლის მდგომარეობით (ანუ სანამ „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედი“, „ფილიპ მორის საქართველო“ და „ჯაპან ტობაკო ინტერნეიშენელი“ დაიწყებდნენ სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას) საქართველოში სიგარეტის ბაზრის წილის 35% ეჭირა საქართველოში წარმოებულ თამბაქოს პროდუქციას, ხოლო 65% - იმპორტირებულს. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა და სხვა კომპანიებმა დაიწყეს სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, ქართული წარმოების წილი სიგარეტის ბაზარზე შემცირდა, კერძოდ, 2014 წლის მდგომარეობით - 28 %-მდე, 2015 წლის მდგომარეობით -16%-მდე, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 6 %-მდე. ამრიგად, დღეისათვის საქართველოში სიგარეტის ბაზრის 94% უჭირავს იმპორტირებულ პროდუქტს, ხოლო 6 % - ქართულს. რაც შეეხება უშუალოდ გაყიდვებს, აქ უფრო შემაშფოთებელი სურათი მივიღეთ: რეალიზაციის 98 % მოდის იმპორტირებულ სიგარეტზე, ხოლო ადგილობრივ ნაწარმზე - მხოლოდ 2% (იხ. დანართი - კონკურენციის სააგენტოს კვლევა „ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგის ანგარიში“, გვ. 170). სს „თბილისის თამბაქოს“ წილი საქართველოს სიგარეტის ბაზარზე 2013 წლის მდგომარეობით შეადგენდა მთელი ბაზრის 15-17%-ს, რაც კონსტიტუციური სარჩელის ავტორის და სხვა კომპანიების მიერ სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასებად რეალიზაციის გამო 3-4%-მდე შემცირდა. ერთი სიტყვით, მხოლოდ ჩვენმა საწარმომ კონსტიტუციური მოსარჩელის და სხვა იმპორტიორების მიერ დემპინგურ (თვითღირებულებაზე დაბალ) ფასებად სიგარეტის რეალიზაციის გამო მრავალმილიონიანი ზარალი მიიღო. სხვათა შორის, ასეთი ქმედებით სახელმწიფომაც იზარალა, რადგან ზემოთ დასახელებული სამი იმპორტიორის მიერ სიგარეტების თვითღირებულებაზე დაბალ ფასებად გაყიდვის გამო ნაკლები გადასახადები შევიდა ბიუჯეტში. ჩვენი გათვლებით, ბიუჯეტის ზარალი არაერთი მილიონი ლარია. მეტი დამაჯერებლობისათვის ასევე წარმოგიდგენთ „ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, საიდანაც დგინდება, რომ „თბილისის თამბაქოს“ გაყიდვები 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 1 სექტემბრამდე შეადგენდა 1 485 353 400 ღერს (იხ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის 4/13 გვერდი), ანუ 74 267 670 კოლოფს (1 485 353 400:20=74 267 670); 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე ჩვენი გაყიდვები შეადგენდა 1 460 240 000 ღერს (იხ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის 5/13 გვერდი), ანუ 73 012 000 კოლოფს. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა და სხვა იმპორტიორებმა სიგარეტების რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დაიწყეს, პროპორციულად იკლო სს „თბილისის თამბაქოს“ გაყიდვებმა. კერძოდ, იმპორტიორთა მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის პარალელურად, 2014-2015 წლებში „თბილისის თამბაქოს“ გაყიდული კოლოფები კატასტროფულად შემცირდა. კერძოდ, 2014 წელს შეადგინა 738 451 400 ღერი, ანუ 36 922 570 კოლოფი, როცა 2013 წელს იყო 1 460 240 000 ღერი, ანუ 73 012 000 კოლოფი. როგორც ვხედავთ, ჩვენი გაყიდვები 2-ჯერ შემცირდა 2012-2013 წლებთან შედარებით; მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა და სხვა იმპორტიორებმა უფრო ინტენსიურად დაიწყეს სიგარეტის თითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, 2015 წელს ჩვენმა გაყიდვებმა უფრო იკლო და შეადგინა 674 170 000 ღერი, ანუ 33 708 500 კოლოფი. საბოლოოდ, კონსტიუციური სარჩელის ავტორის და სხვა იმპორტიორების წილი საქართველოს სიგარეტის ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - როგორც კონკურენციის სააგენტოს თანდართული კვლევიდან ჩანს, იმპორტირებული პროდუქტის წილი 65%-იდან 94%-მდე გაიზარდა, ხოლო ქართული პროდუქციის წილი 35%-დან 6%-მდე შემცირდა. ამ ყველაფერმა, საერთო ჯამში, თანხობრივად 2013 წლიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში შეადგინა 8 571 954 ლარის პირდაპირი ზიანი (იხ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა). რაც შეეხება ე. წ. არაპირდაპირ ზიანს, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ დემპინგის გამო დაკარგული ბაზრის წილის აღდგენა და ძველი პარამეტრების დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საამისოდ საჭიროა ან დემპინგის განმახორცილებლის საერთოდ გაძევება ბაზრიდან, ან მასთან დემპინგური ფასებით ბრძოლა. ერთიც და მეორეც სამართალდაღვევაა. შესაბამისად, ერთადერთი კანონიერი გზა მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად არის სწორედ ის, რომ დაზარალებულმა კომპანიამ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის დამრღვევი პირებისაგან სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება, მაშინ ადგილობრივი კომპანიები და ნებისმიერი დაზარალებური პირი დამოკიდებული იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოების, კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე. ანუ, თუ კონკურენციის სააგენტო ცნობს სიგარეტის იმპორტიორ/მწარმოებელ კომპანიას საქართველოს ბაზარზე დომინანტად, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით სარჩელის შეტანა. თუ სიგარეტის იმპორტიორ/მწარმოებელი არ იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული დომინანტად, სარჩელიც არ იარსებებს. როგორც ვხედავთ, ასეთი ინტერპრეტაცია ზღუდავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების ფუნდამენტალურ კონსტიტუციურ უფლებას (მუხლი 42) - უფლებას მიმართოს სასამართლოს თავის უფლებათა დასაცავად. ამრიგად, სურათი ძალიან მარტივია - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დამცველი სს „თბილისის თამბაქო“ დაზარალდა და გაკოტრების რისკის წინაშე დადგა იმის გამო, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი და სხვა მსხვილი იმპორტიორები 2013 წლიდან დღემდე არღვევენ კანონს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი წლების მანძილზე არღვევდა კანონს და თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდდა ცალკეული ბრენდის სიგარეტს, ამას შედეგად მოჰყვა ამ ბრენდების მომხმარებელთა რიცხვისა და კონსტიტუციური სარჩელის ავტორის საბაზრო წილის მნიშვნელოვანი ზრდა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი არ აძლევს უფლებას ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს (მათ შორის, კონკურენტ პირებს) ამ კანონის დარღვევის გამო მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს განიხილავს სხვა საკანონმდებლო აქტებისგან იზოლირებულად, რაც ეწინააღმდეგება როგორც საღ აზრს, ისე „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით დადგენილ ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართების პრინციპს. აბსოლუტურად ალოგიკურია რომელიმე ნორმატიული აქტის ამოგლეჯა და მისი განხილვა ნორმატიული აქტების სისტემისგან მოწყვეტით. პირიქით - ნორმატიული აქტები ერთობლივად ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ ჩვენი აზრით, „თამბაქოს კონტოლის შესახებ“ კანონით პრინციპულად აიკრძალა სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია და არა აქვს მნიშვნელობა, რატომ ყიდის კომპანია სიგარეტს თვითღირებულებაზე უფრო იაფად - იმიტომ, რომ მომხმარებელი მიაჩვიოს თავის სიგარეტს თუ იმიტომ, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი, ან - რომ იაფი სიგარეტი მოხვდეს ბაზარზე და ამით კონკურენტები გააძევოს ბაზრიდან - არსი ერთია: ასეთი ქმედებით კომპანია არღვევს კანონს. კანონის დარღვევის, ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო კი პირისთვის (მათ შორის, იურიდიული პირის ეკონომიკური ინტერესებისთვის) მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის ერთობლიობაში გამოყენების შესაძლებლობის აკრძალვას ცდილობს. გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური მოსარჩელე საერთოდ არ ასახელებს არც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს და არც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მარეგულირებელ სხვა ნორმებს, ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდ არ უნდა იმსჯელოს სადავო ნორმის გაუქმებაზე ნორმატიული შინაარსის თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას არა მხოლოდ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლთან დაკავშირებით, არამედ აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის (ან ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი სხვა ნორმის) გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ დროს როდესაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ან ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი სხვა რომელიმე ნორმა საერთოდ არ არის ნახსენები კონსტიტუციურ სარჩელში და არ წარმოადგენს სარჩელის საგანს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აგრეთვე აცხადებს, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფოს თამბაქოს რეალიზაციის მხოლოდ სატარიფო და საგადასახადო რეგულირების უფლება აქვს (ქართული თარგმანის მიხედვით) და ამბობს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს თამბაქოს ნაწარმზე მწარმოებლის მიერ თავისუფალ ფასწარმოქმნას, მისი საკუთარი შეხედულებებით რეალიზაციას თამბაქოს სფეროში მოღვაწე სხვა ეკონომიკური აგენტისა თუ თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორი სადისტრიბუციო კომპანიისათვის. სინამდვილეში, დასახელებული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ქართული თარგმანი არაზუსტია. ინგლისური დედანის მიხედვით: „The Parties recognize that price and tax measures are an effective and important means of reducing tobacco consumption by various segments of the population, in particular young persons“ (ბმული - http://apps.who.int/iris/bitstream/10665/42811/1/9241591013.pdf?ua=1), რაც ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება: „მხარეები აღიარებენ, რომ საფასო და საგადასახადო ზომები წარმოადგენს მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს შორის თამბაქოს მოხმარების შემცირების ეფექტურ და მნიშვნელოვან საშუალებას“. როგორც ვხედავთ, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უფლება აქვს ჩაერიოს თამბაქოს საფასო პოლიტიკაში. უფრო მეტიც, დასახელებული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს: „საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრისა და ფორმირების სუვერენული უფლების შეუზღუდავად თითოეულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული ჯანდაცვის ეროვნული ამოცანები და გაატაროს ზომები, რომლებიც შესაძლოა მოიცავდეს: (ა) თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საგადასახადო და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასების პოლიტიკის განხორციელება ჯანდაცვის იმ ამოცანების შესრულების მიზნით, რომლებიც ორიენტირებულია თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე.“ კონვენციის ციტირებული მუხლიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება ჩაერიოს თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით საფასო პოლიტიკის განხორციელებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურია როგორც სადავო ნორმა, ისე ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს მწარმოებლის მხრიდან თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ ფასწარმოქმნას თვითღირებულაბზე დაბალ ფასად. ჩვენი აზრით, კონსტიტუციური სარჩელის მიზანია დატოვოს ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც გაცილებით მცირე მასშტაბისა არიან, ვიდრე „ბრიტიშ ამერიკან ტობაკო“, უფლებების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობის გარეშე. კერძოდ, თუ დაკმაყოფილდება კონსტიტუციური სარჩელი და აღარ იარსებებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის სადავო ჩანაწერი, მაშინ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დემპინგური ფასებით დაზარალებული პირები დამოკიდებული იქნებიან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, ცნობს თუ არა თამბაქოს რეალიზატორ კომპანიას დომინანტად. ასეთი მიდგომა კი არის არაკონსტიტუციური, რადგან თუ არ იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც დაზარალებულ პირს შეეძლება სარჩელის აღძვრა, მაშინ ფარატინა ქაღალდად იქცევა კონსტიტუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუძემდებლური ნორმა - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. უფრო ზუსტად, არავითარი აზრი არ ექნება სასამართლოსთვის მიმართვას, რადგან არ იარსებებს სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. თუ კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდება, სს „თბილისის თამბაქო“, რომელიც იცავს კანონმდებლობას, მათ შორის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს, აღმოჩნდება დაზარალებული, ვინაიდან აღარ იარსებებს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც აღვძარით სამოქალაქო სარჩელი ჩვენი უფლებების დასცავად და პირველ ინსტანციაში უკვე მოვიგეთ დავა ერთ-ერთი სამართალდამრღვევის - შპს „ფილიპ მორისის“ - წინააღმდეგ. შედეგად მივიღებთ ვითარებას, როცა ზარალდებიან ის პირები, რომლებიც კანონს იცავენ, ხოლო ის პირები, რომლებიც კანონს არღვევენ, ძარცვავენ ადგილობრივ წარმოებას, სახელმწიფო ბიუჯეტს და, შესაბამისად, ეკონომიკასაც, ახერხებენ პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებას. დაუშვებელია, რომ კანონის მოთხოვნების დამცველი პირი იურიდიულად და ფაქტობრივად იყოს წაგებული და პირმა, რომელმაც კანონის დარღვევის ხარჯზე მიაღწია უპირატესობას, შეინარჩუნოს ეს უპირატესობა იურიდიული ხრიკების მეშვეობით. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი თავის მიზანს მიაღწევს და სარჩელი რაიმე ფორმით დაკმაყოფილდება, ეს იქნება კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ქვეყანაში მსხვილი მონოპოლისტური კაპიტალის (რეალურად კი უკვე ჩამოყალიბებული ოლიგარქიის, ანუ სიგარეტის იმპორტიორების) ბაზარზე უკონკურენტო გაბატონების ნებსით თუ უნებლიეთ ხელშეწყობა და ადგილობრივი მრეწველობის საბოლოო განადგურება. |