საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N710 |
ავტორ(ებ)ი | ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე |
თარიღი | 5 იანვარი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს შესაბამისად - საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, ... კანონის, ... შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენით:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად. 4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტამდე. სამართლებრივი გარემოებები:1. საკასაციო პალატა, რეშად გეიდაროვის, რასიმ ოვჩიევისა და სადრადინ დარგალის ქმედებების ობიექტური შემადგენლობის გათვალისწინებით (მათი ქმედება გამოიხატა შესაბამისად, 21,59, 14,82 და 18,96 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენასა და შენახვაში), ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენისა და შენახვის გამო. 2. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების დასკვნით მსჯელობაში მიუთითა: „როდესაც ნორმა, მისი ბლანკეტურობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს პირის დასჯას მაშინაც, როდესაც შეძენა/შენახვა არ ხდება რეალიზაციის მიზნით), ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით.“ 3. ნიშანდობლივია, რომ მოცემული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არა მხოლოდ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქცია - შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა - მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამოდ, რომლის თანახმადაც, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, არამედ, ზოგადად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენისა და შენახვისათვის. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ვიდრე არ დადგინდება საწინააღმდეგო, მიიჩნევა, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და შენახვის შემთხვევაში, ცალსახად გულისხმობს პირადი მოხმარების მიზნისთვის ამ ქმედების განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, უმთავრესი საფუძველია მოცემული მუხლით გათვალისწინებული სანქციის სახის ადამიანის ღირსების ხელმყოფელად მიჩნევისათვის. 5. სწორედ ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მყარი და კუმულაციური არგუმენტები იმისათვის, რათა მსჯავრდებულების - რეშად გეიდაროვის, რასიმ ოვჩიევისა და სადრადინ დარგალის მიმართ დაწესებული სასჯელები - 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 21,59, 14,82 და 18,96 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის, რაც ბევრად ნაკლებია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებულ ოდენობასთან მიმართებით, შესაძლოა, შეფასდეს ადამიანის ღირსების ხელყოფად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის კონტექსტში. 6. საკასაციო პალატა ცალსახად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებულ ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობა ავტომატურად არ ნიშნავს იმავე ან უფრო „მსუბუქი“ შემთხვევების მარეგულირებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობასაც, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თითოეული მუხლი, თავისი ნაწილითა და ქვეპუნქტით, ყველა შემთხვევაში, წარმოადგენს სხვადასხვა დამოუკიდებელ დანაშაულს, სხვაგვარად რომ ითქვას, თითოეული ნაწილი/ქვეპუნქტი თუნდაც „იმავე ქმედებას“ გადააქცევს დამოუკიდებელ შემადგენლობად. საწინააღმდეგო განმარტების გონივრულობის პირობებში მიზანშეწონილია, ვიფიქროთ, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევდა ასეთი „მსუბუქი“ შემთხვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას არაკონსტიტუციურად იმავე გადაწყვეტილებით. 7. საკასაციო პალატას, ერთი მხრივ, გააჩნია რა გონივრული ვარაუდი, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული სანქცია შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამოდ, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს - საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებათა მკვეთრი გამიჯვნის შესახებ, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) სანქციის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამოდ მიჩნევა კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობის სფეროში რჩება და ამ პროცესში საერთო სასამართლოების კომპეტენციას პრინციპულად გამორიცხავს. 8. ამასთან, საკასაციო პალატა, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) სანქციის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამოდ მიჩნევის მაღალი ალბათობის არსებობის პირობებში და მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ადამიანის თავისუფლების უფლებაში უკიდურესი ფორმით ჩარევის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) სანქციის - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე“ - მოქმედების შეჩერებას 21,60 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და შენახვისათვის, ვინაიდან აღნიშნული ნორმის მოქმედებას მსჯავრდებულებისათვის შეუძლია, გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები - სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) სანქციის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში არ იარსებებს არავითარი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი შესაძლებლობა მათთვის „თავისუფლების“ დაბრუნებისათვის. 9. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მოსალოდნელი ეფექტი სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლთან მიმართებით, რომლითაც რეშად გეიდაროვი, რასიმ ოვჩიევი და სადრადინ დარგალი არიან მსჯავრდებულნი, თუმცა ამ შემთხვევაში იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) სანქციის არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, დარჩენილი საკანონმდებლო და სამართლებრივი მოცემულობით პირის მსჯავრდების მიუხედავად, გამოირიცხება მათ მიმართ რაიმე სახის სასჯელის გამოყენება, რადგან სსკ-ის აღნიშნული მუხლის ნაწილი სანქციად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10. შესაბამისად, საკასაციო პალატა მოცემულ წარდგინებასთან მიმართებით მისაღები გადაწყვეტილების შემდეგ დარჩენილ, მაღალი ალბათობით გასათვალისწინებელ საკანონმდებლო მოცემულობასთან მიმართებით, როდესაც შესაძლებელია, ტრივიალურ შემთხვევაში მოხდეს პირის მსჯავრდება მისთვის სასჯელის დანიშვნის გარეშე, რაც თავისთავად სისხლის სამართლის პოლიტიკის რეალურ და ეფექტიან ფუნქციონირებას საფუძველს აცლის, უშვებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ინტერპრეტირების საშუალებას იმ თვალსაზრისით, რომ სანქციის გარეშე დარჩენილი (თუმცა დანაშაულის ჩადენისას სანქციის არსებობის პირობებში) სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით მსჯავრდებისას პირის მიმართ გამოყენებულ იქნეს იმავე კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სახის სხვა სასჯელი, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საფუძვლების გათვალისწინებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირის მსჯავრდებას სასჯელის დაუნიშნავად ნულოვანი ეფექტი გააჩნია სისხლის სამართლის კოდექსის უმთავრესი ამოცანების შესრულებისათვის, რადგან ამ შემთხვევაში პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ, ხოლო სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 11. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომელზე დაყრდნობითაც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დეკრიმინალიზაცია, ანუ ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმება. არ მომხდარა ზემოაღნიშნული მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სამართალდარღვევათა კატალოგიდან ამორიცხვა - ქმედებას არ დაუკარგავს დანაშაულებრივი ხასიათი. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გულისხმობს სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც, თუმცა იმ პირობით, რომ აღნიშნულმა არ შელახოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები. 12. სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში (იხ. სამოტივაციო ნაწილი, პ. 10), სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისით, პარალელს ავლებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან, რომლის მიხედვით: „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ კანონს, რომელიც ამსუბუქებს პასუხისმგებლობას, უკუძალა გააჩნია. თუმცა მნიშვნელოვანია იმის შეფასება, საკუთრივ საკითხი უნდა გადაწყდეს მაინც და მაინც ახალი, „მსუბუქი“ კანონის გამოვლენის კონტექსტში, თუ „მსუბუქი“ საკანონმდებლო ბაზის უკვე არსებობის პირობებშიც შესაძლებელია ამ კონსტიტუციური პრინციპის ინტერპრეტაცია კანონიერების პრინციპის დაურღვევლად. 13. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაცულია კანონიერების პრინციპი, რომელიც ლათინური მაქსიმით nullum crimen, sine lege მოიხსენიება. ამ პრინციპის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის უკუძალის აკრძალვის საკითხი, რაც კანონთა დროში მოქმედების განმსაზღვრელ გარემოებად იქნა მიჩნეული. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უკუძალის აკრძალვასა და საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტთან, არის მისი აბსოლუტური ხასიათი, ანუ პრინციპი, რომლის მიხედვითაც, არავის ეკისრება პასუხისმგებლობა რეტროაქტიური კანონის საფუძველზე, არ ექვემდებარება შეზღუდვას, თუკი პირის საუარესოდ ხდება საკითხის ნორმატიული მოწესრიგება. საკონსტიტუციო სასამართლომ მკაფიოდ გამოკვეთა ის ინტერესი, რომელიც კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტიდან გამომდინარეობს და რომლის უზრუნველყოფასაც ემსახურება კონსტიტუცია ამ მიმართებით: „ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს. ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებას შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში.“ 14. საკასაციო პალატის აზრით, შესაფასებელია სწორედ ის საკითხი, რამდენად აქვს პირს გონივრული მოლოდინი და რამდენად შეუძლია მას შეაფასოს ჩადენილი ქმედება არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში. ანუ რამდენად დაკმაყოფილდება განჭვრეტადობის, წინასწარ განსაზღვრულობის ასპექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინტერესოა თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება არანამდვილი უკუძალის ზოგად სტანდარტებზე, კერძოდ: „არანამდვილი უკუძალის შემთხვევაშიც კანონთა თვისებრივი ტრანსფორმაცია ისე უნდა მოხდეს, რომ პიროვნების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება განსაკუთრებული და გარდაუვალი აუცილებლობით იყოს ნაკარნახევი, რათა ამან არ გამოიწვიოს კანონისაგან მისი სუბიექტების გაუცხოება. უფლების ნებისმიერი შეზღუდვა პიროვნებამ შეიძლება მტკივნეულად აღიქვას, მაგრამ როცა სახეზეა ამისი ნორმატიული აუცილებლობის შეგნება, იმისი შეგნება, რომ კანონმდებლის ადგილზე რომ ყოფილიყო, თვითონაც ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა კანონმდებელი, ამ გაუცხოებას საფუძველი გამოეცლებოდა. ამიტომაცაა, რომ კანონებისადმი სანდოობა მათი კონსტიტუციურობის პრეზუმფციის მნიშვნელოვანი საფუძველია.“ 15. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული სტანდარტების გაანალიზებას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი - არავითარი სასჯელი კანონის გარეშე - მიუთითებს, რომ არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს. აღნიშნული აკრძალვის ფარგლები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (შემდგომში სასამართლო) განხილული აქვს არაერთ საქმეში. 