საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №2/4/694 განჩინებაზე
დოკუმენტის ტიპი | თანმხვედრი აზრი |
ნომერი | co2/4/694 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N2/4/694 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №2/4/694 განჩინების მოტივაციის ნაწილთან დაკავშირებით.
2. №694 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ამავე კოდექსის 155-ე მუხლის კონსტიტუციურობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დასახელებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, კერძოდ 2016 წლის 13 მაისის №5092-IIს საქართველოს კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიცვალა სადავო ნორმების ნაწილის რედაქცია და ისინი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად, რაც იწვევს სასამართლოში საქმის შეწყვეტას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/8/501 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის № 1/1/474 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, „სამართალწარმოების შესაწყვეტად საკმარისია სადავო ნორმის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გაუქმების, ძალადაკარგულად ცნობის ფაქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5).
4. წინამდებარე თანმხვედრი აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა განიმარტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკისაგან განსხვავებულად. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები არ უნდა დაუკავშირდეს სადავო ნორმის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობას. განსახილველი ნორმის საფუძველზე სამართალწარმოების შეწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ფორმალურად ძალადაკარგული ნორმის მოქმედების საკითხი.
5. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომელიც თავად სამართალწარმოების ეკონომიურობას, მის ეფექტურობას ემსახურება. ის ქმნის საფუძველს, რათა სამართალწარმოების საწყის ეტაპზევე შეწყდეს საქმის განხილვა, როდესაც სადავო ნორმამ დაკარგა იურიდიული ძალა, ის არის გაუქმებული და მას აღარ გააჩნია მომავალში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის რესურსი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტა დაკავშირებულია ერთადერთი გარემოების არსებობასთან, კერძოდ სადავო ნორმის გაუქმებასთან ან ძალადაკარგულად გამოცხადებასთან. სწორედ დასახელებული ტერმინების ნამდვილი არსის, მათი არა ფორმალური, არამედ ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით განმარტების შედეგად არის შესაძლებელი განსახილველი საკითხის სწორად შეფასება.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ნორმატიულობას განსაზღვრავს მისი მატერიალური შინაარსი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამასთან, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
7. ნორმატიული აქტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება შეუძლია, ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის მოწესრიგება, თუ განხორციელებულ ქმედებათა შესაბამისი, მისივე შინაარსით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობა. საქართველოს კონსტიტუციასთან შეფასებადი უნდა იყოს ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელსაც გააჩნია ადამიანებზე ზემოქმედების, გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების რესურსი. აღნიშნული ვერ იქნება დამოკიდებული ფორმალურად სამართლებრივი აქტის ძალაში ყოფნაზე. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა თანხვედრაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს უმსჯელია ფორმალურად ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“). მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შეაფასა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალადაკარგული ნორმები.
8. სადავო აქტის გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება გულისხმობს სწორედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც გაუქმებისა თუ ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ, შესაბამისი ნორმატიული აქტი წყვეტს მოქმედებას, მას არ რჩება არც ერთი სახის სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების რესურსი. ამ დროს ბუნებრივია, მას არ გააჩნია არც ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევებშია შესაძლებელი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტა.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში აუცილებელია გაანალიზდეს, რამდენად გააჩნია ფორმალურად გაუქმებულ ან ძალადაკარგულ სადავო ნორმას მოქმედების და გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების რესურსი.
10. იმისთვის, რომ დადგინდეს, როდის შეიძლება ფორმალურად გაუქმებული ან ძალადაკარგული ნორმა ინარჩუნებდეს მოქმედების რესურსს, აუცილებელია გაანალიზდეს შესაბამისი კანონმდებლობა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი არეგულირებს ნორმატიული აქტების უკუძალით გავრცელების საკითხს, ხოლო მისი პირველი პუნქტის თანახმად, მათთვის უკუძალის მინიჭება მხოლოდ ამავე ნორმატიული აქტით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში არის დაშვებული. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი აქტისთვის უკუძალის მინიჭების აკრძალვა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით, ისე უკვე დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტით, არის აკრძალული. დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ერთგვარ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული სამართლებრივი აქტის ცვლილებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება ახალი, საკითხის განხილვის მომენტში მოქმედი ნორმა. ყველა სხვა სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში, გამოსაყენებელ სამართალს წარმოადგენს რეგულაციები, რომელიც უშუალოდ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მომენტში იყო მოქმედი. მაგალითისთვის, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის რიგი ნორმების კონსტიტუციურობა. იმავდროულად, დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა“. შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრისას, ნორმის შემფარდებელი უნდა დაეყრდნოს არა საკითხის განხილვის, არამედ სწორედ ამ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში მოქმედ ნორმატიულ აქტს.
11. №694 კონსტიტუციური სარჩელის, აგრეთვე თავად მოსარჩელე მხარის ახნა-განმარტებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმების ადრესატი არ გამხდარა. ის აღნიშნავდა, რომ როგორც უფლებამოსილი სუბიექტი კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე, შესაძლოა მომავალში დაექვემდებაროს კონკრეტული საგადასახადო ვალდებულების შესრულებას, რა დროსაც სადავო ნორმების მოქმედებით არსებობს რეალური საფრთხე, რომ არაკონსტიტუციურად შეიზღუდება მისი უფლებები. შესაბამისად, უშუალოდ მოსარჩელის მიმართ, მის მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმების რედაქციას, მათი ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამდე, არ უმოქმედია.
12. როგორც უკვე განიმარტა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ნორმატიული წესრიგიდან გამომდინარე, გადასახადებით დაბეგვრისას გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისას მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე იქედან, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელე, სადავო ნორმების მის მიერ სადავოდ გამხდარი რედაქციით მოქმედების პირობებში, არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს, შესაბამისად, მის მიმართ შესაბამის პერიოდში არ წარმოშობილა საგადასახადო ვალდებულება. მომავალში მათი წარმოშობის შემთხვევაში კი, ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოსაყენებელ სამართალს წარმოადგენს სწორედ ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული სადავო ნორმები, და არა მათი გასაჩივრებული, 2016 წლის 13 მაისამდე მოქმედი რედაქცია.
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მიუხედავად თანმხვედრ აზრში წარმოდგენილი მსჯელობისა, თუნდაც ამ მსჯელობის შესაბამისად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებისა, №694 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს სამართალწარმოება, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ, მის მიერ სადავოდ გახდილ ნორმებს, არ გააჩნია მოქმედების რესურსი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ირინე იმერლიშვილი