ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/694 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 17:55 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და ამავე კოდექსის 155-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №694) მომართა ა(ა)იპ „ქართულმა ღია წრემ“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 24 ნოემბერს. №694 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 14 აპრილს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2015 წლის 11 ნოემბრის რედაქცია) თანახმად, „იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში“. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გამომდინარე (2015 წლის 11 ნოემბრის რედაქცია), „დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნამდე“.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლი განსაზღვრავს მიმდინარე გადასახდელებს, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 11 ნოემბრის რედაქცია) თანახამად, „საწარმოები და მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი; ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი; გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი“. აღნიშნული ნორმიდან გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, „მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება, ასევე პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და გასული საგადასახადო წლის მიხედვით ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი“. კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, „თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები“ მე-4 ნაწილის თანახმად კი, „გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში“. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის უფლებას, მიმდინარე გადასახდელები გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი შემოსავლიდან (მოგებიდან) მიმდინარე საგადასახადო წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან, თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი. მე-6 ნაწილი ადგენს, რომ „მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში“. მე-7 ნაწილი მითითებით ნორმას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, „მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეს წარმოადგენს უფლებამოსილი სუბიექტი, ვინაიდან სადავო ნორმების მოქმედების შედეგად ირღვევა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 269-ე მუხლის მე-6 ნაწილი გადასახადის გადამხდელს ართმევს დაშვებული შეცდომის გამოსწორების უფლებას. კერძოდ, ერთი მხრივ, გადასახადის გადამხდელს, რომელმაც გადასახადი საგადასახადო დეკლარაციაში მიუთითა ნაკლები ოდენობით, არ ეძლევა დაზუსტებისა და შესწორების შესაძლებლობა და ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ, თუ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადი მეტი ოდენობით იქნა მითითებული, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება აღნიშნული ოდენობის დავალიანება და იმის გათვალისწინებით, რომ არ აქვს დაზუსტების შესაძლებლობა, იძულებულია, იკისროს რეალურად არსებულ ვალდებულებაზე მეტი.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან, ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების, ან დოკუმენტური/ბუღალტრული რევიზიის დანიშვნიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში, შესაძლებელს ხდის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების წინა თარიღით მიღებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, დეკლარაციის წარდგენის აკრძალვა არ უნდა ვრცელდებოდეს ოქმის შედგენიდან, ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების, ან რევიზიის დანიშვნიდან საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდზე.
9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა სადავო ნორმით დადგენილი მოგების/საშემოსავლო გადასახადის წინასწარ გადახდის წესი, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, მიმდინარე წლის გადასახადი გადაიხადოს არა წლის დასრულების შემდეგ, როცა ზუსტად დადგინდება დასაბეგრი შემოსავალი, არამედ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით წინასწარ და განსაზღვრული პერიოდულობით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადასახადის გადამხდელს ეკისრება იმგვარი ვალდებულების შესრულება, რომელიც რეალურად წარმოიშობა წლის დასრულების შემდეგ ან შეიძლება საერთოდ არც კი წარმოიშვას. მოსარჩელის პოზიციით, გადასახადის წინასწარი გადახდის ვალდებულების დადგენა სახელმწიფოს მიერ გადასახადის გადამხდელის საკუთრების უკანონოდ ამოღებას წარმოადგენს, რაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის თანახმად, სახელმწიფოს მიერ გადასახადის გადამხდელის ფინანსური რესურსის წინასწარი გადასახადის სახით ამოღება საბრუნავ რესურსს უმცირებს გადასახადის გადამხდელს, რაც ხელს უშლის მეწარმეობის განვითარებას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
11. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით განმარტა, რომ, მიუხედავად ა(ა)იპ „ქართული ღია წრის“ არაეკონომიკური საქმიანობისა, ის მაინც წარმოადგენს იმ სადავო ნორმების სუბიექტს, რომლებიც არეგულირებს საგადასახადო დეკლარაციის დაზუსტების საკითხებს, ვინაიდან დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არ წარმოიშობა. საგადასახდო კოდექსის 155-ე მუხლთან დაკავშირებით კი მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური საქმიანობა მოსარჩელის ძირითად მიზანს არ წარმოადგენს, ა(ა)იპ „ქართულ ღია წრეს“ შეუძლია ეკონომიკური საქმიანობა გასწიოს როგორც დამხმარე საქმიანობა ძირითადი მიზნის განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში იგი წარმოადგენს საწარმოს და მასზე გავრცელდება საწარმოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ყველა ვალდებულება, შესაბამისად, წარმოადგენს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის სუბიექტსაც.