16. სასამართლოს განცხადებით, კონვენციის მე-7 მუხლი, თავისი მიზნისა და ამოცანიდან გამომდინარე, ისე უნდა იქნეს განმარტებული და შეფარდებული, რომ უზრუნველყოს ქმედითი გარანტიები თვითნებური ბრალდების, მსჯავრდებისა და დასჯის საწინააღმდეგოდ. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, დანაშაული და შესატყვისი სასჯელი ცხადად უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. აღნიშნული მოთხოვნა შესრულებულია, როცა პირს შესაბამისი ნორმიდან შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა, საჭიროების შემთხვევაში, ნორმის სასამართლოსეული განმარტების მოშველიებით, თუ რა ქმედების ჩადენისას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და რა სასჯელი დაეკისრება. ცნება „კანონი“ მოიაზრებს როგორც დაწერილ, ისე დაუწერელ სამართალს და მოითხოვს ხარისხობრივი სტანდარტების შესრულებას. ეს სტანდარტებია - კანონის ხელმისაწვდომობა და წინასწარგანჭვრეტადობა და დაცული უნდა იქნეს როგორც დანაშაულის, ისე სასჯელის შემთხვევაში. კანონის წინასწარგანჭვრეტადობის ცნება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია შესაბამისი ტექსტის შინაარსზე, რეგულირების სფეროზე, პირთა წრის მოცულობასა და სტატუსზე. 17. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ზოგჯერ აუცილებელია, სისხლის სამართლის კანონს გარკვეული ხარისხით ახასიათებდეს მოქნილობა, რათა შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს ჰქონდეთ შეფასების შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ნებისმიერი სამართლის სისტემაში, სისხლის სამართლის ჩათვლით, რაც არ უნდა ცხადად იყოს ფორმულირებული სამართლის ნორმა, გარდაუვალია სასამართლო განმარტების საჭიროება. ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად და შეცვლილ ვითარებაზე მოსარგებად ყოველთვის საჭირო იქნება, სასამართლომ დააკონკრეტოს სამართლის ესა თუ ის ნორმა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სასამართლო სამართალშემოქმედების მეშვეობით სისხლის სამართლის მზარდი განვითარება ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი ტრადიციის განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული. 18. სასამართლოს შეფასებით, მთავარია, სასამართლო განმარტების შედეგად მიღებული ნორმის შინაარსი დანაშაულის არსს შეესატყვისებოდეს და გონივრულად წინასწარგანჭვრეტადი იყოს. დაკისრებულმა სასჯელმა არ უნდა გადაამეტოს ნორმით დაწესებულ საზღვრებს. მართალია, ეროვნული სასამართლოების არსებულ პრაქტიკას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც ესა თუ ის საკითხი პირველად არის ფორმულირებული განმცხადებლის საქმეში და მასზე სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს, კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას შეიძლება მაინც არ ჰქონდეს ადგილი, თუ ეროვნული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის ნორმისთვის მინიჭებული მნიშვნელობა წინასწარგანჭვრეტადია და დანაშაულის არსს შეესაბამება. 19. სასამართლოს ზოგადი მიდგომის თანახმად, მას საეჭვოდ არ მიაჩნია შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის განმარტება და შეფარდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულს აშკარად თვითნებური ხასიათი აქვს. 20. ზემოაღნიშნული მიდგომების ანალიზიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ხაზგასმით უთითებს, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულებს - რეშად გეიდაროვს, რასიმ ოვჩიევსა და სადრადინ დარგალს გააჩნდათ ყოველგვარი საშუალება, გაეცნობიერებინათ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება მათ მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს მსჯავრდება, თუ სასჯელის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში ისინი ელოდებოდნენ, რომ მათ მიმართ გამოიყენებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც ბევრად უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელების გამოყენების შესაძლებლობის თვითნებობად აღქმის საშუალებას გამორიცხავს. 21. საკასაციო პალატა, inter alia, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, ეხება იმ შემთხვევას, როდესაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მ. 269 (6)). სხვა ყველა შემთხვევაში კანონი მოითხოვს მსჯავრდებისას სასჯელის დანიშვნას (სხვა საკითხია მისი მოხდისაგან გათავისუფლების შემთხვევები). 22. საკასაციო პალატა აღნიშნული მოცემულობის სრულყოფილი შეფასებისათვის ირიბად მიუთითებს სსკ-ის 55-ე მუხლზე, რომელიც საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს ნებას რთავს, დანიშნოს არა სსკ-ის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელი, არამედ სხვა - უფრო მსუბუქი სახის სასჯელი.
დასკვნა:ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია: არსებობს გონივრული ვარაუდი და საკმარისი საფუძველი, რომ: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (21,60 გრამამდე - რადგან აღნიშნული ოდენობა ფარავს სხვა ორი მსჯავრდებულის მიერ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების ოდენობებს), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან („დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“) შეუსაბამოდ და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის - „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი” - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ კრძალავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის დროს გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნას, როდესაც ის კონკრეტული მუხლი მხოლოდ ერთი სახის სანქციას ითვალისწინებდა, რომლის დანიშვნაც, თავის მხრივ, ცნობილია არაკონსტიტუციურად, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან („კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“) შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა