საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილი თანხმვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინებას სამოტივაციო ნაწილთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | თანმხვედრი აზრი |
ნომერი | co3/1/708,709,710 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ლალი ფაფიაშვილი |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლალი ფაფიაშვილი თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის N3/1/708,709,710 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვავ თანმხვედრ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის №3/1/708,709,710 განჩინებას სამოტივაციო ნაწილის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. N708, N709 და N710 წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ ხსენებული სადავო ნორმა არეგულირებს დამნაშავედ ცნობილი პირისათვის სასჯელის დანიშვნის წესს იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის კერძო ნაწილის დებულება ითვალისწინებდა მხოლოდ ერთი ტიპის სანქციას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი არ აძლევს მას საშუალებას გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით მსუბუქი სასჯელი, იმ პირობებში როდესაც თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული, ხოლო სხვა სანქციას სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი დებულება არ ითვალისწინებს.
3. მიმაჩნია, რომ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომამდე რამდენჯერმე იცვლება კანონი და ადგენს ყველაზე მსუბუქი კანონის გამოყენების ვალდებულებას. კანონის აღნიშნული ნორმა არ ეხება კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გაუთვალისწინებელი სანქციის გამოყენების წესს. იგი არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის დასანიშნი სასჯელის განმსაზღვრელ ნორმას იმ პირობებში, როდესაც ამ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად არის ცნობილი.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის დანიშვნის გამნსაზღვრელი წესის (იმ პირობებში როდესაც სასაჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად არის ცნობილი) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობის საკითხის შემოწმების საჭიროება, მაშინ მან სადავოდ უნდა გახადოს კანონის ის ნორმა, რომელიც სასჯელის გამოყენებას (ან გამოყენების აკრძალვას) არეგულირებს იმ პირობებში, როდესაც სსკ კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლი არ ითვალისწინებს შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედებისათვის სასჯელს. სწორედ ასეთი ნორმის გასაჩივრების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
5. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ერთის მხრივ კრძალავს პასუხისმგებლობის დამდგენი ან სასჯელის დამამძიმებელი კანონის უკუძალით გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ ქმნის პასუხისმგებლობის გამაუქმებელი ან სასჯელის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ან/და სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა კონსტიტუციის ხსენებული დებულების რეგულირების ქვეშ ექცევა, იმ შემთხვევაში როდესაც ახალი კანონის საფუძველზე ხდება პასუხისმგებლობის დაკისრება ან გაუქმება ან/და სასჯელის დამძიმება ან შემსუბუქება.
6. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ ადგენს პირის მიმართ პატიმრობისაგან განსხვავებული სასჯელის გამოყენების ვალდებულებას, იმ პირობებში როდესაც კონკრეტული ქმედებისათვის პატიმრობის გამოყენება არაკონსტიტუციურად არის ცნობილი და სხვა სახის სანქციას სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბამისი დებულება არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს დავალდებულება გამოიყენოს სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის რეგულირების სფეროში.