12. მოპასუხე მხარის პოზიციით კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული. მისი განმარტებით, სახელმწიფო სადავოდ გამხდარი ნორმების რეგლამენტაციით ხელს უწყობს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც ერთი მხრივ თავისუფალ მეწარმეობას უწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის. პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, სახელმწიფოს მიზანი არის გადასახადების სწორი ადმინისტრირება და არა გადასახადის გადამხდელთა მიზანმიმართული დევნა. კანონმდებელი გადასახადის გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან გამოვლინდება სამართალდარღვევის ფაქტი, გეგმიური შემოწმების თუ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შედეგად, შეასწოროს დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია.
13. მოპასუხე მხარემ დამატებით განმარტა, რომ არაკომერციული იურიდიული პირი შეიძლება წარმოადგენდეს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის სუბიექტს, თუმცა მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ იგი ნამდვილად ახორციელებდა ასეთ საქმიანობას ან აუცილებელი იყო ამ საქმიანობის განხორციელება მისი მიზნების მისაღწევად. მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ 155-ე მუხლის მე-2-მე-7 ნაწილებთან მიმართებით სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნაეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად”.
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე ამავე კოდექსის 155-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 13 მაისის N5092-IIს საქართველოს კანონით რიგი სადავო ნორმები შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის შეცვლილი რედაქციის მიხედვით, „იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში“. ხოლო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის შეცვლილი რედაქციის თანახმად, „დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე“. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2016 წლის 16 დეკემბრის 97-Iს საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი; ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი; გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საქმეზე შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, N694 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 269-ე მუხლის მე-6 ნაწილი და 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ძალადაკარგულია.
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებში ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №694 კონსტიტუციურ სარჩელზე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, ასევე, ამავე კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია სასარჩელო არგუმენტაციით წარმოაჩინოს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა რომელიც მიემართება კონსტიტუციის მითითებული მუხლებით დაცულ სფეროს.
6. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახდელების გადახდის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულებასა და ვადებს, ხოლო მე-2-მე-7 ნაწილებით დადგენილია აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლების, ასევე გადასახდელების დარიცხულ გადასახადში ჩათვლისა და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების წესი. მოსარჩელის განმარტებით, ა(ა)იპ „ქართული ღია წრისათვის“ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, რომელსაც განსაზღვრავს 155-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც შეეხება მე-2-მე-7 ნაწილებს, მოსარჩელის განმარტებით, ცალკე აღებული აღნიშნული დებულებები მზღუდავ ნორმებს არ წარმოადგენენ. არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2-მე-7 ნაწილების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, N694 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №694 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №694 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინებას დაერთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის თანმხვედრი აზრი.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
ირინე იმერლიშვილის
თანმხვედრი აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №2/4/694 განჩინებაზე
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №2/4/694 განჩინების მოტივაციის ნაწილთან დაკავშირებით.
2. №694 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ამავე კოდექსის 155-ე მუხლის კონსტიტუციურობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დასახელებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, კერძოდ 2016 წლის 13 მაისის №5092-IIს საქართველოს კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიცვალა სადავო ნორმების ნაწილის რედაქცია და ისინი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად, რაც იწვევს სასამართლოში საქმის შეწყვეტას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/8/501 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის № 1/1/474 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, „სამართალწარმოების შესაწყვეტად საკმარისია სადავო ნორმის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გაუქმების, ძალადაკარგულად ცნობის ფაქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5).
4. წინამდებარე თანმხვედრი აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი უნდა განიმარტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკისაგან განსხვავებულად. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები არ უნდა დაუკავშირდეს სადავო ნორმის ფორმალურად ძალადაკარგულად ცნობას. განსახილველი ნორმის საფუძველზე სამართალწარმოების შეწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ფორმალურად ძალადაკარგული ნორმის მოქმედების საკითხი.
5. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომელიც თავად სამართალწარმოების ეკონომიურობას, მის ეფექტურობას ემსახურება. ის ქმნის საფუძველს, რათა სამართალწარმოების საწყის ეტაპზევე შეწყდეს საქმის განხილვა, როდესაც სადავო ნორმამ დაკარგა იურიდიული ძალა, ის არის გაუქმებული და მას აღარ გააჩნია მომავალში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის რესურსი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტა დაკავშირებულია ერთადერთი გარემოების არსებობასთან, კერძოდ სადავო ნორმის გაუქმებასთან ან ძალადაკარგულად გამოცხადებასთან. სწორედ დასახელებული ტერმინების ნამდვილი არსის, მათი არა ფორმალური, არამედ ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით განმარტების შედეგად არის შესაძლებელი განსახილველი საკითხის სწორად შეფასება.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ნორმატიულობას განსაზღვრავს მისი მატერიალური შინაარსი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამასთან, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
7. ნორმატიული აქტი მოქმედებს მანამ, სანამ მას სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება შეუძლია, ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის მოწესრიგება, თუ განხორციელებულ ქმედებათა შესაბამისი, მისივე შინაარსით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების წარმოშობა. საქართველოს კონსტიტუციასთან შეფასებადი უნდა იყოს ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელსაც გააჩნია ადამიანებზე ზემოქმედების, გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების რესურსი. აღნიშნული ვერ იქნება დამოკიდებული ფორმალურად სამართლებრივი აქტის ძალაში ყოფნაზე. აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა თანხვედრაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს უმსჯელია ფორმალურად ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“). მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შეაფასა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალადაკარგული ნორმები.
8. სადავო აქტის გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება გულისხმობს სწორედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც გაუქმებისა თუ ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ, შესაბამისი ნორმატიული აქტი წყვეტს მოქმედებას, მას არ რჩება არც ერთი სახის სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების რესურსი. ამ დროს ბუნებრივია, მას არ გააჩნია არც ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევებშია შესაძლებელი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტა.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში აუცილებელია გაანალიზდეს, რამდენად გააჩნია ფორმალურად გაუქმებულ ან ძალადაკარგულ სადავო ნორმას მოქმედების და გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების რესურსი.
10. იმისთვის, რომ დადგინდეს, როდის შეიძლება ფორმალურად გაუქმებული ან ძალადაკარგული ნორმა ინარჩუნებდეს მოქმედების რესურსს, აუცილებელია გაანალიზდეს შესაბამისი კანონმდებლობა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი არეგულირებს ნორმატიული აქტების უკუძალით გავრცელების საკითხს, ხოლო მისი პირველი პუნქტის თანახმად, მათთვის უკუძალის მინიჭება მხოლოდ ამავე ნორმატიული აქტით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში არის დაშვებული. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი აქტისთვის უკუძალის მინიჭების აკრძალვა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით, ისე უკვე დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტით, არის აკრძალული. დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ერთგვარ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული სამართლებრივი აქტის ცვლილებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება ახალი, საკითხის განხილვის მომენტში მოქმედი ნორმა. ყველა სხვა სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში, გამოსაყენებელ სამართალს წარმოადგენს რეგულაციები, რომელიც უშუალოდ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მომენტში იყო მოქმედი. მაგალითისთვის, განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის რიგი ნორმების კონსტიტუციურობა. იმავდროულად, დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა“. შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრისას, ნორმის შემფარდებელი უნდა დაეყრდნოს არა საკითხის განხილვის, არამედ სწორედ ამ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში მოქმედ ნორმატიულ აქტს.
11. №694 კონსტიტუციური სარჩელის, აგრეთვე თავად მოსარჩელე მხარის ახნა-განმარტებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმების ადრესატი არ გამხდარა. ის აღნიშნავდა, რომ როგორც უფლებამოსილი სუბიექტი კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე, შესაძლოა მომავალში დაექვემდებაროს კონკრეტული საგადასახადო ვალდებულების შესრულებას, რა დროსაც სადავო ნორმების მოქმედებით არსებობს რეალური საფრთხე, რომ არაკონსტიტუციურად შეიზღუდება მისი უფლებები. შესაბამისად, უშუალოდ მოსარჩელის მიმართ, მის მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმების რედაქციას, მათი ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამდე, არ უმოქმედია.
12. როგორც უკვე განიმარტა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ნორმატიული წესრიგიდან გამომდინარე, გადასახადებით დაბეგვრისას გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობისას მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე იქედან, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელე, სადავო ნორმების მის მიერ სადავოდ გამხდარი რედაქციით მოქმედების პირობებში, არ წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელს, შესაბამისად, მის მიმართ შესაბამის პერიოდში არ წარმოშობილა საგადასახადო ვალდებულება. მომავალში მათი წარმოშობის შემთხვევაში კი, ურთიერთობების მოწესრიგებისას გამოსაყენებელ სამართალს წარმოადგენს სწორედ ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული სადავო ნორმები, და არა მათი გასაჩივრებული, 2016 წლის 13 მაისამდე მოქმედი რედაქცია.
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მიუხედავად თანმხვედრ აზრში წარმოდგენილი მსჯელობისა, თუნდაც ამ მსჯელობის შესაბამისად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებისა, №694 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს სამართალწარმოება, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ, მის მიერ სადავოდ გახდილ ნორმებს, არ გააჩნია მოქმედების რესურსი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ირინე იმერლიშვილი
17 მაისი, 2017 წელი